საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს, პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა. ცვლილებათა პაკეტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება როგორც საჯარო სივრცეში, ისე შრომით ურთიერთობებში.
გოგოების ამბები სოციალური ქსელებიდან
„...ჯერ კიდევ ბავშვს, დაბალი, შუახნის მელოტი კაცი მომყვება მეტროდან, გვიან საღამოს, და ცდილობს, სადღაც წამათრიოს. იმიტომ რომ გავუღიმე. მეტროში, ვაგონში, შემთხვევით (?) რომ დავეჯახეთ ერთმანეთს და მოვუბოდიშე და გავუღიმე. მე ჯერ არ ვიცი, რომ არასოდეს, არასოდეს არ უნდა გავუღიმო ასე კაცებს, და არ შევხედო თვალებში. ამის შემდეგ მეცოდინება. ახლა გავიქცევი. თავქუდმოგლეჯილი. და ამის შემდეგ აღარავის შევხედავ“...
"ვიყავი დაახლოებით 12 წლის და უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო ჩემზე ბევრად ასაკიანმა მამაკაცმა სატრანსპორტო საშუალებაში. მე მივუბრუნდი და ვგლიჯე, ისიც არ ვიცი, რა ინსტინქტით... ბევრი უბრალოდ დაიბნევა და დაბნეულა. სიმართლე გითხრათ, ამ დღეს მე დამადანაშაულეს ისევ ასაკიანმა ქალებმა უტაქტობაში"...
„...უცებ დამიჭირა ხელი და მაკოცა. რა დამემართა ვერ ვხსნი... ძალიან უსიამოვნო გრძნობა იყო. ვერც დავეხსენი, ისე ძლიერად დამიჭირა... ვცდილობდი, როგორმე გავქცეულიყავი და ეს როცა მოვახერხე, სახლში გავვარდი. მაშინვე ოთახში შევედი და დავწექი, რომ არავის არაფერი ეკითხა. ვტიროდი. ის უნამუსო კაცი კი ვითომც არაფერი მომხდარა, შემოვიდა და გააგრძელა მამასთან ერთად დალევა“...
„...დამიბარებდა ოთახში, ვითომ რაღაც დეტალების გასარკვევად და მერე მთხოვდა, რომ მასთან ახლოს დავმჯდარიყავი. შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ რაიმე უწმაწური ფრაზა არ ეთქვა ჩემს გასაგონად. და მერე ვითომ ხუმრობაში ატარებდა. არადა, ხვდებოდა, რომ ძალიან ვნერვიულობდი ამ დროს. ბოლოს იძულებული გავხდი, საერთოდ წამოვსულიყავი“...
„...ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი და აღარ ვიცვამ. თქვენი დაჟინებული თხოვნები არ აყოვნებდა: “რატომ არ გაცვია ჩემი საყვარელი შარვალი, გთხოვ, ჩაიცვი, რა”. წავსულვარ და გამომიცვლია რამდენჯერმე, ბევრჯერ! წესით, ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: “ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ”...
ეს არის რამდენიმე, სულ რამდენიმე ამბავი, ასევე რამდენიმე გოგოსი, რომლებიც წლების განმავლობაში დუმდნენ, მალავდნენ, ჩქმალავდნენ, ივიწყებდნენ და ვერ ივიწყებდნენ იმ შეგრძნებებს და ემოციებს, როცა ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ რა პრობლემაა, თუკი ქუჩაში აედევნება, კედელზე ააყუდებს და კაბის ქვეშ ხელებს შეუცურებს, ან ავტობუსში მის გვერდით ჩამოდგება და სასქესო ორგანოთი გაეხახუნება და მერე ვითომც არაფერი, გზას გააგრძელებს. ან გადაწყვეტს, რომ რა მოხდა, თუკი სექსუალური ხასიათის ფრაზებითა და ქცევით თანამშრომელ ქალს აიძულებს, რომ სამსახური დაკარგოს და ა.შ.
ეს ამბები წლების განმავლობაში საგულდაგულოდ იმალებოდა, რადგან ქალებს ეშინოდათ საზოგადოების რეაქციის, ეშინოდათ გაკიცხვის და არცთუ უსაფუძვლოდ. ერთ-ერთი პირველი რეაქცია, რაც მათ ღია და საჯარო ლაპარაკს მოჰყვა სწორედ ეს იყო: „იქნებ იტყუება“, „ალბათ თვითონ გამოიწვია“, „რატო ჩვენ არავინ დაგვდევს“...
#მეც
თუმცა, ქალები აღარ გაჩუმდნენ. ზუსტად ერთი წლის წინ, "ტვიტერზე" დაწყებული კამპანია #Metoo და ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჰარვი უაინსტაინის მხილება სექსუალურ შევიწროებაში, მთელ მსოფლიოს მოედო და მათ შორის საქართველოსაც. ქალებმა საჯაროდ, სოციალურ ქსელში, მედიაში დაიწყეს იმ ამბების გახსენება, რომლებიც წლების წინ გადახდათ თავს და მძიმე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური კვალი დატოვა მათ ცხოვრებაზე.
და დაიწყო ახალი ტალღა და ბრძოლა იმისათვის, რომ ქართულ კანონმდებლობაში გაჩენილიყო ტერმინი „სექსუალური შევიწროება“ და შესაბამისად, დაწესებულიყო სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც სექსუალურად ავიწროებენ ადამიანებს.
