ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე, 28 იანვარს საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის ფავორიტად ბელგიელი მოციგურავე, 23 წლის ლუნა ჰენდრიქსი ითვლებოდა, 20 წლის ანასტასიამ ქალაქ ესპოში, „ესპო მეტრო არენაზე“, მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა და თავისუფალი პროგრამის ოცდაოთხ მონაწილეს შორისაც საუკეთესო აღმოჩნდა.
ანასტასია გუბანოვა 2021 წლიდან არის საქართველოს ნაკრების წევრი. მისი დებიუტი საქართველოს სახელით შედგა 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფინეთში, ქალაქ ესპოში, „ჩელენჯერის“ სერიის საერთშორისო ტურნირზე სენიორთა შორის. შეჯიბრში ანასტასიამ მეხუთე ადგილი დაიკავა.
მას შემდეგ, რაც წარმოშობით რუსმა სპორტსმენმა მოქალაქეობა შეიცვალა, საქართველოს სახელით არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
2022 წელს, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ანასტასია გუბანოვამ მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.
2022 წლის ოქტომბერში ანასტასიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ისევ ესპოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ერთი თვის თავზე, ნოემბერში კი ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს შეფილდის გრან-პრიზე.
დღეს, 20 წლის ანასტასია გუბანოვა ოჯახთან, მშობლებთან და უმცროს და-ძმასთან ერთად, სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს. მისი მთავარი მწვრთნელი ევგენი რუკავიცინია.
ასევე ნახეთ ნასტია გუბანოვას გამარჯვება - რა გვიხარია და რა გვაშინებს?ანასტასია გუბანოვას სპორტული კარიერა საქართველომდე
საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებში გადასვლამდე, ანასტასია გუბანოვა არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი იყო.
2021 წელს მან ზაგრებში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი Golden spin of Zagreb-ი მოიგო, მანამდე 2018 წელს ამავე ტურნირზე გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2018 და 2020 წლებში იყო რუსეთის თასის ვერცხლის პრიზიორი.
ანასტასია 2002 წელს რუსეთის ქალაქ ტოლიატში, სამარის ოლქში დაიბადა. ფიგურული ციგურაობა ოთხი წლისამ, სანქტ-პეტერბურგში გადასვლის შემდეგ, 2006 წლიდან დაიწყო.
2018 წლამდე ის სანქტ-პეტერბურგში, მწვრთნელების, ალექსეი ურმანოვისა და ანგელინა ტურენკოს მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა და ასპარეზობდა. 2018-2019 წლის სეზონი კი მოსკოვში, კლუბ “ცსკა”-ში გაატარა, სადაც მისი მწვრთნელი ელენა ბუიანოვა იყო.
მოსკოვში, ახალ სკოლაში, ანასტასია გუბანოვამ ერთ წელზე მეტი დაჰყო, თუმცა ძირითად ნაკრებში მოხვედრა ვერ მოახერხა. ამ პერიოდში მოციგურავეს ბელარუსის ნაკრებში გადასვლა შესთავაზეს, თუმცა, უარი თქვა - როგორც რუსული სპორტული მედია წერს, მაშინ მას სჯეროდა, რომ წარმატებას სწორედ რუსეთის დროშის ქვეშ მიაღწევდა.
2019 წლის გაზაფხულზე ანასტასია გუბანოვა მოულოდნელად ტოვებს მოსკოვს და ბრუნდება სანქტ-პეტერბურგში. მისი მწვრთნელის, ელენა ბუიანოვას სიტყვებით, ანასტასია „ცსკა“-დან გაირიცხა. როგორც მწვრთნელმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს, რია ნოვოსტის უთხრა, „ანასტასია შეკრების შემდეგ გარიცხეს, რადგან მისი სპორტული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა დასახულ მიზნებს“.
თავად ანასტასია კი ჟურნალისტებთან ამბობდა: „წონასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მქონდა პრობლემა, მაგრამ არა გადაუჭრელი. იმ წონითაც კი, რომელიც მქონდა, მე შემეძლო ვარჯიში“.
