შოვის შემდეგ… დაბნეული მუნიციპალიტეტები სტიქიების პირისპირ

სტიქია შოვში. 7 აგვისტო, 2023 წ.

სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნებულია პლატფორმა “კაქტუსზე”.

საქართველოს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები მზად არ არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ სტიქიებთან გასამკლავებლად. რეგიონებში არც შეტყობინებების სისტემები არ აქვთ და არც ღრმა ცოდნა მათ საჭიროებაზე.

იმის გამო, რომ ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემა არ არის აწყობილი, ერთი მხრივ, მატულობს მსხვერპლის ალბათობა, მეორე მხრივ კი, ზიანის აცილების ნაცვლად, ასეულობით მილიონი ლარი ზარალის ანაზღაურებაზე იხარჯება.

გარდა ამისა, ბუნებრივი სტიქიების მართვის პროცესი საქართველოში ისევ ცენტრალიზებულია - რეგიონები დედაქალაქზე არიან დამოკიდებულნი, თბილისი კი ვერც სწრაფია და არასრულია მისი მონაცემებიც გარემოზე.

მაშვლები აქრობენ ხანძარს ბორჯომში. მუნიციპალიტეტს სამაშველო ოპერაციაში ცენტრალური მთავრობა დაეხმარა. 2022 წლის 24 აგვისტო

თვითმმართველი ქალაქი თბილისი
მოსახლეობის რაოდენობა: 1 108 717
ფართობი: 502 კვადრატული კილომეტრი

როდესაც 2024 წლის 29 მაისს თბილისში თავსხმა წვიმა მოვიდა, დედაქალაქის ოთხი უბანი: დიდუბე, ჩუღურეთი, მთაწმინდა და საბურთალო განსაკუთრებით დაზარალდა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, რამდენიმე ადგილას ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია. იმ დღეს სოციალურ მედიაში ვირუსული გახდა თბილისელების გადაღებული ათეულობით ფოტო და ვიდეო.

„გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს, - იმავე ღამეს დაიწერა საპასუხო პოსტი მერიის ფეისბუკის გვერდზე, - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წერეთლის გამზირზე სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს.”

იმის დასტურად, რომ წერეთლის გამზირზე სანიაღვრე სისტემა გამართულია, მერიამ ეს ფოტოც გამოაქვეყნა. 2024 წლის 30 მაისი

სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი” - თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგებზე ფეისბუკ-LIVE-ში ილაპარაკა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის იანვრიდან დაიწყო. პროცესი შეფერხდა, თბილისის მერიამ აღიარა, რეაბილიტაცია უხარისხოდ მიდიოდა და კონტრაქტორების შეცვლა მოგვიწიაო. საბოლოოდ, გამზირი აპრილში გაიხსნა და მისი განახლება ქალაქის ბიუჯეტს 29,3 მილიონი ლარი დაუჯდა.

6 ივნისს “კაქტუსმა” თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით ჰკითხა, ჰქონდა თუ არა დედაქალაქს სტიქიების დროს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.

ამ წერილზე მერიამ 21 ივნისს, დაგვიანებით, გვიპასუხა, რომ ინფორმაცია გამოითხოვა „შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან“ და პასუხის მიღებისთანავე გამოგვიგზავნიდა, თუმცა წერილზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ თბილისის მერიას აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის პროექტი, თუმცა საკრებულოს დოკუმენტი ჯერ არ დაუმტკიცებია.

ეს ფოტო თბილისის მერიამ 28 მაისს გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ აკვირდება და აკონტროლებს მდინარე ვერეს ხეობას, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ფოტოზე ჩანს ცხაურები, რომლებიც აკავებს ჩამოტანილ ხეებს და შლამს.

რა არის ადრეული გაფრთხილების სისტემა

ადრეული, იგივე წინასწარი შეტყობინების სისტემა, მოსალოდნელი სტიქიის შესახებ გაფრთხილებების წინსწრებით გაცემას გულისხმობს.

ადრეული შეტყობინების სისტემა წინასწარ განჭვრეტს მოსალოდნელ სტიქიას და პროგნოზირებისას მეცნიერულად დასაბუთებულ ვარაუდს ეყრდნობა. ამ ვარაუდს კი აფუძნებს, მაგალითად, სინოპტიკური რუკების, ჰიდროლოგიური მოდელების, ამინდის პროგნოზების, მყინვარებზე სატელიტური და რადარული დაკვირვების მონაცემების რთულ ანალიზზე.

ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორებიცაა, მაგალითად, კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, მეწყერი ღვარცოფი ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ დროს მსხვერპლის თავიდან აცილება ან შემცირება მხოლოდ განგაშის სისტემას შეუძლია.

