საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდული გამოცემების ფონდში თითო-ოროლა გაზეთს თუ ნახავთ, რომელიც 1989 წლის 10 აპრილით არის დათარიღებული. 9 აპრილის სისხლიანი კვირის შემდგომი დღე თითქოს ამოგლეჯილია საგაზეთო ქრონიკებიდან. 10 აპრილს გაზით მოწამლული და მესანგრის ნიჩბებით დაჩეხილი ქვეყანა ჯერ ისევ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
- ოფიციალური ვერსია
- "ექსტრემისტი და ანტისაზოგადოებრივი ელემენტები"
- კომენდანტის საათი - 9 დღიანი ფარული ომი
- ცოცხლად დარჩენილი მოწმეები: დაჩეხილები და მოწამლულები
- რუსი გენერლები: არც ნიჩბები, არც მომწამვლელი გაზი
- რას აკეთებდა ქართული მილიცია 9 აპრილს გამთენიისას
- შევარდნაძის როლი
- ვის მხარეს იყო ინტელიგენცია
- დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად
10 აპრილს, ორშაბათს მხოლოდ გაზეთი „თბილისი“ გამოვიდა.
ერთი დღის შემდეგ კი, 11 აპრილს საქართველოს მაშინდელმა მთავარმა გაზეთმა, „კომუნისტმა“, გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია 9 აპრილს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ:
11 აპრილის გაზეთ „თბილისში“ მოთავსებულია დაღუპულთა სია, რომელსაც საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტრო აწერს ხელს.
„კომუნისტი“ პირველ გვერდზე, მეწინავე სტატიის სახით, ასევე ბეჭდავს საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის (კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს, მინისტრთა საბჭოს) ცნობას, რომლის მიხედვითაც, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ „უკიდურესი მიმართულების არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს, რომლებმაც თავიანთი მიუღებელი, აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებით უაღრესად დაძაბეს საზოგადოებრივი ატმოსფერო, შექმნეს აშკარა პოლიტიკური ისტერიის ვითარება, აიყოლიეს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სტუდენტები და მოსწავლე ახალგაზრდობა, გამოიყენეს მოზარდი თაობის გულწრფელობა, ემოციები, ისარგებლეს მისი ცხოვრებისეული გამოუცდელობით და კატასტროფამდე მიიყვანეს ჩვენი საზოგადოება, მთელი ხალხი, რესპუბლიკა...“
„მძიმე დღეების ქრონიკაში“ გაზეთი აღწერს აპრილის მოვლენებს 4 აპრილიდან 8 აპრილის საღამოს ჩათვლით და მთავარ დამნაშავედ კვლავ გამოჰყავს მიტინგის ორგანიზატორები:
„...7 აპრილს მთავრობის სახლთან 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. წინა დღებისაგან განსხვავებით, ქალაქში სტიქიურად იქმნებოდა ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებსაც მოჰქონდათ მენშევიკური საქართველოს დროშები... 8 აპრილი. მიტინგის ორგანიზატორებმა მიაღწიეს იმას, რომ მთავრობის სახლთან გამართულ აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები, შეკრებილთა 60-70 %-ს სწორედ ისინი შეადგენდნენ... ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერების ხელმძღვანელობით დაიწყეს მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ჩაკეტვა...“
„ექსტრემისტი და ანტისაზოგადოებრივი ელემენტები“
„ექსტრემისტი და ანტისაზოგადოებრივი ელემენტები“ - ასე არიან მოხსენებული ეროვნული მოძრაობისა და საპროტესტო აქციების ორგანიზატორები საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ განცხადებაშიც.
ამ „ექსტრემისტი და ანტისაზოგადოებრივი ელემენტების“ შესახებ ჩანაწერი გვხვდება რუბრიკაში „გუშინ რესპუბლიკაში“, საიდანაც მკითხველი შეიტყობს, რომ, შს სამინისტროს მონაცემებით, დაპატიმრებული არიან: გამსახურდია, კოსტავა, ჭანტურია, სარიშვილი, წერეთელი, ხუხუნაიშვილი.
ეროვნული მოძრაობის ლიდერების შესახებ დაზუსტებულ ცნობას „კომუნისტი“ 12 აპრილის ნომერშიც გამოაქვეყნებს: „ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემულ, აგრეთვე რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობაში დაპატიმრებულთა შორის შეცდომით აღნიშნულია წერეთლის გვარი. ამჟამად მას დაეძებენ“.
ირაკლი წერეთელს 13 აპრილს დააპატიმრებენ, რაზეც 14 აპრილს გამოსული გაზეთები დაწერენ, შინაგან საქმეთა ორგანოებმა დააკავეს უწესრიგობათა ერთ-ერთი ორგანიზატორი, ი. წერეთელიო.
კომენდანტის საათი - 9-დღიანი ფარული ომი
ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების პარალელურად, საბჭოთა ხელისუფლება თბილისში აცხადებს კომენდანტის საათს. სამხედრო კომენდანტად ინიშნება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი, რომლის მიმართვას თბილისის მოსახლეობისა და მშრომელებისადმი 11 აპრილის „კომუნისტი“ აქვეყნებს:
„შექმნილი ვითარება შეუწყნარებელია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ანარქიასა და უკანონობას. ამ პირობებში დარჩა ერთადერთი შანსი - მტკიცედ წინ აღვუდგეთ პროვოკატორებს, რომლებიც მართლწესრიგის დარღვევაში ითრევენ მოსახლეობას...“
„კომენდანტის საათი“, რომელიც თბილისში 9 აპრილის 23.00 საათიდან მოქმედებდა, ოფიციალურად („საწარმოებისა და დაწესებულებების ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფის, ქალაქსა და მიმდებარე რაიონებში ჯეროვანი წესრიგის დაცვის მიზნით“) რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
„კომენდანტის საათის“ შემოღებით დაწესდა მთელი რიგი სპეციალური ღონისძიებებისა, რომლებიც არეგლამენტებდნენ მოქალაქეთა ცხოვრებასა და საქმიანობას:
შეიქმნა საკონტროლო-გამშვები პუნქტები და მათი საშუალებით შეიზღუდა ქალაქში იმ პირთა შესვლა, ვინც არ იყო რეგისტრირებული თბილისში;
23.00 საათიდან დილის 06.00 საათამდე მთელ ქალაქში აიკრძალა თავისუფალი ქვეითად სიარული; საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და საზკვების დაწესებულებათა მუშაობა იწყებოდა დილის 7 საათიდან და მთავრდებოდა არაუგვიანეს 22 საათისა.
