"შეიძლება ბებია ცოცხალი ყოფილიყო" - სვანები რეანიმობილს ითხოვენ

მესტიის საავადმყოფო და რეანიმობილი, რომელსაც სვანეთის მოსახლეობა ითხოვს. ფოტოკოლაჟი

ერთი წლის წინ, ვიკა ფილფანი სვანეთში კლდიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. მესტიის ადგილობრივ სააადმყოფოში მისი დახმარება ვერ შეძლეს. ფეხი რომ არ დაეკარგა, სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო, რისთვისაც აუცილებლად თბილისის ან რომელიმე ცენტრალურ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. ზუგდიდიდან ან ქუთაისიდან რეანიმობილის ლოდინს აზრი არ ჰქონდა - ორივე გზის გასავლელად საჭირო 12 საათი მეტისმეტად დიდი დრო იყო. მესტიის საავადმყოფოს საკუთარი რეანიმობილი არ ჰყავს. ამიტომ, ვიკა მანქანის უკანა სავარძლებზე დააწვინეს და ასე ჩაიყვანეს თბილისში - გარისკეს.

რეანიმობილი სვანეთში ხშირად სჭირდებათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მთიანი რეგიონია - მესტიის მუნიციპალიტეტში (ერთი დაბა და 152 სოფელი), 2021 წლის მონაცემებით, დაახლოებით 9400 ადამიანი ცხოვრობს.

ორი დღის წინ გავრცელებულ პეტიციას - „რეანიმობილი სვანეთს“ ჯერ ხელს 1166 ადამიანი აწერს. სულ საჭიროა 5000 ხელმოწერა. პეტიციის ხელმომწერები საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს სთხოვენ გამოეყოს მესტიის მუნიციპალიტეტს რეანიმობილის ერთი ჯგუფი, რომელიც გასაჭირში მყოფ პაციენტებს დროულად უშველის.

დაგვიანებული სასწრაფო დახმარების გამო, გვიამბობს ვიკა ფილფანი, არაერთი ადამიანი დაზარალებულა. ზოგი ვერც გადაურჩენიათ.

„საბედნიეროდ, სვანეთში, რაჭისგან განსხვავებით, რეანიმობილის უქონლობის გამო ჯერ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ხანში შესული ადამიანი ვერ გადაარჩინეს, რადგან მესტიიდან დროულად ვერ წაიყვანეს. ორი წლის წინაც მოხდა ასეთი რამე. რეანიმობილი ვერ მოვიდა, პაციენტი მანქანით წაიყვანეს, მაგრამ ის გარდაიცვალა“.

მესტიის საავადმყოფო

კიდევ ერთი ადგილობრივი, მარიამ ჭკადუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ბებია დღეს, შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო, მესტიის საავადმყოფოს რეანიმობილი და გამართული აპარატურა რომ ჰქონოდა.

იმ ღამით, როცა მისი ბებია ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარებაც ვერ გამოიძახა - კლინიკაში ავადმყოფი თავისი მანქანით წაიყვანა:

„ჩვენთან მუცლის ღრუს გამოკვლევისთვის საჭირო გამართული მოწყობილობებიც არ გვაქვს, რომ შეეფასებინათ რა სჭირდა. ჯერ მოწამვლაზე იეჭვეს, მერე თქვეს, რომ ინფარქტი აქვს გადატანილი და საოპერაციოაო. თითქოს იქვე უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია. ამიტომ რეანიმობილი არ გამოიძახეს, მაგრამ ამასობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. ავდექი და ტაქსი გამოვიძახე და ისე წავიყვანეთ ზუგდიდის საავადმყოფოში. ვერ გადაარჩინეს, იქაურმა ექიმმა გვითხრა, ერთი-ორი საათით ადრე რომ მოგეყვანათ, გადავარჩენდითო“.

გასულ ზამთარს, სვანეთში, ერთმა გოგომ სნოუბორდზე სრიალისას კუდუსუნის ძვალი გაიტეხა. მაშინაც, როგორც ვიკა ფილფანი გვიყვება, რეანიმობილს ზუსტად რვა საათი ელოდნენ. და ასეა სულ.

