I პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია
"ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის"
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის პარლამენტმა - უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მალევე აირჩია პრეზიდენტი.
14 აპრილს გამართულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს კანონპროექტს „პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების და ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ასათიანმა:
„ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით საჭიროა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას წარმართავდეს პრეზიდენტი, რომელსაც უდიდესი უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხის წინაშე სახელმწიფოს საქმის ვითარებისათვის“.
„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების სახელით აკაკი ასათიანმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაასახელა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას კანდიდატურა. სხვა კანდიდატურები არ დაუსახელებიათ. ღია კენჭისყრით უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია ერთხმად აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
უზენაესმა საბჭომ პირველი წაკითხვით მიიღო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის კანონი, რომლის მიხედვითაც 1991 წლის 26 მაისს გაიმართა პრეზიდენტის პირველი საყოველთაო არჩევნები ფარული კენჭისყრით თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე.
"საქართველოს, რესპუბლიკის პრეზიდენტად შეიძლება, არჩეულ იქნეს დაბადებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, ოცდათხუთმეტიდან სამოცდაათ წლამდე ასაკისა, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ უკანასკნელი ხუთი წლისა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატების რიცხვი შეზღუდული არ არის. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ნამდვილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მთლიანად საქართველოს რესპუბლიკაში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს", - კანონი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაწესებისა და ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. მუხლი 121.2
1991 წლის 26 მაისისათვის, დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის მეექვსე, უკანასკნელი კანდიდატი 13 მაისს დარეგისტრირდა. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს შემდეგ კანდიდატებს შორის:
- ზვიად გამსახურდია - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, „მრგვალი მაგიდის“ სპიკერი, საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე
- ირაკლი შენგელაია - ორგანიზაცია „დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის“ (დასი), პოლიტიკური ბლოკი „თავისუფლება“
- ჯიმი მიქელაძე - საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი
- ვალერიან ადვაძე - საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
- თამაზ კვაჭანტირაძე - ჟურნალ „ბალავრის“ მთავარი რედაქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
- ნოდარ ნათაძე - საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარე
„თავისუფლებისთვის მომავალ ბრძოლებში მხოლოდ იმას შეუძლია წინ წარგვიძღვეს, ვინც მთელი შეგნებული ცხოვრება იმპერიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომშია და ვინც ყველა ბრძოლაში პირველი იყო. ვისაც მოუკლავს, ისევ ის მოჰკლავს ნადირსა შავის ტყისასა. ის ზვიად გამსახურდიაა!“ - გურამ პეტრიაშვილი
არჩევნების შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 594 810, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა - 2 978 247 (83,5%)
- ზვიად გამსახურდია – 86,14%,
- ირაკლი შენგელაია - 0,9%,
- ჯემალ მიქელაძე – 1,74%,
- ვალერიან ადვაძე - 8,07%,
- თამაზ კვაჭანტირაძე - 0,29%,
- ნოდარ ნათაძე 1,22%
„სინამდვილეში ოპოზიცია არც კი არსებობს. ოპოზიციას აფინანსებს მოსკოვი და მისი ლიდერები ან პროვოკატორები არიან, ან პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები“, - ზვიად გამსახურდია, არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე
ინაუგურაცია
1991 წლის 7 ივნისს უზენაესმა საბჭომ ერთხმად ცნო ზვიად გამსახურდიას, როგორც სახელმწიფოს სრულუფლებიანი მეთაურის უფლებამოსილებანი, რის შემდეგაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ბიბლიაზე დადო საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზის ერთგულების ფიცი:
„ვფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის. დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს. დავიცავ ადამიანის უფლებებს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში“.
ფიცის დადების შემდეგ შესრულდა ეროვნული ჰიმნი „დიდება“.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევა პირველმა მიულოცა დარბაზში მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა წარმოთქვა საპროგრამო სიტყვა, რომელშიც განსაზღვრა ამოცანები, რომლებიც საქართველოს წინაშე იდგა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე. ასევე ჩამოაყალიბა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის სტრატეგია და ტაქტიკა. ზვიად გამსახურდიამ თავისი საპროგრამო სიტყვა ასე დაასრულა:
„ქალბატონებო და ბატონებო! ქართველი ერი გამოირჩევა, თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამებრივი, ქრისტესმიერი გზა, სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა. ისტორია. გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპისეულ გზას, ავაღორძინოთ რწმენით თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი, როცა უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის. ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ეროვნული ხელისუფლების ვალია, იყოს ღირსი უდიდესი მისიისა, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში. დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან. დაე აღსრულდეს ნება ღვთისა! ნება ერისა!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“
დარბაზში გაისმა ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილი რევაზ ლაღიძის სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანავ...“
II პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე
"გვქონდა სახელმწიფო საბჭო, მაგრამ სახელმწიფო არ გვქონდა"
შევარდნაძის პირველი ვადა (1995-2000)
1995 წლის 5 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა ახალი კონსტიტუციით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო.
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო ჯერ სამხედრო საბჭომ (ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თენგიზ კიტოვანი, „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი), შემდეგ კი სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც მოსკოვიდან დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში. სამხედრო საბჭომ ქვეყნიდან გააძევა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება და დაითხოვა უზენაესი საბჭო. მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე, საქართველო გახდა დსთ-ს წევრი, რამაც დიდი დაპირისპირება გამოიწვია როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში. საეჭვო ვითარებაში დაიღუპა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მოკლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია, გაგრძელდა ეკონომიკური ვარდნა და დამძიმდა კრიმინოგენური ვითარება. შევარდნაძეს არ ემორჩილებოდნენ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერები, რომელთა წინააღმდეგაც ცენტრალური ხელისუფლება მძიმე რეპრესიებს ახორციელებდა. 1993 წლის შემოდგომაზე ედუარდ შევარდნაძემ დააფუძნა „მოქალაქეთა კავშირი“ (თავისი ძალაუფლების საყრდენი ძალა მომდევნო ათი წლის განმავლობაში), რომლის ძალისხმევითაც 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც არსებითად შეცვალა როგორც ხელისუფლების სტრუქტურა, ასევე პარლამენტის არჩევის წესი და პირობები.