აიკრძალა უსანქციო კრებები, მსვლელობა, დემონსტრაციები და მიტინგები.
სწორედ „კომენდანტის საათი“ და მის ფარგლებში მიმდინარე სპეციალური ღონისძიებები გაზრდის დაღუპულთა რაოდენობას. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ შეეპუა და წინააღმდეგობა გაუწია რუს სამხედროებს, რომლებიც ახორციელებდნენ რეიდებს ქუჩებში, შენობათა სარდაფებსა და სხვენებში, აკავებდნენ და ჩხრეკდნენ „საეჭვო პირებს“.
პრესა რეგულარულად აქვეყნებდა რუსი სამხედროების მიერ გატარებული ამ ე.წ. „სპეციალური ღონისძიებების“ ანგარიშებს რუბრიკით „სამხედრო კომენდანტის ცნობა“, საიდანაც ცხადად ჩანს, თუ როგორ წინააღმდეგობას უწევდა თბილისი რუსულ ჯარს.
„განვლილი დღე-ღამის განმავლობაში (10 აპრილის დილიდან 11 აპრილის დილამდე) კომენდანტის საათის მოქმედების დროს დაკავებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებისათვის გადაცემულია 464 კაცი, რომლებმაც დაარღვიეს დადგენილი რეჟიმი. ჩამორთმეულია 8 ერთეული ცივი იარაღი“.
„ქალაქის სხვადასხვა ნაწილში - საბურთალოში, ვაკეში, ლენინის მოედნის მიმდებარე ქუჩებსა და სხვა ადგილებში - გროვდებიან ადამიანთა ჯგუფები, ძირითადად ახალგაზრდობა, აგრესიულად გამოხატავენ უკმაყოფილებას მომხდარი ამბებით“.
„12 აპრილი. ვითარება კვლავ დაძაბული და რთული იყო, განსაკუთრებით, თბილისში. ზოგიერითი სამრეწველო საწარმო, მათ შორის „ელვა“, „ჩარხმშენებელი“, „ბახტრიონი“, „ისანი“, „მაუდკამვოლი“ და სხვები არ მუშაობდნენ. საწარმოებში გამოცხადდა მუშების 40-70 %. საბავშვო ტრიკოტაჟის ფაბრიკაში 50-მდე ახალგაზრდა შეიჭრა და მუქარით გააჩერეს წარმოება. არ გამართულა მეცადინეობა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგიერთ საშუალო სკოლაში“.
„13 აპრილი. გლდანის რაიონში, ვაზისუბნისა და ვარკეთილის საცხოვრებელ მასივებში აღინიშნა შემთხვევები, როცა მოხულიგნო ელემენტები ღამით ემუქრებოდნენ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს, საბურთალოს რაიონში ღამით უცნობი პირები მიმავალ სამხედრო მანქანებს ესროდნენ ბოთლებს, ქვებს. ლენინის რაიონში იყო ცდები, რომ ჩამოეგლიჯათ სამხედრო კომენდანტის „ქალაქ თბილისის მოსახლეობის, რესპუბლიკის მოქალაქეებისადმი მიმართვის“ ტექსტიანი ფურცლები. დაწვეს ხარაჩოები გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის ძეგლის გარშემო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლთა მისამართით გაისმოდა მუქარა და მოთხოვნები - შეეწყვიტათ მუშაობა“.
„13-14 აპრილი. არ წყდება მუქარა სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების წევრთა, მათ შორის ბავშვთა მიმართ. ამის შედეგად ბევრი მათგანი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე. ზოგიერთ რაიონში სამხედრო მანქანებს ღამით დაუშინეს ბოთლები და ქვები. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, კომენდანტის საათის მოქმედების დროს, დააკავეს და შს საქმეთა ორგანოებს გადასცეს 223 კაცი. დაკავებულია 53 ავტომანქანა. ჩამორთმეულია 110 ერთეული ცივი იარაღი“.
ფარული ომი, რომელიც „კომენდანტის საათის“ სახით რუს სამხედროებსა და თბილისელებს შორის წარმოებდა, 9 დღის შემდეგ, 18 აპრილს დასრულდა. 18 აპრილს გაზეთებმა გამოაქვეყნეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება:
„1989 წლის 9 აპრილის ბრძანებულებით ქალაქ თბილისში შემოღებული კომენდანტის საათი გაუქმებულია 1989 წლის 18 აპრილის 5 საათიდან“.
თუმცა კომენდანტის საათის გაუქმებამდე რუსი სამხედროების ტყვია იმსხვერპლებს გია ქარსელაძეს, რომელსაც პატრული ღამის პირველ საათზე, კომენდანტის საათის შემოღებიდან ორი საათის შემდეგ, ესვრის. ამის შესახებ წერს 13 აპრილს გამოსული „ახალგაზრდა კომუნისტი“.
„როგორც სამხედრო პატრული ამტკიცებს, მანქანაში მსხდომ ახალგაზრდებს თითქოს წინააღმდეგობა გაუწევიათ და გაქცეულან. არადა, ტყვია შუბლში აქვს ახალგაზრდას მოხვედრილი, - როგორ, რანაირად, ხომ არაა ეს განზრახ გაკეთებული?“ - კითხულობს გაზეთის ფურცლებიდან ზურაბ ცხაკაია, მეოთხე სამკურნალო სამმართველოს მთავარი ექიმი.
