საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ სამინისტროში მიიწვია რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზემსკი, რომელსაც გადასცა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის განცხადება.
საქართველოს მთავარმა დიპლომატმა რუსეთის ელჩთან შეხვედრისას დააფიქსირა, რომ სოხუმში მიღებული აქტი უკანონოა და აღნიშნა, რომ „რეაქციული ძალების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აფხაზეთის დანაშაულებრივი რეჟიმის ლეგალიზაციის ცდა“.
ალექსანდრე ჩიკვაიძემ მოითხოვა რუსეთის მხარის რეაქცია, სოხუმის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, გაეროს გადაწყვეტილებათა და ორმხრივი მოლაპარაკების პროცესის მორიგი უხეში დარღვევის ფაქტზე.
საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იმავე დღეს სამინისტროში ასევე მიიწვია საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, მარტა რუედასი და აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები - კენეთ ბრაუნი, გიუნტერ დალჰოფი და ბერნარ ფასიე.
წინა კონსტიტუციები
საქართველოს პირველ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომია განსაზღვრული იყო 1921 წლის თებერვალში მიღებული კონსტიტუციით, რომლის მე-11 თავის („ავტონომიური მმართველობა“) 107-ე და 108-ე მუხლებში წერია:
- მუხლი 107 - საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი), ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.
- მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით.
თუმცა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1925 წლის აპრილში აფხაზეთმა მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც ფორმალურად 1931 წლამდე იარსება (1925 წლის კონსტიტუცია არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ძალაშიც არ შესულა.).
1931 წლის თებერვალში საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მიიღო დადგენილება „აფხაზეთის სს რესპუბლიკის საქართველოს სსრ-ში ავტონომიური რესპუბლიკის სახით შესვლის შესახებ“. შესაბამისად, ძალა დაკარგა 1921 წლის 16 დეკემბერს აფხაზეთსა და საქართველოს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ.
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კანონების აღსრულება სავალდებულოდ გამოცხადდა.
1921 წლის 16 დეკემბრიდან აფხაზეთის სსრ, რომელიც შეიქმნა "სოხუმის ოკრუგის" 1904 წლამდელ საზღვრებში, ამიერკავკასიის სფსრ-ში შესვლის მიზნით გახდა საქართველოს სსრ-ის ნაწილი ფედერალურ საწყისებზე და იწოდებოდა „სახელშეკრულებო აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“-დ. 1922 წლის 13 დეკემბრიდან აფხაზეთის სსრ ამიერკავკასიის სფსრ-ში შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ის სუბიექტი.
ასევე ნახეთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა1992 წლის ივლისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადისლავ არძინბამ და მისმა თანამოაზრეებმა, მოქმედი კანონების უგულებელყოფით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ხმების უბრალო უმრავლესობით აღადგინეს აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია, რასაც თბილისის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო რესპუბლიკაში დღემდე დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს სახელმწიფო საბჭომ თავისი შეიარაღებული ძალები ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ გადაწყვეტილების გამო შეიყვანა და არა რკინიგზის დასაცავად.
ცხადი იყო, რომ 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა, უიმედოდ მოძველებული ფორმულირებებით, დროებითი ღონისძიება იყო. ამიტომ დაიწყო მუშაობა ახალი, თანამედროვე კონსტიტუციის შესაქმნელად. განიხილებოდა რამდენიმე პროექტი. ერთის ავტორი იყო აშშ-ში მცხოვრები აფხაზურ-ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენელი იაჰია კაზანბა, მეორის კი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ტარას შამბა.
„1925 წლის კონსტიტუციის აღდგენას“ წინ უძღოდა 1990 წლის 25 აგვისტოს ასევე კანონის უხეში დარღვევით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო „დადგენილება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ და „დეკლარაცია აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სსრკ-ის მოქმედი კონსტიტუციისა და 1990 წლის 3 აპრილის კანონის უხეში დარღვევით. ხელმომწერები იყვნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიცინია.
რაც შეეხება 1994 წლის 26 ნოემბერს. აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა, რომელიც 1994 წელს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას პირველი მოადგილე იყო, ასე იხსენებს ამ დღეს:
„ბევრი სატელეფონო ზარი იყო. ვლადისლავი ხშირად გადიოდა სადღაც მოსალაპარაკებლად და მერე უკან ბრუნდებოდა. ყოველ ჯერზე მეუბნებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი (ბორის პასტუხოვი) მოითხოვს, რომ კონსტიტუცია არ მივიღოთ, რადგან ეს ხელს შეუშლის საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესსო. მორიგი გასვლის შემდეგ დაბრუნებული ცოტა აღელვებული მეჩვენა. მკითხა: "რა გავაკეთოთ, რას ფიქრობ?" მეც ვუთხარი, თუ ახლა არა, შემდეგ ჩვენ ვერასოდეს მივიღებდით ამ დოკუმენტს-მეთქი“.