კონსტიტუციის მიღებიდან მალევე, 29 აგვისტოს, მაშინდელი პარლამენტის (იმელის) შენობის ეზოში ედუარდ შევარდნაძე ტერორისტული თავდასხმას გადაურჩა. თავდასხმის გამო დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს „მხედრიონის“ ლიდერები, უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანი თემურ ხაჩიშვილი და უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ ჩამოყალიბებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ხოლო თვითონ გიორგაძე რუსეთში გაიქცა.
„სამი წლის წინ ჩვენ ლეგიტიმური ხელისუფლება არც გვქონდა. გვქონდა სახელმწიფო საბჭო, მაგრამ სახელმწიფო არ გვქონდა. დღეს სახელმწიფო, ასე თუ ისე, გვაქვს. მართალია, ის სრულყოფას მოითხოვს, მაგრამ ლეგიტიმური ხელისუფლება და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ფაქტობრივად არსებობს. სამი წლის წინ ჩვენ გვქონდა მხოლოდ კანონი ხელისუფლების შესახებ, დღეს გვაქვს დემოკრატიული კონსტიტუცია“, - ედუარდ შევარდნაძე, 1995 წლის 2 ნოემბერი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის შემდეგი კანდიდატები:
- ედუარდ შევარდნაძე - საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, 1993-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს სახელმწიფოს მეთაური
- ჯუმბერ პატიაშვილი - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი (1985-1989).
- აკაკი ბაქრაძე - კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი
- პანტელეიმონ გიორგაძე - საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1993-2009)
- ქართლოს ღარიბაშვილი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი
- როინ ლიპარტელიანი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი
არჩევნების შედეგები:
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 106 557; არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა - 2 139 369 (68%)
ედუარდ შევარდნაძე - 74%
ჯუმბერ პატიაშვილი - 19,6%
აკაკი ბაქრაძე -1,5%
პანტელეიმონ გიორგაძე - 0,5%
ქართლოს ღარიბაშვილი - 0,47%
როინ ლიპარტელიანი - 0,37%
„პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში მშვიდ ვითარებაში, დემოკრატიული ნორმების დაცვით გაიმართა. არჩევნების დროს საქართველოში გამოვლინდა მეტი დემოკრატიზმი, ვიდრე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში“, - დიტერ ბოდენი, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი, 7 ნოემბერი
არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 11 ნოემბერს, ედუარდ შევარდნაძემ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა შს მინისტრი შოთა კვირაია, შევარდნაძის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი როგორც კრიმინალებთან, ასევე პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში.
„საჭიროა, რომ თითოეული ჩვენგანი ფხიზლად ვიყოთ, ფხიზლად იყოს მთელი მოსახლეობა: ეს ის ძალებია, პარლამენტში რომ შეეღწია, ქვეყნის ნგრევას შიგნიდან დაიწყებდნენ. ახლა კი კვლავ ქუჩით იმუქრებიან. 29 აგვისტოსაც და არჩევნების დღესაც აშკარად გამოვლინდა ვის და რომელ ძალებს უჭერს მხარს მოსახლეობა, ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც გზებითა და საშუალებებით ქვეყანა ახალი ქაოსისა და დესტაბილიზაციისაკენ წაიყვანონ, არის არა მარტო უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაული: მე ვთხოვ გენერალურ პროკურორს და, საერთოდ, იურისტებს, მისცენ ამ მოვლენას მკაცრი შეფასება კანონის ენაზე“ - ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს მე-2 პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა:
„გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენი მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე იქნება მეტად ნაყოფიერი და დიდი სიკეთის მომტანი ქვეყნისათვის, გვჯერა, ყველაფერს გააკეთებთ, რათა გამთლიანდეს ჩვენი ერი და აღსდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; გვჯერა, წინ აღუდგებით უზნეობას და ყოველგვარი ფსევდოკულტურის შემოჭრას საქართველოში; კვლავაც იქნებით შემწყნარებელი განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის, სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელით გულითადად გილოცათ ამ მაღალ და ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლეს და ღვთის სათნო, კეთილ საქმეთა აღსრულებას“ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
ინაუგურაცია
25 ნოემბერს პარლამენტის აღდგენილი შენობის წინ გაიმართა ინაუგურაცია, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ედუარდ შევარდნაძემ, ვიდრე ტრიბუნასთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თანხლებით მივიდოდა, მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავი მოინახულა. ტრიბუნასთან მისულმა შევარდნაძემ ხელი დაადო კონსტიტუციას და წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტის ფიცი:
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის, ჩემი მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
ფიცის დადების, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და საარტილერიო ზალპების გაშვების შემდეგ, საქართველოს მეორე პრეზიდენტმა საპროგრამო სიტყვა თქვა:
„<...> ქალბატონებო და ბატონებო! სამართლებრივი სახელმწიფო, ღია სამოქალაქო საზოგადოება, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა, ერის სულიერი და მატერიალური კულტურის ახალი რენესანსი, დემოკრატია, სუვერენიტეტი, თავისუფლება, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობა, – აი, ჩვენი უმთავრესი მიზნები და ამოცანები. მე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ამ მიზნების განსახორციელებლად. უახლოეს 5-10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა გახდება. ეს მართლაც ჭეშმარიტად ასე იქნება. ეს უნდა გვჯეროდეს!“
სვეტიცხოველში პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულმა ფიცმა დაასრულა ინაუგურაციის ცერემონია.
„მე დღეს ვიყავი მთაწმინდაზე, მამადავითზე, რომლის სახელი საქართველოს საღვთო ისტორიას უკავშირდება, თაყვანი ვეცი წმინდა ილია მართალს, პრეზიდენტისა და პარლამენტის სასახლის წინ კონსტიტუციური ფიცი დავდე ღვთის, ხალხისა და ქვეყნის წინაშე და გამოვაქვეყნე საქართველოს პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლა. სვეტიცხოველში საზეიმოდ ვაცხადებ: მე იმ ფიცს და პროგრამას, ჩემს საპრეზიდენტო აღთქმას ღვთისა და ერის წინაშე პირნათლად აღვასრულებ, მე ამას ვამბობ ვახტანგ გორგასლისა და ერეკლე მეორის წმინდა საფლავებთან“, - ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს მე-2 პრეზიდენტი
შევარდნაძის მეორე ვადა (2000-2003)
„ღირსეული ბევრია, არჩევანი - ერთი!“
2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, 1999 წ. 31 ოქტომბერს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა, თვალსაჩინო გახადა პოლიტიკური კრიზისი. მმართველმა პარტიამ, „მოქალაქეთა კავშირმა“, კრიმინოგენური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად კი გააუმჯობესა, მაგრამ კორუფციაში ჩაძირულმა ხელისუფლებამ ვერც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გადაჭრა და ვერც ენერგოკრიზისი დაძლია.
