საქართველოში Wizz Air-ის ავიარეისები მცირდება

Wizz Air-ის რეისების გაუქმების გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც.

უნგრეთის ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში რეისების რაოდენობას ამცირებს.

სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და პოლონეთის ქალაქ გდანსკს შორის. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი-რომის რეისზე, თვითმფრინავი დაჯდება ჩამპინოს აეროპორტში, ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად. ეს გადაწყვეტილება მანამდეც იყო ცნობილი და მარტის ბოლოდან შედის ძალაში.

რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის - სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა. ამის შესახებ Lowcostavia წერს.

ავიამიმოსვლის გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად დასახელებულია Airbus-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებული გამოწვევები. Airbus-ების შემოწმების პროცესი შარშან დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ექსპლუატაციის ვადებს ამცირებს.

შემოწმების პროცესი Wizz Air-ისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან თვითმფრინავების გაჩერებას მოითხოვს. მსგავს პრობლემებს წააწყდნენ სხვა ავიაკომპანიებიც.

LowcostAvia-ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ პირველი კვარტლის ბოლოს Wizz Air-ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც მისი ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.