საჯარო მოხელეები და სარალიძის საქმე

„ბოდიში მოიხადოს“, „გადადგეს“, „მოხსნან“ - ეს ფრაზები სოციალურ ქსელ ფეისბუკში გორის მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის მიმართ იწერება. ბლიაძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა და, კომენტატორების აზრით, შვილმკვდარ მამასა და გარდაცვლილს შეურაცხყოფა მიაყენა.

Your browser doesn’t support HTML5

საჯარო მოხელეები და სარალიძის საქმე

„მედალს ორი მხარე აქვს: პირველი, ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. მეორე, არც თვითონ ეგ კაცი მყავს და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგავიწყდება, ეგ კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დამთავრდა, და არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებთან, რომლებსაც ის ხალხი ახორციელებდა, ვინც ეს აქციები წამოიწყო“. - ეს არის ამონარიდი ბლიაძის კომენტარიდან, რომელსაც შეურაცხმყოფელი ფრაზები მოსდევს.

ბლიაძის ამ კომენტარს მის წინააღმდეგ დიდი აგრესია მოჰყვა სოციალურ ქსელში. მერიის წინ სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჯიოშვილმა საპროტესტო აქცია გამართა, გორის მერს რეაგირება და ბლიაძეს კი ზაზა სარალიძისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

გორის მერის თანაშემწის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს ოპოზიციაც გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ კახაბერ ბლიაძემ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა და მისი ადგილი საჯარო სამსახურში არ არის. მისი თქმით, არა მხოლოდ ბლიაძემ, არამედ მთელმა მერიამ საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს.

საჯარო მოხელის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელიც გამოეხმაურა, ალექსი მერებაშვილი მიიჩნევს, რომ მერიის თანამშრომლის უცენზურო კომენტარი უწყების ხელმძღვანელის მხრიდან დისციპლინურ შენიშვნას იმსახურებს.

გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, თანაშემწის კომენტარის გამო საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თავად ბლიაძემ კი მობილური ტელეფონი გამორთო და ჟურნალისტებს ემალება. მოგვიანებით სოციალურ ქსელ ფეისბუკში მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:

„მინდა განმარტება გავაკეთო ჩემს კომენტართან დაკავშირებით. სხვადასხვა ძალებისა და პირების მიერ ზაზა სარალიძის მდგომარეობის გამოყენებამ გამოიწვია ჩემი გაღიზიანება, რის გამოც კომენტარებში, აღელვების ნიადაგზე, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც, შესაძლოა, ნაწილობრივ არაკორექტული იყო, რის გამოც ვწუხვარ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, როგორც კახა ბლიაძის, პოზიცია, აღელვებისა და გაბრაზების ნიადაგზე გამოხატული. დავამატებ იმასაც, რომ მჯერა, ამ საქმეზე აუცილებლად დადგება სამართლიანი განაჩენი და ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე“.

ეს იყო მეორე კომენტარი, რომელიც ბლიაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. გორის საზოგადოება კი მისი გადადგომის მოთხოვნით ფეისბუკში ასობით კომენტარს აკეთებს. არ ცხრება ვნებათაღელვა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის, საპროტესტო აქციები დაიწყო. გორის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ათობით კომენტარსა და პოსტს აქვეყნებენ აქციების პოლიტიკური ელფერისა და მიზნების შესახებ.