რუსთავის საკრებულოსა და ადგილობრივ მერიასთან ჩამოყალიბებულია მრჩეველთა საბჭოები, ერთგვარი შუალედური რგოლი მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის, როცა საქმე გადაწყვეტილებების მიღებას ეხება. მაგრამ, როგორც გასულ კვირას გამართული დისკუსიის დროს გაირკვა, ეს საბჭოები ფორმალურ ხასიათს ატარებს ან არასაკმარისია მოსახლეობასთან კომუნიკაციის დასამყარებლად.
Your browser doesn’t support HTML5
იმის გასარკვევად, თუ რა მექანიზმები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩასართავად, რუსთავში იმყოფებოდნენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქის მერიის, საკრებულოს, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობასა და ბიზნესთან კომუნიკაცია არცთუ მრავალფეროვანი და ეფექტურია. ეს რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსმა სოფო კარანაძემაც აღიარა, თუმცა ისიც თქვა, რომ პასიურობას მოქალაქეებიც იჩენენ:
„მუნიციპალიტეტში ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი პეტიცია არ შემოსულა. გვაქვს განცდა, რომ ჩვენ, საჯარო სექტორი, უფრო მზად ვართ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან, რომ რა გავაკეთოთ, ვიკითხოთ, მაგრამ მეორე [მოქალაქეთა] მხრიდან ვერ ვხედავ კომუნიკაციას, რომელიც ორიენტირებული იქნება ეფექტურ გამოსავალზე. მეორე მხარე არის აუცილებლად შენიშვნების მომცემი, კრიტიკულად განწყობილი“.
რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსის, სოფო კარანაძის, ინფორმაციით, მოქალაქეებს არც საკრებულოს საქმიანობა აინტერესებთ და სხდომებს, როგორც წესი, არავინ ესწრება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რომელიმე განსაკუთრებით რეზონანსული საკითხი განიხილება.
მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრმა, განათლების საკითხთა ექსპერტმა პავლე თვალიაშვილმა კონტრარგუმენტად ის დაასახელა, რომ საკრებულოს სხდომები ისეთ დროს ინიშნება, როცა აქტიური მოქალაქეები სამსახურში არიან:
„როცა სერიოზული გადაწყვეტილებაა, შაბათ-კვირას ჩაინიშნოს [საკრებულოს შეხვედრა] ან საღამოს საათებში. მე ვიცი, რომ ღამის 12 საათამდე საკრებულოს და მერიის თანამშრომლები არიან სამსახურებში და მუშაობენ. ჩვენ თუ მართლა გვსურს საზოგადოებიდან ისეთი ადამიანები, ვისაც სიტყვა ეთქმის და აზრი მოეკითხება, დაესწრონ [სხდომებს], მათ უნდა მოვარგოთ და არა იმათ მოარგონ თავისი სამსახური ამ სხდომებს“.
თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, მის მიერ გადახდილი ფული თუნდაც ადგილზე რაში იხარჯება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვიცით, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ხმარდება საქმეს. ადგილობრივი თვითმმართველობისგან ბევრს არაფერს ვითხოვთ...იოსებ მაზმიშვილი
პავლე თვალიაშვილმა რუსთავის საკრებულოს ისიც ურჩია, რომ საჯარო სხდომების ტრანსლაცია უზრუნველყოს თავის ფეისბუკგვერდზე ან თვითმმართველობის ვებსაიტზე, რათა ყველამ ნახოს, როგორ და რა გადაწყვეტილებებს იღებს ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო.
შენიშვნები ჰქონდა ბიზნესმენ იოსებ მაზმიშვილსაც. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა ადგილობრივ ბიზნესსაც აწუხებს:
„თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, მის მიერ გადახდილი ფული თუნდაც ადგილზე რაში იხარჯება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვიცით, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ხმარდება საქმეს. ადგილობრივი თვითმმართველობისგან ბევრს არაფერს ვითხოვთ, მაგრამ ვითხოვთ იმას, რომ ადგილებზე მაინც კარგად დავინახოთ, ხარჯვითი პროცესი როგორ მიმდინარეობს, რამდენად სწორად იგეგმება ამ ფულის ხარჯვა და შემდეგ რამდენად სწორად ხორციელდება ამ ფულის ხარჯვა“.
ბიზნესმენ იოსებ მაზმიშვილის თქმით, ინფორმაციულად მწირია და მოქალაქეთა ჩართულობას ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის ვებსაიტი და ფეისბუკგვერდები:
„პეტიციის წარდგენისთვის ვებგვერდზე პლატფორმის ნორმალურად გაფორმება...სადღაც ქვემოთ უნდა ჩახვიდე, მე-7 დონეზე, რომ შესაძლებელი გახდეს მერიისთვის პეტიციის წარდგენა. ასევეა საკრებულოს და მერიის ფეისბუკგვერდი, რომელიც, ჩათვალეთ, რომ არ მუშაობს, რადგან მნახველების რაოდენობა აქვს ცოტა, თან წარსულ დროშია ყველა ინფორმაცია -„ჩატარდა, მოხდა, გაიმართა“. ეს არის ინფორმაციულობა და არანაირი ჩართულობა, ამის უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს სწორედ საჯარო მმართველობამ“.
საჯარო მმართველობის თვალსაზრისით პრობლემების არსებობას აღიარებს რუსთავის მერის თანაშემწე რევაზ ბარბაქაძეც:
„ისე, როგორც ყველგან, კომუნიკაციის სტრატეგია არ გვაქვს, როგორც ინსტიტუტი. მაგრამ ვმუშაობთ, გვინდა ასეთი სტრატეგია“.
რევაზ ბარბაქაძის ინფორმაციით, ქალაქის მერიამ საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავებისთვის რამდენიმე დონორს მიმართა, მაგრამ ან უარი მიიღეს, ან ჯერ კიდევ პასუხის მოლოდინში არიან.