ერთმა ბელარუსელმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, აპლიკაცია „კრამა“ შექმნა. ის გეხმარება გაერკვე, კავშირშია თუ არა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან ან იმ სახელმწიფო კომპანიებთან, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო თანამშრომლებს ავიწროებენ. პირველივე კვირას აპლიკაცია iOS-სა და Android-ის 60 ათასმა მომხმარებელმა გადმოიწერა.
Current Time აპლიკაციის შემქმნელ სერგეი კოსტრომას გაესაუბრა. ის ამბობს, რომ მობილური აპლიკაცია საქონელს შტრიხკოდის მეშვეობით ამოწმებს.
„შტრიხკოდი ტელეფონში დიდ ადგილს არ იკავებს, თან აპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც მუშაობს. ჩემს მეგობარ-ოპერატორს დავუკავშირდი, ავუხსენი, ამოცანა რა იყო. მითხრა, ძნელი არაა, მთავარია, შტრიხკოდები მოძებნოო. ეს უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ, საბოლოოდ, ღია რესურსების მეშვეობით შტრიხკოდებიც ვიშოვე. მივხვდი, რომ საქონლის შესახებ ყველაფრის ცოდნა არ გვჭირდება, მხოლოდ მწარმოებლის ვინაობა, რასაც შტრიხკოდითაც ვიგებთ. მე ბაზა გავაკეთე, ჩემმა პროგრამისტმა მეგობარმა კი აპლიკაცია შექმნა“.
აპლიკაცია გადმოსაწერად 13 სექტემბერს დაიდო. Apple-მა და Google-მა ის თავიანთი პლატფორმებისთვისაც მოიწონეს.
14 სექტემბერს სერგეიმ ფეისბუკში ახალი მოწყობილობის შესახებ დაწერა: „მიდიხართ მაღაზიაში, შტრიხკოდს სკანირებას უკეთებთ (ან პირველი 7 ციფრი შეგყავთ), „კრამა“ კი გეუბნებათ: „თამამად აიღე“ ან „დაფიქრდი“.
„ანდრეის გარეშე“ - ჩეხური აპლიკაცია, რომელიც ბელარუსელების შთაგონების წყარო გახდა
სერგეი კოსტრომა დიდი ხანია პრაღაში ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, იცოდა ჩეხეთში შექმნილი აპლიკაცია „ანდრეის გარეშეს“ შესახებაც, რომელიც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის, ანდრეი ბაბიშის, მოწინააღმდეგეებმა შექმნეს. ამ აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლები ბაბიშის აგროჰოლდინგის წარმოებულ პროდუქციას აღარ ყიდულობენ. 2019 წლის მონაცემებით, აპლიკაცია ჩამოწერა 230 ათასმა ადამიანმა (ჩეხეთის მოსახლეობა სულ 10,5 მილიონია).
რომელი კომპანიები მოხვდნენ ბელარუსელების შავ საიში
საუბარია პროდუქტებზე, რომელთაც ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან დაახლოებული პირები აწარმოებენ. სერგეი კოსტრომა ამბობს, რომ სიას თავად არ ადგენს: პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა ჯგუფებსა და სოციალურ მედიაში დებენ ინფორმაციას, თუ რომელ ბიზნესთან არის დაკავშირებული ლუკაშენკა. ინფორმაცია ეყრდნობა ჟურნალისტურ გამოძიებებს ან საჯარო მონაცემებს.
„მეორე - ეს არის საქონელი, რომელიც მზადდება ისეთ სახელმწიფო საწარმოებში, სადაც თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობას აიძულებენ ან საკუთარი აზრის გამოთქმის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ“, - ამბობს აპლიკაციის ავტორი.
მან ბაზაში იმ კომპანიების მონაცემებიც შეიტანა, რომლებიც 2020 წლის 9 აგვისტოს შემდეგ თავიანთი პროდუქტის რეკლამირებას სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ახდენენ: „რადგან იყო მოწოდება, მიმდინარე მოვლენების გამო, 9 აგვისტოს შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიებში რეკლამები არ გაეშვათ“.
და მეოთხე: „საქონელი, რომელიც წარმოებულია პრეზიდენტთან არსებული მთავარი სამეურნეო მმართველობის საწარმოებში“, - ამბობს ის.
მთავარი სამეურნეო მმართველობა სხვადასხვა სახის კომერციული საქმიანობითაა დაკავებული: აქირავებს უძრავ ქონებას, სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს მოსახლეობას (ინტერნეტპროვაიდერები, ატელიე და ასე შემდეგ) და ასევე ფლობს სოფლის მეურნეობის საწარმოებს.
კოსტრომა დარწმუნებულია, რომ „კრამა“ არნახულად პოპულარული რომც გახდეს, ეკონომიკური ბოიკოტი მხოლოდ კომპანიების მფლობელებს დააზარალებს და არა მათ თანამშრომლებს.