მესტიის ცენტრალურ საავადმყოფოს, ისევე როგორც არაერთ სხვა რეგიონულ ამბულატორიას საქართველოში, როგორც ვიკა ფილფანი გვიყვება, ბევრი პრობლემა აქვს. კლინიკას არც ყველა პროფილის ექიმი ჰყავს და არც თანამედროვე აპარატურა აქვს. ტრავმატოლოგი, მაგალითად, თბილისიდან ან ზუგდიდიდან დადის. ვინმემ თუ რამე მოიტეხა, ხარისხიან ფოტოსაც ვერ გადაუღებენ:

„ჩვენი ექიმები, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით იბრძვიან და საშველად მაშინვე რეანიმობილს იძახებენ. რადგან იმ ორი სასწრაფო მანქანით, რომელიც ამბულატორიას ჰყავს, მხოლოდ მესტიამდე თუ მიიყვან პაციენტების“, - ამბობს ვიკა ფილფანი.

მანძილი მესტიიდან ზუგდიდამდე და მესტიიდან ქუთაისამდე, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში იძახებენ რეანიმობილს

რეანიმობილის ასვლას სვანეთში, სულ ცოტა, რვა საათი მაინც სჭირდება ხოლმე. მანქანა ხან დაკავებულია, ხან სხვაგან არის გაგზავნილი, ხან უგზოობა უშლის ხელს. თუ მესტიამდე მისასვლელ დროს, უკან, ზუგდიდსა თუ ქუთაისში დასაბრუნებელ დროსაც მივამატებთ, ეს დრო ხანდახან 12-დან 16 საათამდე იზრდება:

„შარშან ერთი ტურისტი დაგვემტვრა. მასაც ხერხემლის მოტეხილობა ჰქონდა და ისიც მანქანით წამოვიყვანეთ. სულ ასე ვწვალობთ. არადა, ზამთრის კურორტია, სეზონზე, სულ ცოტა, ათი ისეთი დაშავებული გვყავს ხოლმე, ვისაც სასწრაფო დახმარება სჭირდება“.

ვისაც შესაძლებლობა აქვს, კერძო ვერტმფრენს იძახებს. 4000-დან 8000 ლარამდე გადახდა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

„ვერტმფრენი ხომ გყავთ?“ - ეს არის პირველი კითხვა, რომელსაც სვანეთში ჩასვლის მსურველი მსოფლიო დონის მოთხილამურეები და ალპინისტები სვამენ ხოლმე.

ვიკა ფილფანი

„მრცხვენია, ვუპასუხო, რომ მესტიას, სამაშველო ვერტმფრენი კი არა, საკუთარი რეანიმობილიც არ გააჩნია. უსაფრთხოება, კარგად დაზღვეული ჯანდაცვა და გამართული კლინიკა სწორედ ის არის, რასაც ითხოვს ყველა, ვისაც ტურისტული თვალსაზრისით რაიმეს წამოწყება უნდა და ამის არარსებობა ხდება მათი თავშეკავების მიზეზი“, - უთხრა ვიკამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ადგილზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხის ქვეშაა.

„მოსახლეობას ეს კიდევ ერთხელ აიძულებს კვლავ დაიწყონ ფიქრი რეგიონიდან წასვლაზე“, - წერია პეტიციაში.

მესტიის საავადმყოფოს დირექტორმა, თეზო ჩართოლანმა გვითხრა, რომ ცარიელი რეანიმობილის ქონას აზრი არ აქვს, ამისთვის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია საჭირო - მესტიის საავადმყოფოს კი ასეთი მხოლოდ ერთი კადრი ჰყავს. თუმცა, კლინიკის დირექტორმა გვითხრა ისიც, რომ მესტიის საავადმყოფო მალე უნდა გადაიბაროს სამართავად სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგმა და ეს მას იმედს აძლევს.

„წარმოიდგინეთ, ჩვენი კლინიკა ერთადერთია, რომელიც 140 კმ-ით არის დაშორებული უახლოეს კლინიკამდე... თუმცა მალე „კატეს“ აპარატს დავამონტაჟებთ და ვფიქრობთ, რომ პაციენტების გადაყვანას ეს 20-30%-ით მაინც შეამცირებს. დღეს იდება ხელშეკრულება და იმედია, მალე ავამუშავებთ“.

როცა მესტიის რეანიმობილისთვის ბრძოლა დაიწყო, ვიკა ფილფანმა 112-ისგან სტატისტიკაც გამოითხოვა - აინტერესებდა, წელიწადში რამდენჯერ გამოიძახეს სვანეთში რეანიმობილის ბრიგადა.