„ღირსეული ბევრია, არჩევანი - ერთი!“ - ასეთი იყო შევარდნაძის მთავარი საარჩევნო ლოზუნგი, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მას ხშირად უწევდა თავის მართლება:
„1992 წელს, როდესაც პირველად გავმართეთ პარლამენტისა და სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები, ხალხს აღვუთქვი, რომ ბოლოს მოვუღებდით სამოქალაქო ომს, ბანდიტიზმს, სხვა ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც აფორიაქებდა მოსახლეობას. ჩვენ შევძელით ამ ამოცანის შესრულება. 1995 წელს მე ხალხს, ჩემს კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად, დავპირდი, რომ ავაშენებთ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე. ჩვენ ავაშენეთ ახალი სახელმწიფო. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ საფუძველი შევქმენით და საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო შედგა. ანუ სიტყვა, რომელიც მივეცი მოსახლეობას, შევასრულე. არც ერთი დაპირება ყალბი არ ყოფილა. ახლა, უკვე მიღწეულის საფუძველზე, მთელი გამბედაობით ვაცხადებ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში მივაღწევთ დიდ, ნამდვილ გარღვევას ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების, პენსიების, ხელფასების, უფასო საშუალო განათლების, მკურნალობის შეღავათიანი პირობებისა და ა.შ. თვალსაზრისით. რაც მთავარია, ბოლოს მოვუღებთ სიღატაკეს და უმუშევრობას, ენერგეტიკულ კრიზისს. მე შევასრულე პირველი ორი დაპირება. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა გაცილებით მეტი ძალები გვაქვს. გაცილებით მეტი მეგობარი გვყავს უცხოეთში და შინაც მეტი ადამიანი მიჭერს მხარს“.
ედუარდ შევარდნაძემ საარჩევნო კამპანია 8 თებერვალს გელათიდან, დავით აღმაშენებლის საფლავიდან დაიწყო და 8 აპრილს, საგურამოში, ილიას მუზეუმში დაასრულა.
„ჩვენ მივდივართ ჩვენი დიდი წინაპრების - ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, დიდი დავით აღმაშენებლის, დიდი თამარის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდი ილიას გზით. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი თავისუფლების, ჩვენი ძლიერი, სისხლსავსე სახელმწიფოს გზა“.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ექვსი კანდიდატი:
ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს პრეზიდენტი
ჯუმბერ პატიაშვილი - 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძის მთავარი კონკურენტი ხმების 19%-ით.
ავთანდილ ჯოგლიძე
თენგიზ ასანიძე
ქართლოს ღარიბაშვილი
ვაჟა ჟღენტი
2000 წლის 9 აპრილის არჩევნებს მარტო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 1900-მდე მეთვალყურე აკვირდებოდა.
შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 088 925. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 75,8%-მა (2,343,176) .
- ედუარდ შევარდნაძე - 79,8%
- ჯუმბერ პატიაშვილი - 16,7%
- ქართლოს ღარიბაშვილი - 0,3%
- ავთანდილ ჯოგლიძე - 0,3%
- ვაჟა ჟღენტი - 0,3%
- თენგიზ ასანიძე - 0,1%
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გაიმართა, ხოლო ინაუგურაცია 30 აპრილს - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. შევარდნაძის ოპონენტების ნაწილმა ამგვარი „დამთხვევის“ უკან ხელისუფლების პოლიტტექნოლოგების უჩინარი ხელი დაინახა.
„1995 წელს ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღეს უნდა მოწყობილიყო მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო არჩევნებიდან მესამე კვირა დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტი ფიცს აღავლენდა ერისა და ქვეყნის წინაშე. ეს მესამე კვირა დღე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. გავრცელდა ხმა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. არა, ბატონებო, მაშინ, კონსტიტუციის მიღების დრამატულ დღეებში, ამ პროცესის მონაწილეებმა დანამდვილებით ისიც კი არ ვიცოდით, მივიღებდით კონსტიტუციას თუ არა, დამკვიდრდებოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი დამოუკიდებელ საქართველოში, თუ მას მხარდაჭერა არ ექნებოდა. მაშინ დასათვლელად არავის ეცალა“, - რუსუდან ბერიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (1997-2005 წწ.).
„შემთხვევით არაფერი ხდება“, - სწორედ ამ დამთხვევებზე გაამახვილა ყურადღება ილია II-მ სვეტიცხოველში, სადაც მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის დალოცვის საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.
„არ არის შემთხვევითი ის, რომ თქვენი ინაუგურაცია სწორედ აღდგომის დღესასწაულზე ხდება. ეს არის საგანგებოდ ღვთის ნიშანი, რომ აღდგომა და ფერისცვალება ელოდება სრულიად საქართველოს. ჩვენ უნდა ავაშენოთ თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ გამთლიანდეს სრულიად საქართველო. და როცა ჩვენ ვფიქრობთ მომავალ დემოკრატიულ საქართველოზე, ჩვენ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ მხოლოდ უცხო სტერეოტიპებით, უცხო მაგალითებით. ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი უნდა ავაშენოთ ჩვენს წარსულზე, არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, კულტურასა და ტრადიციებს. ამას ელოდება თქვენგან ჩვენი ხალხი, ბატონო პრეზიდენტო. დღეს წარმოთქმულ სიტყვაში თქვენ ბრძანეთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ სოციალურ პოლიტიკას და ეკონომიკას. ამას ელოდება სწორედ ჩვენი ხალხი თქვენგან“, - ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ერის გამთლიანება მისი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნებოდა.
