სიგიჟე თუ შორსმიმავალი გეგმა? რატომ აღიარა პუტინმა სეპარატისტები უკრაინაში

დონეცკში პრორუსი აქტივისტები ზეიმობენ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, უკრაინის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად ცნო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრაზიანი და კონფრონტაციული გამოსვლის ბოლოს, რომლის სამიზნეც კიევი და დასავლეთი იყო, განაცხადა, რომ ცნობდა ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

წლების განმავლობაში - ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ - მიიჩნეოდა, რომ პუტინი მსგავსი ნაბიჯის გადადგმისგან თავს შეიკავებდა. სხვა თუ არაფერი, ამით ის დაკარგავდა კიევზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მნიშვნელოვან ბერკეტს - მინსკის შეთანხმებას, რომლის ამოცანაც უკრაინის მთავრობასა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტის დასრულება იყო - ომისა, რომელმაც 13,200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მაშ, რა გახდა ამ აღიარების მიზეზი? აი, რამდენიმე შესაძლო ვერსია.

მინსკის ხათაბალა

2015 წლის თებერვალში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც მინსკ 2-ის სახელითაა ცნობილი. ამ დოკუმენტს მოსკოვი აღიქვამდა, როგორც უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის საშუალებას, რადგან ის დიდ ავტონომიას ანიჭებდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებიც დონბასს - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს - აკონტროლებენ 2014 წლის გაზაფხულიდან.

თუმცა, რუსეთსა და უკრაინას ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამ შეთანხმების მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნდობის გასაძლიერებლად და როგორი უნდა იყოს მათი თანმიმდევრობა. პუტინმა შეიძლება გადაწყვიტა, რომ ეს შეთანხმება მოსკოვის სასურველი პირობებით არასოდეს შესრულდება.

ფართომასშტაბიანი ომის თავიდან არიდება ან გადავადება?

პუტინის მიმართვის მოსმენისას შესაძლოა დაგრჩენოდათ შთაბეჭდილება, რომ ის მართლაც წუთი-წუთზე გამოაცხადებდა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებას უკრაინაში და 150 ათასზე მეტ ჯარისკაცს საზღვრის გადაკვეთას უბრძანებდა. ამერიკა ხომ რამდენიმე დღეა აცხადებს, რომ მსგავსი რამ ნებისმიერ წუთას შეიძლება მოხდეს.

სემ გრინი: პუტინის მიმართვა დაუჯერებლად ბნელი და აგრესიულია. პუტინის არაერთი სიტყვა მომისმენია, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს.

ეს საფრთხე არც ახლა ჩამცხრალა. პუტინმა ხომ თავის სიტყვაში ახსენა, რომ უკრაინა ვლადიმირ ლენინის მიერ მოგონილი ქვეყანაა და მიანიშნა, რომ მისი ამბიციები სულაც არ დაკმაყოფილდებოდა ამ ქვეყნის ორი ნაწილის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით.

რობ ლი: ცხადია, რომ რუსეთს ამ ტერიტორიების აღიარებაზე ბევრად ამბიციური პოლიტიკური გეგმები აქვს. აღიარება პუტინის აღწერილ პრობლემებს არ შველის, ამისთვის უფრო რადიკალური ქმედებები - რეჟიმის ძალით შეცვლა და სამხედრო ინტერვენციაა საჭირო.

არაერთი ექსპერტის აზრით, ეს აღიარება მხოლოდ პირველი ეტაპია მსხვილი სამხედრო კამპანიისა, რომლის ამოცანაც კიევში მთავრობის დამხობაა.

მაიკლ კოფმანი: სეპარატისტების აღიარებას 190 ათასი ჯარისკაცი არ სჭირდებოდა. ეს ჯარი დონბასთან ახლოსაც კი არ არის. ეს პირველი ნაბიჯია ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.

თუმცა, სხვები ვარაუდობენ, რომ დონეცკის და ლუგანსკის ცნობა შეიძლება პუტინის მიერ მოძებნილი (თუნდაც დროებითი) გამოსავალი იყოს ორი უკიდურესობის თავიდან ასაცილებლად - ერთი მხრივ, ომისა და სისხლისღვრის, მეორე მხრივ კი, სისუსტისა და უკანდახევის ჩვენების.