გაზეთები ასევე წერდნენ 10 აპრილის ღამით ქალაქის პირველ საავადმყოფოში და ქირურგიის ინსტიტუტში მოთავსებული სამი დაჭრილი ახალგაზრდის შესახებ, რომლებმაც ჭრილობები მიიღეს კომენდანტის საათის დროს სამხედრო პატრულებთან მომხდარი კონფლიქტის შედეგად.
როგორი პოზიცია ეკავა ამ დაპირისპირებაში საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, ვინც რეალურად მართავდა რესპუბლიკას?
„უნდა გავააქტიუროთ ბრძოლა ექსტრემისტულად განწყობილ პირებთან, მოპიკეტეებთან, მოხულიგნო ელემენტებთან, რომლებიც თავიანთი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით ცდილობენ დაარღვიონ საწარმოთა და ორგანიზაციათა, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დაწესებულებათა მუშაობა. ზოგჯერ აშინებენ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს. ამ პირთა საქმიანობა უნდა აღიკვეთოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მათ მკაცრად უნდა აგებინონ პასუხი“, - ასეთი იყო საქართველოს კომპარტის ცკ-ის მიერ დასახული გეგმა, რომელიც გაზეთებმა 12 აპრილს გამოაქვეყნეს.
ცოცხლად გადარჩენილი მოწმეები: დაჩეხილები და მოწამლულები
9 აპრილის ღამეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომელთა შესახებ პირველი ცნობა გამოაქვეყნა გაზეთმა „კომუნისტმა“.
წერილში, რომლის სათაურია „მკურნალთა ძნელი დღეები“, საქართველოს სსრ-ის ჯანდაცვის მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს:
„9 და 10 აპრილს სამკურნალო დაწესებულებებს დასახმარებლად მიმართა 250-ზე მეტმა მოქალაქემ, მათგან 150-მდე კაცი გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანებით. ჰოსპიტალიზებულია 157 ავადმყოფი (ძირითადად ახალგაზრდები). ამჟამად ქალაქის პირველ, მეშვიდე, მერვე სავაადმყოფოებში, რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, ტრავმატოლოგიის, ქირურგიის, ნევროლოგიისა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების კლინიკებში იმყოფება 149 დაშავებული ადამიანი, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია“.
სწორედ დარბევის დროს გადარჩენილი, ჯანმრთელობაშერყეული ეს ადამიანები და მათი მკურნალი ექიმები იქცნენ საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულის მთავარ მოწმეებად.
13 აპრილის „ახალგაზრდა კომუნისტი“ მედიკოსების მონათხრობით ცდილობს აღადგინოს 9 აპრილის საზარელი სურათი. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის დოცენტი და მორიგე ექიმი 9 აპრილს, მიხეილ თეთროქალაშვილი, ამბობს, რომ გაფრთხილებული იყო დიდი რაოდენობით ტრავმირებული ავადმყოფის მიღების თაობაზე და რომ საჭირო იყო განყოფილების მომზადება მათ მისაღებად. და მართლაც: „...ღამის 4 საათის შემდეგ ინტენსიურად იწყეს სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაჭრილებისა და გვამების მოყვანა. იმ საბედისწერო ღამეს კლინიკამ მიიღო 63 დასახიჩრებულ-მოწამლული და 14 გვამი. დაღუპულთა შორის მხოლოდ ორსღა თუ ეტყობოდა სიცოცხლის უკანასკნელი ნიშნები. დაზარალებულთა უმეტესი ნაწილი ტოქსიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იყვნენ გაბრუებულები, აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ჰქონდათ დაჟეჟილობები და ჭრილობები თავის არეში და ტანის ზედა სარტყელში. მათი თქმით, ეს დაზიანებები მიყენებული იყო ხელკეტებითა და სასანგრე ნიჩბებით. გაზით მოწამლულები მეორე დღეს უფრო მძიმედ შეიქნენ“.
ვახტანგ ფიფია, კათედრის გამგე: N1 ქირურგიულ და გულ-მკერდის ქირურგიულ განყოფილებაში სამი დაზარალებული მოიყვანეს ტოქსიკური ნიშნებით. მათი გადმოცემით, ორგვარი მომწამვლელი გაზი გამოუყენებიათ: ერთი, რომელსაც დეზოდორანტისმაგვარი ბალონებით ასხურებდნენ, და მეორე, რომელსაც შორ მანძილზე ისროდნენ, რის შედეგადაც გაზის კაფსულები ფეთქდებოდა. ამ გაზით მოწამლულ ავადმყოფებს ცრემლის დენისა და პირღებინების შემდეგ, გასაგებად რომ ვთქვათ, ეწყებოდათ გამოლენჩება, მოძრაობის შეუძლებლობა, წნევა - მაღალი“.
„ახალგაზრდა კომუნისტი“ აქვე აქვეყნებს დარბევის დროს დაზარალებული მოქალაქეების მონათხრობს:
რევაზ ნინუა, 172-ე სკოლის პედაგოგი: „ხელკეტი რომ ჩამარტყეს, დანებების ნიშნად ხელები ავწიე, მაგრამ მათ ცემა არ შეუწყვეტიათ, ბოლოს ნიჩაბიც ჩამარტყეს და გონება დავკარგე“.
ნინა ხუბაშვილი, გაერთიანება „ალაზნის“ თანამშრომელი: „ჯარისკაცებს ნიჩბები კი არ ეჭირათ, თითქოს ხელთათმანზე აქვთო მიმაგრებული. ნიჩბის ჩარტყმისგან ძალიან არ დავზიანებულვარ, ალბათ სამხრეებმაც მიშველეს ცოტა, რომ არ წავიქეცი. ხელებაწეულს რაღაც დეზოდორანტის მსგავსი ბოთლიდან სითხე მომასხურეს და გონება დავკარგე“.
