დღეს საქართველოში 23-ზე მეტი სისხლის ბანკია, რომელთა მეშვეობით, წელიწადში 90 000-მდე დონაცია ხდება.
დღევანდელი კანონმდებლობით, სისხლის ჩაბარება შესაძლებელია როგორც ნებაყოფლობით, ისე ანაზღაურების სანაცვლოდ. უანგარო და ფასიანი დონაციების შეფარდება 40/60-ზეა. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ეს სისტემა მოძველებული, გაუმართავია და არ არის უსაფრთხო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისხლის დაწესებულებათა უმრავლესობა კერძო და მოგებაზე ორიენტირებულია, რის გამოც სისხლის კომპონენტების ხარისხი მოიკოჭლებს. ამასთან, ამ კანონის მიღებას ევროკავშირიც ითხოვდა.
ფასიანი დონაციები „უსაფრთხოების და ეთიკის კუთხით მნიშვნელოვან შეკითხვებს წარმოშობს, ვინაიდან სისხლის დონაციების უმეტესობა მაღალი რისკის მქონე ფასიან დონორებზე მოდის“, - წერია საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში.
ხელისუფლება სისხლის სისტემის ცენტრალიზაციას გეგმავს. საქართველოში 20 სისხლის ჩამბარებელი პუნქტი მოეწყობა. ცენტრალური სისხლის დაწესებულებისა და ცენტრალური ლაბორატორიის აღჭურვისათვის სულ 16 150 000 ლარი იქნება საჭირო.
ახალი კანონით, სისხლის ჩასაბარებლად დონორის მხოლოდ წახალისება შეიძლება, მაგალითად, დონორის სიგელის გადაცემა. ამასთან, დაუშვებელი იქნება სისხლის და მისი კომპონენტების საქართველოდან ექსპორტი და საქართველოში იმპორტი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ამაში იგულისხმება საგანგებო მდგომარეობა, სტიქიური უბედურება, აგრეთვე, ქვეყანაში სისხლის და სისხლის კომპონენტების ნაკლებობა.
ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის ბანკის ხელმძღვანელი მარინა აბაშიძე ამბობს, რომ კანონი ნამდვილად სწორი და მისაღებია, თუმცა, მისი შესრულება ადვილი არ იქნება. უნდა მოიძებნოს ათასობით ადამიანი, ვინც სისხლის უანგაროდ გაღებაზე დათანხმდება.
ვის შეუძლია სისხლის ჩაბარება?
დონორი 18-65 წლის, ჯანმრთელი ადამიანი უნდა იყოს. Მის სისხლს ამოწმებენ ოთხ ინფექციაზე: შიდსზე, С და B ჰეპატიტსა და სიფილისზე. თუმცა, შიდსსა და ჰეპატიტებს აქვთ ე.წ. ფანჯარა, როდესაც დაავადება ჯერ კიდევ არ ჩანს. ამიტომ გადასხმისას შესაძლოა სხვასაც გადაედოს.
დონორმა გასაუბრებაც უნდა გაიაროს, სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი დონორის უანგარობა და გონიერება. თუ კანდიდატმა ყველა ბარიერი გადალახა, დონორობის უფლებას მისცემენ. კიდევ ერთხელ სისხლის ჩაბარება მას ორი თვის შემდეგ შეეძლება, თითო ჯერზე მხოლოდ 450 გრამის.
უხეში გამოთვლებით, დღეს საქართველოში 9 ათასამდე ისეთი დონორია, რომლებსაც სისხლის გადასხმაში ფულს უხდიან. ერთი გადასხმის საფასური დაახლოებით 50 ლარია.
„50 ლარი ის თანხა არაა, ადამიანს ორი თვე ეყოს. ამიტომ ამ 50 ლარს რომ ელოდება ადამიანი, შეიძლება კითხვებზე ბოლომდე გულწრფელად არ გიპასუხოს. დონორის უანგარობა სწორედ სისხლის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, - ამბობს მარინა აბაშიძე, - რთული იქნება უანგარო დონაციაზე გადასვლა. იმპორტზეც ვერ ვიქნებით დამოკიდებული. საჭიროა მუშაობა, ცნობიერების ამაღლება. განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან მოტივირებულები. 50 კილოზე ნაკლები თუა ადამიანი, მისთვის სისხლის აღება არ შეიძლება, მაგრამ მაინც იხვეწებიან, აგვიღეთო. უნივერსიტეტში აქციები, სწორი კამპანიებია საჭირო. სახელმწიფოს აქვს ამის ბერკეტები და იმედია, გამოიყენებს“.
პირველი უარყოფითი
არსებობს სისხლის რვა ჯგუფი, 4 დადებითი, 4 - უარყოფითი. მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტს სისხლის ჯგუფი პირველი დადებითი აქვს, შემდეგ მოდის მეორე დადებითი, მერე - მესამე და მეოთხე დადებითები. ამის შემდეგ უკვე უარყოფითი ჯგუფებია. მეოთხე უარყოფითი ჯგუფის სისხლი მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს თუ ექნება.
„პირველი და მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი ყველაზე მეტი უნდა მოიმარაგო, რადგან ხშირად სჭირდებათ. ყოველთვის უნდა გქონდეს პირველი უარყოფითიც, ყველას გადაესხმება. თან ზედმეტიც არ არის საჭირო, სისხლს 35 დღე აქვს ვადა. საცოდაობაა, ადამიანს სისხლი აუღო და ვერ გამოიყენო“, - ამბობს მარინა აბაშიძე.
სისხლის უანგარი დონორების მოსაძებნად ექიმები ხშირად სხვადასხვა დაწესებულებაში დადიან, იქ, სადაც სულ მცირე 15 თანამშრომელია. ზოგი თანხმდება დონორობას, ზოგი - არა.
„ბევრს ნემსის შიში აქვს, ზოგს სიხლის დანახვა არ შეუძლია, კიდევ ბევრია, ვინც ამბობს, სისხლს არ ჩავაბარებო. თუ რატომ, ეს ვერ ამოვხსენი. ერთმა ისიც კი მითხრა, მხოლოდ ბავშვისთვის გავიღებ სისხლსო. ალბათ, არა აქვთ გაცნობიერებული, ამით რას აკეთებენ. სულ ვეუბნები, რომ სისხლი მძიმე, უკიდურესად მძიმე ან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ადამიანს სჭირდება“, - ამბობს მარინა აბაშიძე.
2025 წლამდე სახელმწიფოს მოუწევს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუხსნას, რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის დონაცია.
„მახსოვს, სამსახურში ვიყავი, დიღომში, მორბენალ სტრიქონზე განცხადება გავიდა, ჩვილისთვის დონორი სჭირდებოდათ. იქვე ვიყავი და მივირბინე. მაშინ გავხდი პირველად დონორი. გამოსვლისას ბავშვის მამა შემხვდა და დიდხანს მიხდიდა მადლობას“, - ამბობს დათო ენუქიძე, რომელიც უკვე 12 წელია დონორების ბაზაშია და 25-ჯერ მაინც ჩაუბარებია სისხლი. სისხლს სამ-ოთხ თვეში ერთხელ უანგაროდ აბარებს, მაშინ როცა მისი ჯგუფი სჭირდებათ - მესამე უარყოფითი.