განგაში შეიძლება სხვადასხვა პერიოდის წინსწრებით ატყდეს, განგაში შეიძლება იყოს:

  • ზემოკლე - რამდენიმე საათი;
  • მოკლე - ერთი დღე-ღამე;
  • საშუალო - სამი დღე-ღამე;
  • გრძელვადიანი - სამ დღე-ღამეზე მეტი.

შოვის სტიქიის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრმა თქვა, რომ სახელმწიფომ 150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური შეიძინა და ნაწილი დაამონტაჟა კიდეც.

„ეს პროცესი გრძელდება”, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 14 მარტისთვის, გაიმართა 90 სადგურ-საგუშაგო და ისინი თანდათან შეუერთდება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სისტემას. სააგენტომ დაზუსტებით არ უპასუხა კითხვას, 90-ივე სადგური აგზავნის თუ არა განგაშის სიგნალს.

საქართველოს მთავრობას გაეროს განვითარების პროგრამა [UNDP] და კლიმატის მწვანე ფონდი [GCF] ეხმარებიან შეიმუშაოს და დანერგოს მართვის ისეთი სისტემა, რომელიც მუდმივი დაკვირვებისა და ანალიზის წყალობით, სარისკო რეგიონებს მოამზადებს მოულოდნელი, სწრაფი სტიქიური უბედურებების დადგომამდე.

2021 წლიდან გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა:

  • 10 თოვლის მეტეოროლოგიური სადგური;
  • 12 მეტეოროლოგიური სადგური;
  • 73 მეტეოროლოგიური საგუშაგო;
  • 44 ჰიდროლოგიური საგუშაგო;
  • 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური.

მიმდინარე წლის 2 ივნისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. მას უნდოდა საქართველოში დამონტაჟებული ამინდის პროგნოზირების ყველა წერტილიდან მიღებული მონაცემების შეჯამებისა და ანალიზის სპეციფიკური სერვისის ყიდვა და ამაში 3 660 000 ლარს იხდიდა.

ტენდერში არ შედგა.

ბოლოს სააგენტომ პირდაპირ გააფორმა ხელშეკრულება ქართულ კომპანია “ელკოსთან”, რომელიც, თავის მხრივ, ფინეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობს და მათ გამოცდილებას გაიზიარებს.

„მივიღებთ გაუმჯობესებულ ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინებების აპლიკაციას. ეს აპლიკაცია გვექნება წელიწადსა და სამ თვეში”, - გვითხრა ვასილ გედევანიშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია [World Meteorological Organization, WMO] ამინდის პროგნოზირების გლობალურ მოდელს ადგენს, მათ შორის ცალკეული ქვეყნებიდან მოწოდებულ ცნობებზე დაყრდნობითაც.

“მალე აეროზონდსაც გავუშვებთ - ფოთში უკვე ავაშენეთ ამისთვის შენობა. აეროზონდი არის სენსორული ბუშტი, რომელიც 30 კილომეტრის სიმაღლიდან მოგვცემს მონაცემებს ქარის სიჩქარის, ღრუბლების გადაადგილებისა და წნევის შესახებ, რომელიც გააუმჯობესებს [ამინდის პროგნოზირების] ჩვენს [ლოკალურ] მოდელს,” - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

არ გაგვიგია… გაგვიგია, მაგრამ ჯერ არ გვაქვს - რა იციან მუნიციპალიტეტებმა ადრეული შეტყობინების სისტემაზე

„კაქტუსმა“ აირჩია ბუნებრივი კატაკლიზმების თვალსაზრისით მაღალი რისკის 13 ზონა და მათ მუნიციპალიტეტებს სთხოვა, აღეწერათ თავიანთი ხედვა, რა არის ადრეული შეტყობინების სისტემა და როგორ მუშაობს ის მათთან. მუნიციპალიტეტების ნაწილმა არ გვიპასუხა, უმრავლესობამ კი ზოგადი და მწირი ცნობები მოგვცა.

ონის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
მოსახლეობა: 6 130 ათასი
ფართობი: 1326,3 კვადრატული კილომეტრი

“[საგანგებო სიტუაციების მართვის] გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა და დასრულებული ვერსია იქნება 1 ოქტომბრისთვის”, - გვიპასუხეს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ და მის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის გარეშე მყოფმა მუნიციპალიტეტმა სახიფათო გადაწყვეტილება მიიღო.

7 ივლისს, სამეცნიერო საველე გასვლისას, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ აღმოაჩინა, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღვარცოფულ მდინარე ღარულის ჭალაში, საბავშვო ბაღი შენდებოდა.

