“რიტორიკულ კითხვაზე რეაქციად საქმის წარმოება არის შემაშფოთებელი,”- ასე აფასებს მუსლიმი შეიხის, მირტაგ ასადოვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საბოტაჟის მუხლით აღძრული საქმის გამოძიებაზე დასაკითხად დაბარებას სერგო რატიანი, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი.
“ჩვენი ხელისუფლება ზოგადად იქცევა არასახელმწიფოებრივად როცა მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით იხსნის პასუხისმგებლობას. ხელისუფლებამ ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა ეკლესიის წინაშე. ამ ფონზე, იმ ადამიანების მიმართ პრეტენზიები, რომლებიც თავის დროზე მოიქცნენ პასუხისმგებლიანად და შეწყვიტეს რიტუალური პროცესები და ახლა სამართლიანად უჩნდებათ კითხვები, ასეთი ქცევა სახელმწიფოს მიმართ არის შემაშფოთებელი” - უთხრა სერგო რატიანმა რადიო თავისუფლებას.
ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
“როცა სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის იმაზე, რას იზამს ეკლესია, ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში არსებობს ადგილები, სადაც ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. პასუხისმგებლობა იმავე ქრისტიანული სწავლების მიხედვით არის მნიშვნელოვანი და ფუძემდებლური” - ამბობს სერგო რატიანი.
შეიხი მირტაგ ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დაბარებული გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს. მათ უფლებადამცველ ორგანიზაცია EMC-ში მიიჩნევენ, რომ სუს-ში დაბარება უკავშირდება შეიხის გაცხადებას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც მან 15 აპრილს ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გააკეთა და სადაც ამბობდა, რომ საქართველო არა თეოკრატიული, არამედ სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა ჩვენ-სხვები" სწორი არ არის.
შეიხი მირტაგ ასადოვი გამოკითხვაზე ჯერ არ ყოფილა. ის ელოდება ადვოკატს და თარჯიმანს, რომლების თბილისიდან მარნეულში შესასვლელად საშვებს საჭიროებენ.
რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებას ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო 15 აპრილს.
„დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც", - განმარტა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზისგან განსხვავებულად გამოაცხადება სააღდგომო ლიტურგიის საკითხი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა. მან საპატრიარქოს პოზიციას შეთანხმება უწოდა და აღნიშნა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, „დიდი ზომის ეკლესიებში - 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები".
16 აპრილს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 336-მდე გაიზარდა. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.