საქართველო - მახე ყირიმელი დევნილებისთვის?

უკრაინელი ლტოლვილების აქცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. თბილისი, 2022 წლის 24 აგვისტო

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მცხოვრებლებს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ გაიქცნენ ნახევარკუნძულიდან, ბევრი პრობლემა ექმნებათ რუსული ადმინისტრაციის მიერ გაცემული საბუთების გამო. რთულია როგორც ამ საბუთებით მოგზაურობა, ასევე მათი შეცვლა უკრაინული დოკუმენტებით. ყირიმელები თავშესაფარსა და დაცვას საქართველოშიც ეძებენ. თუმცა ბევრ მათგანს საქართველოში არ უშვებენ იმის გამო, რომ უკრაინული პასპორტები არ აქვთ, ოფიციალური თბილისი კი რუსული ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დოკუმენტებს არ ცნობს. რუსეთის ტერიტორიის გავლით წამოსულ ყირიმელებს კიდევ აქვთ საქართველოში შემოსვლის შანსი, მაგრამ სხვა გზით წამოსულები გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდებიან.

უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყირიმის ათასობით მცხოვრებმა დატოვა ნახევარკუნძული. ბევრმა მათგანმა საქართველოში წასვლა გადაწყვიტა. როგორც წესი, ასეთ მარშრუტს ირჩევდნენ ისინი, ვისაც არ ჰქონდათ მოქმედი უკრაინული საბუთები. საქართველოს კანონმდებლობა ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს ე.წ. უცხოური პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში დარჩენა 360 დღის განმავლობაში. 2014 წლის ანექსიის შემდეგ თითქმის ყველა ყირიმელმა იძულებით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, ამიტომ მათთვის საქართველოში გადასვლა იქცა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვების ლამის ერთადერთ ხელმისაწვდომ ვარიანტად.

როგორც რადიო თავისუფლების ყირიმელი კორესპონდენტი, ნიკოლაი ბერგი წერს, ყირიმიდან საქართველოში მოხვედრის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი საშუალება სახმელეთო ტრანსპორტია: სიმფეროპოლიდან მატარებლით ჩადიან ან კრასნოდარში, ან მინერალნიე ვოდიში, იქიდან კი ტაქსით თბილისში. მინვოდიდან თბილისამდე მანძილი, სულ რაღაც, 322 კმ-ია. ამ გზაზეა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

საქართველოში გადასული ყირიმის მცხოვრებლების თქმით, თავის დროზე სახმელეთო საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთეს. „ქართველი მესაზღვრეები, როგორც წესი, დეტალური შემოწმების (სად და როდის გაიცა რუსული პასპორტი) გარეშე ურტყამენ შტამპსო“, - იხსენებენ ისინი.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის საგუშაგოსკენ მიმავალი ხალხი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღეში, გასული წლის 17-იდან 26 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთიდან საქართველოში 78 ათასამდე რუსი შემოვიდა, ხოლო რუსეთის ფედერაციის 62 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ფოტო გადაღებულია 2022 წლის 28 სექტემბერს

უკანონო დოკუმენტი

საქართველოში მცხოვრები ყირიმელებისთვის სირთულეები იწყება იმ მომენტიდან, როცა რაიმე მიზეზით უწევთ საქართველოდან ცოტა ხნით გასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. საქართველოში ხელახლა შესვლის მცდელობისას ასობით ადამიანს უთხრეს უარი. საქართველოში ჩასახლებულთა ისტორიებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე პრობლემურია სომხეთთან საზღვარი.

„ბათუმში 2022 წლის ივლისში ჩამოვედი ყირიმში გაცემული რუსული პასპორტით, ასევე მქონდა ყირიმში გაცემული სამოქალაქო პასპორტი (მოსკოვის ბინადრობის ნებართვით). მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოდან სახმელეთო საზღვრით სომხეთში გავემგზავრე ამავე საბუთებით. ყველაფერმა მშვიდად და შეუფერხებლად ჩაიარა. 19 თებერვალს, საღამოს, საქართველოში ვბრუნდებოდი, მაგრამ პრობლემები შემექმნა სადახლოს სასაზღვრო პუნქტზე, სადაც უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე“, - ამბობს ყირიმის მკვიდრი ლუდმილა.

რუსეთის ფედერაციის საზღვარგარეთული პასპორტი

მისი თქმით, მესაზღვრეებმა გადასცეს ფურცელი, რომლის მიხედვითაც, უარი უთხრეს საქართველოში შესვლაზე „გარკვეული მიზეზების გამო“. ლუდმილას თქმით, დოკუმენტები, რომლებიც მან მესაზღვრეებს წარუდგინა, გაცემულია რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე.