ონის მერია ამბობს, რომ მშენებლობის დაწყებამდე გეოლოგებმა ტერიტორია შეამოწმეს და „დადებითი დასკვნა“ გასცეს.

“მდინარე ღარულაზე ჩატარდა კაპიტალური ნაპირსამაგრი სამუშაოები და მოეწყო რკინა-ბეტონის დამცავი ნაგებობა, რომელიც დაიცავს სამშენებლო ტერიტორიას”, - გვითხრეს ონის მუნიციპალიტეტში, როცა თეა გოდოლაძის ვიდეოს ნახვის შემდეგ, მათ საჯარო ინფორმაციის წერილი და ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი მოვთხოვეთ.

ასევე ნახეთ რატომ რისკავენ? - საბავშვო ბაღი ღვარცოფული მდინარის პირას

ონის მერიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მდინარის კალაპოტის სიახლოვეს საბავშვო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით და მათთან შეთანხმებით გადაწყდა და მშენებლობა კი “ე. წ. „დიზაინ ბილდის“ [პროექტირება და მშენებლობა ერთდროულად - რედ.] მეთოდით მიმდინარეობს.

მაშველები შოვში, დაკარგული ადამიანების ძებნის პროცესში. 2023 წლის 4 აგვისტო

მესტიის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი
მოსახლეობა: 9 316 ათასი
ფართობი: 3 067 კვადრატული კილომეტრი

მესტიის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურული სამსახურის უფროსმა ლალი გულედანმა “კაქტუსს” უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემა ლენჯერის თემში გამართეს და 2023 წლის შემოდგომიდან ცდიან, თუმცა განგაშის სიგნალი ამ დრომდე არ მიუღიათ.

“როგორც კი დასკვნა დაიდება, რომ [სისტემა] კარგია და ვარგა, ოფიციალურად ჩაირთვება”, - თქვა ლალი გულედანმა და დაამატა, რომ მსგავსი რამ უშგულისა და ეცერის თემშიც დამონტაჟდება.

მესტიას ადრეული გაფრთხილების სისტემის შეძენასა და მოწყობაში გერმანელები დაეხმარნენ ფრაიბერგის სამთო ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. “საჩუქრად კეთდება“, - გვითხრა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ამ ეტაპზეც ინფორმაციას სისტემიდან გერმანელი გეოლოგები იღებენ და საქართველოს უზიარებენ.

მათი დასკვნით, მესტიაში განგაშის სისტემა კიდევ ერთ - მულახის თემში, სოფელ ჟაბეშის ტერიტორიაზეც უნდა გაიმართოს. მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გამო ეს მაღალი რისკის ადგილია. მესტიის მუნიციპალიტეტმა დასკვნის ეს ნაწილიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გაუგზავნა.

იმ მონაცემებით, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ “კაქტუსს” გაუზიარა, Მესტიის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურთან დამონტაჟებულია ერთი მეტეოროლოგიური სადგური, სამი მეტეოროლოგიური საგუშაგო და ერთი ჰიდროლოგიური სადგური.

მესტიის მერიის არქიტექტურული სამსახურის უფროსის თქმით, ადრეული გაფრთხილების სისტემის მოწყობა ადგილობრივი ინიციატივაა და გერმანელი ექსპერტებიც თავად მოიწვიეს. მუნიციპალიტეტმა თავად გამოიჩინა ინიციატივა მაშინაც, როცა ზვავების მართვისა და სტიქიების თავიდან ასაცილებლად ორგანიზაცია “გეოგრაფიკი” დაიქირავა და გეგმა შეადგინა

მაგალითად, “ზვავი შეიძლება წამოვიდეს, მაგრამ მოსახლეობა არ დააზიანოს, გაჩერდეს შესაბამის ადგილას ან ისეთი რამე დაყენდეს, რომ ზვავი ვერ წარმოიქმნას“, - გვიხსნის გულედანი იმ კითხვის პასუხად, თუ რა გეგმა შედგა რისკების თავიდან ასაცილებლად.

მუნიციპალიტეტს მხოლოდ ამ დოკუმენტის მომზადება 485 000 ლარი დაუჯდა. ახლა კიდევ 31 მილიონი ლარი სჭირდება, რომ გეგმა შეასრულოს. ამ ხარჯის გამოყოფას მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სთხოვს.

„ამაზე ჰქონდა მერს ორი შეხვედრა …მთავრობის მხარდაჭერა გვჭირდება, გვპირდებიან და იმედი მაქვს, გაკეთდება კიდევაც”, - ამბობს მერიის წარმომადგენელი.