მედიკოსებისა და დაზარალებულების მონათხრობს მომდევნო დღეებშიც დიდ ადგილს უთმობენ გაზეთები, რომელთა ცნობით, ტრაგედიიდან ერთი კვირის თავზეც კი (16 აპრილი) საავადმყოფოებში იმყოფებოდა დარბევის შედეგად დაშავებული 121 კაცი, რომლთა შორის 51 ქალი და 10 არასრულწლოვანი იყო.
„კვლავ მოდიან ავადმყოფები, რომლებსაც ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ“, - წერს გაზეთი „კომუნისტი“. კითხვას, გამოიყენეს თუ არა ჯარის ნაწილებმა მომწამლავი საშუალებები, საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ასე უპასუხებს:
„მოწამვლის სიმპტომები იმავე დღეს იყო ფიქსირებული. მოწამვლა დაადასტურეს ჩვენმა ტოქსიკოლოგებმაც და საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან გამოძახებულმა სპეციალისტებმაც. ამ აზრისაა, აგრეთვე, მოწამვლათა საკავშირო ცენტრის ხელმძღვანელი ამხანაგი ლუჟნიკოვი, რომელიც ორი დღის განმავლობაში ეცნობოდა ავადმყოფებს, მათ ისტორიებს. მან აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს ორი ტიპის მოწამვლასთან. ერთი არის გამაღიზიანებელი, ცრემლმდენი, ხოლო მეორეს სამედიცინო ენაზე ატროპინის ეფექტის გამომწვევი მოწამვლა ჰქვია. კონკრეტული ნივთიერება იმან უნდა დაასახელოს, ვინც გამოიყენა... ჩვენ ავადმყოფებს ვმკურნალობთ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სქემით... და იმედს არ ვკარგავთ... თუმცა, აი, ახლახან დამირეკეს, რომ ერთი ავადმყოფი ძალზე მძიმე მდგომარეობაშია...“
უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტებს აღრიცხავს საზოგადოებრივი სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიქმნა. კომისიის მონაცემებით, 18 დაღუპულიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა 16-ს.
„ამ ეტაპზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილთაგან ერთი დაღუპულია ნეკნების მრავლობითი მოტეხილობისა და ფილტვების დაშავების გამო. მეორის დაღუპვის უშუალო მიზეზი ასფიქსიაა (მოგუდვა), განვითარებული ტრავმის მიღების ან მოწამვლის შედეგად. მესამე გარდაიცვალა საავადმყოფოში ქალა-ტვინის მძიმე ღია ნაპობი ჭრილობის შედეგად. ორი გარდაიცვალა ტრავმულ-კომპრესიული ასფიქსიით. დანარჩენ შემთხვევებში სიკვდილის მიზეზი ასევე ასფიქსიაა. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ ამჯერად ასფიქსია განვითარდა ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფონზე. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მიცვალებულთაგან ზოგს აღენიშნა ფიზიკური ტრავმაც“, - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.
„კიდევ ერთი მსხვერპლი“ - ამ სათაურით აქვეყნებს 18 აპრილს გამოსული გაზეთი „თბილისი“ ცნობას 9 აპრილის მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე. გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრა თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოს მთავარ ექიმს, არჩილ ბორჯაძეს:
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი სულისშემძვრელი ამბავი უნდა ვაუწყო ჩვენს თანამოქალაქეებს. წუხელ, 11 საათზე, გარდაიცვალა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების კიდევ ერთი მონაწილე, 51-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი. იგი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს სტაციონარში. რაღა არ გავაკეთეთ, ორჯერ გულის გაჩერებაც კი აღენიშნა, იმედის მბჟუტავ წერტილებს მაინც ჯიუტად ვეძებდით, იქნებ... მაგრამ ამაო აღმოჩნდა მედიკოსების ყველანაირი მცდელობა გადაგვერჩინა გოგონას სიცოცხლე“.
ნათია ბაშალეიშვილიც უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.
საგაზეთო პუბლიკაციების მიხედვით, ქართველი ქიმიკოსები და ტოქსიკოლოგები მთელი აპრილისგანმავლობაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა სახის მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს სამხედროებმა 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე.
პროფესორი ბიძინა ჭუმბურიძე, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კომისიის ხელმძღვანელი: „გარდაცვლილების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ. ცხადია, კვლავაც დაგვჭირდება კვლევა და ამ საქმეში დაგვეხმარებიან უნივერსიტეტის, პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და სამედიცინო ინსტიტუტის ქიმიის კათედრები“.
19 აპრილის „კომუნისტიდან“ მკითხველი ასევე შეიტყობს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული იყო 257 კაცი, რომელთაგან 3 გარდაიცვალა, 133 გაეწერა მოგვიანებით, რადგან მკურნალობის შედეგად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მოწამვლის ნიშნებით მედიკოსებს მიმართა 66-მა კაცმა, ბასრი და ბლაგვი საგნებით მიყენებული სხვადასხვა ჭრილობებით - 24-მა, თავის ტრავმებით - 67-მა, მოტეხილობით - 11-მა, ტყვიით დაჭრილმა - 3 კაცმა. დაშავებულთა დიდ ნაწილს სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდა.
