საქართველოში რუსეთის შანსი იზრდება?

  • ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის უკან „ქართული ოცნება“ მხოლოდ ოპოზიციის ნამოქმედარს ხედავს;
  • ოპონენტებს ბრალდებათ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის დეკლარაციის ჩავარდნაც;
  • კრიტიკის იგნორირება და თავის მართლების რეჟიმი - გზა ქვეყნის იზოლაციისკენ;
  • თუკი საქართველო გადაუხვევს დემოკრატიის გზიდან, შესუსტდება დასავლეთის მხარდაჭერა;
  • დასავლეთისგან იზოლაცია ავტომატურად ნიშნავს რუსეთის გავლენების გაძლიერებას საქართველოში.

რა საფრთხეები არსებობს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ სარბიელზე? რით დაზარალდა ქვეყანა უკვე და რა შეიძლება მოხდეს მომავალში?

ყველაფერი ოპოზიციის ბრალია?

13 თებერვალს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ვერ დამტკიცდა დეკლარაცია, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქცენტებს მოიცავდა. ამ უპრეცედენტო ჩავარდნას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპოზიციის „ანტისახელმწიფოებრივ“ ქმედებებს აბრალებს.

  • „არაერთი ინიციატივა იყო დაყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც, როგორც სჩვევიათ, სიცრუით იყო გაჯერებული... ეს ცვლილებები მთლიანად ჩავარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ - ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი;
  • „ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს, ანტისახელმწიფოებრივია“ - ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

დეკლარაციის საბოლოო ტექსტი იმის გამო ჩავარდა, რომ არ მოხერხდა მწვავე აქცენტების შემცველი ცვლილებების შეტანა. 40-მდე ცვლილების ავტორები იყვნენ როგორც საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წარმომადგენლები, ასევე - ევროპარლამენტარები.

ასევე ნახეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტმა რეზოლუცია ვერ დაამტკიცა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 14 თებერვალს ილაპარაკა იმის შესახებ, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ბუნებრივად უჭერს მხარს ამ პოლიტიკური ოჯახის წევრს - „ნაციონალურ მოძრაობას“.

ჩაგდებული ცვლილებათა შინაარსი იმეორებდა თითქმის იმავე მწვავე შეფასებებს, რაც ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების მისამართით საჯაროდ გამოხატა არაერთმა ევროპარლამენტარმა - ოპონენტების პოლიტიკურ დევნასთან, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა თუ დემოკრატიის უკუსვლის აღქმებთან დაკავშირებით.

  • კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს იმ პოლიტიკური ოჯახის („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“) წარმომადგენელმა ევროპარლამენტარებმაც, რომელსაც თავად „ქართული ოცნება“ მიეკუთვნება;
  • 13 თებერვალს, წამყვანი ევროპარლამენტარების სახელით გამოქვეყნებულ კრიტიკულ განცხადებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე - მარინა კალიურანდიც აწერს ხელს, ასევე - „სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან“.

Your browser doesn’t support HTML5

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციურ ჯგუფებს შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი პარტნიორები

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ თითქოს დეკლარაციის ტექსტი ოპოზიციამ ჩააგდო, აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე, რომელიც თავად მონაწილეობდა სტრასბურგში გამართულ სხდომაში.

„ასეთი მარტივად გადამოწმებადი ტყუილების ტირაჟირება როგორ შეიძლება?! ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს ეს ტექსტები (ცვლილებების) და შემდეგ უთხრეს - აი, ეს დეკლარაცია მიიღე, ამ შესწორებების გარეშეო... რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო და ამ თავხედობას პასუხი გასცეს ევროპარლამენტარებმა იმით, რომ პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში, ჩავარდა საერთო დეკლარაცია“, - ამბობს კახიძე, რომელმაც 14 თებერვალს ამ საკითხს საგანგებო ვიდეომიმართვაც მიუძღვნა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები სტრასბურგიდან კმაყოფილი დაბრუნდნენ იმით, რომ ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ შეთავაზებით - ჩამოვიდნენ საქართველოში და თავად შეისწავლონ დაპატიმრებული უგულავას საქმე. უგულავას პარტიაში ამ სვლას „ქართული ოცნების“ ტრიუკს უწოდებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს ასევე, რომ ევროპარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ყველა სხვა სადავო საკითხთან დაკავშირებით და ოპოზიციის განზრახვები შედეგს ვერ გამოიღებს - ვერც ვაშინგტონში, ვერც ბრიუსელსა და ვერც სტრასბურგში.