2019 წელს, სანქტ-პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ, გუბანოვას ახალი მწვრთნელი ევგენი რუკავიცინი გახდა. მიუხედავად თავდაუზოგავი შრომისა, ანასტასიას ძლიერ კონკურენციას უწევენ სხვა მოციგურავეები, მათ შორის, ალექსანდრა ტრუსოვა, ანა შერბაკოვა და 17 წლის მოციგურავე ძლიერი კონკურენტების გვერდით ჩრდილში ექცევა.
როგორ აღმოჩნდა ანასტასია გუბანოვა საქართველოს ნაკრებში?
2020 წელს ანასტასია მის კარიერაში ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილებას იღებს. ის საქართველოს მოქალაქე ხდება და ასპარეზობას საქართველოს ნაკრების სახელით აგრძელებს.
„ყველაფერი სპონტანურად მოხდა. არ მქონდა არანაირი ფიქრი, რომ ოდესმე სხვა ქვეყნის სახელით ვიასპარეზებდი. 2020 წელს, დიდი კარანტინის დროს, ჩემს მწვრთნელს, ევგენი რუკავიცინს დაუკავშირდნენ და შესთავაზეს ასეთი ვარიანტი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. რუსეთში ხომ ძალიან დიდი კონურენციაა. მესმოდა, რომ საქართველოს სახელით გამოსვლა, ეს იყო ჩემთვის უდიდესი შანსი“, - ასე ახსნა ახალგაზრდა სპორტსმენმა 2020 წელს სპორტული მოქალაქეობის შეცვლა და საქართველოს სახელით ასპარეზობა.
როგორც რუსული სპორტული მედია წერს, თავიდანვე ცხადი იყო, რით დააინტერესა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მაკა გიორგობიანი ანასტასია გუბანოვამ. 18 წლის სპორტსმენს უკვე გავლილი ჰქონდა რთული პუბერტატული პერიოდი და „ამ ასაკში მან მოახერხა შეენარჩუნებინა სამმაგი ნახტომებისა და კასკადების ტექნიკა. მის არსენალში იყო ლუც-რიტბერგერის ნახტომებიც“.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ანასტასიას მუსიკასთან შეწყობისა და ინტერპრეტირების განსაკუთრებულ უნარი აქვს. მის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ითვლება ხელები - "რომლითაც ის ბალერინის დახვეწილ მოძრაობებს" ასრულებს.
„რას გრძნობ, როდესაც შენი გამარჯვების აღსანიშნავად ქართული დროშა იწევა? უკვე გააცნობიერე, რომ შენ ახლა საქართველოს ეკუთვნი?" - ეს კითხვა ანასტასია გუბანოვას 2022 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი რუსული სპორტული გამოცემის ჟურნალისტმა, საქართველოს სახელით მოპოვებული მორიგი ბრინჯაოს მედლის შემდეგ დაუსვა.
„პირველ რიგში, როგორც იქნა, ვიმოგზაურე საქართველოში და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. დავათვალიერე თბილისი - ძალიან ლამაზი ქალაქია. ვჭამე უგემრიელესი ქართული კერძები. საოცარი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი არქიტექტურით და თბილისი არ ჰგავს სხვა რომელიმე ქალაქს. უკვე მივეჩვიე ფორმას. მართლაც ჩემია - დროშაც და ფორმაც. მხოლოდ სიამაყესა და ბედნიერებას ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანას წარმოვადგენ. თბილისში უკვე გაიხსნა პირველი დიდი საციგურაო მოედანი და თუკი ფედერაცია გადაწყვეტს, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, მაშინვე ჩავალ სავარჯიშო შეკრებაზე ან მასტერ კლასის ჩასატარებლად“.
„ანასტასია საქართველოს დროშას სიამაყით იხვევს მხრებზე“ - მაკა გიორგობიანი
რატომ შეაჩერა საქართველოს ფედერაციამ არჩევანი ანასტასია გუბანოვაზე? ხომ არ იგეგმება, რომ სპორტსმენმა რუსეთის მაგივრად რომელიმე სხვა ქვეყანაში ივარჯიშოს? რადიო თავისუფლებამ ეს და სხვა კითხვები, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს დაუსვა, რომელიც ანასტასია გუბანოვას ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე ახლდა თან.
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ანასტასია გუბანოვას საქართველოს ნაკრებში მოწვევა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ გადაწყდა. ფედერაციის მიზანი იყო, რომ საქართველოს, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ თამაშებში მიეღო მონაწილეობა, ამისთვის კი მათ გუნდის გაფართოება სჭირდებოდათ.
„რა თქმა უნდა აუცილებელი იყო, რომ ოლიმპიადის წინ ყველა, ოთხივე სახეობაში გვყოლოდა შემცვლელი სპორტსმენი. გვჭირდებოდა მეორე მოციგურავე გოგონა, რადგან ერთი სპორტსმენის ამოვარდნის შემთხვევაშიც კი მთელი გუნდი ამოვარდებოდა გუნდური ასპარეზობიდან. სწორედ ამის გამო დავიწყეთ კიდევ ერთი სპორტსმენის მოძიება და არჩევანი ანასტასიაზე შეჩერდა, რადგან მას წლების განმავლობაში ვადევნებდი თვალს, ვხედავდი პერსპექტივას და მიხარია, რომ ის პოტენციალი, რაც მასში დავინახე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ანასტასიას მიმართ უკვე აღარ იყო დიდი ინტერესი, ჩვენთვის წარმატებული გამოდგა“.
მაკა გიორგობიანი ამბობს, რომ ანასტასიას უხარია იმ ქვეყნის დროშის ტარება, რომლის სახელითაც საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს:
„ჩვენთან პირად საუბარშიც და ინტერვიუებშიც, ყოველთვის ამბობს, რომ ამაყია, როდესაც მხრებზე საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული. ეს მისი სურვილია, რომ მხრებზე საქართველოს დროშა შემოიხვიოს ხოლმე და ძალიან კარგად აქვს გათავისებული, რას და რატომ აკეთებს“.
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, გაზაფხულის მიწურულს, სპორტული სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრები, მათ შორის ანასტასიაც, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ:
„ეს, რა თქმა უნდა, მათთვისაც კარგია და ეს კარგია ჩვენი პატარა მოციგურავეებისთვისაც, რომლებთანაც ჩვენი ნაკრების წევრები დიდი სიამოვნებით მუშაობენ ხოლმე და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. ანასტასიამ თავად გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთოს ჩვენი ბავშვების მზადების პროცესში“.
ხომ არ გეგმავს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, რომ ანასტასია გუბანოვამ შეიცვალოს სამწვრთნელო ქვეყანა, რუსეთი და სხვა ქვეყანაში განაგრძოს ვარჯიში? ამ კითხვაზე მაკა გიორგობიანი გვპასუხობს:
„დღეს არსებული ძალიან სამწუხარო ვითარებიდან გამომდინარე, პერიოდულად, ჩვენი ნაკრები ემზადება იტალიაში, ანასტასიაც იყო იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მწვრთნელის ცვლილება სავალალოდ მოქმედებს სპორტსმენებზე. მათ სჭირდებათ თავიანთი მწვრთნელები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი მაქსიმალურად რჩებოდნენ საკუთარ მწვრთნელებთან. ვერ გეტყვით, სამომავლოდ, რა და როგორ იქნება, მაგრამ ვცდილობთ, რომ სპორტსმენები არ დავაშოროთ მწვრთნელებს და ეს მათი სურვილიც არის“.
რა უჯდება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ანასტასია გუბანოვას სანქტ-პეტერბურგში მომზადებისა და წვრთნის პროცესი? ამ კითხვას მაკა გიორგობიანი ასე პასუხობს:
„აქ ახლა ნამდვილად არ მაქვს მონაცემი, რა გვიჯდება ანასტასიას ვარჯიში. ჯერ ერთი, ახალი ბიუჯეტი არ გვაქვს, ახალი წელი დაიწყო და ჯერჯერობით, ბიუჯეტი დამტკიცებული არ გვაქვს. როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდება, ეს საჯარო ინფორმაცია იქნება. უფასოდ, რა თქმა უნდა, არავინ ვარჯიშობს “.
ანასტასია გუბანოვა ახლა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 20-26 მარტს, იაპონიაში, ქალაქ საიტამაში, საიტამის სუპერ არენაზე გაიმართება.
2023 წლის 28 იანვრის მონაცემებით, ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირის რეიტინგში, ანასტასია გუბანოვა მეექვსე ადგილზეა.