„ღამით ერევანში დავბრუნდი და 20 თებერვლის ბილეთი ავიღე ერევნიდან თბილისში გამოსაფრენად. სომხეთმა ზედმეტი კითხვების გარეშე გამიშვა, მაგრამ თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას ისევ უარი მითხრეს. არ შემიშვეს აეროპორტში, რის გამოც ღამე ტელეფონის და სხვა ელექტრომოწყობილობების გარეშე გავატარე ძალიან ცუდ პირობებში. თუმცა მესაზღვრეების დამოკიდებულება ადეკვატური და ჰუმანური იყო“, - აღნიშნა ქალმა.

საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, არ ცნობს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, რადგან ამ ტერიტორიის ანექსია მოხდა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. შესაბამისად, ნახევარკუნძულზე გაცემული ყველა რუსული დოკუმენტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ბათილად ითვლება. მაგრამ, როგორც ირკვევა, ყირიმში გაცემულ ე.წ. საზღვარგარეთულ პასპორტებში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს კრასნოდარის მხარის (და არა ყირიმის) კოდს, რაც ქმნის ილუზიას, რომ თითქოს დოკუმენტი გაიცემა საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. ეს „ილეთი“ თითქმის უხარვეზოდ მუშაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მაგრამ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეები მეტი გულმოდგინებით აკვირდებიან პასპორტის სერიას, რომლითაც ადგენენ, რომ დოკუმენტი გაცემულია კრასნოდარის მხარეში. ამ გზით ხდება იმის დადგენა, რომ პასპორტის მფლობელი ყირიმის მკვიდრია.

რიგები ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. 27 სექტემბერი, 2022 წ.

უკრაინელებსაც არ უშვებენ

საქართველოში ზოგჯერ არ უშვებენ იმ ყირიმელ ემიგრანტებსაც, რომლებსაც უკრაინული პასპორტები აქვთ.

„გასული წლის 18 სექტემბერს ჩავფრინდი ერევანში. საქართველოში მივდიოდი. მქონდა უკრაინული საბუთების სრული ნაკრები - როგორც საზღვარგარეთული, ასევე შიდა პასპორტი, მაგრამ არ მქონდა რუსული საზღვარგარეთული პასპორტი. ამიტომ, რუსეთიდან პირდაპირ საქართველოში ვერ შევიდოდი - მკითხავდნენ, რატომ არ გაქვთ უკრაინის პასპორტში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის აღმნიშვნელი ბეჭედიო. ვინაიდან სომხეთში ჩასვლა შეიძლებოდა შიდა რუსული პასპორტით, ამიტომ ჯერ იქითკენ გავეშურე. სოჭიდან გამოვფრინდი რუსული პასპორტით, ერევნის სასაზღვრო კონტროლის გავლისას კი უკრაინული პასპორტი ვაჩვენე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სევასტოპოლის მცხოვრებმა არტემ არლიჩენკოვმა, რომელიც შემდეგ ერევნიდან სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით გაემგზავრა ავტობუსით. როგორც თვითონ ამბობს, სომხეთის სასაზღვრო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა, უსიამოვნებები კი საქართველოს მხარეს დაიწყო:

მამაკაცი ფოტოს უღებს საბჭოთა პერიოდის ქანდაკებას, რომელიც შეღებილია უკრაინისა და პოლონეთის დროშების ფერებში. ქვემოთ წარწერა: "ყირიმი 2014", მოხატულ ძეგლზე ასევე იყო წარწერა "კატინი 03/05/1940". სოფია, 5 მარტი, 2014 წ.

„მკითხეს ვიზიტის მიზანი. ვუთხარი, რომ დასვენებას ვაპირებდი, ვაჩვენე გიტარა, რომელიც თან მქონდა. ვაჩვენე უკრაინის პასპორტი. ძალიან დიდხანს სწავლობდნენ, ქართულად ერთმანეთში რაღაცას განიხილავდნენ, კომპიუტერშიც შეიტანეს მონაცემები. მერე მესაზღვრეების ცვლის უფროსი მოვიდა და საკმაოდ უხეშად მომთხოვა შიდა პასპორტი. მივეცი შიდა უკრაინული პასპორტი, რომელიც თან წაიღეს. მესაზღვრე-თარჯიმანს ვკითხე, რა პრობლემა არის-მეთქი. მიპასუხა, რომ დიდი ალბათობით უარს გეტყვიან, რადგან ყირიმიდან ხართო. ძალიან გამიკვირდა: რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოვდივარ, ყირიმი ხომ უკრაინის ტერიტორიაა. რაზეც მან მითხრა, რომ არ იყო საჭირო შიდა პასპორტის ჩვენებაო, თუმცა მესაზღვრეებმა თავად მთხოვეს“, - ამბობს არტემ არლიჩენკოვი, რომელსაც ქართველმა მესაზღვრეებმა აცნობეს, რომ საქართველოში არ შეუშვებდნენ:

„მიზეზის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად ცვლის უფროსმა მოკლედ მომიჭრა, ყირიმიო“.

