საქართველოში სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ გაიმართება

საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და გერმანიაში სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ ჩატარდება. სწავლება ნატოს საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზანს ემსახურება. მის ფარგლებში ევროპის კონტინენტზე განთავსდება უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

ამერიკელი სამხედროების განთავსება ბაზებზე მიმდინარე კვირაში დაიწყება. წვრთნები ითვალისწინებს ევროპაში 20 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას.

მათ შორის იქნებიან - სამხედრო-საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის ნაწილები და სარეზერვო დანაყოფები.

გეგმის თანახმად, სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი პოლონეთში განთავსდება. მთლიანობაში, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის 37 000 სამხედრო მოსამსახურე. სამხედროების განთავსებისთვის გათვალისწინებულია 6 000 სატრანსპორტო საშუალებისა და 2 500 აღჭურვილობის კონტეინერის გამოყენება.

წინასწარი ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში, საქართველოში მრავალეროვნულ საპარაშუტო ხტომას დააკვირდებიან. სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ ივნისში უნდა დასრულდეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე დგინდება წვრთნების საქართველოში ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები.