სერბეთი -  კოვიდიზოლაციის მოწინააღმდეგეთა რისხვის „ცხელი წერტილი“

ბელგრადი. 8 ივლისი

სერბეთის მთავრობამ უკან დაიხია და გადაიფიქრა კორონავირუსის ეპიდემიის შემობრუნების გამო შაბათ-კვირისათვის დაგეგმილი კომენდანტის საათის გამოცხადება.

7-9 ივლისს ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში დაწყებული კარანტინის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებასა და ძალადობაში გადაიზარდა.

პოლიციამ სერბეთის პარლამენტთან აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს ქვები დაუშინა.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. 7 ივლისს დემონსტრანტების რადიკალურად განწყობილმა ნაწილმა პოლიციელებს ქვები დაუშინა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ხელისუფლების ინფორმაციით, 7 ივლისის აქციის დროს დაშავდა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის, 43 პოლიციელი. აქციის 20 მონაწილე დააკავეს.

ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეებს ხელკეტებით სცემენ.

დემონსტრანტების ძალით დაშლის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა.

საინტერესოა, თუ როგორ აღმოჩნდა სერბეთი და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასეთ ქაოსში.

შესაძლოა, აქ არსებობდეს რამდენიმე მიზეზის კომბინაცია: კორონავირუსის ეპიდემიის სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული შეცდომები, შეზღუდული მედიალანდშაფტის პირობებში პოლიტიკური ალტერნატივის ნგრევა და ამის გამო წლის განმავლობაში მიმდინარე ლამის ყოველდღიური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რომელთა განმეორებისგანაც უკმაყოფილო ადამიანებს COVID-ის შედეგად შემოღებული მკაცრი წესები აკავებდა.

ვინ არიან სერბი დემონსტრანტები?

8 ივლისის პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, წინა ღამით მომხდარ ძალადობაში ულტრამემარჯვენე ჯგუფები და უცხო ქვეყნების „სპეცსამსახურები“ დაადანაშაულა.

ვუჩიჩის შეფასებით, პარლამენტის წინ მყოფი ადამიანების შეძახილები და მათი სლოგანები იმაზე მეტყველებს, რომ მათ ამოძრავებთ კონსპირაციული თეორია და არა საზოგადოებაზე ზრუნვის ინტერესი.

„ეს ხალხი ლაპარაკობდა არა კორონავირუსზე, არამედ რაღაც ღალატზე, მიგრანტებზე, 5G-ის ქსელსა და ბრტყელ დედამიწაზე. და ეს ადამიანები იქ პირველად არ მისულან. უბრალოდ, იქ იყო უფრო მაღალი დონის აგრესია“, - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

ხოლო სერბეთის პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი, შეეცადა, მოძალადეები წარმოეჩინა როგორც პოლიტიკური ელემენტები, რომლებმაც გამოაჩინეს თავიანთი „ნამდვილი სასტიკი სახე“ მას შემდეგ, რაც „ვერ მოახერხეს მოხვედრილიყვნენ სერბეთის ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტში) 21 ივნისის არჩევნების შედეგად.

უფრო ადრინდელ რეპორტაჟებში ნათქვამი იყო, რომ 7 ივლისის საღამოს სერბეთის პარლამენტზე იერიში მიიტანეს ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებმა, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ პოლიციასთან რამდენიმე სერიოზულ შეტაკებაში.

კალეიდოსკოპური ოპოზიციური გაერთიანება „სერბეთის ალიანსის“ (SzS) ლიდერებმა 8 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ძალადობას „დადგმული“ უწოდეს და შეტაკებაში თავად სერბეთის ხელისუფლების მიერ დაქირავებული „ხულიგნები“ დაადანაშაულეს.

ალიანსში შემავალი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია „თავისუფლებისა და სამართლიანობის“ (SAA) ლიდერმა, დრაგან ჯილასმა, განაცხადა, რომ მეორე ღამეს ისიც აპირებდა დემონსტრაციაზე მისვლას, ოღონდ მონაწილის ამპლუაში.

