სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას სეპარატისტულ რეგიონებში სიხარულით შეხვდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის გამო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს მთავრობის მიერ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურის დაწყების პარალელურად კი, სეპარატისტული რეგიონები მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაფორმებას იწყებენ, ურთიერთაღიარებისა და საელჩოების გახსნის დონეზე.
თუმცა ის, რაც სირიამ გააკეთა, ექსპერტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის, ლევან გერაძის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფაქტორითაა განპირობებული და საერთაშორისო სისტემაზე პრაქტიკულად ვერანაირ ასახვას ვერ პოვებს.
თავის მხრივ, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრინციპული უნდა იყოს და სირიის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, მათ შორის - გაეროში. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ბოლო დროს ყურადღება მოადუნა.
სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გადაწყვეტილებას მყისიერად გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ტვიტერის საკუთარ გვერდზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა დაწერა,რომ მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის უკან დგას, პასუხისგება მოუწევთ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გმობს რუსეთის მიერ მხრადაჭერილი სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და საერთაშორისო საზოგადოება ერთად უნდა დადგეს ამ ნაბიჯების წინააღმდეგ.
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის მიერ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა, თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. მისი თქმით, სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და არაღიარების პოლიტიკას და ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისთვის გზების ძიებას.