სიმართლის გაზომვის გაკვეთილები

ვის შეიძლება მისწერო შენი პირადი ნომერი ფეისბუკჩატში და ვისთან ჯობს სიფრთხილის გამოჩენა ან როგორ გამოიცნო, სოციალურ ქსელში გაზიარებული ფოტო არის თუ არა დამონტაჟებული? მედიის განვითარების ფონდმა ახალი სასკოლო პროექტი წამოიწყო - „მედია და ინფორმაციული წიგნიერების ლაბორატორია“. ეს არის დამხმარე სასწავლო რესურსი, რომლითაც მასწავლებლებმა მოსწავლეებს სრულიად ახალი, პრაქტიკული ცოდნა უნდა მისცენ, როგორ არ დარჩნენ ისინი მოტყუებულები.

მედიის განვითარების ფონდმა დამხმარე მასალები ონლაინ პლატფორმაზე განათავსა, რომელსაც თანხმლები, დაბეჭდილი სახელმძღვანელოც აქვს. ახლა ორგანიზაცია ტრენინგების ეტაპზე გადადის და 400 მასწავლებელს უნდა აუხსნას, როგორ ჩართონ თამაშები, ქვიზები და პრაქტიკული სავარჯიშოები სასწავლო პროგრამაში.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების ლაბორატორია 6 თემას ფარავს:

  • მედია და ინფორმაცია
  • პროპაგანდა და ვერიფიკაცია
  • გამჭვირვალობა
  • სიძულვილის ენა
  • კიბერი
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა/პერსონალური მონაცემები

ტრენინგში მონაწილეობის მიღება ყველა დისციპლინის მასწავლებელს შეუძლია, რადგან თითქმის ყველა საგნის პედაგოგი იპოვის თავისთვის გამოსადეგ დავალებას ლაბორატორიის რესურსებში. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ამას გამჭოლი კომპეტენცია ეწოდება.

ის ხერხები, რომელთაც ფაქტების გადამოწმებისას ჟურნალისტები მთელ მსოფლიოში იყენებენ, შეიძლება გეოგრაფიის გაკვეთილის ახალი ელემენტი გახდეს. მაგალითად, მასწავლებელმა დაავალოს მოსწავლეებს Google Earth-ის დახმარებით იპოვონ ადგილი, რომელიც გამოსახულია ფოტოსურათზე - შედეგად კი გაარკვიონ, ფოტო ნამდვილად იქ არის გადაღებული, სადაც აღწერა მიუთითებს, თუ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ასევე, ინგლისურის მასწავლებელმა შეიძლება სიძულვილის ენის მიმართ კრიტიკული ანალიზისთვის განკუთვნილი დავალება სასაუბრო ინგლისურის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს. ონლაინმასალები ინგლისურ ენაზეცაა ნათარგმნი, ისევე როგორც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

"მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების ლაბორატორიის" თამაშები:

რატომ დადგა მედიაწიგნიერების საჭიროება

მედიის განვითარების ფონდს განხორციელებულმა სხვა პროექტებმა დაანახა, რომ ბავშვები ხშირად ისევე ხდებიან დეზინფორმაციის მახეში, როგორც დიდები. მაღალი კლასის მოსწავლეებიც კითხულობენ კონსპირაციის თეორიებსა და გაყალბებულ ინფორმაციას. ვინაიდან დეზინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა, მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ გამოსავალი აუდიტორიის განათლებაშია.

„ეს მოსწავლეები მომავალი მასწავლებლები, ექიმები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. იმდენი კონსპირაცია და დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ ეს უკვე სერიოზულ ზიანს აყენებს საზოგადოებას. ამგვარი ცოდნის მიღების შემდეგ კი ისინი მზად იქნებიან ამისთვის“, - ამბობს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა.

თუმცა დეზინფორმაციის გადამოწმება ლაბორატორიის მხოლოდ ერთი კომპონენტია. დავალებები ასევე უხსნის მოსწავლეებს, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიულ სისტემაში მედია, რა ინტერესები დგას კონკრეტული მედიასაშუალების უკან, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მედიამფლობელობის გამჭვირვალობა და რა ნარატივია პროპაგანდისტული.

როგორ ებრძვიან დეზინფორმაციას სკოლებში ევროპის ქვეყნები

მედიაწიგნიერება და ონლაინუსაფრთხოება სასკოლო განათლების ნაწილია ესტონეთში, სადაც ეს მიმართულება 2020 წლის განათლების სტრატეგიაშია ჩაწერილი. მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებს განუვითაროს საინფორმაციო ცნობიერება, რომლის მეშვეობითაც ის „შეიცნობს და გაიაზრებს საინფორმაციო ველს“.

ბალტიისპირეთის კიდევ ერთი ქვეყანა კი, ლატვია, სკოლის მოსწავლეებს მედიაწიგნიერებასთან ერთად ახალი მედიის უსაფრთხო გამოყენებასაც ასწავლის. იქ 2017 წელს კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 9-16 წლის მოსწავლეები დიდ დროს ატარებენ ონლაინ, თუმცა ისინი არ არიან საკმარისად კრიტიკულები სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის მიმართ.

საფრანგეთის სკოლებში კი სხვადასხვა ორგანიზაციის ინიციატივით ჟურნალისტები ატარებენ შეხვედრებს და მოსწავლეებს უხსნიან, რომ რასაც ონლაინ ვკითხულობთ, ყველაფერი უტყუარი ფაქტი აღარაა.

რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს სიყალბე

სულ ბოლოს დეზინფორმაციის მავნებლობა მსოფლიომ ჯანმრთელობის ხარჯზე იწვნია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპაში წითელას შემთხვევები გასამმაგდა, ამას კი წინ უძღოდა დეზინფორმაციული ამბების სერია, სადაც წერდნენ, რომ აცრები ბავშვებში აუტიზმსა და სხვა დაავადებებს იწვევს. ამის გამო მშობლების ნაწილმა უარი თქვა შვილების აცრაზე.

წითელას გარდა აშშ-ში ტეტანუსის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც კაცობრიობამ, თითქოსდა, დიდი ხნის წინ დააღწია თავი სწორედ ვაქცინაციის წყალობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმა „გლობალური ჯანდაცვის საფრთხედ“ იქცა.

მედიაკვლევებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისს ამწვავებდნენ რუსული ტროლები. პეტერბურგში მოქმედი ე.წ „ტროლების ფერმა“ განზრახ აღვივებდა ვაქცინაციის ირგვლივ დისკუსიას ჯერ კიდევ 2014 წელს.

დღეს უკვე მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ დეზინფორმაცია ადამიანების განწყობებითა და არჩევანით მანიპულირებს, ქმნის ყალბ შიშებსა და მოლოდინებს. ამის ფონზე კი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება - არ დარჩე მოტყუებული.