სექსუალური შევიწროება - ტერმინი, რომელიც დღეს არ არსებობს
ანუ, იმისათვის, რომ მეტი სიცხადე შევიტანოთ ამბავში, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ყველანაირი პირობაა შექმნილი სექსუალური შევიწროებისათვის, რადგან ამის გამო არავინ ისჯება და შესაბამისად, მსხვერპლს არ ეძლევა საშუალება აღიდგინოს დარღვეული უფლება. დღეს საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ტერმინი „სექსუალური შევიწროება“, არ არსებობს სპეციფიკური სანქციები ამ სახის ქმედებებისთვის.
ასევე ნახეთ რა იცავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლს - კანონი თუ საზოგადოება?მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის კანონი მიუთითებს, რომ იკრძალება სექსუალური ხასიათის ქცევები, კანონში არაფერია ნათქვამი სანქციებზე. ასევე იკრძალება ნებისმიერი სახის შევიწროება შრომის კოდექსის მიხედვით, თუმცა კოდექსში არ არის დაკონკრეტებული ტერმინი „სექსუალური შევიწროება“. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ აღიარებს სექსუალურ შევიწროებას, როგორც დისკრიმინაციის ფორმას.
ცვლილებათა პაკეტი, რომელმაც საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოასწოროს
ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დასაცავად, შექმნილია საკონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სწორედ ამგვარი ქმედების შემთხვევაში, მოძალადე პირის პასუხისმგებლობის საკითხს ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს საკანონმდებლო ორგანო.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება როგორც საჯარო სივრცეში, ისე შრომით ურთიერთობებში. ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და აღსრულების მექანიზმი დაეკისრება შსს-ს. გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები ჯარიმის სახით. კანონპროექტი ასევე მოიცავს დამამძიმებელ გარემოებებსაც, რაც აისახება სანქციების ცვლილებებზე. ჯარიმის მინიმალური ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით გაიზრდება.
რაც შეეხება შრომითი ურთიერთობებისას გამოვლენილი სექსუალური შევიწროების ფაქტებს, ამ შემთხვევაში, ცვლილებები შედის რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, სადაც განსაზღვრულია, თუ რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილას. შრომის კოდექსსა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გაჩნდება სპეციალური დეფინიცია სექსუალური შევიწროების ჩანაწერთან დაკავშირებით და აღსრულების მექანიზმი დაეკისრება სახალხო დამცველს.
უნდა ითქვას, რომ დღეს სახალხო დამცველს საკმაოდ უჭირს კერძო სექტორთან ურთიერთობა, რადგან კერძო სექტორს არ აქვს ვალდებულება, რომ გამოეხმაუროს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მოახდინოს რეაგირება სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით. ცვლილებების შემთხვევაში კი სახალხო დამცველს ეძლევა საშუალება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი კერძო სექტორიდან არ შეასრულებს ან არ გამოეხმაურება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო წესით იდავოს, გამოვიდეს მოსარჩელედ და სასამართლოს გზით მოსთხოვოს კერძო სექტორს რეკომენდაციების შესრულება.
ნინო ჩიხლაძე „აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ერთ-ერთია იმ ექსპერტთაგან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტში წარსადგენი ცვლილებების შექმნაში. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ აღსანიშნავია, რომ კანონში ზუსტად გაიწერება მნიშვნელობა იმისა თუ რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება: „ეს დაეხმარება მსხვერპლებს, რომ მიხვდნენ, სად ირღვევა მათი უფლებები და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს. ანუ, ცვლილებათა პროექტში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ადგენს, თუ რა არის სექსუალური შევიწროება. ეს არის სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც იწვევს ადამიანის მტრულ სამუშაო გარემოში ყოფნას და ასევე აღწერილია ის ქმედებები, თუ რა ტიპის ქცევები მოიაზრება სექსუალურ შევიწროებად საჯარო სივრცეში. ეს იქნება ფიზიკური, ვერბალური, გენიტალიების ჩვენება და ა.შ. ეს განმარტებები ცვლილებათა პაკეტში ჩაიწერა იმისათვისაც, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლისათვის მარტივად აღსაქმელი იყოს, რა ტიპის დანაშაულთან აქვს საქმე“.
სანამ კანონი ვერ იცავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს
ლოგიკურად ჩნდება კითხვა, დღეს, სანამ არ ამოქმედებულა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების საკითხს დაარეგულირებს, როგორ უნდა მოიქცეს მსხვერპლი? სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, ვის უნდა მიმართოს? მან უნდა მიაკითხოს სახალხო დამცველს, რომელსაც აქვს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი და ის განიხილავს სექსუალურ შევიწროებას, როგორც დისკრიმინაციის ფორმას, ანუ ემყარება საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, სახალხო დამცველის მექანიზმი არ არის ეფექტური უფლებადაცვის თვალსაზრისით, რადგან სახალხო დამცველს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა. როდესაც სახალხო დამცველი გასცემს რეკომენდაციას კერძო პირის, არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ ფირმის მიმართ, მათ შეუძლიათ არ შეასრულონ ეს რეკომენდაცია.
ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაცია სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების შესახებ გასცა 2 ნოემბერს, როდესაც მან რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი: ზვიად დევდარიანის საქმეზე სექსუალური შევიწროების ფაქტები დადგინდასასამართლოს გადაწყვეტილება ერთადერთ საქმეზე
რაც შეეხება სექსუალური შევიწროების ერთადერთ საქმეს, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის თათია სამხარაძისა და მისი დამსაქმებლის, შალვა რამიშვილის, საქმე. მოსამართლემ დაადგინა, რომ თათია სამხარაძე დისრკიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო, რადგან მას მოუწია სამსახურის დატოვება, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ამჯერად სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. გარდა ამისა, სასამართლო დღესდღეობით განიხილავს კიდევ რამდენიმე საქმეს სექსუალური შევიწროების შესახებ.