„ვითხოვდი ახალ მანდატს. მე ეს მანდატი მივიღე და დღეს საჯაროდ ვაცხადებ, რომ მზად ვარ, განვახორციელო ახალი ხუთწლიანი პროგრამა! ერთიანი საქართველო, ერთიანი ერი! აი, ჩემი უმთავრესი ამოცანა და ცხოვრების მიზანი. ეს იქნება ძნელი ბრძოლა, მაგრამ მე მზად ვარ, ვიკისრო ისტორიული პასუხისმგებლობა. მე მოგახსენეთ, რომ იქნება ცვლილებები ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებში. ღირსეულად დაფასდებიან დამსახურებულნი, ზნეობრივად შეუბღალავი კადრები და აუცილებლად გავთავისუფლდებით ადამიანებისაგან, ვინც კორუფციის წუმპეში ჩაეფლო ან ჩაბარებული საქმის მართვაში ძველი კლიშეებით ხელმძღვანელობს, თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას. მაგრამ იცვლება რა ცხოვრება, უნდა იცვლებოდეს თვით პრეზიდენტიც, მუშაობის მისეული სტილი, მეთოდები და პრაქტიკა. აზროვნების მასშტაბებით, ნოვატორობით, შემოქმედებითი პოტენციალით იგი თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მოთხოვნებს უნდა უპასუხებდეს, მუდმივად წინ და წინ ილტვოდეს მხოლოდ“. - ედუარდ შევარდნაძე, 30 აპრილი, 2000 წ.
30 აპრილს, ინაუგურაციის დღეს საზეიმო ცერემონიის სტუმრებს შორის იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი თავის ვაჟიშვილთან, პატარა ედუარდთან ერთად. შევარდნაძე საგანგებოდ შეჩერდა თავის პატარა სეხნიასთან და მას საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა. ედუარდის მამა, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის შემდეგ თავად გახდა საქართველოს პრეზიდენტი.
III პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი
"იმისთვის, რომ საქართველო ათჯერ უკეთესი გახდეს“,
სააკაშვილის პირველი ვადა (2004-2008)
2004 წლის 4 იანვარს გაიმართა საქართველოში პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც წინ უსწრებდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, 2003 წ. 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის შედეგად თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტი შევარდნაძე. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, 45 დღეში დანიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.
4 იანვრის საარჩევნო კამპანია უკიდურესად პასიური და მოვლენებით ღარიბი იყო. პარტიებს, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს ვარდების რევოლუციას, ან დისტანცირებულნი იყვნენ მისგან (ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული აღორძინების კავშირი), არ წარუდგენიათ საპრეზიდენტო კანდიდატები. საარჩევნო კამპანიის უდავო ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც ძირითადად ფოკუსირებული იყო ხმის მიცემაში ფართო მონაწილეობის წახალისებაზე. საარჩევნო კამპანია ყველა რეგიონში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მმართველი ასლან აბაშიძე 28 დეკემბრამდე აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა არჩევნების ჩატარებას. აბაშიძემ აჭარის ტერიტორიაზე უკანონოდ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 3 იანვრამდე მოქმედებდა.
ასევე ნახეთ „ვარდების რევოლუცია“–20: ვიხსენებთ ყველაფერს2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობდა:
- მიხეილ სააკაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- როინ ლიპარტელიანი - „დავით აღმაშენებლის პარტიის“ თავმჯდომარე
- ქართლოს ღარიბაშვილი - ადვოკატთა პარტიის თავმჯდომარე
- ზურაბ ქელეხსაშვილი - პოლიტიკური ორგანიზაცია „მძლეველის“ კანდიდატი
- თეიმურაზ შაშიაშვილი - შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ეკავა იმერეთის მხარის გუბერნატორის პოსტი
- ზაზა სიხარულიძე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია
4 იანვრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მისცეს ხმა ილია მეორემ და მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
„დიდი იმედით ვუყურებ დღევანდელ არჩევნებს და ვფიქრობ, რომ ღვთის მფარველობით სამშვიდობო გზაზე გავალთ და საქართველოს ნათელი ხვალინდელი დღე ექნება“, - თქვა ილია მეორემ, რომელსაც არჩევნების დღეს საპატრიარქოში დაბადების დღის მისალოცად პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა. „იმ ფაქტში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პატრიარქის დაბადების დღეს ემთხვევა, მნიშვნელოვან ნიშანს ვხედავ“, - თქვა სააკაშვილმა. მან კათოლიკოს-პატრიარქს სიმბოლურად ოქროს ვარდი აჩუქა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილისთვის ხმის მიცემა, საარჩევნო უბანში მისულმა ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა:
„მე მგონი, ყველაფერი ნორმალურად იქნება. მიშას დასჭირდება მუშაობის სწავლა. იმიტომ, რომ პრეზიდენტობა არ არის მარტო სიტყვის წარმოთქმა. მთავარია მუშაობა, ადამიანებთან ურთიერთობის სკოლა უნდა გაიაროს, ურთულესი სკოლა. არა მარტო თანაშემწეებთან და მინისტრებთან, სხვა ადამიანებთანაც. მიშას ძალიან კარგი თვისება აქვს - ხალხთან კონტაქტის ნიჭი და უნარი აქვს. ახალგაზრდა კაცია, დიდი ენერგია და საკმარისი განათლებაც აქვს და, თუ მოინდომებს, იმუშავებს“.
„მე ძალიან ვღელავ, რადგან ვგრძნობ, რა დიდი პასუხისმგებლობა დამაწვა მხრებზე, მე მადლობელი ვარ ჩემი თანამებრძოლების - ქალბატონ ნინო ბურჯანაძის და ბატონ ზურაბ ჟვანიასი. მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, მთელი ქართველი ხალხის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ათჯერ უკეთესი გახდეს“, - მიხეილ სააკაშვილი, 2004 წლის 4 იანვარი, 20:00 სთ
პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ხმა მისცა ქუთაისის N59 საარჩევნო ოლქის 23-ე უბანზე.
„მინდა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს მივულოცო. როგორც მეუბნებიან, მან ხმა სააკაშვილს მისცა. ყოჩაღ! კარგია... მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ესენი მუდმივად ერთად იყვნენ. ყველაფერი რომ ვაპატიო შევარდნაძეს, ასეთი ხელისუფლების დატოვებას არ ვაპატიებ! <...> მიმაჩნია, რომ არჩევნები არ შედგა და დღეს მხოლოდ დანიშნული მთავრობა დაამტკიცეს. საარჩევნო უბნებში მოსახლეობის 50 პროცენტიც არ მივიდა და მათგან ყველა ახალ მატარებელში ჩაჯდომას რატომ მოინდომებდა?... ვიღაცას ჰგონია, რომ საარჩევნო ყუთებთან რიგები დგას. არადა ხმის მიცემას 5-10 წუთი სჭირდება. სწორედ ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქტივობა მაღალია“, - თეიმურაზ შაშიაშვილი, 2004 წ. 4 იანვარი
„რაიმე სერიოზულ ინციდენტსა და ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც უპრეცედენტო ამბავია საქართველოს უახლეს ისტორიაში. დარღვევების უმეტესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან დაუდევრობისა და არაორგანიზებულობის შედეგია“, - თამარ ჟვანია, „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოება“.
შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 231 986 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 963 556 (88 %)
- მიხეილ სააკაშვილი - 96,2% (1,890,739)
- თეიმურაზ შაშიაშვილი - 1,9% (36,716)
- როინ ლიპარტელიანი - 0,3%
- ზაზა სიხარულიძე - 0,2%
- ქართლოს ღარიბაშვილი - 0,2%
- ზურაბ ქელეხსაშვილი - 0,1%
„2004 წლის 4 იანვარს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აღინიშნა შესამჩნევი პროგრესით წინა არჩევნებთან შედარებით და მიაახლოვა ქვეყანა ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესრულებასთან. განსხვავებით 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისაგან, ხელისუფლებამ გამოავლინა კოლექტიური პოლიტიკური ნება, ჩაეტარებინა დემოკრატიული საარჩევნო პროცესი“, - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისია
ინაუგურაცია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა 2004 წლის 25 იანვარს: მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჩავიდა გელათში (დავით აღმაშენებლის საფლავზე), სადაც მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცვის შემდეგ საჩუქრად ილორის წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
„გელათი არის ის წმინდა ტაძარი, რომელიც აშენებული იყო წმინდისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებლის მიერ, სიმბოლო ქართველი ერის სიბრძნისა და გონიერებისა. დავით აღმაშენებელმა იავარქმნილი ქვეყანა ჩაიბარა... საქართველო დღესაც შეჭირვებულია. დღეს სრულიად საქართველო თქვენგან ღირსეული ქვეყნის შექმნას ელოდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის მადლით შევძლებთ საქართველოს გაერთიანებას. ქართველმა ხალხმა უდიდესი ნდობა გამოგიცხადათ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოღვაწეობა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ისმინოს ჩვენი თხოვნა და მადლი მოგანიჭოთ!“, - კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„დღეს ჩვენთან ერთად აქ იმყოფება საქართველოს უდიდესი მმართველის, დავით აღმაშენებლის სული. მე უნდა ვუთხრა მას და საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა პირს. დღეს საქართველო დანაწევრებულია, ქართველი ხალხი დამცირებულია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენი მტერი ამას ვეღარასოდეს მოესწრება. საქართველო არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. დღეს ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, გავერთიანდეთ, გავძლიერდეთ, აღვადგინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა... დავითის საფლავთან ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო გაერთიანდება, გაძლიერდება!“ - მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის საინაუგურაციო სიტყვა იყო ვრცელი:
„...საქართველოს უნდა ჰყავდეს ქმედუნარიანი და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობა. მთავრობა, სადაც ყველა მოქალაქეა წარმოდგენილი და სადაც თითოეული ქართველის ხმა შეისმინება. აქამდე ხალხი უსმენდა მთავრობას. დადგა დრო, მთავრობამ ძალიან ყურადღებით უსმინოს ხალხს. აქამდე მთავრობა იცავდა თავს ხალხისაგან. დადგა დრო, როცა მთავრობამ უნდა დაიცვას საკუთარი ხალხი და თითოეული მოქალაქე. აქამდე ხალხი ისჯებოდა მთავრობის უნიათობით და ჩვენ დავამტკიცეთ ამ მოედანზე სულ ცოტა ხნის წინ, რომ დგება მომენტი, როდესაც ხალხი დასჯის მთავრობას გამოჩენილი უნიათობისთვის და სამშობლოს სიყვარულის არქონისთვის. <...> დღეს მე ვხდები საქართველოს პრეზიდენტი. ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს, ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი ყველა გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში, ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს მომავალ თაობებს, იმ ოცნებას, რომელიც მათ აქვთ და ამ ოცნებების ახდენას. ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გამთლიანებას და გაძლიერებას. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს მფარველი!”
25 იანვარს, საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას N31 - საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების დადგენის შესახებ: პირველი რესპუბლიკის სამფერი დროშა ხუთჯვრიანმა შეცვლა.
"კონკურენტული, თუმცა არათავისუფალი"
სააკაშვილის მეორე ვადა (2004-2008)
2008 წლის 5 იანვარს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ, რაც 2007 წლის 25 ნოემბერს, თანამდებობიდან გადადგა მიხეილ სააკაშვილი.
5 იანვარს პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა პლებისციტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების თაობაზე. საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებით, ხოლო პლებისციტში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას.
წინაისტორია
2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ბლოკის მიერ ორგანიზებული ექვსდღიანი მიტინგის კულმინაცია იყო პოლიციის მიერ მომიტინგეების ძალისმიერი დაშლა. მომიტინგეები ითხოვდნენ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2008 წლის გაზაფხულზე, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნას და მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომას. 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა - მისი მტკიცებით, მიტინგები საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობის ნაწილი იყო. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა 2007 წლის 16 ნოემბერს, თუმცა მანამდე, 8 ნოემბერს სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეემცირებინათ მისი საპრეზიდენტო მანდატი.
„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 5 იანვარს; მოითხოვეთ ადრეული არჩევნები [მიმართავს ოპოზიციას], მიიღეთ კიდევ უფრო ადრეული არჩევნები; ეს არჩევნები ჩატარდება ჩვენი გრაფიკით და არა ჩვენი არაკეთილმოსურნეების გრაფიკით; მე ვარ პრეზიდენტი, რომელიც თავისი ნებით მეორედ იმცირებს თავის ვადას; ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები; საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებლები; რაც მოხდა გუშინ, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი, ეს იყო ერთადერთი და ადეკვატური პასუხი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაზე. ჩვენ დავიცავით არა მოქმედი ხელისუფლება, არამედ ქართული დემოკრატია, საზოგადოება, ქართული სახელმწიფოებრიობა“, - მიხეილ სააკაშვილი, მე-3 პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი გადადგა 2007 წლის 25 ნოემბერს, რითაც შესაძლებლობა მისცა პარლამენტს დაენიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი. ცვლილებები შევიდა საქართველოს საარჩევნო კოდექსში და გადაწყდა ჩატარებულიყო პლებისციტი ნატოში გაწევრიანებასა და საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღთან დაკავშირებით.
