საქართველოს მოქალაქე პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

კლიმატის საერთაშორისო მოძრაობის 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს - ამის შესახებ მან იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს Topnews.com.ge- ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთში უნდა დასწრებოდა გაეროს ფორუმს კლიმატის ცვლილებების შესახებ, თუმცა 7 დეკემბერს, პოლონელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს და მიზეზად ის დაუსახელეს, რომ პოლონეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ნუგზარ კოხრეიძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ რეპრესიული დევნა განხორციელდა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მან 4 დღე ვარშავის აეროპორტის სასტუმროში გაატარა და საქართველოში 11 დეკემბერს დაბრუნდა. ნუგზარ კოხრეიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საკითხის იურიდიულად შესწავლა და დოკუმენტების მომზადება, რის შემდეგაც გადაწყდება, კონკრეტულად რომელ სასამართლოს მიმართავს.

ნუგზარ კოხრეიძის ინფორმაციით, საერთაშორისო კლიმატური ორგანიზაცია 350.org-ი და სხვა გარემოსდამცველი ორგანიზაციები აპირებენ სამართლებრივ პროცედურებს მიმართონ პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ, რადგან გაეროს კონფერენციაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში არ შეუშვეს უკრაინის, რუსეთის, ბელგიის, ყირგიზეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 16 აქტივისტი იმ მიზეზით, რომ ისინი „პოლონური საზოგადოებისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის საშიში არიან“.

ნუგზარ კოხრეიძის ინფორმაციით, ყველა დაზარალებული ერთიან სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს: „ამასთან, აღნიშნული ქმედება უკვე აისახა ამნესტი ინტერნეშნელის ანგარიშში, სადაც პოლონეთის მთავრობას მოუწოდა თავისუფალი აზრისა და ჩართულობის უფლებების დაცვისაკენ და აღნიშნა, რომ ბოლო 2 წელია ეს უფლებები ხშირად არის დარღვეული პოლონეთის მთავრობის მიერ“ - განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

საერთაშორისო ორგანიზაციები ინდვიდუალურად ამუშავებენ საქმეებს და კავშირი აქვთ ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუციებთან, რათა დადგინდეს რა "შავი სია" შეადგინა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა და რა პრინციპით მოხვდნენ ადამიანები ამ სიაში. დაზარალებულები მოითხოვენ, რომ პოლონეთის მთავრობამ აღიაროს შეცდომა და გაასწოროს სისტემა, რათა აქტივისტებს პრობლემა აღარ შეექმნათ. ნუგზარ კოხრეიძის განცხადებითვე: „მიდის მუშაობა იმისთვისაც, რომ პოლონეთის მთავრობამ მორალური ზიანისთვის ფინანსური კომპენსაცია გადაუხადოს სხვადასხვა ქვეყნის იმ აქტივისტებს, რომლებსაც საშუალება არ მისცა მონაწილეობა მიეღოთ გაეროს ფორუმში“.