საპასპორტო მახე

რადიო თავისუფლების კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ, რომელიც ომამდე ცხოვრობდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, განაცხადა, რომ ის ფაქტობრივად მახეში აღმოჩნდა: საქართველოში არ აქვს შესაძლებლობა შვილებს გაუფორმოს უკრაინული საბუთები, მაგრამ ამავდროულად ვერც ქვეყანას ტოვებს. რადგან უკან დაბრუნებისას საქართველოში არ შეუშვებენ.

„შვილებთან და ქმართან ერთად საქართველოში გასული წლის აპრილში ჩამოვედი. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, დაბადებული და რეგისტრირებული ხერსონის ოლქში. ბოლო წლები ყირიმში ვცხოვრობდი. როდესაც 2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ გარდამავალი პერიოდი დასრულდა, ძალიან გართულდა უკრაინული დოკუმენტებით ცხოვრება. თითქმის სამი წელია, რაც რუსული საბუთები ავიღე. მხოლოდ იმიტომ, რომ შვილებს შესძლებოდათ სკოლაში სიარული და ჯანდაცვის სერვისების მიღება, რათა შემძლებოდა ლეგალურად მუშაობა. საქართველოში ბავშვებთან ერთად რუსული ე.წ. საზღვარგარეთული პასპორტით შემოვედით. რუსეთის ტერიტორიიდან სხვაგვარად საქართველოში შემოსვლა შეუძლებელია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რეგინა იუვაშევამ, რომლის გვარი შეცვლილია მისივე თხოვნით.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რეგინამ გადაწყვიტა ბავშვებისთვის უკრაინული საბუთების გაკეთება. თუმცა, საქართველოში უკრაინის საელჩომ ამაზე უარი უთხრა, რადგან მის უკრაინულ პასპორტში არაა ჩარტყმული საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის აღმნიშვნელი ბეჭედი.

იუსტიციის სახლი თბილისში

საქართველოში ყოფნისას ნახევარკუნძულიდან ემიგრირებული ხალხი დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს უკრაინული დოკუმენტების აღდგენაზე. თუ პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და თურქეთის სასაზღვრო პუნქტებში მუშაობს უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის „საპასპორტო მაგიდები“, საქართველოში ყველა საკითხი საელჩოს საკონსულო განყოფილების მეშვეობით წყდება. ყირიმელები თვეობით ელოდებიან სახელმწიფო ორგანოების მიერ მათი ვინაობის დადგენას (ამის გარეშე შეუძლებელია საზღვარგარეთული პასპორტისთვის ასაღებად განაცხადის შეტანა).

პასპორტის გაცემის ელექტრონულ რიგში თავისუფალი სლოტის დაჭერა თითქმის შეუძლებელია, ცოცხალი რიგით კი თვეში საშუალოდ მხოლოდ 20 ადამიანის განცხადება მიიღება, ეს მაშინ, როცა რიგში 400-ზე მეტი ადამიანია.

„ყირიმელები დაუცველი ფენაა, - ასკვნის რეგინა იუვაშევა, - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველო და უკრაინა არ გვიცავენ, არადა, ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვართ და ორმაგი მოქალაქეობის მძევლებად არჩევანის გარეშე ვიქეცით. ყირიმელებზე არავინ ზრუნავს, თითქოს მეორეხარისხოვანი, არასწორი ხალხი ვართ. რატომ გვექცევიან ასე? ხალხი არაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა“.

პრობლემები აქვთ როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს

როგორც ნიკოლაი ბერგი ამბობს, ხანდახან ისეც ხდება, რომ შლაგბაუმი ეშვება მათ წინაშეც, ვისაც ყირიმთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, მხოლოდ გასული წლის მეორე კვარტალში საქართველოში არ შეუშვეს რუსეთის 3036 მოქალაქე. არადა, საქართველოს ხელისუფლებას სასაზღვრო კონტროლის რეჟიმის გამკაცრების შესახებ არანაირი საკანონმდებლო აქტი არ გამოუცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების მოტივებს, როგორც წესი, არ განმარტავს.