„პატარკაციშვილის დაკვეთა იყო ასეთი, რომ დაუყოვნებლივ დაგვენიშნა საპარლამენტო არჩევნები. ეს ნიშნავდა იმას, რომ როდესაც კოსოვოს საკითხი წყდება, როცა რუსეთმა ნათლად თქვა, თუ ამერიკა აღიარებს კოსოვოს, ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთსო, როდესაც ვიცით, რამხელა თემაა რუსეთისთვის საქართველოს შიდა პოლიტიკა, რთული და ფეთქებადსაშიში ვითარება გვაქვს ცხინვალში, აფხაზეთში, მე ძალიან სარისკოდ მიმაჩნდა და მიმაჩნია არჩევნების თემა საქართველოში. მაგრამ მე არ დავნიშნე საპარლამენტო არჩევნები, როგორც ისინი მოითხოვდნენ, დავნიშნე საპრეზიდენტო არჩევნები და პლებისციტი იმიტომ, რომ მე მაინტერესებს ქვეყნის განვითარება, ქვეყნის მოწესრიგება, ამიტომ ორი თვით ადრე დავნიშნე საპრეზიდენტო არჩევნები, სანამ რუსეთში ჩატარდება, ამიტომ მე შევკრიბე მთელი მთავრობა, რომ ქვეყნის აღმშენებლობა არ შეჩერდეს და სიტუაცია ხელიდან არ გავუშვათ“, - მიხეილ სააკაშვილი, 2007 წლის 27 ნოემბერი
არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა:
- მიხეილ სააკაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- ლევან გაჩეჩილაძე - დამოუკიდებელი დეპუტატი, ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო
- ბადრი პატარკაციშვილი - ბიზნესმენი, ნოემბრის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი
- დავით გამყრელიძე - პარტია „ახალი მემარჯვენეები“
- შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
- გია მაისაშვილი - „მომავლის პარტია“
- ირინა სარიშვილი - პარტია „იმედი“
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ხალხს არჩევნებზე მისვლა ურჩია და კარგად გააზრებული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება პატრიარქთან საუბარს დაუკავშირა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მილიარდერმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომლის მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია „იმედი“ დახურა სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს.
„რამდენიმე დღის წინათ, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ტელეფონით ვესაუბრე უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ჩვენ არ შევხებივართ არჩევნების საკითხს. მაგრამ ამ საუბარმა მე მომცა ძალა, განვაცხადო: მე მივიღე გადაწყვეტილება, არ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და გავაგრძელო ბრძოლა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად. ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა, დამოუკიდებელი პარლამენტითა და სასამართლოთი“, - ბადრი პატარკაციშვილი
მილიარდერი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო პროგრამა „შეხიდება, გარღვევა, გაბრწყინებული ქვეყანა“ გულისხმობდა 18 თვის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას, მათ შორის: თითოეული უმუშევრისთვის 50 ლარის გადახდას ყოველთვიურად, ყველა ოჯახისთვის 100 კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვას, ყურძნისა და ციტრუსების 2008 წლის მოსავლის შესყიდვას და ა.შ.
შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 527 964, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 982 318 (56%)
- მიხეილ სააკაშვილი - 53,4%
- ლევან გაჩეჩილაძე - 25,7%
- ბადრი პატარკაციშვილი - 7,1%
- შალვა ნათელაშვილი - 6,5%
- დავით გამყრელიძე - 4%
- გია მაისაშვილი - 0,8%
- ირინა სარიშვილი - 0,2%
ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა. მისი შტაბის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა დაახლოებით 110 000 ხმა (მთლიანი ხმების 6%). 6 იანვარს დავით გამყრელიძემ აღიარა საკუთარი დამარცხება და მოუწოდა ცესკოს, გამართულიყო მეორე ტური გაჩეჩილაძესა და სააკაშვილს შორის. მოთხოვნას შეუერთდნენ კანდიდატები - გია მაისაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. შალვა ნათელაშვილმა კი მოითხოვა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები იყო კონკურენტული, თუმცა არათავისუფალი. ანგარიში განსაკუთრებით აკრიტიკებდა დამატებითი სიებით ხმის მიცემის წესს, საარჩევნო უბნების 12-12%-ზე მარკირების გამოუყენებლობას, მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ასევე ცესკოს მიერ საარჩევნო დავების განხილვის წესსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ კენჭისყრის დასრულების შემდეგ მომხრეები რიყეზე შეკრიბა გაყალბების გასაპროტესტებლად და მეორე ტურის გამართვა მოითხოვა.
„სააკაშვილი იმდენს შეძლებს, ჩვენ ყველას გაგვაერთიანებს და თვითონ მარტო დარჩება. მიშა, ჩვენ კი არ მოვდივართ, არამედ მოვედით“, - ლევან გაჩეჩილაძე
ინაუგურაცია vs მიტინგი იპოდრომზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის ინაუგურაციის ცერემონიას თბილისი ორად გაყოფილი შეხვდა. ვინც ლევან გაჩეჩილაძეს მისცა ხმა, ის იპოდრომისკენ მიიჩქაროდა, ხოლო სააკაშვილის მომხრეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.
ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გახსნა.
„ჩვენ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, საქართველო არის ქვეყანა, როდესაც რთულ ვითარებაში ერს ყოფნის გამბედაობა, გონიერება, რომ მშვიდი, სწორი ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ერს აქვს სურვილი და მოთხოვნა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად და წარმატებულად განვითარდეს… მინდა ვუსურვო საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს გააერთიანოს საქართველო“, - ნინო ბურჯანაძე
მიხეილ სააკაშვილი, ფიცის დასადებად პარლამენტის შენობიდან კი არა, ხალხიდან ავიდა ტრიბუნაზე.
