საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ოსური მხარე კი - საგუშაგოს აღებას

ერგნეთი

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულებას ყველაზე მეტად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ელოდნენ. შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ფიქრობს, რომ პირისპირ შეხვედრების აღდგენა უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე სატელეფონო მოლაპარაკებები.

„იმედს არ ვკარგავთ, რომ ეს საქმე მალე დამთავრდება. ჩვენი ოჯახი ყოველწამს ველოდებით ახალ ინფორმაციას. ირაკლი ანთაძეც მოვიდა, მაგრამ რაიმე განსხვავებული ჩვენთვის არ უთქვამს. პირისპირ შეხვედრები უფრო მეტ იმედს გვაძლევს. გვეუბნებიან, ვმუშაობთო, და ვნახოთ, რა იქნება“.

ირმა ბუთხუზი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ერგნეთიდან პირდაპირ ქვემო ჭალაში ჩავიდა და გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა.

ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და, რა თქმა უნდა, გაკეთდა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევებში აუცილებელია გამოყენებული იყოს ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდება თავის ოჯახებს“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ და დაამატა, „ამ საკითხზე საუბარი რაღაცის სანაცვლოდ ნამდვილად არ ყოფილაო“.

როგორც ანთაძე ამბობს, დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციის თანახმად, ამაზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რომ არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინი, კონკრეტული თარიღის დასახელება ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად. შედეგებზე საუბარი უპრიანია მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს და როდესაც საერთოდ აღმოიფხვრება უკანონო დაკავებების მახინჯი პრაქტიკა“, - თქვა ანთაძემ.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი კი ამავე შეხვედრაზე დაჟინებით ითხოვდა სოფელ ჩორჩანიდან საპოლიციო საგუშაგოს გატანას. ცხინვალში დაბრუნებულმა ეგორ კოჩიევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კრიზისული ვითარების განსამუხტად პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას. კოჩიევის თქმით, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართველი სამართალდამცავები არღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს და ამით ადგილზე დაძაბულობის ზრდას უწყობენ ხელს.

,,თუ საქართველოს რიგითი მოქალაქეები გაუცნობიერებლად არღვევენ სახელმწიფო საზღვარს, საქართველოს პოლიციამ კარგად იცის, სად გადის სახელმწიფო საზღვარი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი შესვლა პროვოკაციად ითვლება, რადგან დამრღვევები შეიარაღებული პოლიციელები არიან ", - განაცხადა კოჩიევმა.

მისივე განმარტებით, სამხრეთ ოსეთის მხარემ ამის გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და კოლეგები გააფრთხილა, რომ თუ დარღვევები გაგრძელდა, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, სახელმწიფო საზღვრის დამრღვევებს, მათ მიმართ გამოიყენება ჰუმანიტარული მიდგომა. ისინი ჯარიმების გარეშე არიან გაძევებულნი საქართველოში, მაგრამ თუ ისინი დანაშაულის ჩადენაში არიან შემჩნეულნი, ეს უკვე სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და მომავალში სასამართლო დაადგენს დანაშაულისა და სასჯელის ზომას“, - განაცხადა კოჩიევმა.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

როგორც ირაკლი ანთაძე ამბობს, დისკუსია შედგა ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე. ცენტრალური ხელისუფლების პოზიციის თანახმად, ეს საგუშაგო არის სტანდარტული და მისი მთავარი დანიშნულება უსაფრთხოების დაცვაა.

ერგნეთში დაისვა, ასევე, უკანონო წვრთნების საკითხი. „შეხვედრის მიმდინარეობის დროს ისმოდა აფეთქებების ხმა. ეს მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს მიმდებარე სოფლების მოსახლეობას“, - აღნიშნა ანთაძემ. მისი შეფასებით, ამ საკითხზე დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია არ იყო რაციონალური.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია თავისუფალი გადაადგილების საკითხი.

გარდა ამისა, ანთაძე დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, მდგომარეობით. „მას ჰქონდა საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემები, რაც ამ ეტაპისთვის აღმოფხვრილია“, - თქვა მან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააყენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისის გაწევის საკითხი.

მათგან პასუხად მივიღეთ ის, რომ ერთი თვის წინ . . უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოსვლის პროცედურები შეამსუბუქეს, რომლის თანახმად, ცხინვალის ნაცვლად ახალგორში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოქალაქეების გადაადგილების საკითხზე. ჯერჯერობით პრაქტიკაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ გამომდინარე დღევანდელი შეხვედრის პათოსიდან, შესაძლოა, ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს ბევრად უფრო მარტივად მიეცეთ გადმოსვლის საშუალება, თუმცა ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით“, - თქვა ზვიად ზვიადაძემ.

ირაკლი ანთაძე ერგნეთიდან პირდაპირ ქვემო ჭალაში ჩავიდა და გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა.

დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ უარს აცხადებს ადამიანებმა ცენტრალური ხელისუფლებისგან ადგილზე მიიღონ სამედიცინო სერვისები.

რჩება მხოლოდწითელი ჯვრის საზოგადოება“, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულად ვერ მოიცავს... თან არის სპეციფიკური მექანიზმი და სახელმწიფოს ნაკლებად აქვს შემხებლობა. მაქსიმალურად მიმდინარეობს მუშაობა ის ხალხი გადმოვიყვანოთ, ვისაც სჭირდება სამედიცინო სერვისის მიწოდება, ხოლო მათ, ვისაც ადგილზე სჭირდება დახმარება, იქ მივაწოდოთ სერვისი“, - თქვა ზვიადაძემ. მისი ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ძალიან დიდი დახმარება მიიღეს რუსეთის ფედერაციისგან. ამასთან, ამბობენ, რომ შემცირდა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.

ზვიადაძე განსაკუთრებით გამოყოფს ახალგორში მცხოვრებთა მდგომარეობას. „ეს ადამიანები იმყოფებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში. არ აქვს მნიშვნელობა, ქართველია თუ ოსი, თვითონ ახალგორის რაიონი არის მიტოვებული და მცხოვრებლები ვერ იღებენ ელემენტარულ სამედიცინო სერვისებს“, - თქვა მან.

ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში არიან ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, რამაზ ბეღელური და ლაშა ხეთერელი.

ერგნეთში მორიგი შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება.