საქართველოში სახანძრო მანქანების წარმოებას გეგმავენ

სახანძრო მანქანები

2018 წლის ბოლომდე, ქართული წარმოების სამ სახანძრო მანქანას ააწყობენ. ტექნიკას, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დელტა“, სახანძრო ტექნიკის და აღჭურვილობის მწარმოებელ ავსტრიულ გიგანტ „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით ააწყობს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ექნება საკუთარი წარმოების სახანძრო ავტოტექნიკა. მისი დამკვეთია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

„როზენბაუერის“ და „დელტას“ ინჟინრები ტექნიკურ დეტალებს ათანხმებენ, თუ როგორი უნდა იყოს სახანძრო მანქანები ქართული გეოგრაფიული ლანდშაფტის და ურბანული თავისებურებების გათვალისწინებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

სახანძრო მანქანების საქართველოში აწყობა, სახელმწიფოს ბევრად იაფი დაუჯდება.

მისივე თქმით, ხუთწლიანი გეგმა, რომელიც სააგენტომ შეიმუშავა, სახანძრო ავტოპარკის სრულიად განახლებას გულისხმობს.

„არც ერთი საბჭოთა წარმოების ავტომანქანა ჩვენი უწყების სახანძრო დეპოში არ უნდა დარჩეს დღეს ასეთი მანქანები ბევრია შემორჩენილი“ - დასძინა ფეიქრიშვილმა.

მისივე განმარტებით, სახანძრო დეპოების ერთიანად განახლება შეუძლებელია. ეს ეტაპობრივად მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი მეგობრები მზად არიან ამ საქმეში საქართველოს დაეხმარონ, როგორც ფინანსურად ისე სპეცტექნიკის „უბრალოდ, ჩუქებით.“

სააგენტოს პრესსამსახურის უფროსის თქმით, სახანძრო მანქანების საქართველოში აწყობა, სახელმწიფოს ბევრად იაფი დაუჯდება.

„როზენბაუერთან“ თანამშრომლობა მიმდინარე წლის აპრილში გადაწყდა.

მიშა ფეიქრიშვილის თქმით, მას შემდეგ, თანამშრომლობის ეტაპზე, ავსტრიულ კომპანიას კიდევ უფრო დიდი გეგმების განხორციელების სურვილი გაუჩნდა. საუბარია საქართველოში წარმოებული სახანძრო მანქანებით რეგიონის ქვეყნების მომარაგებაზე.