22 აპრილს, გაზეთ „თბილისის“ მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში 32 ავადმყოფი რჩებოდა. გაზეთის კორესპონდენტმა 913-ე პალატაში 9 აპრილს მოწამლული გია ქავთარაძე მოინახულა:
"პროსპექტზე, დაახლოებით სასტუმრო „თბილისთან“, ჰაერში უცნაური სუნი დადგა. ყელი და თვალები ამეწვა. სხვებთან ერთად თავი თეატრალური ინსტიტუტის ფოიეს შევაფარე. ჯარისკაცებმა მინები ჩალეწეს და გაზის პაკეტები შემოყარეს. გარეთ ვეღარ გავედით, ნიჩბიანი ჯარისკაცები იდგნენ. მეორე სართულზე ავირბინეთ. ფანჯრები იქაც ჩაამტვრიეს და ისევ პაკეტები შემოაგდეს. შვიდ საათამდე არ გაგვიშვეს. წყალი არსად იყო, რომ თვალებზე შეგვესხურებინა. გარეთ გადავიხედე - ჯავშანტრანსპორტიორი ხალხს დასდევდა...“
რუსი გენერლები: არც ნიჩბები, არც მომწავლელი გაზი
რუსი სამხედროები თავიდანვე უარყოფდნენ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების ფაქტს.
საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გამართულ ბრიფინგზე („კომუნისტი“. 17 აპრილი) ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის პირველი მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ი.კ. კუზნეცოვი ამბობს, რომ ჯარის ქვეგანაყოფებს არ შეეძლოთ გამოეყენებინათ არავითარი ქიმიური საშუალება, რადგანსაბჭოთა არმიას შეიარაღებაში ასეთი რამ არ გააჩნდა. მეტიც, რუსი გენერლები ცდილობენ საქმის ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს, მომიტინგეები იქით დაესხნენ თავს სამხედროებს და მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ამგვარი პათოსითაა გაჟღენთილი გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებული ცნობა, რომელსაც ხელს აწერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახურის უფროსი გენერალ-მაიორი პ. პ. კოროტიხი:
„სამხედრო მოსამსახურეთა შორისაც იყო სხვადასხვა სიმძიმის დაშავების შემთხვევები. ჭრილობათა დიდი უმრავლესობა ცივი იარაღის გამოყენების, ლითონის საგნების, ქვის, ჯოხის, ბოთლის დარტყმების შედეგია. სულ დაშავდა 109 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 69 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფისა და 40 საბჭოთა არმიის შემადგენლობიდან“.
რას აკეთებდა ქართული მილიცია 9 აპრილს, გამთენიისას
9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ, იმყოფებოდნენ საქართველოს შს სამინისტროს უიარაღო თანამშრომლები - მილიციელები. „კომუნისტის“ კორესპონდენტი ესაუბრა თბილისის შს სამმართველოს უფროსს პოლკოვნიკ რომან გვენცაძეს, რომელიც ასევე იმყოფებოდა მთავრობის სახლის წინ, მოედანზე, როცა ჯარმა მოედნის გაწმენდა დაიწყო.
„მე ბევრი რამ გადამხდენია თავს, მაგრამ ასეთი რამ არც მინახავს და ღმერთმა არც მანახოს“ - ასე იწყებს საუბარს მილიციის პოლკოვნიკი, რომელიც ჟურნალისტის ნათქვამს, ხალხი ერთხმად ლაპარაკობს იქ ჩვენი მილიციის მუშაკთა საზრიან და მამაცურ მოქმედებაზე - რომ არა ისინი, მსხვერპლი მეტი იქნებოდაო, ასე უპასუხებს:
„იდეალიზება საჭირო არ არის, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ მსხვერპლი, უდავოდ, მეტი იქნებოდა. ვცდილობდით ხალხისათვის ჩაგვეგონებინა, წინააღმდეგობა არ გაეწიათ სამხედროებისათვის. ერთ მომენტში, როდესაც მდგომარეობა მეტისმეტად გამწვავდა და სამხედროებიცა და დემონსტრანტებიც ვეღარ უწევდნენ თავს კონტროლს, მილიციამ თავის თავზე მიიღო დარტყმა, როდესაც ცოცხალი კორდონი შექმნა მთავრობის სახლის კედელსა და მის წინ გაზონს შორის ხალხის გასატარებლად... სამხედრო აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მე თვითონ მივედი ზვიად გამსახურდიასთან. გავაფრთხილე, ჯარი მზად არის, საშიშროებაა მოსალოდნელი, შეიძლება უბედურება დატრიალდეს, ხალხს მოუწოდე, დაიშალონ-მეთქი. ხელის ხლებასაც ვერ გაგვიბედავენო, მითხრა. სამწუხაროდ, არც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შეგონებამ გაჭრა. მიტინგის ლიდერები ხალხს რატომღაც თავდაჯერებულები აიმედებდნენ, საშიში არაფერი მოხდებაო. არ მახსოვს იმ ახალგაზრდის გვარი, რომელსაც ბოლო მომენტში მიჰყავდა მიტინგი, ჯარი უკვე მოსული იყო და ხალხს უკან ახევინებდა, როცა ის კვლავ მოუწოდებდა მიტინგს, არ დავიშალოთო“.
გაზეთის მონაცემებით, 9 აპრილს, მიტინგის დარბევისას, 53-მა მილიციელმა მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.
შევარდნაძის როლი
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მიდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. სწორედ მას დაეკისრება სამსახურებრივი და პარტიული პასუხისმგებლობა რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და მიტინგის დაშლისას დაღვრილი სისხლის გამო. იმყოფებოდა თუ არა 9 აპრილისათვის თბილისში პატიაშვილის წინამორბედი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტბიუროს წევრი ედუარდ შევარდნაძე? ამ კითხვაზე პასუხს ვერ მიაკვლევთ 30 წლის წინანდელ პრესაში, თუმცა წლების შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილი იტყვის, ედუარდ შევარდნაძე 1989 წლის 8 აპრილს საიდუმლო რეისით ჩამოფრინდა თბილისშიო. ოფიციალურად ედუარდ შევარდნაძე თბილისში მიტინგის დარბევის შემდეგ ჩამოვიდა. მაშინდელი ქართული პრესა აქტიურად აშუქებს მის ყველა ნაბიჯს. გვხვდება ასეთი ცნობა:
„16 აპრილს ამხანაგებმა ე. ა. შევარდნაძემ, გ.პ. რაზუმოვსკიმ და გ.გ. გუმბარიძემ ყვავილები მიიტანეს მთავრობის სახლის წინ მოედანზე, სადაც 9 აპრილს, ღამით, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები“.