„ახლა ვდგავარ თქვენს წინაშე არა როგორც ერთი პარტიის, არამედ მთელი ერის წარმომადგენელი, ერისა, რომელსაც მტკიცედ აერთიანებს რწმენა, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ სამშობლო, ვაქციოთ იგი თავისუფალ, ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ. ეს არის პასუხისმგებლობა და მიზანი, რომელიც ჩვენს ხალხს აერთიანებს და ჩვენი ძალა ჩვენს ერთიანობაშია. როგორც პრეზიდენტი, მე გეკუთვნით თქვენ - საქართველოს ხალხს, თითოეულ თქვენგანს. ჩემი მოღვაწეობა ეძღვნება ჩვენი ხალხის, ჩვენი კონსტიტუციის დაცვას და პატივისცემას“, - მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილმა თავისი გამოსვლა, რომელსაც „უკანასკნელი საპრეზიდენტო ფიცი“ უწოდა, დაიწყო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გახსენებით და განაცხადა, რომ ეს არჩევნები იყო მთელი საქართველოს გამარჯვება.
ინაუგურაციის ცერემონიას 16-მდე ქვეყნის დელეგაცია დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ: ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტები; შვედეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; ჩეხეთის და თურქმენეთის პარლამენტის თავმჯდომარეები; აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრები; უკრაინის ვიცე-პრემიერი; აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი; საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი; დიდი ბრიტანეთის, ნატოსა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიაში.
პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერია, არამედ მთელი საქართველოს პრეზიდენტია. თავის საინაუგურაციო გამოსვლაში სააკაშვილი ოპოზიციასაც შეეხო, რომელიც პარალელურად თბილისის იპოდრომზე საპროტესტო აქციას მართავდა.
იპოდრომზე
„ჩვენ არანაირი მოლაპარაკება არ გვჭირდება. აგერ დგას ქართველი ხალხი და ამ ქვეყანაში ამ ქართველი ხალხის ხათრით და ამ ქართველი ხალხის გულის და სილამაზის ხათრით უნდა მოვიდეს სამართლიანობა, სამართლიანი არჩევნები და თავისუფალი მედია. თუ ეს არ იქნა, არ იქნება არანაირი არჩევნები და ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ საერთო სახალხო მოძრაობას გადავარქვათ ერთ მშვენიერ დღეს საერთო სახალხო აჯანყება“, - ლევან გაჩეჩილაძე, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი
„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი დევიზი იყო: არ გვეშინია. დღეს ჩვენ გვაქვს დევიზი: არ გავჩერდებით, არ შევეგუებით, უკან არ დავიხევთ“, - ზვიად ძიძიგური, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი
„სააკაშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი იმიტომ, რომ გაყალბებით მოვიდა სათავეში, იმიტომაა ამდენი ხალხი მოსული აქ“, - ნონა გაფრინდაშვილი, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი
19 იანვარს, ინაუგურაციის წინა დღეს გამოქვეყნდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში:
„საქართველოში 5 იანვარს ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანობაში შეესაბამებოდა ეუთოსა და ევროსაბჭოს ვალდებულებებსა და სტანდარტებს დემოკრატიულ არჩევნებზე. 5 იანვარს ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები არის პირველი კონკურენტუნარიანი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც საშუალება მისცა ქართველ ხალხს გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური ნება. თუმცაღა გამოვლენილ იქნა არსებითი გამოწვევები, რომელთაც დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს ყურადღება. საარჩევნო კამპანია გადაფარა საჯარო მოხელეებისა და ოპოზიციის აქტივისტების დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევებმა. ასევე ბუნდოვანი იყო განსხვავება მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიასა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს შორის“.
IV პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი
"მოვიდა ჭეშმარიტი დემოკრატია"
2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები, რითაც დასრულდა 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაწყებული კოჰაბიტაციის პერიოდი, როდესაც დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ რჩებოდა ქვეყნის პრეზიდენტად. 2013 წელს არჩეული მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა კონსტიტუციური შესწორება, რომლის მომზადება ჯერ კიდევ სააკაშვილის პარტიის მმართველობის პერიოდში დაიწყო და რომელმაც შეკვეცა პრეზიდენტის უფლებები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სასარგებლოდ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 23 კანდიდატი დაარეგისტრირა:
- თამაზ ბიბილური - დამოუკიდებელი
- გიორგი ლილუაშვილი - დამოუკიდებელი
- სერგო ჯავახიძე - დამოუკიდებელი
- კობა დავითაშვილი - ხალხის პარტია
- დავით ბაქრაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- აკაკი ასათიანი - დამოუკიდებელი
- ნინო ჭანიშვილი - დამოუკიდებელი
- თეიმურაზ ბობოხიძე - დამოუკიდებელი
- შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია
- გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
- ლევან ჩაჩუა - დამოუკიდებელი
- ნესტან კირთაძე - დამოუკიდებელი
- გიორგი ჩიხლაძე - დამოუკიდებელი
- ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
- ზურაბ ხარატიშვილი - დამოუკიდებელი
- მიხეილ-გელა სალუაშვილი - დამოუკიდებელი
- ქართლოს ღარიბაშვილი - დამოუკიდებელი
- მამუკა ჭოხონელიძე - დამოუკიდებელი
- ავთანდილ მარგიანი - დამოუკიდებელი
- ნუგზარ ავალიანი - საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
- მამუკა მელიქიშვილი - დამოუკიდებელი
- თეიმურაზ მჟავია - დამოუკიდებელი
- გიორგი მარგველაშვილი - ქართული ოცნება
პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და პარტია „საქართველოს გზის“ თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი ეთქვა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
შედეგები
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47%-მა და ხმები პრაქტიკულად სამ კანდიდატზე გადანაწილდა. 18-მა კანდიდატმა ამომრჩეველთა 1%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვა.
- გიორგი მარგველაშვილი - 62,1% (1 012 214)
- დავით ბაქრაძე - 21,7 % (354 206)
- ნინო ბურჯანაძე - 10,2 % (165 933)
- შალვა ნათელაშვილი - 2,9 % (46 958)
- გიორგი თარგამაძე - 1,06 % (17 343)
„პროცესს - როგორც კენჭისყრას, ასევე შედეგების დათვლას - ვაფასებთ დადებითად. ყველა კომპონენტში ხარისხი არის გაუმჯობესებული. გვხვდება ნაკლები დარღვევა, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი თვალსაზრისით. რეალურად ჩვენ იდენტიფიცირება გავუკეთეთ 12 საარჩევნო უბანს, სადაც დარღვევები ხდებოდა მრავალჯერადად“, - ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოება“
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ არჩევნების დროს საქართველოში შეიქმნა გარემო, სადაც მოსახლეობას შეეძლო ხმა გაცილებით თავისუფლად მიეცა. ასევე მოსახლეობას მედიისგან ინფორმაცია მიეწოდებოდა რეგულაციის გარეშე როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე არჩევნების დღეს. გარდა ამისა, ჩვენი შეფასებით, უბნების გახსნის, ხმების მიცემისა და დათვლის პროცესი პოზიტიური იყო“, - მატეო მეკაჩი, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
ინაუგურაცია
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა 2013 წლის 17 ნოემბერს. საზეიმო ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ წინა პრეზიდენტები - მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, თუმცა ისინი ღონისძიებას არ დაესწრნენ.