ოფიციალური პასუხი აქამდე არ მიუღია, თუმცა სხვა გზებით გაიგო, რომ მხოლოდ 2022 წელს, მესტიიდან რეანიმობილი გამოიძახეს 213-ჯერ - ანუ თითქმის ყოველდღე იძახებდნენ. აქედან ის მხოლოდ 92-ჯერ მივიდა დანიშნულების ადგილამდე. მიუსვლელობის მიზეზი მაშინაც ხან უგზოობა და ცუდი ამინდი იყო, ხან ის, რომ რეანიმობილით უბრალოდ სხვა პაციენტი გადაჰყავდათ.

112-ის განახლებული სტატისტიკა ჩვენც გამოვითხოვეთ და ოფიციალურ პასუხს ველით.

პეტიციის გავრცელებამდე, ვიკა ფილფანმა მესტიის ადგილობრივ საკრებულოსაც მიმართა. ითხოვა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეანიმობილის ხარჯებს დაითვლიდა. მაგრამ მაშინ კენჭისყრა ჩაიშალა და მიზეზად სწორედ რეანიმობილზე მომუშავე ექიმების არარსებობა დასახელდა.

მაგალითად რაჭაში, რომელსაც რამდენიმე წელია რეანიმობილი ემსახურება, ექიმები, რომელთაც აქვთ გამოცდილება და სერტიფიკატი ქუთაისიდან მორიგეობით დადიან.

„როგორც ვიცით, ისეთი რეანიმობილი, როგორიც რაჭას ჰყავს, დაახლოებით 35 000 დოლარი ჯდება. ამას დაემატება მანქანის შესანახი ხარჯი, რაც შესაძლებელია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტმა გაიღოს სარეზერვო თანხებიდან. როგორც ვიცით, ექიმებს ხელფასს ცენტრალური ბიუჯეტიდან უხდიან. ჩვენი მთავარი ადრესატი ახლა ჯანდაცვის სამინისტროა. როგორმე მან უნდა გადაგვიჭრას ეს პრობლემა და მოგვცეს ერთი რეანიმობილი“, - ამბობს ვიკა ფილფანი.

ასევე ნახეთ ამბროლაურს გადაუდებელი ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის რეანომობილი გადაეცა

რეანიმობილს წლები ითხოვდნენ რაჭაშიც. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი რაჭას საბოლოოდ 2019 წელს გადაეცა. თუმცა ამ ამბავს წინ უსწრებდა ტრაგიკული შემთხვევა, როცა სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანიმობილის დაგვიანებამ 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. მოგვიანებით მოზარდი გარდაიცვალა.

ამ რეანიმობილს აქამდე ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონების საავადმყოფოები იყოფდნენ.

ამბროლაურის საავადმყოფოს დირექტორმა ეკა მურუსიძემ გვითხრა, რომ ლენტეხს ახლა უკვე ჰყავს ახალი რეანიმობილი, რომელიც, წესით, აგვისტოდან უნდა ამუშავდეს. ის ლენტეხის მუნიციპალიტეტს დაახლოებით ექვსი თვის წინ აჩუქეს, თუმცა ექიმები ჯერ არც მათ ჰყავთ:

„როგორც ვიცი, ახლახანს გააფორმეს კონტრაქტი ქუთაისელ ექიმებთან და ისინი ივლიან“, - გვითხრა ეკა მურუსიძემ.

ამბროლაურის სააავადმყოფოს დირექტორი გვიყვება, რომ რეანიმობილის არსებობამ მათი მუშაობა საგრძნობლად გააადვილა.

„ხანდახან, ცხადია, ცდაც გვიწევს, მაგრამ მთავარია, რომ გვყავს გამართული მანქანა თავისი ექიმით, ექთნითა და მძღოლით. გაყოფაც გვიწევს ონსა და ამბროლაურს, მაგრამ ამას წინათ, ჩემი პაციენტი უფრო მძიმედ იყო და ონმა მე დამითმო რეანიმობილი“.

რაჭის რეანიმობილის ბრიგადა ყოველ დილით, ექვს საათზე მიდის ქუთაისში, იქ ექიმები იცვლებიან და შემდეგ რეანიმობილი უკან, რაჭაში ბრუნდება.