საით მიდის გზა - დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ?

მაშინ, როცა რეალური პრობლემები არსებობს, ხოლო ხელისუფლებას ამის აღიარება არ უნდა, ახსნა-განმარტებები და ლობისტები მას ვერ უშველიან - ნათელია პოლიტიკური ოპონენტებისთვის, მე-3 სექტორისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილისთვის.

ამიტომ მათთვის გასაკვირი არ არის, რომ შედეგი ვერც პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ვაშინგტონში ვიზიტმა მოიტანა და ისევ გაგრძელდა მკაცრი მესიჯების სერია, ახლა უკვე გიგი უგულავას საეჭვო დაპატიმრების აქცენტებით.

ასევე ნახეთ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება

„ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური მოცემულობა, როდესაც ყველა ჩვენი მეგობარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გამოვასწოროთ შეცდომები და აღარ დავუშვათ ახალი შეცდომები... და ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არის ყველაფერში მართალი და გაორმაგებული შემართებით უშვებს კიდევ უფრო დიდ შეცდომებს... მე ასეთი რამე მართლა არ მახსოვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე.

მისი თქმით, საქართველო უკვე დაზარალდა:

  • „საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავი პირველობით დემოკრატიული განვითარების კუთხით და საერთაშორისო პარტნიორებისგანაც მეტის მოთხოვნის უფლება ჰქონდა; ახლა კი იმდენი მინუსი და „საშემოდგომო“ დაუგროვდა, მეტის მოთხოვნამდე, მან დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს“;
  • „ამ ფონზე გაძნელებული იქნება ახალი ინიციატივების წამოყენება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით - პარტნიორებმა უკვე გვითხრეს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, შეუსაბამოა დასავლურ ღირებულებებთან“;
  • „ჩვენ კრიტიკით მოგვმართავენ აშშ-ის სენატორები და კონგრესმენები... არადა, მაგალითად, „საქართველოს მხარდაჭერის აქტს“ ახლა სწორედ სენატორებმა უნდა დაუჭირონ მხარი... ეს პროცესიც ხომ ზიანდება?!“.

ყველაზე ცუდი კი, ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს - ქვეყანა შესაძლოა რუსეთის უფრო დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს.

„ახლა რუსეთის ძლიერ ზეწოლას მხოლოდ დასავლეთი აჩერებს... თუკი საქართველო გადაუხვევს დემოკრატიის გზიდან, აუცილებლად შესუსტდება დასავლეთის მხარდაჭერა; ასეთ შემთხვევაში კი - რუსეთი გააფართოებს თავის ზეგავლენებს“, - ამბობს ფხალაძე.

ასევე ნახეთ "თვითონ უწყობენ ხელს სიტუაციის რადიკალიზაციას"

შექმნილ სიტუაციაში რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ლაპარაკობს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) თანადამფუძნებელი, თეონა აქუბარდია - „რაც უფრო დაშორდება ქვეყანა დასავლეთს, ავტომატურად, მით უფრო ახლოს მიდის რუსეთთან“.

როგორც აქუბარდიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, შეუძლებელია „ქართულ ოცნებაში“ ვერ აცნობიერებდნენ სიტუაციის სირთულეს, თუმცა:

  • „სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ირჩევს არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარების გზას, არამედ ირჩევს საკუთარი რეჟიმის უსაფრთხოებას, როგორც ამას ვლადიმირ პუტინი აკეთებს და ქმნის რეალურ რისკებს საქართველოს მომავალი პერსპექტივისთვის“;
  • „ხელისუფლება ასევე თავად უწყობს ხელს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას, როცა საზოგადოებას ეუბნება, რომ დასავლეთი „ნაციონალური მოძრაობის“ ჭკუაზე დადის და მისი მითითებებით აკეთებს კრიტიკულ შეფასებებს... ეს განსაკუთრებით მათზე მოქმედებს, ვინც ენმ-ს არ უჭერს მხარს“.

აქუბარდიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორები არაფერს აძალებენ საქართველოს - თავად ქვეყანამ უნდა აირჩიოს, უნდა განვითარებული მომავალი, თუ, დემოკრატიის რელსებიდან გადახვევით, წარსულში სურს დაბრუნება.