38 წლის ნათია ლონდარიძე 20 წელია ანტიეპილეფსიურ წამლებს სვამს. რომ არა ეს მედიკამენტები, კონვულსიები დასტანჯავდა, თუმცა წამლების შოვნა მისთვის ცალკე თავის ტკივილია.
ტეგრეტოლს სვამდა, თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ როდესაც 2017 წელს ეს პრეპარატი აფთიაქებიდან გაქრა, ფინლეპსინზე „გადავიდა“. 3 წელიწადში ვეღარც ფინლეპსინი იშოვა და ექიმმა ნეიროლეფსინი გამოუწერა. თუმცა ეს წამალი ვერ იგუა და ისევ ახალი პრეპარატი ლამიქტალი ურჩიეს.
“ლამიქტალიც დეფიციტშია. ინგლისური ან პოლონური წარმოშობის უნდა იყოს, თურქულზე გულის რევა და თავის ტკივილები დამეწყო. ევროპულს რომ ვეღარ ვშოულობდი, ცუდად ვიყავი სულ”, - ამბობს ნათია და გვიხსნის, რომ მას 100 ან 50 მგ-იანი მედიკამენტი სჭირდება, რისი შოვნაც უჭირს. ბოლოს წყალტუბოში მიაგნო, თვითონ ახალციხეში ცხოვრობს.
ახლა მას 2 თვის მარაგი დარჩა. თუკი თვე-ნახევარში ლამიქტალს საქართველოში ვერ იშოვის, ისევ ვინმეს უნდა სთხოვოს, რომ ევროპიდან გამოუგზავნონ.
“წამალი თუ ვერ მივიღე, სასწრაფო დამჭირდება, რადგან გულყრები დამეწყება, მაგრამ როცა ვხედავ სადღაც 5-6 დღის წამალი დამრჩა, აქტიურად ვეძებ ხოლმე და მერე უკვე ვრეკავ ევროპაში, რომ გამომიგზავნონ. 6-7 თვე არ იყო ამას წინათ და ხან მეგობრებმა მიგზავნეს, ხან ნათესავებმა, ხან საბერძნეთიდან და ხან იტალიიდან”, - ამბობს ნათია.
„არ ვიცი საიდან რას ვშოულობთ. ყველა აფთიაქის ნომერი მაქვს, თითქმის ყოველ კვირაში ვრეკავ და რაიონებში, სად არ ჩავდივარ ქუთაისიდან. ასე ვყიდულობ თითქმის ერთი წელია, ხან კოლოფს, ხან ორ კოლოფს. დიაზეპექსის ამპულას ვუკეთებდი ჩემს შვილს კრუნჩხვის მოსახსნელად, კვირაში ორი სჭირდებოდა. ეს წამალიც ერთი წელია აღარ იყიდება“, - ამბობს მაკა ჯიშკარიანი, რომლის 27 წლის შვილსაც ეპილეფსია აქვს.
“პანიკური ზარები შემოგვდის როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან”, - გვეუბნება ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ეპილეფტოლოგი თამარ ჯიშკარიანი. ის 20 წელზე მეტია ეპილეფსიით დაავადებულებთან მუშაობს. ექიმის დაკვირვებით, პერიოდულად ყოველთვის ძნელდებოდა დანიშნული მედიკამენტების შოვნა, მაგრამ შემცვლელები არსებობდა, ბოლო 2-3 წელია, რაც მისი პაციენტები ალტერნატივის გარეშე დარჩნენ.
“თითქმის ყველა ჩემს პაციენტს აქვს ეს პრობლემა… უწყლოდ უფრო გაძლებს ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი, ვიდრე უწამლოდ და უცებ ვერანაირ ქსელში საქართველოს მასშტაბით ვერ შოულობენ თვეობით. ვერც ჯანდაცვის სამინისტრო გვპასუხობს, როდის გაჩნდება ეს წამალი”, - ამბობს თამარ ჯიშკარიანი.
საქართველოში ეპილეფსიით 35 ათასამდე ადამიანია დაავადებული. ამ დაავადების მართვა უწყვეტი პროცესია, მედიკამენტის ერთი მიღების ჩავარდნაც კი გულყრის რისკს აჩენს. თითოეული კრუნჩხვითი გულყრა სიცოცხლისთვის საშიშია და ტრავმატიზაციის მაღალ რისკსა და სიკვდილის საფრთხესაც ზრდის. არათუ უწამლოდ დარჩენა, ექიმები ამბობენ, რომ მედიკამენტების ჩანაცვლებაც არ არის სასურველი.