„ჩვენ არ ვართ ამ პროტესტის ორგანიზატორები, მაგრამ მოქალაქეებთან ერთად ჩვენც იქ ვიქნებით. ჩვენ ვაპროტესტებთ, როგორც მოქალაქეები. ეს არის იმ ხალხის პროტესტი, რომელსაც აღარ სურს მოითმინოს მათზე სახელმწიფოს ძალადობა“, - განაცხადა ჯილასმა.

მაგრამ ვინ არის ნამდვილი ლიდერი?

ახალგაზრდა კაცი, სახელად პეტარ ჯურიჩი, განრისხებულ სერბთა საჯარო სახედ იქცა პროტესტის პირველ ღამეს.

იმ ღამით სიბრაზისგან თვალებაცრემლებულმა ჯურიჩმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი მოწყობილობის დეფიციტი, კორონავირუსით დაავადებული მისი მამა, რომელიც ბელგრადის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს სამი დღის განმავლობაში ელოდა.

„მამა, ეს შენთვისაა!“, - გაიძახოდა ჯურიჩი და ამბობდა, რომ კვლავ ელოდება ექიმისგან იმის დადასტურებას, რომ მამამისი COVID-19-ისგან გარდაიცვალა.

მან ასევე დაადანაშაულა პოლიცია ხელკეტების, ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალების გამოყენებაში უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ, რამაც ის აიძულა შეერთებოდა საპროტესტო აქციას.

მას შემდეგ, რაც ჯურიჩის ვიდეო გავრცელდა, ხოლო პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მისი ბრალდება 8 ივლისის პრესკონფერენციაზე უარყო, ჯურიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი გარდაცვლილი მამის სურათი და ასევე ექიმების დასკვნა, რომელიც აჩვენებს, რომ ჯურიჩი უფროსი აპრილის დასაწყისში რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა, როდის გათავისუფლდებოდა საავადმყოფოში ფილტის ხელოვნური ვენტილაციის აპარატი, რაც მას გადაუდებლად ესაჭიროებოდა ვირუსული ინფექციის შედეგად ფილტვებში ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის გამო.

„პინოქიო, შენ ცხვირი გაგეზარდა“, - ასე დასცინა ჯურიჩმა თავის ფეისბუკში სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელსაც თავიც არ შეუწუხებია, როგორც ჯურიჩი ამბობს, შეემოწმებინა მისი სიტყვების სიმართლე, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ „იოლად შეიძლება სცემო და აფურთხო სუსტს, რადგან მათ ვერავინ ვერაფერს დააკლებს“ .

ნდობის საკითხი

ჯურიჩის დრამატულმა და ემოციურმა სატელევიზიო მიმართვამ სრულიად ცხადად აჩვენა, თუ რაოდენ დიდია სერბების ერთ ნაწილში უნდობლობა ხელისუფლების მიერ კორონავირუსის კრიზისის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯებისადმი.

ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას და პაციენტებში სიკვდილიანობის ზრდას თან ახლდა ბრალდებები, რომ ჩინოვნიკები, სავარაუდოდ, მალავენ ქვეყანაში საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის მხრივ არსებულ დეფიციტს და ასევე მკვეთრად ამცირებენ ვირუსული ინფექციის გავრცელებისა და ფატალური შემთხვევების მასშტაბებს.

21 ივნისის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე, ბალკანეთის გამოძიების გაშუქების ქსელმა (BIRN) გამოაქვეყნა ანონიმური წყაროებისგან მოწოდებული „COVID-19-ის ოფიციალური საინფორმაციო სისტემიდან მიღებული მონაცემები“, რომლის თანახმად, კენჭისყრამდე ორი თვით ადრე ვირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა, რეალურთან შედარებით, ორჯერ მაინც იყო შემცირებული. „მეორე ქვაკუთხედია ხელისუფლების ერთგულება თავისი პირდაპირი ვალდებულებისადმი, რომ დროული რეაგირებითა და შესაბამისი სამედიცინო დახმარებით დაიცვას მოქალაქეები სტიქიური უბედურების დროს. რამდენიმე რეგიონის მაგალითი უჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. ადამიანები იმედგაცრუებული არიან და ისინი იღუპებიან“, - წერს მარიკა ჯოლაი.