პარალელურად რუსეთს შეეძლება უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება. თავად დონბასში ეს ზეწოლა ახლა უფრო საგრძნობია, ვიდრე ოდესმე - სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები სრულად მათ ეკუთვნით, არადა, ამჟამად ტერიტორიის უფრო მცირე ნაწილს აკონტროლებენ. აღიარებას თან ახლავს შეფარული მუქარა, რომ რუსეთი ამ ორი რეგიონის დანარჩენ ნაწილსაც სამხედრო ძალით დაიკავებს.

პუტინმა შეიძლება ამაზე მიანიშნა კიდევაც, როდესაც გამოსვლაში ახსენა, რომ უკრაინის ნაწილი, წესით, რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს. ზეწოლის კიდევ ერთი ფორმა სწორედ იმის შესაძლებლობაა, რომ რუსეთმა ეს ორი ტერიტორია ფორმალურად შეიერთოს. ეს თემა პუტინის მაღალჩინოსნებმა წამოჭრეს - სავარაუდოდ, დაუდევრობით - უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც წინ უძღოდა პუტინის მიმართვას.

საშინაო პრობლემები

პუტინის მიმართვის მიზანი შესაძლოა ასევე ყოფილიყო რუსების შემზადება მომავალში უკრაინის უფრო აგრესიულად დამორჩილებისთვის. რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებასა და განსხვავებულ აზრზე უპრეცედენტო ზეწოლამ ოპოზიცია მართლაც შეასუსტა და პროტესტის პოტენციალიც შეამცირა, მაგრამ, პუტინს ალბათ ესმის, რომ რუსებს თავიანთი პრობლემებიც მრავლად აქვთ - პანდემია იქნება ეს თუ ეკონომიკური სიდუხჭირე. მათთვის სეპარატისტების აღიარება უფრო ადვილად მისაღები იქნება, ვიდრე ომი მეზობელ ქვეყანასთან.

კიევის დასუსტება...

კრემლისთვის ამ ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება უკრაინისთვის მორიგი დარტყმის მიყენებას ნიშნავს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან 8 წლის შემდეგ.

პუტინი შესაძლოა იმედოვნებდეს, რომ ამით დაასუსტებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც 2019 წელს არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია დაპირებით, რომ დაასრულებდა ომს დონბასში, თუმცა არ დათმობდა ტერიტორიებს.

...და დასავლეთში განხეთქილების ჩამოგდება

ფართომასშტაბიანი ომი, წესით, დასავლეთში ერთიანობას გაზრდის და აშშ-სა და ევროკავშირს ერთობლივი ფრონტის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

პუტინის გათვლა შესაძლოა ასეთი იყოს - რომ აღიარება დასავლეთის ქვეყნებში უთანხმოებას წარმოშობს საპასუხო ზომებსა და სანქციებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი და სეპარატისტები არ ეცდებიან კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შეჭრას და მოსკოვი ჯარებს მოაშორებს უკრაინის საზღვარს - თუმცა ამჟამად ამას არაფერი მოასწავებს.

პროვოკაციის პროვოცირება?

პუტინმა დონბასში რუსეთის ჯარები გააგზავნა. უამრავი სამხილი არსებობდა, რომ ამ რეგიონში რუსი სამხედროები და ოფიცრები მრავალი წელია იმყოფებიან, თუმცა მოსკოვი ამას ოფიციალურად ყოველთვის უარყოფდა.

პუტინი შესაძლოა ცდილობდეს სამხედრო პასუხის გამოწვევას, რასაც შემდეგ ის ვითარების ესკალაციისა და ძალის გამოყენების გამართლებისთვის გამოიყენებდა.

სემუელ ჩარაპი: ამ უკიდურესად დრამატული მიმართვის ძირითადი არსი ესაა - რუსეთმა საკუთარ თავს საბაბი მისცა დონბასში „თავდასხმებზე“ საპასუხოდ ისე, რომ პირდაპირი სამხედრო ჩარევის დაფარვა არ დასჭირდეს.

პოლიტოლოგმა სემუელ ჩარაპმა ტვიტერზე დაწერა, რომ აქამდე „რუსეთს საკუთარი კანონმდებლობითაც კი არ ჰქონია ღია სამხედრო ინტერვენციის საბაბი. ახლა ის ექნება. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც აქამდე აკლდა ნარატივს“.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვედები შეიკარით, - დასძინა მან, - წინ ცუდი ამბები გველის“.