ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც ბორჯომში 2016 წელს 134 ათასი ლარი დაჯდა, კვლავ შეკეთებას საჭიროებს. სილამაზის ხიდის ფეხით სავალი ნაწილი არაერთხელ დაზიანდა, ბზარები და ორმოები გაუჩნდა საავტომობილო გზასაც. დაზიანებული ხიდი ქვეითად მოსიარულეების გადაადგილებას აფერხებს და, დისკომფორტის გარდა, მათ, წლებია, საფრთხესაც უქმნის.
Your browser doesn’t support HTML5
დაზიანებული ხიდის შეკეთებას ითხოვენ ავტომობილის მძღოლებიც. ამბობენ, რომ ხიდზე გადაადგილება მანქანებს აზიანებს, რაც მათთვის დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
საკურორტო სეზონისთვის სილამაზის ხიდის ფეხით სავალი ნაწილი და საავტომობილო გზის მხოლოდ დაზიანებული მონაკვეთები შეკეთდება, ხიდის სრული რეაბილიტაცია კი შპს „პემთან“ სამართლებრივი დავისდასრულების შემდეგ ჩაუტარდება. ვინ მოახდენს ხიდის სრულ რეაბილიტაციას? – ეს საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შპს „პემის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბიბილაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ დაკისრებული მოვალეობა ხარისხიანად შეასრულა.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარე შპს “პემისგან” ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, გამგეობამ ვერ დაამტკიცა.
თვითმმართველობის წარმომადგენლები რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების ორგანოს მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ. საკრებულოს ლეიბორისტი დეპუტატი გიორგი გიუაშვილი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ მათ სასამართლო დავა ფორმალურად წააგეს.
დაახლოებით ორი წლის წინ ბორჯომში სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „პემმა“ განახორციელა, თუმცა რეაბილიტაციის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ხიდის ფეხით სავალი ნაწილი დაზიანდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „პემის“ წინააღმდეგ სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო სამართლებრივი დავა დაიწყო. საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოში განიხილეს. მოსამართლემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დააკმაყოფილა. პირველ ინსტანციაში სამართლებრივი დავა შპს „პემის“ სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე მედიასთან აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და ხიდის რეაბილიტაცია შპს „პემს“ მოუწევს.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდი მალევე დაზიანდა, მას შემდეგ კი მისი ვერც კუსტარული და ვერც საფუძვლიანი შეკეთება ვერ მოხერხდა. გიუაშვილის მტკიცებით, ბორჯომი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება.