სენატორი მაკკეინი: მე მიყვარს საქართველო

თავისუფლებისთვის მებრძოლი, შეუპოვარი, ღირსეული, სანდო და რომანტიკული - ასეთად ახსოვთ საქართველოში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. ის ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცველი და მხარდამჭერი, როცა საქმე საქართველოს პრობლემებსა და გამოწვევებს შეეხებოდა. პუტინის რუსეთის მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეული სენატორი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს ოკუპაციამდეც და ოკუპაციის შემდეგაც. ბოლო აღმოჩნდა მისი ვიზიტი 2017 წლის იანვარში. სენატორ მაკკეინს, შეერთებული შტატების ეროვნულ გმირს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2010 წელს მიენიჭა.

Your browser doesn’t support HTML5

ჯონ მაკკეინი საქართველოსთვის

საქართველო მაკკეინის სიტყვასა და საქმეში

„დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“ – 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ჯონ მაკკეინის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა დაუვიწყარია საქართველოსთვის. ჯონ მაკკეინმა არ დაიშურა უზარმაზარი იმპულსის მატარებელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმა საკმაოდ სარისკო იყო თავად მისთვის. როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე ამბობს, საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან ამ სიტყვების წარმოთქმა „უაღრესად დიდ სიმამაცეს” მოითხოვდა, რადგან, შესაძლოა, ამერიკელი ამომრჩეველი დაებნია და დაეფრთხო.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ევგენიძე ჯონ მაკკეინის შესახებ

ჯონ მაკკეინისგან საქართველოს კიდევ ძალიან ბევრი მხარდაჭერა ახსოვს, როგორც აგვისტოს ომის დღეებში, ასევე მანამდეც და მერეც, წლების განმავლობაში - იქნებოდა ეს რუსეთის აგრესიის სასტიკი დაგმობა, პუტინის დასჯის მოთხოვნები თუ მუდმივი ბრძოლა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. იმას, რომ ამერიკამ ბოლო პერიოდში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ქვეყანას აღარც ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებზე უთხრა უარი, ანალიტიკოსები დიდწილად სწორედ ჯონ მაკკეინის მიერ გაკვალულ გზას უკავშირებენ.

Your browser doesn’t support HTML5

ბათუ ქუთელია ჯონ მაკკეინის შესახებ

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას თქმით, სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გავლენიან სენატორს, ჯონ მაკკეინს, ბევრი რამ შეეძლო და აკეთებდა კიდეც. თავისუფლების იდეისთვის მებრძოლს მტკიცედ სჯეროდა, რომ საქართველოსა და სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს ამერიკა.

Your browser doesn’t support HTML5

კორნელი კაკაჩია ჯონ მაკკეინის შესახებ

რით მოხიბლა სენატორი მაკკეინი საქართველომ

“მე მიყვარს საქართველო, მიყვარს მისი ხალხი, ამ ქვეყნის ბუნებრივი სილამაზე, კულტურა და ისტორია. მე საქართველოსა და მისი მოქალაქეების მეგობარი ვარ. საქართველოსადმი ჩემი ერთგულება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელი ლიდერი, პარტია თუ მთავრობაა ამ ქვეყნის სათავეში”, - განაცხადა სენატორმა მაკკეინმა 2013 წელს „მარშალის“ ფონდში გამოსვლისას და იქვე დაამატა, რომ რადგანაც საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ, დაუშვებელია შეფერხება დემოკრატიული განვითარების პროცესში. როგორც თავად განმარტავდა, კრიტიკაც მხოლოდ უკეთესის სურვილით იყო განპირობებული.

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სენატორმა მაკკეინმა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით. კრიტიკის საგანგებო საფუძველს წარმოადგენდა სამართლებრივი დევნის პოლიტიკური ნიშნით დევნად გადაქცევის საფრთხე.

ჯონ მაკკეინს ხშირად მოუწევდა გული საქართველოსკენ და, როგორც მისი ქართველი მეგობრები იხსენებენ, ზოგჯერ ის ერთი დღითაც ჩამოფრინდებოდა ხოლმე საქართველოში ისე, რომ ეს პრესის ყურადღების მიღმაც რჩებოდა. თურმე მას განსაკუთრებით უყვარდა სვანეთი, რადგან მას საქართველოს თავისუფლების სიმბოლოდ აღიქვამდა. ყველამ იცის, რომ სენატორ მაკკეინს საგანგებო მეგობრობა და ურთიერთობა აკავშირებდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. სწორედ სააკაშვილმა მიანიჭა მას ეროვნული გმირის წოდება 2010 წელს. თუმცა ოკუპირებული საქართველოს მხარდაჭერას ის შემდგომ წლებშიც, ახალი ხელისუფლების პირობებშიც, აქტიურად აგრძელებდა.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ სააკაშვილი მაკკეინის ოცნებას იხსენებს

როგორც ბათუ ქუთელია ამბობს, ჯონ მაკკეინის მხრიდან საქართველოს სიყვარული თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას ემყარებოდა და საქართველო, როგორც მუდმივად თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა, მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევდა.

ჯონ მაკკეინი პუტინის რუსეთის წინააღმდეგ

ჯონ მაკკეინი ვლადიმირ პუტინს „ამერიკის მტრად“, КГБ-ს წესებით მოქმედ დესტრუქციულ ფიგურად მოიხსენიებდა და თვლიდა, რომ პუტინის რუსეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“. სენატორი მაკკეინი ყოველთვის ხაზს უსვამდა პუტინისთვის საკადრისი პასუხის გაცემის აუცილებლობას და სჯეროდა, რომ საქართველოს ოკუპაციას უკრაინის ანექსია იმიტომ მოჰყვა, რომ ვლადიმირ პუტინმა პასუხი არ აგო 2008 წლის მოვლენების გამო. მაკკეინი მუდმივად მოითხოვდა და აქტიურად ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების გამკაცრებას. სენატში განხილვაზე ყოველთვის მისი მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობდა რუსეთის მაკრიტიკებელი ნებისმიერი კანონპროექტი თუ რეზოლუცია. ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“, 2019 წლის საბიუჯეტო კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის 13 აგვისტოს მოაწერა ხელი. ტექსტში ხაზგასმულია რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შეკავების აუცილებლობა და საქართველოს ძლიერი დახმარება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ნატოში გასაწევრიანებლად მომზადების კუთხით.

Your browser doesn’t support HTML5

ზვიად აძინბაია: „შევაფასებდი მაკკეინს, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოლიტიკოსს“

​უკვე ძალიან ავადმყოფმა ჯონ მაკკეინმა მკაცრად გააკრიტიკა თანაპარტიელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოვლენილი უპრინციპობის გამო. თავად ჯონ მაკკეინს აკრძალული ჰქონდა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა, რასაც ის ცინიკურად უყურებდა და ერთხელ ისიც თქვა, რომ „ნანობს“ ციმბირში რომ ვერ დაისვენებს.