სექსი, ნარკოტიკები და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს კანდიდატები

„მხევლის წიგნის“ პერსონაჟის კოსტიუმებში გამოწყობილი დემონსტრანტები აშშ-ის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ ბრეტ კავანას ელიან ვაშინგტონში, 4 სექტემბერი, 2018

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატის, ბრეტ კავანას, დამტკიცების პროცესი წინააღმდეგობებით არის სავსე. კავანას ბრალად ედება 15 წლის გოგოზე სექსუალური თავდასხმა, როდესაც ის 17 წლისა იყო.

„ვარდისფერი კოდის“ წევრი ბრეტ კავანას კანდიდატურას აპროტესტებს აშშ-ის სენატის წინ, ვაშინგტონში.

​თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნომინირებული კანდიდატის დამტკიცების პროცესს დაპირისპირება ახლავს. სენატმა აქამდე ნომინანტთა 25 პროცენტამდე არ დაამტკიცა. დამტკიცების პროცესს არაერთი სკანდალი ახლდა თან.

აი, რამდენიმე მათგანი:

რობერტ ბორკი - იდეოლოგიური მოსაზრებები

რობერტ ბორკი უზენაესი მოსამართლის კანდიდატად 1987 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წარადგინა. ის ერთ-ერთი პირველი კანდიდატი იყო, ვისაც სენატმა უარი იდეოლოგიური მოსაზრებების გამო განუცხადა.

დემოკრატმა სენატორმა ტედ კენედიმ ბორკს საჯაროდ დასდო ბრალი, რომ მას ამერიკა წარმოედგინა როგორც ქვეყანა, სადაც „ქალებს არალეგალური აბორტების გაკეთება მოუწევდათ, შავკანიანების სეგრეგაცია აღდგებოდა და პოლიცია მოქალაქეებს ღამის რეიდებში შეუმტვრევდა კარებს“. ბორკს ასევე მისი წარსულის გამოც აკრიტიკებდნენ: 1973 წელს მან აღასრულა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ბრძანება და დაითხოვა დამოუკიდებელი პროკურორი, რომელიც უოტერგეიტის სკანდალს იძიებდა.

მარინ ლუთერ კინგის გასვენება 1968 წლის 09 აპრილს. რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მებრძოლი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ამერიკელი სასულიერო პირი 1968 წლის 4 აპრილს, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოკლეს. კინგის მკვლელობა აშს-ის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა.

საბოლოოდ, სენატმა, სადაც დემოკრატები ჭარბობდნენ, რობერტ ბორკის კანდიდატურა ჩააგდო 58 ხმით 42-ის წინააღმდეგ.

დუგლას ჰოვარ გინსბერგი - მარიხუანას მოწევა

ბორკის ნომინაციის ჩაგდების შემდეგ რეიგანმა ახალი კანდიდატი წარადგინა - დუგლას ჰოვარდ გინსბერგი, რომელსაც 1983-1986 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა.

გინსბერგის კანდიდატურა მას შემდეგ ჩავარდა, რაც მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომ მას 1960-იან და 1970-იან წლებში მარიხუანა მოეწია. ამ ცნობებს სკანდალი მოჰყვა, რომლის შემდეგაც გინსბერგმა თავის კანდიდატურაზე უარი თქვა. საბოლოოდ სენატმა უზენაეს მოსამართლედ ენტონი კენედი დაამტკიცა.

კლარენს თომასი - სექსუალური ხასიათის ბრალდებები

კლარენს თომასი უზენაეს მომასამრთლედ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 1991 წელს დაასახელა. მას უნდა ჩაენაცვლებინა თორგუდ მარშალი - პირველი შავკანიანი უზენაესი მოსამართლე.

მისი კანდიდატურის განხილვას თან ახლდა ყველაზე დიდი სკანდალი უზენაესი სასამართლოს ისტორიაში. მას ყოფილმა კოლეგამ, ანიტა ჰილმა, ბრალი დასდო სექსუალურ შევიწროებაში.

საბოლოოდ სენატმა, ხმაურიანი განხილვების შემდეგ, მისი კანდიდატურა მაინც დაამტკიცა - 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ.

ჰაროლდ კარსუელი - სეგრეგაციის მხარდაჭერა

1969 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა უზენაესი მოსამართლის კანდიდატად ჰაროლდ კარსუელი წარადგინა, თუმცა მისი კანდიდატურის განხილვისას სამოქალაქო აქტივისტებმა გაიხსენეს, რომ კარსუელი 1940-იან წლებში მხარს უჭერდა სეგრეგაციის პოლიტიკას და შემდეგაც, ფედერალური მოსამართლეობის პერიოდში, სათნადოდ არ იცავდა სამოქალაქო უფლებებს.

სეგრეგაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც თეთრკანიანები და შაკვანიანები ერთმანეთზე მიჯაჭვულნი ისხდნენ, 1963 წლის 23 აგვისტოს. 1963 წელს თან ახლდა რასობრივი არეულობები და დემონსტრაციები სამოქალაქო უფლებების დასაცავად.

კარსუელს ბევრი რესპუბლიკელიც აკრიტიკებდა. საბოლოოდ სენატმა მისი კანდიდატურა ჩააგდო - 51 ხმით 45-ის წინააღმდეგ.

ჰარიეტ ელან მირსი - ორპარტიული წინააღმდეგობა

2005 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უზენაესი მოსამართლის კანდიდატად წარადგინა თავისი მთავარი მრჩეველი საკანონმდებლო საკითხებში - ჰარიეტ ელან მირსი. მირსი ბუშთან 1994 წლიდან თანამშრომლობდა და თეთრ სახლში არაერთი მნიშვნელოვანი პოზიცია ეჭირა.

მის კანდიდატურას შეეწინააღმდეგნენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი სენატორები. მიზეზი ის იყო, რომ მირსი არასოდეს ყოფილა მოსამართლე და გაურკვეველი იყო მისი პოზიცია მნიშვნელოვან საკონსტიტუციო საკითხების თაობაზე.

სენატის კომიტეტში მისი მოსმენისას მირსმა არასრული ან არადამაკმაყოფილებელი პასუხები გასცა შეკითხვებზე, რომლებიც კონსტიტუციის მთავარ კონცეფციებს შეეხებოდა. კომიტეტის წევრებმა მისი პასუხები „არაადეკვატურად“, „არასაკმარისად“ და „შეურაცხმყოფელად“ მიიჩნიეს.

ნომინაციიდან 8 დღეში თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ჰარიეტ მირსმა პრეზიდენტს მისი კანდიდატურის უკან გახმობა სთხოვა და ბუშიც „ყოყმანით დაეთანხმა“.

მირსი უზენაესი მოსამართლეობის პირველი კანდიდატი იყო გინსბერგის სკანდალის შემდეგ, ვინც საკუთარი კანდიდატურა უკან გაიხმო. სულ აშშ-ის ისტორიაში 7 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული.