საქართველო-რუსეთი: როგორ, სად და რაზე ილაპარაკებენ?

ცხინვალი, 20 აგვისტო, 2008 წ.

  • 25 სექტემბერს, გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვისა და სხვა ფორმატების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
  • სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა „ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური“ ფორუმისა და დიალოგის გამოყენებაზე - დისკუსიებში რუსეთის ჩასართავად.
  • 26 სექტემბერს კი, 2008 წლის ომის შემდეგ პირველად, ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

რა თქვა, რის თქმა უნდოდა პრეზიდენტს? არის თუ არა სახიფათო ჟენევის ფორმატის შეცვლა და პირდაპირი დიალოგის დაწყება რუსეთთან?

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა და რა გავიგეთ?

გაეროს გერენალური ასამბლეის 74-ე სესიაზე გამოსვლის იმ ფრაგმენტში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სპეციალურად შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ახსენა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა:

  • პირველ რიგში, საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი დისკუსიების გამართვა;
  • აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს;
  • ასევე, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეიქმნას ახალი ფორმატები;
  • ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური ფორუმი და დიალოგი უნდა იქნას გამოყენებული საიმისოდ, რომ რუსეთი ჩაერთოს დისკუსიებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულებასთან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით (როგორც ეს იყო შეთანხმებული).

რის თქმა სურდა პრეზიდენტს, გაუგებარია „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისთვის, შოთა უტიაშვილისთვის, რომელსაც წარსულში მონაწილეობა აქვს მიღებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 20-მდე რაუნდში. მაშინ ის შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

„ამ განცხადებების სრული იგნორირება იქნება ერთადერთი სწორი პოზიცია... იმედია, ამ გაუგებარ მოსაზრებებს ყურადღებას არც საგარეო საქმეთა სამინისტრო მიაქცევს“, - ეუბნება შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით:

  • გაუგებარია, როგორ უნდა გადავიდეს ჟენევის მოლაპარაკებები „ექსპერტთა დისკუსიებიდან“ „პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე“ მაშინ, როცა ეს ფორმატი არც ახლაა ექსპერტების დონეზე და იქ ერთმანეთს ხვდებიან საქართველოსა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები;
  • გაუგებარია, რას გულისხმობს პრეზიდენტი „არსებითი დისკუსიების გამართვის“ პერსპექტივაში, მაშინ როცა ჟენევაში ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყოველთვის მხოლოდ არსებითი, მტკივნეული საკითხები განიხილებოდა, იქნება ეს: მცოცავი ოკუპაცია, ქართველების მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნილების დაბრუნების პრობლემები, რუსეთისთვის ძალის არგამოყენების ვალდებულების დაკისრება და ასე შემდეგ;
  • ფუნდამენტური ღალატი იქნება ჩვენი ინტერესების, თუკი ინიციატივა გულისხმობს პოლიტიკური განზომილების მისადაგებას ფორმატში მონაწილე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ამჟამად უსტატუსო) წარმომადგენელთათვის.

„ცხადია, ეს ფორმატი ბიბლია არ არის და თუ გაჩნდება რაიმე პერსპექტივა და წარმატების მიღწევის შანსი და ფორმატი ამას ხელს უშლის, კი ბატონო, შეიცვალოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული არაფერი გვაქვს, რატომ უნდა შევცვალოთ ჩვენთვის სასარგებლო ერთადერთი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველო რუსეთს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ელაპარაკება და რომლის ფარგლებშიც რუსეთს მუდმივად შეახსენებენ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას?!“, - კითხულობს უტიაშვილი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციის გასაგებად გაცილებით მეტ კონკრეტიკას ისურვებდა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე.

ის მხოლოდ ვარაუდობს, რომ „პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლაში“ შეიძლება იგულისხმებოდეს უფრო მაღალი რანგის პირების ჩართვა, ანუ რაღაც მსგავსი იმისა, რაც მაგალითად ამერიკელმა დიპლომატმა, კურტ ვოლკერმა გაუზიარა რადიო თავისუფლებას, თუმცა „პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან ძნელია კონკრეტიკის ამოკითხვა“.

ასევე ნახეთ კურტ ვოლკერი - „უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციამ დააზარალა რუსეთი“

სამაგიეროდ, გიორგი მუჩაიძისთვის ნათელია, რომ საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს „ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური“ ფორუმისა და დიალოგის გამოყენება, რაზეც პრეზიდენტი ლაპარაკობს.

„რადგან „ნებისმიერზეა“ ლაპარაკი, შესაბამისად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება ეხებოდეს რუსეთთან ორმხრივ, პირდაპირ დიალოგსაც... რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნება ომის შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო მოლაპარაკებების ორმხრივ ფორმატში გადატანა. საქართველოსთვის კი ეს ყველაფერი ძალიან წამგებიანი იქნება, რადგან მას მკვეთრად მოაკლდება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და მხარდაჭერა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მუჩაიძე.

