საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში - მწვავე შეფასებების ფონით

სტრასბურგი

ევროპარლამენტარების ბოლოდროინდელი მწვავე განცხადებების ფონზე, ახლოვდება 19 მაისიც - დღე, როდესაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ. გამოქვეყნებული რეზოლუციის პროექტი ეფუძნება საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებლის, ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის ანგარიშს - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. ბოლო ვერსია 23 მარტით თარიღდება. 20 მაისს იწურება ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა. ტექსტში შეშფოთებაა გამოხატული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გამო.

„სასამართლოსთან დაკავშირებული სიტუაცია კვლავაც შემაშფოთებელია მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების ნაკლოვანებების და ოპოზიციის წინაღმდეგ მიმართული რიგი საქმეების გამო, რამაც გამოიწვია შეშფოთება მართლმსაჯულების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. საქართველოსთვის შეთავაზებულია შეასრულოს რეკომენდაციები საერთაშორისო პარტნიორებისა, როგორიც არის - ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR)“ - ვკითხულობთ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებლის სვენ მიკსერის ანგარიშის ძირითად მიგნებებს ასახავს.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგის თანახმად, კორონავირუსის საფრთხის გამო გაჭიანურებული პროცესი რამდენიმე დღეში უნდა დაიძრას. საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის თარიღად ამჯერად 19 მაისია მითითებული. გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს ანგარიშის მიმოხილვას და მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ რეზოლუციის პროექტს. სხდომაზე გატანის სავარაუდო თარიღად 8 ივლისი სახელდება.

ასევე ნახეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტმა რეზოლუცია ვერ დაამტკიცა

ანგარიშის მიმოხილვაში აღნიშნულია, საქართველოს პროგრესი მაგალითად, რეფორმებისა და კანონმდებლობის დახვეწის კუთხით და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების სახით. თუმცა, როგორც ანგარიში, ასევე რეზოლუციის პროექტიც ასახავს მთელ რიგ პრობლემურ საკითხებს.

რეზოლუციის პროექტში წერია:

  • (ევროპარლამენტი) „გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული იმ საქმეების გამო, რომლებმაც ხელი შეუწყეს უნდობლობის გაზრდასა და დაძაბულობის გამწვავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის; ასევე გამოიწვიეს პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია“;
  • (ევროპარლამენტი) „მოუწოდებს საქართველოს პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სამართალწარმოების უმაღლეს სტანდარტებს, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“;
  • (ევროპარლამენტი) „მოუწოდებს (საქართველოს) გადახედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს, რათა ნებისმიერ ახალ დანიშვნამდე უზრუნველყოფილ იქნას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება“;
  • (ევროპარლამენტი) „წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლოდროინდელი შერჩევის პროცედურას სერიოზულ ნაკლოვანებები ჰქონდა“.

ტექსტში ასევე აღნიშნულია პოლიტიკაში ანტაგონიზმის და პოლარიზაციის შემცირებისა და ასევე, კონსტრუქციული თანამშრომლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებში და კერძოდ - პარლამენტში. ამ კუთხით წუხილია გამოხატული 2020 წლის 13 თებერვლის მოვლენის გამო, როდესაც ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მე-9 სხდომაზე, სტრასბურგში, ვერ დაამტკიცა დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები.

ანგარიში მომზადებულია საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად.

ასევე ნახეთ “გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - ხელისუფლებას ევროპარლამენტარი ანჟეი ჰალიცკი მიმართავს

23 მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი საქართველოში გამწვავებულ დაპირისპირებაზე 8 მარტის შეთანხმების გარშემო. თუკი ევროპარლამენტარების ბოლო პერიოდის მწვავე განცხადებებს გავითვალისწინებთ, ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ დარჩება.

მოსალოდნელია, რომ რეზოლუციის პროექტის ამჟამინდელ ტექსტში შევა ცვლილებები. მათი წარდგენის ბოლო ვადად 20 მაისის 17:00 საათია მითითებული. პროცესი უკვე დაწყებულია. წინასწარი მოლოდინის თანახმად, რეზოლუციის საბოლოო ტექსტი მწვავე იქნება.

  • ანგარიშის ძირითადი ავტორი საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი, ესტონელი ევროპარლამენტარი, სვენ მიკსერი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ წარმომადგენელია. სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახს განეკუთვნება „ქართული ოცნებაც“.
  • ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამოიკვეთა მიკსერის შეშფოთება საქართველოში გამწვავებული შიდაპოლიტიკური ვითარების გამო და ასევე - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების გამო.
  • 10 მარტს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში კი, წამყვანი ევროპარლამენტარები (და მათ შორის - სვენ მიკსერი) მიესალმებოდნენ 8 მარტის შეთანხმებას და ხაზს უსვამენ ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.

ასევე ნახეთ გიორგი გახარია: მოდით ასე შევთანხმდეთ, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არ არსებობენ, წერტილი!

მას შემდეგ, რაც არ შესრულდა „ქართულმა ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დადებული პირობა - 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოს ხელისუფლება, ამერიკელების გარდა, ევროპელების მწვავე კრიტიკის სამიზნედაც იქცა. შეფასებები გაამძაფრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების ფაქტებმა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ კი, ტონი მნიშვნელოვნად შერბილდა და კმაყოფილებაც გამოითქვა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც 8 მარტის შეთანხმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მართლმსაჯულების პოლიტიზების საკითხის გამო პროცესი ჩიხში შევიდა, ევროპარლამენტარების ტონი ისევ გამკაცრდა და, ამერიკელების შემდეგ, მათ ლექსიკონშიც გაჩნდა ტერმინი „პოლიტპატიმრები“.

ასევე ნახეთ გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის კრიტიკას პასუხობს

საქართველოს ხელისუფლების განმარტებების თანახმად, საერთაშორისო პარტნიორების ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის სურვილი ამოძრავებს, ნაწილი კი - არასწორ ინფორმაციას ფლობს.