ცერემონია პარლამენტის შენობის შიდა ეზოში 13:00 საათზე დაიწყო. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებმა და უცხოურმა დელეგაციებმა, საქართველოს პატრიარქმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა 12 საათისათვის მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს. გიორგი მარგველაშვილი საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნასთან მივიდა და საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადო:
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ტრიბუნასთან კათოლიკოს-პატრიარქი, მოქმედი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დახვდნენ.
საქართველოს ჰიმნის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი და მთავარსარდალი ჯერ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მიესალმა, შემდეგ - შეკრებილ ხალხს:
„დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და საქართველოში დაიწყო თანამედროვე დემოკრატიის მშენებლობის პროცესი, რაც ახალი ევროპული ტიპის პოლიტიკური კულტურის დასაბამია. <...> ევროკავშირთან დაახლოებასა და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მიაღწია. <...> საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური განვითარების გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს, ეს კი, საბოლოოდ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა“.
ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი - ბრძანების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულება დააკისრა.
„დასრულდა ავტორიტარული რეჟიმის დრო, რომელიც დაფუძნებული იყო ძალადობასა და სიცრუეზე და დღევანდელი ინაუგურაციის შემდეგ მოვიდა ჭეშმარიტი დემოკრატია. ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ევროპული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გვეყოლება ასეთივე მთავრობა. საქართველოში დაიწყო ახალი ეპოქა და ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობას“, - ბიძინა ივანიშვილი
V პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი
"ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება - ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი"
საქართველოს პრეზიდენტის რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ორ ტურად: პირველი ტური გაიმართა 2018 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო მეორე ტური - 28 ნოემბერს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდა პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი: N5 გრიგოლ ვაშაძე; N48 სალომე ზურაბიშვილი.
2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი გამოთქვა სულ 46-მა კანდიდატმა:
- სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი
- გრიგოლ ვაშაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო
- შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
- დავით უსუფაშვილი - შენების მოძრაობა
- ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი
- კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო
- გიორგი ანდრიაძე - დამოუკიდებელი
- თეიმურაზ შაშიაშვილი - დამოუკიდებელი
- თამარ ცხორაგაული - თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა
- ბესარიონ თედიაშვილი - დამოუკიდებელი
- მიხეილ-გელა სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი
- ლევან ჩხეიძე - ახალი ქრისტიან-დემოკრატები
- აკაკი ასათიანი - საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი
- ვახტანგ გაბუნია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
- გელა ხუციშვილი - საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური კავშირი
- კახაბერ ჭიჭინაძე - დამოუკიდებელი
- მიხეილ ანთაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
- გიორგი ლილუაშვილი - საქართველო
- ზვიად მეხატიშვილი - საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
- ოთარ მეუნარგია - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
- ვლადიმერ ნონიკაშვილი - დამოუკიდებელი
- ირაკლი გორგაძე - მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
- ზვიად ბაღდავაძე - სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო
- ზვიად იაშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
2018 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც ვადის ბოლოს დაეძაბა ურთიერთობა მმართველ „ქართულ ოცნებასთან“.
„ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს. <...> დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ შეარყიოს მისი მმართველობა“, გიორგი მარგველაშვილი, 2018 წ. 31 აგვისტო
2018 წლის 6 აგვისტოს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ მმართველი პარტია არ წარადგენდა თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე და მხარს დაუჭერდა რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს. 9 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს.
2018 წლის 15 ივლისს ათმა ოპოზიციურმა პარტიამ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი საქართველო, ახალი საქართველოსთვის, სახელმწიფო ხალხისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ევროპელი დემოკრატები, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის და საქართველო ლიდერთა შორის) ჩამოაყალიბა კოალიცია „ძალა ერთობაშია“, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
2018 წლის 21 ივლისს „ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დაასახელა დავით ბაქრაძე - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 518 877
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 647 878 (46%)
I ტური
- სალომე ზურაბიშვილი - 38,64%
- გრიგოლ ვაშაძე - 37,74%
- დავით ბაქრაძე - 10,97%
არჩევნების I ტურის დასრულების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მმართველი პარტიის გულნატკენ და გაბრაზებულ მომხრეებს მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არაერთხელ გამოუჩენია. მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!“ - ბიძინა ივანიშვილი, 5 ნოემბერი
II ტური
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 537 719
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 975 845 (56%)
- სალომე ზურაბიშვილი - 59,52%
- გრიგოლ ვაშაძე - 40,48%
„ჩვენი იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომელსაც შევიტანთ სასამართლოში. ჩემი მოთხოვნაა არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად. ამას არ შევურიგდებით“, - გრიგოლ ვაშაძე
„არჩევნებმა სხვადასხვა პროცედურული დარღვევების ფონზე, თუმცა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. კენჭისყრის დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა, კერძოდ: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, მარკირების პროცედურის დარღვევა, ბიულეტენებთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევები, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის ცალკეული შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვ. ამ არჩევნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ პარტიული აქტივისტები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი უბნებზე და ამომრჩევლებს საკუთარ მხარდამჭერთა სიებს ადარებდნენ, რაც შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც მათზე განხორციელებული ირიბი ზეწოლა“, - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინაუგურაცია
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007- 2012 წწ.) ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.
ცერემონიის მსვლელობისას გამოვიდნენ საჯარისო ქვედანაყოფების მედროშეები, შემდეგ - მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოტანილ კონსტიტუციაზე, რომელიც ბიბლიაზე იდო.
ფიცის დადების შემდეგ ძალაში შევიდა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.
„აქ, თელავში, დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, - საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, მტრის განზრახვამ. თუმცა, დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, დღეს ჩვენ წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია. თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა. ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი“, - სალომე ზურაბიშვილი, საინაუგურაციო სიტყვა, 2018 წ. 16 დეკემბერი