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, სურდა ამ შაბათ-კვირას მკაცრი კარანტინი შემოეღო დედაქალაქ ბელგრადში, ამ ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციამ აიძულა: 7 ივლისს კორონავირუსით ქვეყანაში 13 ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ სერბეთი სამდღიან კომენდანტის საათს შემოიღებს კორონავირუსის სწრაფი ზრდის გამო

ნაცნობი სახეები ბელგრადის ქუჩებში?

სერბეთის მთავრობამ სათანადოდ ვერ შეაფასა ის რისკი, რომელიც არჩევნების წინ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ შემოღებული ზომების შერბილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

ყოველ შემთხვევაში, სერბეთის მთავრობის მხრიდან მკაცრი საკარანტინო ზომების გაუქმებამ კარგად იმოქმედა ელექტორატის იმ ნაწილის განწყობაზე, რომელმაც ყური არ ათხოვა ოპოზიციის ბოიკოტს და თითქმის ხმათა 61 % მისცა ალექსანდარ ვუჩიჩსა და მის პროგრესულ პარტიას.

მაგრამ სერბეთში ჯერ კიდევ ხმის დათვლის პროცესში იჩინა თავი კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენციამ.

ამან ხელისუფლება აიძულა, სასწრაფოდ დაეწყო ზრუნვა ცალკეული ეპიდშეზღუდვების შემოღებაზე ბელგრადში, სადაც ვირუსული ინფექციის შემთხვევების 80 % მოდის.

„მზად იყავით კომენდანტის საათისათვის, რომელიც დაიწყება, სავარაუდოდ, 10 ივლისის საღამოს 6:00 საათიდან და გაგრძელდება 13 ივლისის დილის 5:00 საათამდე“, - განაცხადა 7 ივლისს სერბეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მას სურდა კომენდანტის საათის გამოცხადება მთელ სერბეთში, მაგრამ ამ წინადადებას საგანგებო შტაბისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის, თანხმობა სჭირდება.

ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ კვლავ ქუჩის აქციებისკენ უბიძგა ოპოზიციას, რომელმაც ეპიდემიის განმავლობაში ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადა საპროტესტო აქციებზე, სახელწოდებით „ერთი 5 მილიონიდან“, რომელიც სერბეთში მანამდე თითქმის ყოველი კვირის განმავლობაში ტარდებოდა.

21 ივნისის საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც სერბეთში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა, გაამყარა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი პარტიის ძალაუფლება, მაგრამ, კორონავირუსისა და ოპიზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე, სერბეთის ხელისუფლების ქმედებას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მყოფმა ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ „ამომრჩევლები უკმაყოფილო და იმედგაცრუებული დარჩნენ იმით, რომ სათანადო დონეზე არ იყვნენ ინფორმირებული, ხოლო ოპოზიცია მოკლებული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობას“.

8 ივლისს სერბეთის მემარცხენე პოლიტიკოსმა, ბოიან პაიტიჩმა, ხელისუფლება დაადანაშაულა მისი 8-წლიანი მმართველობის დროს „ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი მედიის ინსტიტუციური“ განადგურების მცდელობაში და გააფრთხილა ბელგრადი მოახლოებული ანტისამთავრობო გამოსვლების შესახებ, რაც ხელისუფლებისთვის სწორედ იმის გამოა საშიში, რომ ამ უკმაყოფილებას „უკვე არავითარი კავშირი აღარ აქვს პარტიებთან“.

„თქვენ მიიღეთ პროტესტი, რომელსაც ქუჩაში ხალხი გამოთქვამს“, - დაწერა ტვიტერში ბოიან პაიტიჩმა.