“დეპაკინს რომ სვამს ადამიანი, ისეთი ეპილეფსია აქვს, რომ ვერაფერზე ვერ გადავიყვანთ… შემცვლელი არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ჩანაცვლების პროცესს მინიმუმ 1 თვე უნდა, რომც ჩაანაცვლო, სხვა წამალი პაციენტს არ მოერგება”, - ამბობს ექიმი თამარ ჯიშკარიანი.
ირინა გულიტაშვილის 65 წლის მეუღლეს გიორგი გულიტაშვილს 12 წელია ეპილეფსია აქვს. დაავადებას ოჯახი კარბამაზეპინით დაახლოებით 7 წელია მართავს. ესეც კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატია. ირინა ამბობს, რომ შარშან გაზაფხულიდან მოყოლებული წამალს ვეღარ შოულობენ, არათუ წაღვერში, სადაც ცხოვრობენ, არამედ მედიკამენტს ეძებდნენ თბილისის, სამტრედიის, ბათუმის, გორის, ხაშურის აფთიაქებში, სადაც კი ვინმე ნათესავი ეგულებოდათ, ყველას სთხოვეს გაეკითხათ, თუმცა წამალი არსად იყო.
„დაგვღუპა კარბამაზეპინის დეფიციტმა. შემცვლელი წამლები არ მოქმედებს კარგად და შემცვლელებიც არ იშოვება. რამდენიმე დღის სამყოფი წამალი მაქვს, ისიც ფეისბუკჯგუფში მაჩუქეს. დაავადების მძიმე ფორმა აქვს ჩემს ქმარს, დღეში შეიძლება 10-ჯერ ჰქონდეს გულყრა. ყოველ დილით ვითვლი წამლებს, რომ ვიცოდე რამდენი დღის სიცოცხლის უფლება დაგვრჩა“, - ამბობს ირინა გულიტაშვილი.
პაციენტების ოჯახის წევრები გვეუბნებიან, რომ დეფიციტის ან საერთოდ წამალზე რეგისტრაციის არქონის გამო მედიკამენტებს ძირითადად, თურქეთიდან და იტალიიდან იწერენ. თუმცა, ფსიქოტროპული წამლების საბაჟოზე შემოტანა რთულია.
მაგალითად, ნატო ნაცვლიშვილს იტალიიდან გამოწერილი 6 ყუთი ფრიზიუმი საზღვარზე გაუნადგურეს სამი წლის წინ.
წამალი მას 13 წლის ანანოსთვის უნდოდა, რომელსაც ეპილეფსიის მძიმე ფორმა დრავეს სინდრომი აქვს. საქართველოში ექიმმა უთხრა, რომ ფრიზიუმი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი წამალი იქნებოდა, თუმცა ეს მედიკამენტი საქართველოში რეგისტრირებული დღემდე არ არის და ოჯახმაც მისი ყიდვა საზღვარგარეთ გადაწყვიტა:
“ვერ აღგიწერთ როგორია, როცა შეიძლება, რომ მედიკამენტმა შენს შვილზე კარგად იმოქმედოს და ეს წამალი არ არის ხელმისაწვდომი შენს ქვეყანაში. დღე და ღამე არ მეძინა. თუ სადმე ვინმე მყავდა, ნებისმიერ კონტინენტზე ვრეკავდი, ვიხვეწებოდი, თუ შეგიძლიათ, რომ ეს წამალი მიყიდოთ, თუ არის ურეცეპტოდ”, - ჰყვება ნატო.
ფრიზიუმის რეგისტრაცია მშობლებმა სახელმწიფოს არაერთხელ სთხოვეს, მაგრამ ვერაფერი შეცვალეს. გამოსავალი რომ აღარ დარჩათ, მთელი ოჯახი მეორე შვილთან ერთად გერმანიაში გადასახლდა. გერმანიაში ბავშვი, სპეციალიზებულ უფასო სკოლაში დადის, ემსახურება ტრანსპორტი, სრულად უფინანსებენ მედიკამენტებს, ყველა კვლევასა და ექიმთან ვიზიტს.
