სახლი ნ. ნიკოლაძის ქუჩაზე

ნ. ნიკოლაძის N3. XX საუკუნის 60-იანი წლები

ნიკო ნიკოლაძის ქ. N3 - ეს ერთსექციანი სახლი თაღოვანი ლოჯიითა და მოპირკეთებული ყვითელი ტუფით, ახლომახლო მდებარე ყველა სხვა შენობისგან გამოირჩევა. „შენობის არქიტექტურაში გამოსჭვივის ეროვნული არქიტექტურის ტრადიციები. ბინების გეგმარება მკაფიო და მოხერხებულია“, - წერდა ჯერ კიდევ 1969 წელს არქიტექტორი და თბილისის არქიტექტურის ცნობილი მკვლევარი თენგიზ კვირკველია.

ნ. ნიკოლაძის N3. 2019 წ.

ახვლედიანის (ყოფილი პეროვსაკაიას) ქუჩა სწორედ ამ შენობას „ებჯინება“. სახლი ალექსი მიმინოშვილის (1911-1967) დაპროქტებულია, რაშიც არქიტექტორისათვის სახელმწიფო პრემიაც კი მიუნიჭებიათ 1949 წელს. თვითონაც აქ უცხოვრია გარდაცვალებამდე, რასაც ფასადზე დამაგრებული მემორიალური დაფაც გვამცნობს.

"შემოქმედებითად იყენებდა კლასიკური და ეროვნული ხუროთმოძღვრების ფორმებს, ამასთან თამამად და გაბედულად აქსოვდა შიგ საკუთარ ორიგინალურ ჩანაფიქრს", - ასეთ ცნობას გვაწვდის ალექსი მიმინოშვილის შესახებ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი.

როგორც კოლეგები იხსენებდნენ, ალექსი მიმინოშვილს ეს შენობა ძალიან ჰყვარებია, რასაც არ მალავდა კიდეც. როგორც აქიტექტორი სიმონ კინწურაშვილი წერს 1972 წელს ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში“ გამოქვეყნებულ წერილში, ეს ნაგებობა იყო მისი, როგორც არქიტექტორის, შინაგანი გამოძახილი.

„მაქსიმალურად არის გამოყენებული ტერიტორიის შეზღუდული გაბარიტები - სახლის ფრონტი სულ 22 მეტრია. სამაგიეროდ, ერთსექციანი, სამ და ოთხოთახიანი ბინების გეგმა სიღრმეშია განვითარებული. ავტორმა კარგად გამოიყენა ხელსაყრელი ორიენტაცია - საცხოვრებელი ოთახები მიმართულია სამხრეთისკენ, ჩრდილოეთისკენ კი - სამზარეულო, სასადილო, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ვერანდა“ („სხ“ 1972 წ. N7).

სამწუხაროდ, მიშენებებს ვერც ეს შენობა გადაურჩა

შთამბეჭდავია შენობის მთავარი ფასადის მოპირკეთება. რუხი ბაზალტის რუსტირებულ (რუსტი- კედლის მოსაპირკეთებელი ქვა, რომლსაც წინა პირი გაუთლელი, უხეშად დამუშავებული აქვს) ცოკოლზე დაყრდნობილია ბოლნისის ქვით მოპირკეთებული კედელი. აქვეა სიმეტრიულად განლაგებული აივნები და ხუთთაღიანი ლოჯია, რომელიც გამორჩეულია ფასადის კომპოზიციაში და შორიდანაც იქცევს ყურადღებას.

ნაგებობას ასრულებს გადმოშვერილი, ლავგარდანი - ჭერის კიდეზე შემოვლებული არშია.

თურმე მშენებლობა დამთავრებული არ იყო, როდესაც არქიტექტორი ამ შენობაში გადმოსახლებულა.

„ხარაჩოებიდან არ ჩამოდიოდა. ამბობენ, ღამე ნათურის შუქზეც კი ამოწმებდა ამა თუ იმ პროფილს. ამ სახლის ფასადის კომპოზიცია შემდგომში ბევრ ნაგებობაში სხვადასხვა ვარიაციით იქნა სხვა არქიტექტორების მიერ გადამეორებული, ნაგრამ დასრულებულ, მხატვრულ კატეგორიამდე არსად არ არის მიყვანილი“ („სხ“ 1972 წ. N7).

ალექსი მიმინოშვილის პროექტით აიგო საცხოვრებელი სახლები სოხუმში, თბილისში (ფალიაშვილისა და რიგის ქუჩებზე, ფიქრის გორაზე) კონიაკის ქარხნის მთავარი კორპუსი, სასტუმრო წინანდალში, სადეგუსტაციო დარბაზი და მარანი დიღომში, ღვინის ქარხნები, კვების მრეწველობის რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმო.

სოხუმი. სახლი ნინოშვილის ქუჩაზე

ალექსი მიმინოშვილმა დატოვა განუხორციელებელი პროექტებიც: თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები, მელიქიშვილისა და ლენინის ქუჩების თავშესაყრელთან მაღლივი სახლი, ფიქრის გორაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი და სხვ.

დიდი საცხოვრებელი კომპლექსი ფიქრის გორაზე. პოექტი

ალექსი მიმინოშვილის პროექტით შექმნილი უკანასკნელი ნაგებობაა "საქკვებმრეწსახპროექტის" საწარმოო შენობა ილ. ჭავჭავაძის პროსპექტზე (39a), სადაც ახლა ბანკი „ქართუს“ სათაო ოფისია განთავსებული.

"საქკვებმრეწსახპროექტის" შენობა. აქ ახლა ბანკი "ქართუა" განთავსებული