2020 რთული და უცნაური წელი გამოდგა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პანდემია, მკაცრი შეზღუდვები, დახურული სამსახურები და სკოლები, რთული საპარლამენტო არჩევნები და მძიმე ეკონომიკური ვითარება. გაიხსენეთ როგორი იყო 2020 წლის საქართველო რადიო თავისუფლების ფოტოგრაფების ობიექტივში.
აქცია ცესკო-სთან შავი კვამლის გაშვებით დასრულდა. სამოქალაქო აქტივისტები ამ ფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათ თამარ ჟვანიას მათემატიკის პირველი კლასის სახელმძღვანელო და საანგარიშო მიუტანეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ცესკო-მ ოპოზიციური პარტიების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ეს მამა-შვილი აფრიკის დასახლებიდან 2020 წლის ბოლოს თითქმის მთელმა ქვეყანამ გაიცნო. 15 დეკემბერს ისინი შემთხვევით გადაიღო ადგილობრივმა მცხოვრებმა მაშინ, როდესაც მამა-შვილი თვალს ადევნებდა როგორ ანგრევდა თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აფრიკის დასახლებაში რამდენიმე უკანონოდ აშენებულ ნაგებობას. მოგვიანებით ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.
მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს. სამების საკათედრო ტაძარში მღვდლებმა ლოცვები წაიკითხეს და რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ. მათ ავტომობილებიდან ქალაქის სხვადასხვა ქუჩებს ნაკურთხი წყალი ასხურეს. ეკლესია ამ ფორმით უფალს დახმარებას სთხოვს, რათა "მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას".
ექთნები თეონა კოშაძე და გიორგი მარიამიძე შესვენებაზე. ცოლ-ქამარი კოვიდპაციენტებთან მუშაობს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში”, ორივე 22 წლისაა.
9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები და პოლიტიკოსები მემორიალთან მისვლას ტრადიციულად დაღამებისას იწყებენ. წელს ასე არ მოხდა. პანდემიის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებდა. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრძალავდა 3-ზე მეტ ადამიანის შეკრებას.
ამერიკელი ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე პარაშუტებით ეშვებიან. მიმდინარეობს აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფების საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება. “ღირსეული პარტნიორი 2020” საქართველოში მეხუთედ ჩატარდა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 2020 წლის იანვრიდან შეუდგა მოვალეობის შესრულებას. მანამდე ის მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად. კელი დეგნანის ელჩობის დასაწყისი დაემთხვა საქართველოსთვის პოლიტიკურად ძალიან აქტიურ პერიოდს. ახალ სტატუსში პირველი ინტერვიუ მან რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მისცა.
წელს განსხვავებულად ჩაიარა ეროვნულმა გამოცდებმაც. კორონავირუსის გამო საგამოცდო ცენტრები ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესებით მუშაობდნენ.
ახალ იპოდრომზე საქართველოში პირველი "ავტომობილების კინოთეატრი" „კავეა drive-in ლისი“ გაიხსნა. Covid-19 ის გამო კინოთეატრები მარტიდან დახურულია.
კაფეებსა და რესტორნებს 16 ოქტომბრიდან, საღამოს 10 საათიდან დილამდე, მუშაობა აეკრძალათ.
31 მარტიდან აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რაც დაახლოებით ორ თვეს გაგრძელდა, მოძრაობა რამდენიმე თვით აღდგა და ისევ გაჩერდა.
17 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. იგი შეხვდა საქართველოს ოფიციალურ პირებს, პატრიარქს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სტუმრის მისასალმებლად და იმის საჩვენებლად, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი უკმაყოფილოა არჩევნების ჩატარების ხარისხით - ოპოზიციამ აქცია ქუჩაში გამართა.
მადონას არ უნდოდა თავის მოკვლა. ეს უნდა ყოფილიყო უკიდურესი პროტესტი იმ ტკივილის გამო, რა ტკივილით და სირთულეებითაც ცხოვრობენ დღეს საქართველოში ტრანსგენდერი ქალები და მოხვდა კიდეც ეს ამბავი 1 მაისს საღამოს მედიის მთავარ სათაურებს შორის: „ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა“.
პანდემიის გამო ბევრმა წყვილმა საქართველოში 2020 წელს ქორწილი ვერ გადაიხადა. ეს ფოტო მარტის დასაწყისშია გადაღებული, ჯანმო ჯერ მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდა და ქორწილებიც აკრძალული არ იყო.
ლამპრობა სვანეთში, 14 თებერვალი. ლამპრობა მირქმის დღესასწაულს უკავშირდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ის კიდევ უამრავი სხვა ლეგენდის წყაროა.
მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეებმა შეაგროვეს ტკბილეული და საჩუქრები, რომლებსაც ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს გადასცემენ.
ხარების დღესასწაულზე მამაკაცი ჯვარს კოცნის. მრევლი ჯანმოს რეკომენდაციას ითვალისწინებდა დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, თუმცა საერთო კოვზით ზიარება და ხატების ამბორი არ მიაჩნდათ სახიფათოდ.
საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია ქრისტესშობას, კოვიდპანდემიის გამო, მრევლისგან ცარიელ ტაძარში აღნიშნავს. მსახურება ონლაინ გადაიცემა.
COVID-19-ის გაზრდილი რისკის გამო, საქართველოს სპორტულმა ფედერაციებმა ვარჯიშები შეაჩერეს. დარბაზები და სტადიონები ცარიელია. შეჩერებული და გადადებულია თითქმის ყველა შეჯიბრი, სპორტის ყველა სახეობაში. სპორტსმენების ნაწილი ვარჯიშს სახლის პირობებში, ინდივიდუალურად განაგრძობს.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდა, ღმერთს სიმშვიდე და სიხარული სთხოვონ. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბოლო პერიოდში ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც პატრიარქი საზოგადოებაში გამოჩნდა.
შალვა ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტში განცხადება შეიტანა. მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ ერთი, სახელისუფლებო პარტია ესწრება.
დაახლოებით 6 თვე დასჭირდა საერაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის მიმდებარედ, რომელიც გეგმის მიხედვით 21 მარტს უნდა დასრულებულიყო.პარლამენტი მას შემდეგ შემოიღობა რაც, ძალის გამოყენებით დაშლილი საპროტესტო კარვების ადგილას მოწყობილი საახალწლო საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისათვის განკუთვნილი დახლები აიღეს.
17 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო და წელს თბილისი სოლიდარობის ქალაქად გამოაცხადა. საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც გასულ წელს ბიუჯეტს 997 ათას ლარამდე დაუჯდა, 2020 წლისთვის გადაკეთდა. იტალიური ნაძვის ხის განახლება-მორთვის სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 195,8 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.