საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით, 14 თებერვლიდან დაწყებული, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სასტუმროებს, მათ შორის საოჯახო ტიპისას, სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა სხვა შენობას.
ამ სამსახურის სპეციალისტები შენობა-ნაგებობების სამეტაპიან შემოწმებას ჩაატარებენ. პირველ ეტაპზე გაიცემა რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა, განმეორებითი შემოწმებისას მოხდება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და თუ მესამე საკონტროლო შემოწმებისას სიტუაცია უცვლელი იქნება, კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის ჯარიმის თანხა 500-დან 10 000 ლარამდეა. კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.
ქუთაისში სულ რამდენიმე მრავალნომრიანი სასტუმროა. ამასთან, ბოლო წლებში გაიზარდა საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა. ქალაქის ძველ უბნებში ასზე მეტი ასეთი სასტუმროა. როგორც დიდი, ისე მცირე სასტუმროების მფლობელთა ნაწილმა არ ისურვა საუბარი შენობაში უსაფრთხოების ნორმების შესახებ და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ახალ წესებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
საუბარს თავი არ აარიდა ქუთაისის ძველ უბანში მდებარე 45-ნომრიანი სასტუმროს, „ბესთ ვესტერნ - ქუთაისის“, მენეჯერმა შორენა უჩანეიშვილმა. მისი ინფორმაციით, ორი წლის წინ გასხნილ სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები დაცული აქვთ.
სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტთან შესაბამისობაზე ლაპარაკობს 60-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის, „ბაგრატი 1003“-ის, გენერალური დირექტორი ლევან შონიაც. მისი ინფორმაციით, აქვთ კანონით დადგენილი ყველა საჭირო აღჭურვილობა და მათი გამართულად მუშაობა სისტემატურად მოწმდება.
სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელს, ნათელა ნოსელიძეს, თუმცა ამბობს, რომ თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რეკომენდაციებს მისცემს, ეცდება შეასრულოს და მუშაობა ისე გააგრძელოს.
ქუთაისის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის, „ქარვასლის“, დირექტორი ზურაბ სალდაძე გვეუბნება, რომ ცენტრის ოთხ სართულზე ათობით მაღაზია და კვების ობიექტია განთავსებული და მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი სტუმრობს, ამიტომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სპეციალურად შერჩეულ პასუხისმგებელ პირს ევალება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 11 ათასამდე ხანძარი იყო. დაიღუპა 56 და დაშავდა 247 ადამიანი. შარშან ხანძარმა 453 შენობა-ნაგებობა გაანადგურა და 950 დააზიანა.