1994 წლის 26 ნოემბერს მიღებული ე.წ. კონსტიტუციით, აფხაზეთის „უმაღლეს საბჭოს“ ეწოდა „სახალხო კრება - აფხაზეთის პარლამენტი“, ხოლო ვლადისლავ არძინბა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, იმავე დღეს აირჩიეს „აფხაზეთის პრეზიდენტად“.
თბილისის რეაქცია
ე.წ. აფხაზეთის კონსტიტუცია მიიღეს ომის ნახანძრალსა და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუსრულებელი ეთნიკური წმენდის ფონზე.
„ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდის ფაქტი: 8 ათასზე მეტი დახოცილი, თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეების, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლების, ჟურნალისტების დახვრეტა, მხეცურად ნაწამები ექიმები და პედაგოგები, ათასობით ქალი, მოხუცი, ბავშვი დახეიბრდა წამების, შეურაცხყოფის შედეგად, 200 ათასზე მეტი ქართველი გამოექცა საზარელ ტერორს, დატოვა მთის ბილიკებზე გაყინული და შიმშილით დაღუპული ბავშვები, მოხუცებულები“, - ასე აღწერდა იმ დროის ქართული პრესა აფხაზეთში შექმნილ ვითარებას.
ასევე ნახეთ „ომი აფხაზეთისთვის“ - როგორ დაიწყო„კონსტიტუციის“ მიღებას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
„ცდილობენ რა ძალისმიერი ხერხებით შეცვალონ აფხაზეთის დემოგრაფიული შემადგენლობა, მოსპონ ან განდევნონ მოსახლეობის თითქმის ნახევარი - ეროვნებით ქართველები და გამოაცხადონ დამოუკიდებლობა აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა ძალებმა გააჩაღეს ომი, რომელიც ტრაგედიის ფასად დაუჯდა არა მარტო ქართველებს, არამედ თვით აფხაზებსაც, რომელთაგან ბევრი გაიქცა აფხაზეთიდან, ისევე როგორც სხვა ხალხთა წარმომადგენლები, რადგანაც არ სურდათ ასოცირებული ყოფილიყვნენ დანაშაულებრივ რეჟიმთან.
აფხაზეთის ფარგლებს გარეთ დღეს იმყოფება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ოთხ მეხუთედზე მეტი. <...>აფხაზეთის უკანასკნელი მოვლენები თვალსაჩინოდ ცხადყოფენ, რომ იქ ადგილი აქვს არა ეთნიკურ კონფლიქტს, არამედ პოლიტიკურ ავანტიურისტების მისწრაფებას თავისი ხალხის ეროვნული გრძნობების მანიპულირებით, დაიკმაყოფილონ თავიანთი ამბიციები“, - განაცხადა 1994 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მაშინდელმა ლიდერმა, ედუარდ შევარდნაძემ, რომლის თქმითაც, სეპარატისტთა მოქმედება წარმოადგენდა საერთაშორისო თანამეგობრობის გამოწვევას და სპობდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შესაძლებლობას:
„საქართველოს რესპუბლიკა მიმართავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ევროპის უშიშროებისა თანამშრომლობის თათბირს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურებსა და უწინარეს ყოვლისა რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება აგრესიული სეპარატიზმის ახალ უპასუხისმგებლო, პროვოკაციულ ნაბიჯზე და განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფუძემდებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებითაც კი“.
კიდევ უფრო მკაცრი იყო დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, რომელიც 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას უწოდებს „გუდაუთის თვითმარქვია ფაშისტურ რეჟიმს, რომელიც მსოფლიოს თვალში იჩემებს დემოკრატიისა და თავისუფლების, აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის უფლებისა და ეროვნული სამართლიანობის დამცველის როლს მაშინ, როცა აფხაზეთიდან განდევნილი ჰყავს 300 ათასზე მეტი ადამიანი.
აბუჩადაა აგდებული აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ართმევენ საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სამართლებრივ უფლებასა და რეალურ შანსსაც კი.
26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის არალეგიტიმურმა უზენაესმა საბჭომ, რომელიც გაუქმებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 10 მარტის დადგენილებით, თვით აფხაზი ხალხისათვის გადადგა საბედისწერო ნაბიჯი: ჩაშლის საფრთხე შეუქმნა სამშვიდობო პროცესს, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ადრე მიღწეულ მორიგებებს, შექმნა ვითარება და პირობები, როცა საქართველოს სახელმწიფოს, მის ხალხს არ დაუტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ იარაღის ძალით აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთიდან გამოდევნილი ხალხების ღირსება და სახელი“, - განცხადების ბოლოში დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო აფხაზეთიდან დევნილი ხალხების სახელით აფრთხილებს აფხაზური მხარის ლიდერებს, ამცნობს რუსეთის ფედერაციას, მსოფლიო გაერთიანებას, რომ „რადაც უნდა დაუჯდეს და როგორი მსხვერპლის გაღებაც უნდა მოუხდეს, გამონახავს ძალებსა და საშუალებებს, აფხაზეთის დასაბრუნებლად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“.
როგორია ე.წ. ძირითადი კანონი, რომლის 30 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს სოხუმში?
დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია შედგება 7 თავისა და 84 მუხლისგან და იწყება ცნობით, რომ ის მიღებული იქნა აფხაზეთის რესპუბლიკის მე-12 მოწვევის უმაღლესი საბჭოს სესიაზე 1994 წლის 26 ნოემბერს და, რომ შემდეგ განმტკიცებულ იქნა 1999 წლის 3 ოქტომბერს გამართული საყოველთაო სახალხო კენჭისყრით. თუმცა არსად მითითებული არ არის, რომ „საყოველთაო სახალხო კენჭისყრაში“ მონაწილეობა ვერ მიიღო აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა, რომელიც იძულებით იქნა განდევნილი საკუთარი სახლებიდან.
ე.წ. კონსტიტუციაში ერთხელაც არ არის ნახსენები საქართველო.
საინტერესოა მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს ხალხის საკუთრებას, რომელიც დაცულია როგორც აფხაზეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი. ბუნებრივი რესურსების საკუთრების, გამოყენებისა და განკარგვის საკითხები რეგულირდება აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით“.
როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები ამბობენ, სწორედ ამ მუხლს ეწინააღმდეგება ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საინვესტიციო შეთანხმება, რომლის რატიფიცირების მცდელობას მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი, რაც საბოლოო ჯამში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომით დასრულდა.
ე.წ. კონსტიტუციის მე-6 მუხლის მიხედვით, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა აფხაზური. რუსული ენა, აფხაზურთან ერთად, ასევე აღიარებულია სახელმწიფო და სხვა დაწესებულებების ენად. ამავე მუხლში ვკითხულობთ არსებულ სინამდვილესთან შეუსაბამო პუნქტს, რომ „გარანტირებულია აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის მშობლიური ენის თავისუფლად გამოყენების უფლება“.
ასევე ნახეთ ახალგაზრდების შეზღუდული უფლებები37-ე მუხლი განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას, რომელიც 35 დეპუტატისაგან შედგება. ამასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მსურველი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 25 წელი და აქვს ხმის მიცემის უფლება.
ამ მუხლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკაში დეპუტატობა შეუძლია ნებისმიერი ეროვნების ადამიანს. ბევრად „მკაცრი მოთხოვნების“ დაკმაყოფილება უწევთ ე.წ. პრეზიდენტობის მსურველებს, რადგან 49-ე მუხლის მიხედვით, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩევა აფხაზი ეროვნების პირი - ხმის უფლების მქონე აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, არანაკლებ 35 და არაუმეტეს 65 წლისა.
კონსტიტუციის 54-ე მუხლის თანახმად აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად, აირჩევა ვიცე-პრეზიდენტიც, რომელიც ასევე უნდა იყოს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე არანაკლებ 35 და არაუმეტეს 65 წლისა, თუმცა ვიცე-პრეზიდენტის შემთხვევაში სავალდებულო არაა, რომ კანდიდატი იყოს „აფხაზი ეროვნების პირი“.
აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩევა აფხაზი ეროვნების პირი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს პრეზიდენტი (მუხლი 48), რომელიც სახელმწიფოს მეთაურია. პრეზიდენტის არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანაბარი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ვადით ხუთი წელი. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ, თუმცა ბოლო სამი ე.წ. პრეზიდენტიდან (ალექსანდრ ანქვაბი, რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია) ვერც ერთმა ვერ შეძლო მეორე ვადის დასრულება ან მეორე ვადით არჩევა.
ადგილობრივი მიმომხილველები ამის მიზეზად მოქმედ კონსტიტუციას, უფრო ზუსტად, კონსტიტუციით განსაზღვრულ პრეზიდენტის შეუზღუდავ უფლებამოსილებას ასახელებენ. მათი თქმით, საჭიროა პრეზიდენტის უფლებამოსილების გადანაწილება ხელისუფლების სხვა შტოებზე, რათა მან თავი ყოვლისშემძლე და უპასუხისმგებლო მეფედ არ იგრძნოს.
30 წლის განმავლობაში ე.წ. აფხაზეთის კონსტიტუცია სულ ოთხჯერ შეიცვალა:
- 1999 წელი - შეიცვალა მოსამართლეების დანიშვნის ვადა - უვადო დანიშვნა შეიცვალა 5 წლით
- 2014 წელი - ცვლილებები გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნამ. ასევე შეიცვალა მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმი და ვადა (გაიზარდა 10 წლამდე)
- 2016 წელი, თებერვალი - ცვლილებები შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
- 2016 წელი, მარტი - კონსტიტუციის მე-13 მუხლს დაემატა I ნაწილი, რომლის მიხედვითაც „აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარებს ოჯახური ცხოვრების ფასეულობასა და ხელშეუხებლობას, იღებს ზომებს ოჯახის, როგორც ძირითადი და დამოუკიდებელი ინსტიტუტის, დაცვისა და გაძლიერებისათვის. სახელმწიფო თანაბრად იცავს დედისა და არდაბადებული ბავშვის სიცოცხლეს“.