რატომ შეხვდნენ რუსი და ქართველი მინისტრები?

ვიდრე ანალიტიკოსები ჯერ ისევ ბჭობდნენ, რის თქმა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს, ნიუ-იორკიდან წამოვიდა კიდევ ერთი ინფორმაცია - ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და დავით ზალკალიანი.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 26 სექტემბერს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს“. ​
  • რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი: „საუბრის მსვლელობისას, განხილული იყო ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე“.

როგორც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, საქართველოს დელეგაციამ თითქმის ყველა შეხვედრის ფარგლებში „დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან“ და ქართული მხარე დაეთანხმა შვეიცარიელი პარტნიორების შეთავაზებას, შეხვედრის მისი ჩართულობით გამართვასთან დაკავშირებით.

ზურაბ აბაშიძე მთელ ამ პროცესს სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების მომავალს უკავშირებს.

„ზოგადად მთელი ეს ძალისხმევა მიმართულია, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის ამაღლება და შედეგიანობის დონის ამაღლება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანები“.

რუსეთთან დიალოგს ჯერ კიდევ ლავროვსა და ზალკალიანს შორის შეხვედრამდე მიესალმებოდა ანალიტიკოსი გია აბაშიძე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი განცხადების თანახმად, „დეოკუპაცია და დეესკალაცია ხორციელდება მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან“ და „ქართული ოცნება“ არ უნდა გახდეს „ე.წ ბულინგის მსხვერპლი“.

  • მთავარია შედგეს დიალოგი, მთავარია შედგეს კომუნიკაცია. პრობლემა უამრავია, წითელი ხაზებიც გვაქვს, მაგრამ წითელი ხაზები სხვა დაპირისპირებულ ქვეყნებს შორისაც არის, მაგრამ ისინი აგრძელებენ მშვიდობიან მოლაპარაკებას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.
  • ალტერნატივა ომია, ომში ჩვენ არ ვებმებით და ვერც ჩავებმებით, ამიტომ გავაგრძელოთ ეს კონტაქტი, კომუნიკაცია; რა დონეზე იქნება, როგორ იქნება ეს უკვე დიპლომატების და პოლიტიკოსების კრეატიულობასა და არაკონვენციური ნაბიჯების გადადგმაზეა დამოკიდებული, – მათ შორის, რასაკვირველია, უპირველესად, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებითა და ჩართულობით.
ასევე ნახეთ ლავროვი: აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია არ ფიქრობს, რომ უბრალო დამთხვევაა და არ არსებობს კავშირი, ერთი მხრივ, ზალკალიან-ლავროვის შეხვედრის ფაქტსა და, მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილის მიერ გახმაურებულ ინიციატას შორის.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩნდება შეკითხვა - ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიერ ხსენებული ახალი ფორმატის შექმნას?

„თუკი საქართველოს ოფიციალური პირები აპირებენ დიალოგი გამართონ რუსეთის ოფიციალურ პირებთან (თუნდაც შვეიცარიის შუამავლობით), რაც ომის შემდგომ პირველად ხდება, მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს საკითხი აუცილებლად უნდა ქცეულიყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განხილვის საგნად“.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებებზე დაყრდნობით, აქუბარდია ასევე აცხადებს:

  • „ახალი ფორმატია ეს თუ კონკრეტული შეხვედრა, როგორც ბატონი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, უკავშირდება ოკუპირებულ რეგიონებსა და დაძაბულობას ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე...
  • საბჭოს ფუნქცია კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების, შესაბამისი საფრთხეების, რისკებისა და იმ გამოწვევების შეფასებაა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას“.
ასევე ნახეთ ევროკავშირი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: "დიალოგი არის გადამწყვეტი კონფლიქტის მოგვარებისთვის"

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით მკვეთრ უკმაყოფილებას გამოხატავს საპარლამენტო ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობა“ აპირებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ახსნა-განმარტებებისთვის პარლამენტში დაიბაროს.

"ასეთ ფორმატში შეხვედრა არის რუსეთის მცდელობა, ჩაშალოს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი და დაგვტოვოს მარტო საერთაშორისო მონაწილეების გარეშე. ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდეგი მოქმედებები (შანტაჟის, დაყვავების, მათრახისა თუ თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენება) საბოლოოდ ჟენევის ფორმატის ფორმალურ მექანიზმად გადაქცევას მოემსახურება. მსგავსი დონის შეხვედრის გამართვა საზოგადოებისგან ფარულად დაუშვებელია. ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუწევს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.