შევარდნაძეს მორგებული აქვს უმაღლესი და სამართლიანი მსაჯულის როლი. ლაპარაკობს როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო ქცევაზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების - საქართველოს კომპარტიისა და მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობის - ჩავარდნაზე.
15 აპრილის „ახალგაზრდა კომუნისტი“ სრულად აქვეყნებს ე. ა. შევარდნაძის გამოსვლას საქართველოს კომპარტიის ცკ პლენუმზე, რომელიც წინა დღით გაიმართა.
„მე არ გამოვდივარ ბრალმდებლის როლში. მინდა მხოლოდ ვთქვა, რომ ვერაფრით ვერ დამიღწევია თავი იმ გრძნობისგან, თითქოს ე. წ. არაფორმალური ორგანიზაციების ლიდერებიდან ზოგს სრულიად შეგნებულად მიჰყავდა ადამიანები, რომლებიც მათ ენდობოდნენ, სამსხვერპლოზე. მე არამც და არამც არ მომწონს ის ჯგუფები, რომლებიც თავიანთი საკუთარი, ანგარებიანი, კარიერისტული მიზნებით თავიანთ რიგებში ითრევენ უმცროსი კლასების მოსწავლეებს - ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი - და მათ უსანქციო კანონსაწინააღმდეგო დემონსტრაციების პირველ რიგებში აყენებენ...“
ედუარდ შევარდნაძე ასევე მწვავედ აკრიტიკებს რესპუბლიკის პარტიულ ორგანიზაციას იმის გამო, რომ „დაკარგა ზოგიერთი მებრძოლი თვისება“.
„პირდაპირ გეტყვით, პარტიულ აქტივს არ ეყო ადამიანებთან ლაპარაკის უნარი, სადღაც პარტიული ორგანიზაცია დაადგა ცალკე გზას, დაშორდა მასას, გაჩნდა წინააღმდეგობა, იქნებ - დაპირისპირებაც. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა თქვენგანს“.
ედუარდ შევარდნაძე გამორჩეულად მოზომილი და კორექტულია საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, მეტიც, ყველანაირად ცდილობს „სისხლი მობანოს “ და პასუხისმგებლობა აარიდოს საბჭოთა რეჟიმის მთავარ დასაყრდენს - წითელ არმიას და პირადად გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვს, რომელმაც სასაკლაო მოაწყო თბილისის ცენტრში.
„მინდა შევეხო არმიას, მისადმი დამოკიდებულებას“, - ამბობს ედუარდ შევარდნაძე, - „იგი თბილისის ქუჩებში თავისი ნებით არ გამოსულა. იგი გამოვიდა და მითითებული ადგილები დაიკავა, როცა დაემორჩილა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იღებდა. აქ, ამ დარბაზში, პლენუმის მონაწილეთა წინაშე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, როგორც ამხანაგებმა მითხრეს, ილაშქრებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ი.ნ. როდიონოვი. იგი ამბობდა, რომ ეს ფუნქცია არ არის დამახასიათებელი არმიისათვის, რომ იგი, მისი კოლეგები, მისი ხელქვეითები სულ სხვა ამოცანებს უნდა წყვეტდნენ“.
ცხადია, ედუარდ შევარდნაძის ამგვარმა პოზიციამ განსაზღვრა მთელი რიგი საკადრო ცვლილებებისა, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოხდა და რომელთა შესახებაც მაშინდელი პრესა წერდა:
„14 აპრილს გაიმართა საქართველოს კომპარტიის ცკ პლენუმი, რომელმაც განიხილა საკითხი „რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ“. პლენუმმა დააკმაყოფილა ამხ. ჯ. ი. პატიაშვილის თხოვნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტის პირველი მდივნისა და ბიუროს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. პლენუმმა საქართველოს კომპარტის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩია ამხ. გ. გ. გუმბარიძე, რომელიც წინათ მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, ხოლო ბოლო დროს - საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ“.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურისათვის ხელისუფლების ჩაბარების პარალელურად, ედუარდ შევარდნაძემ დიდი ძალისხმევა გასწია კომენდანტის საათის მოხსნაზე.
პუბლიკაციის მიხედვით, „ამხანაგმა შევარდნაძემ“ მოკლედ ჩამოაყალიბა ქალაქიდან ჯარის გაყვანის წინაპირობა:
„მივმართავ ჩვენს მუშათა კლასს, ჩვენს ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, დაგვეხმაროს იმაში, რომ აღდგეს წესრიგი. თუ ეს ასე იქნება, პოლიტბიუროს სახელით გაძლევთ პირობას, რომ ორშაბათიდან თბილისში არც ერთი ტანკი აღარ იქნება... ამისათვის საჭიროა, რომ მოსწავლენი ორშაბათს მერხებს მიუსხდნენ, სტუდენტები დაუბრუნდნენ სასწავლო აუდიტორიებს, ყველა, ვინც მუშაობა შეწყვიტა, დაუბრუნდეს თავის სამუშაო ადგილებს. თუ ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, ორშაბათს, 17 აპრილს, დაიწყება ჩვეულებრივი სამუშაო დღე. მაშინ ჯარები, იქნებ, იმ დღესვე გაიყვანონ“.
