საჭირო დროს, საჭირო ადგილზე

Your browser doesn’t support HTML5

თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედროები 26 მაისს რუსთავში საზეიმო ღონისძიების მზადებაში იყვნენ და თანამებრძოლებს სამხედრო ტექნიკის გამოფენაში ეხმარებოდნენ. დაახლოებით დილის ექვს საათზე რუსთავის ქუჩებში სპეცმანქანით გადაადგილდებოდნენ, როცა მეგობრობის გამზირზე 39-ე შენობის მესამე სართულის ბინის ფანჯრიდან გამომავალი ძლიერი კვამლი შენიშნეს.

42-ე ბატალიონის კაპრალი დავით კვიწინაძე ჰყვება, რომ 112-ში არ დაურეკავთ, თავად შეცვივდნენ კვამლში გახვეულ სადარბაზოში და მოსახლეობის ევაკუაცია სამხედრო წესით დაიწყეს.


მე-4 მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპიტანი ალექსანდრე ჯანიაშვილი ჰყვება, რომ მათი პრიორიტეტი ბავშვების გადარჩენა იყო. ინფორმაცია ჰქონდათ, რომ დაკვამლიანებულ ბინაში ბავშვები იმყოფებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ მისვლამდე ისინი კარის მეზობელს სახლში შეეყვანა. მამა სადარბაზოში იდგა და მეხანძრეებს ელოდებოდა.

ალექსანდრე ჯანიაშვილის თქმით, მეხანძრეების, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟების მოსვლამდე პირველი, რაც გააკეთეს, იყო ის, რომ სადარბაზოში მინები ჩაამსხვრიეს. ამან დაგუბებულ კვამლს გზა მისცა და ნელ-ნელა გაიწოვა. ამასობაში ბინაში ცეცხლი გაძლიერდა. კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილის თქმით, კვამლის გაფანტვამ მოსახლეობის ევაკუაცია გააადვილა.


სამაშველო ოპერაციაში სულ სამი სამხედრო მონაწილეობდა. ერთ-ერთი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი, ამბობს, რომ ევაკუაციამდე სადარბაზოს ბინადრებს ბუნებრივი აირის გადაკეტვა მოსთხოვა.


გიორგი მუსელიანის თქმით, სადარბაზოს ბინადართა ევაკუაციის შემდეგ მათ მალევე დატოვეს იქაურობა. თავად თბილისში გაემგზავრა, მისი ორი თანამებრძოლი კი რუსთავში დარჩა. მათ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.

„თბილისში ჩასულმა თავი შეუძლოდ ვიგრძენი, თავბრუსხვევა და პირღებინება დამეწყო. გადამიყვანეს კლინიკაში, გადასხმები გამიკეთეს და საავადმყოფო მალევე დავტოვე. ახლა კარგად ვარ“, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი.

მოგვიანებით ყელის წვა, თავის ტკივილი და მსუბუქი თავბრუსხვევა დაეწყოთ კაპრალ დავით კვიწინაძეს და კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს. ისინი მანქანით დაახლოებით ხუთი წუთის სავალზე კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს და პირველადი დახმარების შემდეგ მალევე საავადმყოფოდან გაწერეს. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო 39-კორპუსის ბინადარმა ანი მჭედლიძემაც, რომელსაც ასევე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და შინ დააბრუნეს. ის თავს ახლა კარგად გრძნობს.


რაც შეეხება დამწვარი ბინის ბინადრებს, 7 წლის ბიჭი და ექვსი წლის გოგო, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმების შემოწმების შემდეგ, სამი სადარბაზოს იქით მცხოვრებმა ვერიკო მაჭარაშვილმა შეიფარა.

„ეზოში ჩავედი, ბავშვები აბსოლუტურად შიშვლები და შეშინებულები იყვნენ. ექიმებს ვკითხე, მოსაცმელი ხომ არაფერი გაქვთ-მეთქი. არაო, მიპასუხეს. ხელი დავავლე ორივეს და ჩემთან, სახლში ავიყვანე. მოგვიანებით მამის მეგობრებმა მოაკითხეს და წაიყვანეს“, ამბობს ვერიკო მაჭარაშვილი. მისივე თქმით, ბავშვებს ინტოქსიკაციის ნიშნები არ ეტყობოდათ, არც თავბრუსხვევას გრძნობდნენ და არც ღებინების შეგრძნება ჰქონდათ.

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.