ლიტერატურულმა გადაცემა „წახნაგებმა“ შექმნა ახალი რუბრიკა „მედეა“, რომლის ეგიდით უნდა გავიდეს რამდენიმე გადაცემა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქალ პერსონაჟზე, რომელსაც ძველ, ახალ და უახლეს დროში მიეძღვნა უამრავი ტრაგედია, ოპერა, ბალეტი, ფილმი და ა.შ. იგულისხმება ევრიპიდეს, ლუკიუს ანევს სენეკას, პიერ კორნელის, ჟან ანუის ტრაგედიები; აპოლონიოს როდოსელისა და ვალერიუს ფლაკუსის პოემები, მოზრდილი ნაწყვეტები პინდაროსისა და ოვიდიუსის შემოქმედებიდან და ა.შ. დღეს ვისაუბრებთ სენეკას ტრაგედია „მედეაზე“, რომელიც ძვ.წ. I საუკუნის რომის გემოვნებასაა მისადაგებული და რომელშიც რომის იპერიის ფაქტობრივი გამგებლისა და დიდი ფილოსოფოსის შექმნილი მედეა ერთდროულად ფილოსოფიური სტოიციზმის ადეპტად და ცივსისხლიან ურჩხულად გვევლინება. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო მედევრებიდან სენეკას პერსონაჟი ყველაზე ნაკლებადაა ასე თუ ისე ამბივალენტური ადამიანი, იგი პირდაპირ სცენაზე კლავს შვილებს და თავისი სისასტიკით, მუქარითა და გამუდმებული ტრაბახით თავზარს სცემს ტრაგედიის პერსონაჟებსაც, რომაელ მაყურებლებსაც და თანამედროვე მკითხველებსაც. სენეკას მისტიციზმით გაჟღენთლი ტრაგედია კიდევ ერთი უცნაურობით გვამახსოვრებს თავს: მასში რომაელმა ფილოსოფოსმა და დრამატურგმა არაორაზროვნად ილაპარაკა მომავალში ატლანტის ოკეანის მიღმა „დიდი მიწის“ აღმოჩენასა და სამყაროს „გაფართოებაზე“ - თითქოს კოლხი ქალის მასშტაბი ვეღარ ეტეოდა იმდროინდელ მსოფლიოში და ახალი სივრცე, ახალი ასპარეზი სჭირდებოდა.