და მართლაც, 18 აპრილს გამოსული გაზეთები აქვეყნებენ ცნობას თბილისში კომენდანტის საათის გაუქმების თაობაზე:
„ქალაქი კომენდანტის საათის გარეშე. სამშაბათი, 18 აპრილი. მთავრობის სახლის წინ მხოლოდ ყვავილების ზღვა თუ მოაგონებდა ადამიანს იმას, რაც განიცადა დედაქალაქმა ცოტა ხნის წინ. ისე კი, გაზაფხულის მზით განათებულ ქუჩებს მხოლოდ დილით გაუქმებული კომენდანტის საათის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. ქუჩებში მარშრუტით დაქროდნენ ავტობუსები, გაისმოდა სკოლის ზარი, გუგუნებდნენ საწარმოები, დიასახლისები ამარაგებდნენ პროდუქტებს, ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. ერთი სიტყვით, ქალაქი ჩვეულებრივ სუნთქავს, რაშიც დავრწმუნდით, როცა ასობით კილომეტრი გავიარეთ მის ქუჩებში...“
კომენდანტის საათი მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდა, რაც მიწას მიაბარეს ტრაგიკული ამბების მსხვერპლნი. 16 აპრილის „კომუნისტი“ წერდა:
„15 აპრილს ათასობით თბილისელმა გააცილა უკანასკნელ გზაზე 9 აპრილს მთავრობის სახლთან, მოედანზე მომხდარი ტრაგიკული ამბების დროს ზოგიერთი დაღუპული. დაკრძალვის ცერემონიები გაიმართა ვაკის, საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის, დიღმის, თბილისის ზღვისა და ავლაბრის სასაფლაოებზე. დაკრძალვის დროს მოეწყო სამგლოვიარო მიტინგები“.
ვის მხარეს იყო ინტელიგენცია
„გლოვის ზარი“ - ამ სათაურის ტექსტით გამოეხმაურა აღმოსავლეთმცოდნე ვახუშტი კოტეტიშვილი 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტას „კომუნისტის“ 11 აპრილის ნომერში.
„დღეს საქართველო გლოვობს, მერამდენედ გლოვობს უდანაშაულოდ დაღუპულ შვილთა უმანკო სისხლს? მერამდენედ გაისმის დაგვიანებული ბოდიში უდანაშაულო ჭირისუფალთა მიმართ?.. ის, რაც თბილისში მოხდა 9 აპრილის განთიადზე, მე მიმაჩნია, რომ არის გარდაქმნისა და საჯაროობის ზურგში ჩაცემული მახვილი, ყოველგვარი დემოკრატიის დამღუპველი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა „სისხლის წვიმების“ დროში; კიდევ ერთხელ გადაუსვა ხაზი იმას, რასაც გულმხურვალედ ვქადაგებთ, მაგრამ ჯიუტად არ ვასრულებთ. რითღა უნდა აღვუდგეთ წინ განსხვავებულ აზრს? ისევ ტანკებით? ხელკეტებით? ორპირალესილი ვითომ ნიჩბებით? ფარებითა და ჩაჩქანებით აღჭურვილი სპეციალური რაზმებით?“ - კითხულობს ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც, მისივე თქმით, დარბევის თვითმხილველი, მოწმე და მონაწილეა:
„მე თვითონ გამოვარიდე მათ წიხლებს აბუზული, შეშინებული პატარა გოგონები და ჩემს სახლში ავიყვანე თავგაპობილი ყმაწვილები. მე მათი სისხლი მეცხო სახეზე, ტანსაცმელზე, ვინაიდან ჩახუტებულნი მიმყავდა დაჭრილები და, ალბათ, ამიტომ დაირხა ხალხში ხმა - ვახუშტი კოტეტიშვილი მოკლესო. არა, ხალხო, ცოცხალი ვარ, მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლეს!“
11 აპრილის „თბილისი“ ბეჭდავს ჯანსუღ ჩარკვიანის წერილს „იყავით გულმოწყალენი...“
„მაინც რა მოხდა ცხრაში?“ - კითხულობს პოეტი და თვითონვე იძლევა პასუხს: „ცოდვილი მოდგმის ველურებს თუ შეუძლიათ საკუთარ თვალებს შეაფურთხონ ისე და იმდაგვარად, როგორც აპრილის იმ საბედისწერო დღეს „საპიორთა“ ხელნიჩბიანებმა იკადრეს. ვერც ღმერთი და ვერც კაცი ვერ დამაჯერებს, რომ იმ ურწმუნოებს ვინმე ჰყავთ სახლში, ან დედა ან მამა, ან დედმამიშვილი, ან ნათესავი. განა, შეიძლება უთვისტომო კაცის ასე ბოროტად გაზრდა? მოხდა ენით აუწერელი საშინელება, გამოუსწორებელი ტრაგედია...“
მკვეთრად განსხვავებული პათოსითაა დაწერილი „სახალხო განათლების“ 12 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული წერილი „ჭკუით, ქართველებო!“, რომლის ავტორი ჭაბუა ამირეჯიბია.
„...უფრო გვიან დიდი სიზუსტით დადგინდება ჭეშმარიტება და, ვიმედოვნებ, ქართველი ერის ისტორიას შემორჩება ეს პირსისხლიანი ეპიზოდი, როგორც უდიდესი შეცდომებისა და ხალხის უსინდისოდ მოტყუების მაგალითი“, - წერს დათა თუთაშხიას ავტორი, რომელიც ხელისუფლების სამხედროების ხელში გადასვლის ფონზე თანამემამულეებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს.
„საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“, - ჩვენ უნდა შევიგნოთ ეს. დავაკავოთ ჩვენი ტემპერამენტი, გზნება. ჭორის დონეზე ლაპარაკი არ მინდა მე. რაც ნამდვილად ვიცი, იმას ვიტყვი. თუ თვითონ მოქალაქეებმა, ახალგაზრდობამ არაფრით გამოიწვია საჯარისო პატრულების წყრომა, შეურაცხყოფა იქნება ეს, ქვის სროლა, სტვენა, მანქანების გრიალი, ცხვირწინ დროშის ფრიალი და საერთოდ გამომწვევი საქციელი, პატრული ხმას არ გასცემს. ნუ გავამწვავებთ მდგომარეობას, არაფერს მოგვცემს ჩვენ კიდევ ასი მოკლული, თუნდაც ერთი მოკლული. ეს არ არის ერის ინტერესებში. ჭკუით, ქართველებო!“
„თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს“ – 14 აპრილის „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებული ამ წერილის ავტორი კი გურამ ფანჯიკიძეა, რომლის თქმითაც, „ცდილობენ კვალი დაფარონ, თურმე ხალხი ნიჩბებითა და ხელკეტებით კი არ დაუხოცავთ, ზედახორაში გადათელილებს მიუღიათ სასიკვდილო ტრავმები! უფრო მეტიც! ნელ-ნელა გვაპარებენ ყალბ ვერსიას, - თურმე პირველად ახალგაზრდებს დაუჭრიათ ჯარისკაცები „ცივი იარაღით“. ამ ნაცად მეთოდს ჯერ კიდევ 1956 წლიდან ვიცნობთ, ბატონებო!“
აქვეა ოთარ ჭილაძეც („ვგმობთ სისასტიკეს!“ ), რომელიც მთელი თავისი არსებით გმობს იმ არაადამიანურ სისასტიკეს, ანგარიშსწორების იმ ბარბაროსულ მეთოდს, მსხვერპლისადმი იმ ცინიკურ განურჩევლობას, რისი მოწმენიც ადამიანები ცხრა აპრილის ღამით გახდნენ.
„თავისუფლებისკენ სწრაფვა საერთოდ ადამიანის მთავარი თვისებაა და არაფერია ამაში გაუგებარი, არც მოულოდნელი, არც გადამეტებული და, რაც მთავარია, არც სხვებისგან გამოსარჩევი. პირიქით, თუკი გვამსგავსებს, სწორედ ეს უკეთილშობილესი თვისება თუ მოთხოვნილება გვამსგავსებს იმ ბედნიერ ხალხებს, სხვებზე ადრე რომ გაიარეს თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების გზა. ეს გზა, ადრე თუ გვიან, ყველა ხალხმა უნდა გაიაროს და მათ შორის, რასაკვირველია, ჩვენც“, - წერს ოთარ ჭილაძე.
ქართველი მწერლები ცალკეული წერილების გამოქვეყნებას არ დასჯერდნენ. 14 აპრილის „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მწერლების ღია წერილი, რომლის ადრესატი საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვია:
„პატივცემულო გენერალურო მდივანო! ქართველი მწერლები, გამოვხატავთ რა ქართველი საზოგადოების, მთელი ქართველი ერის სათქმელს, დაბეჯითებით მოვითხოვთ გასცეთ განკარგულება, სასწრაფოდ გამოიძიონ საქმის დანაშაულებრივი არსი, ამხილონ და სამაგალითოდ დასაჯონ ამ უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტის მომწყობი ყველა დამნაშავე. დასჯასთან ერთად ისინი უნდა გამოცხადდნენ საბჭოთა დემოკრატიის, საჯაროობისა და გარდაქმნის მტრებად!“
დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად
„საქართველოს სახალხო ფრონტი შემოდის წინადადებით: მოხდეს მთავრობის სახლის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია და იქ აიგოს 9 აპრილს უდანაშაულოდ დაღუპულთა მემორიალი”, - ასე იწყება სახალხო ფრონტის მიმართვა (გაზეთი „თბილისი“. 27 აპრილი), რომლის ადრესატი თბილისის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ირაკლი ანდრიაძეა.
„სახალხო ფრონტი თვლის, რომ მოედნის რეკონსტრუქციისა და მემორიალის აგებას ორგანიზაციულად უნდა უხელმძღვანელოს საქალაქო საბჭოს აღმასკომმა. მემორიალი უნდა აშენდეს მხოლოდ სახალხო შემოწირულებათა ხარჯზე. საჭიროა გამოცხადდეს ღია კონკურსი მოედნის რეკონსტრუქციისა და მემორიალის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. ბანკში უნდა გაიხსნას ანგარიში კერძო პირებისა და ორგანიზაციების შემოწირულებათა მისაღებად. კონკურსი რაც შეიძლება სწრაფად და ერთობლივად უნდა გამოაცხადონ საქართველოს სახალხო ფრონტმა და საქალაქო საბჭოს აღმასკომმა“, - მიმართვას საქართველოს სახალხო ფრონტის სახელით ხელს აწერს კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, სსრკ სახალხო დეპუტუტი და სსრკ სახალხო არტისტი.
თუმცა გავა მრავალი წელი, ვიდრე მოედნის რეკონსტრუქცია მოხერხდება (ოღონდ არა შემოწირულებებით), მემორიალის მაგივრობას კი ორი ათეული წლის განმავლობაში გასწევს გრანიტის ქვა, წარწერით: „9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი“.
ტრაგიკული მოვლენებიდან არასრული ერთი თვის თავზე („თბილისი“. 6 მაისი) თბილისში, მეტროს სადგურ „ლენინის მოედანთან“, გაიმართა ქალთა მასობრივი მიტინგი, რომლის აღშფოთებული მონაწილეები დაგმობენ ქიმიური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მოითხოვენ ტრაგიკული მოვლენების დროს და შემდგომ დღეებში მოწამლულთათვის საჭირო სამკურნალო საშუალებების დროულ მიწოდებას და არაფორმალური ორგანიზაციების დაპატიმრებულ ლიდერთა გათავისუფლებას.
ლიდერებს, მართლაც, გაათავისუფლებენ რამდენიმე დღეში. გათავისუფლებულთა შორის იქნება ზვიად გამსახურდია, რომელიც ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, გამოაცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, თუმცა 9 აპრილს დაღვრილი სისხლის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება არც საქართველოს და არც საკავშირო ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს. დაუსჯელი დარჩებიან მაღალი ჩინის სამხედრო მოსამსახურეებიც, რომელთა გადაწყვეტილებით, მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს მომწავლელი აირითა და მესანგრეთა ნიჩბებით.