სერგეი გავრილოვი: „მზად ვარ ვიმუშაო გასაშლელ სკამზეც კი!“

რუსული გამოცემა „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის შესაბამისად“.

სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველოს პარლამენტი ორი წელიწადი ითხოვდა საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმის გამართვას:

„ასამბლეა 25 ქვეყანას აერთიანებს. და აი, ჩვენც ჩავედით საქართველოში. ამასთან, მივიღეთ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები ყველა მონაწილისათვის. ჩვენი მიზნები ღიად და გულწრფელად იყო გაცხადებული: ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განმტკიცება ჰუმანიტარულ საკითხებში, განათლებაში, კულტურასა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მართლმადიდებლობისა და ჩვენი ტრადიციების საფუძველზე. ფორუმის გახსნის ცერემონიაზე მადლობა გადავუხადეთ საქართველოს - ღვთისშობლის წილხვედრ ქვეყანას - მასპინძლობისთვის, კარგი ორგანიზებისათვის. მიგვიწვიეს საქართველოს პარლამენტში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა ადგილი პრეზიდიუმში...“

სერგეი გავრილოვი დეტალურად იხსენებს 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. როგორ და რატომ აღმოჩნდა რუსი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში?

„ამასთან დაკავშირებით ყველაფერი შეთანხმებული იყო. სადაც მასპინძელი მხარე მიმითითებს ხოლმე, მეც იქ ვჯდები. პროტოკოლის მიხედვით, საპატიო ადგილი ეთმობა სწორედაც რომ გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეს და არა სამდივნოს. გენერალურ ასამბლეას კი უძღვება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი - მოცემულ შემთხვევაში მე. მინდა ხაზი გავუსვა: ასეთივე საპატიო ადგილიდან მიმყავდა სხდომა საბერძნეთის ეროვნულ პარლამენტში, ლიბანის პარლამენტში და სხვაგანაც - და არ ყოფილა არანაირი პრობლემა. რა თქმა უნდა, მზად ვარ ვიმუშაო გასაშლელ სკამზეც კი, ოღონდ მართლა, ძალიან მოკრძალებული ადამიანი ვარ. მე და ასამბლეის გენერალურმა მდივანმა - საბერძნეთის პარლამენტის წევრმა - გავიყავით ადგილები პრეზიდიუმში. კორექტულად შევუდექით ღონისძიების წაყვანას. კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა საქართველოს მხარეს ორგანიზების, გულითადობისა და მასპინძლობისთვის. მივუძღვენით საჩუქრები ერთმანეთს და შევუდექით საკითხების განხილვას. არანაირი პრობლემა არ ყოფილა. აქვე მინდა შევნიშნო: ბევრმა მედიასაშუალებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა, განაცხადა, რომ თითქოსდა მონაწილეობას ვიღებდი საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს სიყალბეა, ფეიკ-ნიუსია, რომელიც გაავრცელეს ექსტრემისტებმა საქართველოს ოპოზიციის რიგებიდან. გაავრცელეს იმისათვის, რომ მოეწყოთ პროვოკაცია და აეღოთ პარლამენტი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში არც აფხაზეთში და არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. არასოდეს და არსად არ მიმიღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, არ მიტარებია იარაღი. ვყოფილვარ ცხელ წერტილებში - სირიაში, კოსოვოში და სხვა ადგილებში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ლოკალურ კონფლიქტებში დაზარალებულების, პირველ რიგში ქრისტიანების, დასახმარებლად“, - ამბობს სერგეი გავრილოვი, რომელიც დეტალურ განმარტებას იძლევა აფხაზეთთან მიმართებით:

„არასოდეს ვყოფილვარ აფხაზეთში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. არასოდეს მიმიღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში მის ტერიტორიაზე. ეს ტყუილი და პროვოკაციაა. და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა აიტაცეს ის. სამწუხაროა, რომ საქართველოში სავსებით თავისუფალი მედია არ არსებობს. ამის გარეშე კი სამოქალაქო საზოგადოება ვერ შედგება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს ამ ვითარებიდან“.

რუსი დეპუტატი ასევე ლაპარაკობს თავდასხმის შესახებ, რასაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროსთან.

„იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა პარლამენტი, გადავინაცვლეთ სასტუმროში, სადაც დავასრულეთ სხდომა. განვიხილეთ ჩვენს მიერ დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხი, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა დელეგაციამ, ყველა 25-ივე მეთვალყურემ. ასამბლეამ მიიღო კოლექტიური განცხადება, რომ სესიას ვასრულებთ იმის გამო, რომ არ გვაქვს არც ნაყოფიერი მუშაობის პირობები და არც მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიები. მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა მოგვიხადა. ...როცა უკვე სასტუმროში ვიყავით და გამოვედით პრესასთან, თავს მაშინ დაგვესხნენ. სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა ვერ მოახერხა თავდასხმის თავიდან აცილება. აუცილებლად მიმაჩნია, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა უნდა განსაზღვრონ ამ ექსტრემისტების პასუხისმგებლობა. მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის იმ წევრებისა, რომლებიც ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ. პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებდნენ, რომ გვხოცავდნენ და მომავალშიც დაგვხოცავდნენ“, - უთხრა სერგეი გავრილოვმა „კომერსანტს“.