„სინოფარმის“ ვაქცინით აცრა იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 მაისს

4 მაისს ამირან გამყრელიძე "სინოფარმით" აცრას გეგმავს

4 მაისიდან საქართველოში 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის „სინოფარმის“ ვაქცინით COVID-ის საწინააღმდეგო აცრა იწყება. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

დღეს ამავე ვაქცინით აიცრება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გამყრელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთებს.

ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

ოფიციალური ცნობით, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში 93 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

როდის გამოვა მელია საპატიმროდან?

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ენმ) არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო შესაძლოა მიმდინარე კვირაში დატოვოს.

როგორც ენმ-ში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, ამ დრომდე მათ არ სმენიათ ახალი ინფორმაცია, „ევროკავშირის გირაოზე“ ნიკა მელიას შეცვლილ პოზიციასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შესაძლო გათავისუფლების მოლოდინი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1 მაისს ის რუსთავის ციხეში „ლელოს“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარეს საპატიმროდან ახალი განცხადება აღარ გაუკეთებია და, შესაბამისად, თანაგუნდელები მისი ბოლო პოზიციით ხელმძღვანელობენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს მელიას მიერ უახლოეს დღეებში საპატიმროს „ევროკავშირის გირაოს“ საფუძველზე დატოვების მოლოდინისთვის.

4 მაისს, რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ადვოკატები მოინახულებენ და ენმ-ის წარმომადგენლებსაც ახალ ინფორმაციას სწორედ ისინი შეატყობინებენ. თუმცა ადვოკატები წინასწარვე უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ენმ-ის თავმჯდომარემ ხელი უნდა მოაწეროს რაიმე სახის დოკუმენტს - ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს მექანიზმზე დათანხმების მიზნით.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დიდი შვიდეულის სამიტი ლონდონში - რაზე იმსჯელებენ დღეს და ხვალ?

გუშინ ლონდონში დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების (მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანების) სამიტი გაიხსნა. სამდღიანი სამიტი პირველი პირისპირ შეხვედრაა დიდი შვიდეულის ფორმატში მას მერე, რაც მსოფლიოში პანდემია დაიწყო.

როტაციის პრინციპით ჯგუფის პრეზიდენტობა ახლა დიდ ბრიტანეთს აბარია. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგშია პანდემიის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობა, კლიმატური ცვლილებები, ჩინეთი და რუსეთი.

დიდი ბრიტანეთი გაერთიანების დანარჩენ წევრებს შესთავაზებს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნასაც.

შეხვედრის წინ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა თქვა, რომ პროპაგანდის და ფეიკ-ნიუსების წინააღმდეგ ერთობლივი რეაგირება და მოქმედებაა საჭირო, რათა სიმართლე გააგებინონ არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, არამედ მთელ მსოფლიოს, მათ შორის, რუსეთსა თუ ჩინეთში მცხოვრებ ადამიანებსაც.

წაიკითხე მეტი.

საარჩევნო შეთანხმებისამებრ, სომხეთის პარლამენტარებმა ფაშინიანის კანდიდატურა უარყვეს პრემიერის პოსტზე

სომხეთის პარლამენტმა უარყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა მთავრობის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე, როგორც პირველი ნაბიჯი იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მომავალ თვეში ვადამდელ არჩევნებს უნდა დაედოს საფუძვლად.

ფაშინიანი 25 აპრილს გადადგა, რითაც გზა გაუხსნა არჩევნებს, საიმისოდ, რომ განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გარშემო მომხდარ ბრძოლაში განცდილი მარცხით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი.

თუ ფაშინიანი პარლამენტარების მხარდაჭერას მეორე კენჭისყრაზეც, 10 მაისსაც ვერ მოიპოვებს - როგორც მოსალოდნელია - პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს ივნისში დანიშნავს.

წაიკითხე მეტი.

ნონა გაფრინდაშვილი: „თუ რამე იყო მოსაგები, ყველაფერი მოგებული მაქვს“

„რაც მე მოვიგე, იმის დათვლა, უბრალოდ, შეუძლებელია“, - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

ჩემი ძმები და მეზობლები რასაც თამაშობდნენ, მეც ვთამაშობდი, ამიტომ ყველაფერი ერთდროულად დავიწყე: ჭადრაკი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ბილიარდი... ჩემი ძმები მორიგეობით ხდებოდნენ ხოლმე ზუგდიდის ჩემპიონები ჭადრაკში, სახლშიც აწყობდნენ ტურნირებს. მე ყველას ვერ ვუგებდი“, - იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

80 წლის წინ ჭადრაკის წრეები მხოლოდ დიდ ქალაქებში იყო. ნიჭიერ ძმებში ჩაკარგული ზუგდიდელი გოგონა შეიძლება ვერც ვერასოდეს შეემჩნიათ, ერთი ფორმალობა რომ არა - ტურნირისთვის სამეგრელოს გუნდს აკომპლექტებდნენ და გოგო დასჭირდათ. გაგონილი ჰქონდათ, გაფრინდაშვილების ოჯახში გოგო თამაშობსო. როგორ და რანაირად თამაშობდა, არ იცოდნენ, მაგრამ სხვაც არავინ ჰყავდათ და მშობლებს მიადგნენ. ბათუმში ნონას თამაშს მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემ მიაქცია ყურადღება. ისევ მივიდნენ მშობლებთან და ამჯერად ნონას თბილისში გადაყვანა სთხოვეს - ორიოდე დღით არა, სამუდამოდ.

1954 წელს, როდესაც თბილისში გადმოვიდა, ცამეტის იყო. რამდენიმე წელიწადში იმდენად ცნობილი გახდა, რომ ხალხის კორდონის გასარღვევად მილიციის დახმარება სჭირდებოდა.

როგორ გაიარა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა გამარჯვებებით სავსე 80 წელი, წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

საფლავზე ვერავინ მივა: 2-დან 4 მაისამდე სასაფლაოებზე შესვლა აკრძალულია. როგორ გამოიყურება სასაფლაოები დღეს? ნახეთ ვიდეო.