საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დაინიშნა 3 რეისი პარიზიდან, რომიდან და თელავივიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სამი რეისის შესრულების დამტკიცების შესახებ. 18, 18 და 21 აპრილს რეისებს პარიზიდან, თელავივიდან და რომიდან "Georgian Airways" შეასრულებს.

ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი 199 ევრო იქნება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება:

7 აპრილი - ათენი-თბილისი
10 აპრილი - ლარნაკა-თბილისი
12 აპრილი - ბერლინი-თბილისი
14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

სხვადასხვა ქვეყანაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად ითხოვენ დახმარებას სამშობლოში დასაბრუნებლად.