ქედის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: აჭარა
მოსახლეობა: 16 760 ათასი
ფართობი: 452 კვადრატული კილომეტრი

ქედის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოგვწერეს, რომ, როგორც წესი, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოდან იღებენ, თუმცა ეს ცნობები უმეტეს შემთხვევაში არ არის ზუსტი და გამოყენება უჭირთ.

„არ არის [ხოლმე] მითითებული კონკრეტული ლოკაციები“ და სტიქიური მოვლენისთვის მომზადებაში ვერ გვეხმარებაო, - ეწერა პასუხში.

2024 წლის 6 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ქედა, სტიქიის ზონა, 2024 წლის 6 თებერვალი

შუახევის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: აჭარა
მოსახლეობა: 15 044 ათასი
ფართობი: 588 კვადრატული კილომეტრი

“ადრეული შეტყობინების სისტემებთან დაკავშირებით, უშუალოდ მე არაფერი ვიცი”, - გვითხრა პაატა ქათამაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა და გვირჩია, სჯობს მერიის ოფიციალურ განმარტებას დაელოდეთო.

შუახევის მერიისგან გამოგზავნილ პასუხში ადრეული შეტყობინების სისტემის მხოლოდ ზოგადი განმარტება იყო და არაფერი ეწერა თავად მუნიციპალიტეტის მიდგომასა და კონკრეტულ გეგმებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: იმერეთი
მოსახლეობა: 21 582 ათასი
ფართობი: 815 კვადრატული კილომეტრი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ მოგვწერა, რომ ადრეული შეტყობინების სისტემასთან არც „შეხება არ ჰქონიათ“ და არც მისი გამოყენების რაიმე გამოცდილება აქვთ.

2024 წლის 25 ივლისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყალი ადიდდა - წყალმა კალაპოტი იმ ადგილზე გაარღვია, სადაც ის ბაღდათსა და სოფელ ზედა დიმს ესაზღვრება. ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მუნიციპალიტეტს 4,5 მილიონი ლარი დაუჯდა.

მდინარე ხანისწყალზე ნაპირს ამაგრებენ, წმენდენ კალაპოტს და დამცავ გაბიონებს აგებენ. 2024 წლის 25 ივლისი

2024 წლის 7 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერს ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბაღდათი, სოფელი ნერგეეთი. 2024 წლის 7 თებერვალი


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: გურია
მოსახლეობა: 31486 ათასი
ფართობი: 533 კვადრატული კილომეტრი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა, რომელიც გურიის რეგიონს ეკუთვნის, გვაცნობა, რომ “ადრეული შეტყობინების სისტემა მუნიციპალიტეტში არ არსებობს“. არც შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება არ გვაქვსო.

2023 წლის 8 სექტემბერს, გურიის რეგიონში უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

გურია, სტიქიის ზონა. 2023 წლის 8 სექტემბერი

საჩხერის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: იმერეთი
მოსახლეობა: 37 775 ათასი
ფართობი: 973 კვადრატული კილომეტრი

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოთხოვნის მიუხედავად, დაზუსტებებს თავი აარიდა და მოგვწერა, რომ „მუნიციპალიტეტი გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს", რაც, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში გამოიხატებაო.

დუშეთის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი
მოსახლეობა: 25 659 ათასი
ფართობი: 2 985 კვადრატული კილომეტრი

დუშეთის მერიამაც ადრეული შეტყობინებების დეფინიცია განმარტა და არაფერი დაამატა მუნიციპალიტეტის საჭიროებაზე მორგებულ გეგმაზე.

ხულოს მუნიციპალიტეტი
რეგიონი: აჭარა
მოსახლეობა: 23 327 ათასი
ფართობი: 710 კვადრატული კილომეტრი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაც მოკლე ფორმალური განმარტებით შემოიფარგლა.

ახმეტის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: კახეთი
მოსახლეობა: 31 461 ათასი
ფართობი: 2207,6 კვადრატული კილომეტრი

მოკლე პასუხი გაგვცა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ: “ადრეული შეტყობინების სისტემის მეშვეობით შესაძლებელია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფული რისკების შემცირება”.
ქედის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: აჭარა
მოსახლეობა: 16 760 ათასი
ფართობი: 452 კვადრატული კილომეტრი

ქედის მუნიციპალიტეტმა, ოფიციალურ განმარტებასთან ერთად, მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტში სტიქიასთან გასამკლავებლად შენდება ჯებირები, გაბიონები, ფერდსამაგრი კედლები და სანიაღვრე სისტემები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტი
რეგიონი: იმერეთი
მოსახლეობა: 21 582 ათასი
ფართობი: 815 კვადრატული კილომეტრი

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ ბუნებრივი სტიქიური მოვლენების თავიდან ასარიდებლად ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან ეგზავნებათ, თუმცა თავად მუნიციპალიტეტი რას აკეთებს, არ დაუზუსტებიათ.

ცაგერი მუნიციპალიტეტი
რეგიონი: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
მოსახლეობა: 10 387 ათასი
ფართობი: 756 კვადრატული კილომეტრი

ცაგერის მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ ახლა ამონტაჟებენ ადრეული შეტყობინების სისტემას ე.წ. „გვესოს მეწყრის“ ზონაში, რომ წყალდიდობისგან ზიანის შესამცირებლად, მდინარე ლაჯანურის და მდინარე ცხენისწყლის გასწვრივ მოეწყო და კიდევ მოეწყობა ფლეთილი ქვის ჯებირები და რომ ალაგ-ალაგ, სადაც მდინარეები მისცემთ საშუალებას, გაღრმავდება და გაიწმინდება კალაპოტები.

ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის უფროსი ჯამბულატ მელაძე ამბობს, რომ რაც გაკეთდა, ყველაფერი „გარემოს ეროვნული სააგენტოს თხოვნით“ გაკეთდა და არა მუნიციპალიტეტის ინიციატივით.

დაბა ხულოში, სოფელ თხინვალაში და გოდერძის უღელტეხილზე შეარჩიეს ტერიტორიები, სადაც მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ხელსაწყოები უნდა განთავსდეს.

6 თებერვალს ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავს ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხულო, სტიქიის ადგილი. 2024 წლის 6 თებერვალი

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა პაატა ქათამაძემ პირდაპირ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტში არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ აქვთ ადრეული შეტყობინების სისტემების გასამართად.

„ამას ალბათ გარემოს დაცვამ უნდა მიაქციოს ყურადღება. მე ახლა ჩემს სუბიექტურ აზრს გაწვდით”, - გვითხრა პაატა ქათამაძემ.

სტიქიით დაზარალებულთა სტატისტიკა და მათი ზარალის ანაზღაურება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ბოლო 15 თვის მანძილზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ 249 ოჯახს გადაუხადა ბინის ქირა, რაზეც 1 397 700 ლარი დაიხარჯა.

დამატებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 19 მარტამდე, მუნიციპალიტეტმა სტიქიით დაზარალებულებზე ჯამში 1 273 200 ლარის კომპენსაცია გასცა.

მესტიის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს სტიქიით დაზარალებულ 97 ოჯახს 193 000 ლარი მისცა.

ხულოს მუნიციპალიტეტში ბოლო 15 თვის მანძილზე 76 ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი, მოლოდინშია 64 ოჯახი.

ქედაში 2023 წლიდან დღემდე 234 ოჯახმა უნდა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლიდან დღემდე 50 დაზარალებულ ოჯახს დაეხმარა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან დღემდე სტიქიით დაზარალებულ 30 ოჯახს ჯამში 123 155 ლარი გადასცეს.

შუახევის მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 15 ეკომიგრანტ ოჯახს უპოვეს ახალი სახლები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად ფულადი კომპენსაცია 2016 წლიდან დღემდე მიიღო 20-მდე ოჯახმა.

ლეჩხუმის და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, ჩვენი თხოვნიდან რამდენიმე დღეში, სტიქიით დაზარალებულთა რაოდენობის და კომპენსაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში გადაგვამისამართეს.

საჩხერიდან მოგვწერეს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე მათ მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაცია არ გაცემულა. დაზარალებულებმა თავად მიმართეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს.

საქართველოს მთავრობამ შეჯამებული მონაცემები არ მოგვაწოდა

შარშან, შოვის სტიქიის შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახების წევრებისთვის დაახლოებით 20 000 ლარს გამოყოფდა.

"გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, - თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით", - დააზუსტა ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს, შოვის ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ.

მიმდინარე წლის 10 აპრილს “კაქტუსმა” საქართველოს მთავრობისგან გამოითხოვა მონაცემები, რა რაოდენობის კომპენსაცია გასცა საქართველოს მთავრობამ ბუნებრივი სტიქიით დაზარალებულთათვის 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე.

ეს წერილი საქართველოს მთავრობის კანცელარიამ სხვადასხვა უწყებაში გადაამისამართა, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

იმავე დღეს, იგივე შინაარსის წერილი ჩვენც გავაგზავნეთ დევნილთა სამინისტროში.

არცერთი უწყებიდან ეს მონაცემი “კაქტუსს” აქამდე არ მიუღია.