“ხვალვე დავტოვებ გერმანიას, თუ ჩემი შვილის ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი ჩემს ქვეყანაში. თუმცა ახლა თუ შემოიტანეს ფრიზიუმი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცული ვართ, რადგან ხვალ რა წამალი დასჭირდება ჩემს შვილს, არ ვიცი და მეშინია, იგივე პრობლემის წინაშე არ დავდგე”, - ამბობს ნატო.
ასევე ნახეთ ზაკო, დაჩი, ნიკოლოზი და იოანე - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების პირველი ინიექციაფრიზიუმის პარალელურად ბავშვი ტოპირამატის ჯგუფის პრეპარატ ტოპეფსილსაც იღებდა, ეს მედიკამენტიც ჯერ გაქრა, შემდეგ კი ხმარებიდან ამოიღეს.
ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმიანობაა. ბაზრის ძირითადი მფლობელები ჯიპისი, ავერსი, პსპ და გლობალფარმი არიან, რომლებსაც საქართველოს 100 ყველაზე მომგებიანი კომპანიების რეიტინგში მოწინავე პოზიციები უჭირავთ.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და NDI-ის კვლევების მიხედვით კი, მედიკამენტების შეძენა საქართველოს მოსახლეობის მესამედისთვის უმთავრესი პრობლემაა.
აფთიაქების ქსელ PSP-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ანტიეპილეფსიური წამლები ძნელად იშოვებოდა 2023 წლის მეორე ნახევარში, იმის გამო, რომ მსოფლიოში ნედლეულის წარმოების პრობლემები იყო. ამჟამად კი მხოლოდ კარბამაზეპინის ორიგინალი პრეპარატი - ტეგრეტოლი ვეღარ შემოდის თურქეთიდან. ისიც, რეფერენტული ფასის გამო.
ეპილეფსიის მართვისთვის აუცილებელ მედიკამენტებს რეფერენტული ფასი [სახელმწიფოს აწესებს წამლის საფასურის ზედა ზღვარს - რ.თ.] ადევთ, და რახან ეს დაავადება ქრონიკულია, წამლების საფასურს წესით სახელმწიფო იხდის.
ასევე ნახეთ ჯანდაცვა: რეფერენტული ფასი ჯამში 5000-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრარაც შეეხება სხვა პრეპარატებს, სააფთიაქო ქსელში განმარტავენ, რომ ტოპეფსილს მწარმოებელი კომპანია არ უშვებს და, შესაბამისად, ის საერთოდ აღარ იყიდება. გლუფერალს კი ადგილობრივი კომპანია აწარმოებდა, რომელმაც GMP-ს სტანდარტის არქონის გამო ახლა საერთოდ გააჩერა წარმოება.
რესპონდენტებისა და აფთიაქების პასუხების შემდეგ სხვადასხვა აფთიაქში პაციენტების მიერ დასახელებული დეფიციტური წამლები ვიკითხეთ. PSP-ში გვითხრეს, რომ ამჟამად მათ ყველა ქსელში მხოლოდ სომხური და რუსული კარბამაზეპინი აქვთ. PSP-ში ლამიქატალიც თურქული წარმოების ჰქონდათ. პაციენტები ამბობენ, რომ ევროპული დასახელების გარდა, სხვა წამლებს ეფექტი არ აქვთ.
ავერსში კი გვითხრეს, რომ ამჟამად აქვთ და დეფიციტური არ არის პოლონური ფინლეპსინი და ფრანგული წარმოების დეპაკინი ხრონოც.
“თუ ასპირინი სჭირდება საქართველოს 3,7 მილიონი მოსახლეობიდან ალბათ მილიონს, ასეთი წამლის შემოტანა ყველა კომპანიისთვის მომგებიანია, მაგრამ თუ მედიკამენტი 100 ადამიანს სჭირდება, კერძო კომპანიას იმდენი უჯდება, რომ აღარ უღირს. ამ შემთხვევაში იქნებ სწორია, რომ სახელმწიფომ იყიდოს ეს წამლები? ”, - ამბობს საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტი გიორგი გოცაძე ეპილეფიის სამართავ მედიკამენტებზე.
ჯანდაცვის სამინისტრომ რადიო თავისუფლების კითხვებს დეფიციტსა და მედიკამენტების შემოტანაზე არ უპასუხა.