31 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ბრიუსელში თავის პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელში ისევ შეახსენებენ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობას. რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით? შესაძლებელია თუ არა მეტი მოთხოვნა და მეტის მიღება? რა როლს ასრულებს დემოკრატია?
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო საომარი დაპირისპირების ფონზე, საქართველოსთვის უსაფრთხოების მეტი გარანტიის აუცილებლობას ხედავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა საქართველო ნატოს ქვეყნებს კონკრეტულ, პრაქტიკულ ინიციატივებზე უნდა ელაპარაკებოდეს.
„საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება დაცულობის გარანტიები და დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ალიანსის თანადგომა... როცა დამხმარე ქვეყნები სომხეთსაც (რუსეთის სახით) ჰყავს და აზერბაიჯანსაც (თურქეთის სახით), აუცილებელია, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების იმგვარი გარანტიები, რომლებიც რუსეთს არ მისცემს ამ სიტუაციაში ჩვენს ტერიტორიაზე რაიმე სახის პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობას... ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს განსაკუთრებით“.
ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნატოსთვისმთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო პერიოდში არაერთხელ განახლებული სამხედრო დაპირისპირებების ფონზე, ექსპერტების ერთი ნაწილი ალიანსში საქართველოს უფრო სწრაფად გაწევრიანების მოთხოვნის საფუძველსაც ხედავს.
როგორც, მაგალითად, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველო აქტიურად უნდა ცდილობდეს ალიანსის წევრი სახელმწიფოების დარწმუნებას, რომ - ამ ვითარებაში საქართველოს ნატოში გაწევრიანება „მთლიანად შეცვლის რეგიონის სტრატეგიულ დინამიკას და შეამცირებს რუსეთის მანევრირების სივრცეს“.
29 სექტემბერს, როცა ბრიუსელში ერთობლივ პრესკონფერენციას მართავდნენ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არც ნატოს გენერალურ მდივანს უხსენებია და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრს. რუსეთის ზეგავლენების გაზრდის საპირწონედ ნახსენები იყო მხოლოდ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია და ამ ჭრილში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
თუკი იენს სტოლტენბერგის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ეს ამ ეტაპზე ნიშნავს:
- რეგიონში ავიამიმოსვლის სარადარო მონაცემების ეფექტიანად გაცვლის მექანიზმების შემუშავებას;
- სანაპირო დაცვის სტრუქტურების მხარდაჭერას;
- ნატოს ხომალდების ვიზიტებს პორტებში;
- ერთობლივ სამხედრო წვრთნებს რეგიონში;
- კიბერშეტევებთნ ბრძოლას.
„ეს არის კარგი საქართველოსთვის და ნატოს მოკავშირეებისთვის იმ რეგიონში, სადაც ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლობის არსებით ზრდას " - თქვა იენს სტოლტენბერგმა და „არსებითი პაკეტის“ განახლების შესაძლებლობაზეც ილაპარაკა.
გიორგი გახარიას თქმით კი, საქართველოსთვის „შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოადგენს შესაძლებლობის ფანჯარას იმისთვის, რომ ნატოსთან გავაღრმავოთ ურთიერთობები“ და ძალიან მნიშვნელოვანია „საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში“.
ასევე ნახეთ იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმირებაგიორგი გახარიამ 29 სექტემბერს ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დამაიმედებელია, რომ ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკა კვლავაც ძალაში რჩება.
როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში?
ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ ისევ არ არსებობს. იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს „ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენება, ნატოსთან კიდევ უფრო დასაახლოებლად და წევრობისთვის მოსამზადებლად“.
ეს სიტყვები ნატოს გენერალურმა მდივანმა მაშინ წარმოთქვა, როცა ის რეფორმების გაგრძელებისა და მომავალი არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა. მისი აზრით, განსაკუთრებით მისახედია:
- სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირება;
- და ძალოვანი სტრუქტურებზე სრული დემოკრატიული კონტროლის უზრუნველყოფა.
იმისათვის, რომ ქვეყანამ მტკიცედ მოითხოვოს წევრობა და მეტი ინტეგრაცია, მის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა ჰქონდეთ არც ნატოში და არც ევროკავშირში - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე.
იენს სტოლტენბერგის სიტყვების გარდა, ის იხსენებს ევროპარლამენტის მოწოდებას ბოლო რეზოლუციიდან, რომ საქართვლოში „დაყოვნების გარეშე გადაწყდეს ყველა გადაუჭრელი პოლიტიზებული სასამართლო პროცესი“.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მართლა ოპოზიციის ნათქვამს კი არ იმეორებენ, როგორც (ამას ხშირად ხელისუფლება აცხადებს). არამედ, მათ ჰყავთ თავიანთი მისიები და თავიანთი წყაროები. ნატოც ყოველთვის დადასტურებულ, სანდო ინფორმაციებს ეყრდნობა...
უნდა გვესმოდეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას არ წყვეტს მხოლოდ სამხედრო რეფორმების, თავსებადობისა და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის საკითხები... ასევე აუცილებელია მტკიცე დემოკრატიული რეფორმები... ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებითაც. ეს არ არის თეორია, ეს ნატოს ისტორიაა“ - ამბობს მუჩაიძე.
ასევე ნახეთ ძალადობა არჩევნების წინიენს სტოლტენბერგმა 29 სექტემბერს საქართველოს მიერ დემოკრატიის განვითარების და რეფორმირების გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესიც აღნიშნა და გიორგი გახარიას პერსონალური მადლობაც გადაუხადა თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის.
ამ აქცენტებით კმაყოფილი დარჩა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი - „კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, სტოლტენბერგს სერიოზული მხარდამჭერი განცხადებებისთვის“.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, სესიაშვილი დარწმუნებულია იმაშიც, რომ არჩევნები საქართველოში „სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩაივლის“ და თუმცა ამ კუთხით მეტი პასუხისმგებლობა ოპოზიციას მოეთხოვება.
„ბატონი სტოლტენბერგის განცხადებები ასევე კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა. როცა ვსაუბრობთ მშვიდობიან გარემოზე, სწორედ ჩვენს ოპონენტებს მოეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ მათი მხრიდან მომდინარეობს უმეტეს შემთხვევაში პროვოკაცია და მათ აქვთ სურვილი, რომ არჩევნებმა არ ჩაიაროს სათანადოდ მშვიდობიან გარემოში, რომ ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური პრეტენზიები რათა გაამართლონ თავიანთი პოლიტიკური მარცხი".
რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, სულ უფრო იზრდება ოპოზიციის შეშფოთება მათ წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო. ბოლო პერიოდში აღრიცხულ ფაქტებს 27-28 სექტემბერს, ოპოზიციის მისამართით საარჩევნო კამპანიის დროს ქვებისა და სავარაუდოდ ე.წ. „კისტის თოფის“ სროლაც დაემატა.
რამდენიმე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.
ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის შეთანხმებასარჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 29 სექტემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურათა ხელმძღვანელ პირებთანაც ილაპარაკა.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის დროს გახარიამ აღნიშნა, რომ "საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 3 ძირითადი პრიორიტეტი დაისახა: დემოკრატიული განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცება და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესება".