სექსუალური ორიენტაციის გამო წართმეული ბინა - ბრძოლა სასამართლოში გრძელდება

ლგბტ აქტივისტების აქცია. თბილისი, 17 მაისი 2018 წ.

17 წლის გ.ფ-ს მისმა მამამ და ბაბუამ ხუთი წლის წინ მისთვის ნაჩუქარი ბინა მას შემდეგ წაართვეს, რაც გაიგეს, რომ ბიჭი გეი იყო.

სექსუალური ორიენტაცია მისი ოჯახიდან გარიყვის და თავშესაფრის გარეშე დატოვების მიზეზი გახდა.

"შენ არ ხარ ღირსი ჩვენი მემკვიდრე იყო და თავშესაფარი გქონდესო", - უთხრეს მას. ბიჭისთვის ნაჩუქარი უძრავი ქონება ჯერ ბაბუის სახელზე გადააფორმეს, შემდეგ კი ბინის მესაკუთრე მამიდა გახდა.

„ქამინგ აუთის“ შემდეგ ბიჭს მამაც ხშირად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შურაცხყოფას. ძალადობა თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 2018 წელს ამისთვის მამა დამნაშავადაც ცნეს.

მშობლები დაშორდნენ. ბიჭი დედასთან დარჩა.

ბინის ამბავი მაშინ მოიკითხეს, როდესაც ქონების შესახებ ამონაწერის გაკეთება დასჭირდათ. იმედი ჰქონდათ, რომ ეს ქონება არასრულწლოვნის სახელზე იყო, თუმცა დედა-შვილმა მალე აღმოაჩინა, რომ ბინა ბიჭს აღარ ეკუთვნოდა.

დასახმარებლად „თანასწორობის მოძრაობას“ მიმართეს.

ახლა საქმე სასამართლოშია. როგორც ორგანიზაციის იურისტმა თამარ მჭედლიშვილმა გვითხრა, 7 თებერვალს სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყადაღა დაადო იმ ქონებას, რომელიც სექსუალური ორიენტაციის გამო, ბიჭს მოტყუებით წაართვა.

იურისტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს, უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე არსებული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა.

„მამის მოქმედებას დისკრიმინაციული საფუძველი ჰქონდა, მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს“.

დაცვის მხარე სასამართლო დავაში სწორედ დისკრიმინაციის მოტივზე ამახვილებს ყურადღებას.

დღეს გ.ფ. და მისი ადვოკატი იბრძვიან დარღვეული უფლების აღდგენისა და იმ ქონების დაბრუნებისთვის, რომელიც ბიჭის საკუთრება იყო.

გ.ფ მალე 18 წლის გახდება.

ლგბტ თემის უფლებების დამცველს, აქტივისტ ნინო ბოლქვაძეს ვკითხეთ, რამდენად ხშირია ოჯახის მხრიდან სექსუალური ორიენტაციის გამო შვილების გარიყვის, სახლიდან გაგდების ან როგორც ამ შემთხვევაში, ქონების წართმევის ფაქტები.

ნინო ამბობს, რომ ამ საკითხზე საქართველოში კვლევა არ ჩატარებულა და ტენდენციაზე საუბარი გაუჭირდება, თუმცა მისი დაკვირვებით და გამოცდილებით, თუ ოჯახი ღარიბია, და ამავდროულად, თემის წევრის გარეგნული ექსპრესია არის ხილვადი, მაშინ მას ოჯახიდან იშორებენ. ოჯახის შენარჩუნება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია რეგიონებში მცხოვრები თემის წევრებისთვის.

„ასეთ ოჯახებს ვეტყოდი, რომ მატერიალური სიკეთე და სახელი ყველაფერი არ არის. ადამიანი სულიერი არსებაა და როცა საკუთარ შვილს ზიანს მიაყენებ, სიცოცხლის ბოლომდე დაიტანჯები. შვილსაც ხომ დატანჯავ იმაზე ფიქრით, რომ ყველაზე ახლობელმა ადამიანმა უღალატა მაშინ, როდესაც მისი გვერდში დგომა სჭირდებოდა... მიმღებლობაზე, თანამშრომლობაზე და მხარდაჭერაზე დაფუძნებული საზოგადოება თუ გვინდა საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე, რომელიც დარწმუმებულია, რომ ამ ომში ყველა წაგებულია.