რუსებს შორის, რომლებიც საქართველოში არ შეუშვეს, მრავლად იყვნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები. ყველა მათგანს საჯაროდ აქვს დაგმობილი რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა ამის მიუხედავად მათ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვათ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში შესვლა ვერ შეძლეს პოლიტიკოსმა დმიტრი გუდკოვმა, ჟურნალისტებმა მიხაილ ფიშმანმა და ტიხონ ძიაძკომ, ფილანთროპმა მიტია ალეშკოვსკიმ, უფლებადამცველმა ანა რივინამ და სხვებმა. 2022 წლის დეკემბერში მწერალი დიმიტრი ბიკოვი, რომელსაც ქართველი მეუღლე და ორი წლის შვილი ახლდა, ოთხ საათზე მეტხანს ელოდა საქართველოში შესვლის ნებართვას.

უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის საზღვარზე. 2022 წლის 17 მარტი.

საქართველოში შესვლაზე უმოტივაციო უარს უკრაინელებსაც ეუბნებიან. ერთ-ერთი მათგანი, ბიზნესმენი ევგენი ათი წელია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. 2023 წელს ის სომხეთში სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით ჩავიდა და როცა უკან დაბრუნება სცადა, უარი მიიღო, როგორც განუმარტეს, „გარკვეული მიზეზების გამო“. მესაზღვრეებმა ერევანში საქართველოს საკონსულოზე მიანიშნეს.

„წავედი საკონსულოში, სადაც ისე, რომ არც კი მომისმინეს, მითხრეს, რომ ასეთ საკითხებში კომპეტენტური არ არიან. რამდენიმე დღის შემდეგ გადავწყვიტე თვითმფრინავით დავბრუნებულიყავი თბილისში. ჩავფრინდი. საპასპორტო კონტროლის გავლისას მკითხეს, მქონდა თუ არა ორმაგი მოქალაქეობა. მხოლოდ უკრაინული მაქვს-მეთქი, ვუთხარი. მესაზღვრეებმა პასპორტი გამომართვეს და მითხრეს, დაგველოდეთო. ნახევარი საათის შემდეგ მესაზღვრე მოვიდა და მითხრა, უარი გეთქვათო. რადგან დილამდე მიწევდა ლოდინი, ტელეფონის ჩაბარება მომთხოვა. ძლივს მოვახერხე ახლობლებისთვის მიმეწერა, რომ სომხეთში მაბრუნებდნენ“, - თქვა ევგენიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

"ხელისუფლებას ეშინია პუტინის"

საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრული საიმიგრაციო პოლიტიკა ქვეყანაში გაურკვევლობასა და უკმაყოფილებას იწვევს. 2023 წლის თებერვალში პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თბილისის აეროპორტში საპროტესტო აქცია გამართა ოპოზიციურად განწყობილი რუსების ქვეყანაში არშეშვების გამო.

„ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომლისთვისაც პუტინის ოპონენტების ჩამოსვლა არასასურველია“, - განაცხადა ხოშტარიამ აქციაზე.

ელენე ხოშტარია

პოპულარული რუსულენოვანი ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი, რომელიც მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს და ადგილობრივ ვითარებასაც კარგად იცნობს, ოფიციალური პირების ქმედებებში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს.

„არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებისგან, ამიტომ ძნელია იმის ახსნა, თუ რა ხდება. მართლაც, ათობით ადამიანს არ უშვებენ საქართველოში, მაგრამ, ამავდროულად, ათიათასობით ადამიანი შემოდის და საკმაოდ ნორმალურადაც ცხოვრობს. ამიტომ, სად არის აქ სიმართლე და რა ხდება სინამდვილეში, ძნელი სათქმელია. რთულია იმის პროგნოზირება, როდის შეიცვლება ეს ვითარება ან რა უნდა მოხდეს ამისთვის“, - ამბობს ლევშიცი.

ნიკოლაი ლევშიცი

უკრაინელი პოლიტოლოგი, მთავრობასთან ურთიერთობის ინსტიტუტის დირექტორი არტემ ოლეინიკი გამართლებულად მიიჩნევს ქართული მხარის შიშს, რომლებიც უკავშირდება რუსეთიდან მასშტაბურ მიგრაციას. გასული წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ასობით ათასი მოქალაქე გაიქცა საქართველოში.

„რუსების შემდგომი შესვლა დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს როგორც ადგილზე რესურსების მოძიების, ასევე საქართველოს ტერიტორიიდან შემდგომი მიგრაციის გაგრძელების რისკების თვალსაზრისით. ეს არ უწყობს ხელს არც საქართველოს უსაფრთხოებას და არც მთლიანად რეგიონის სტაბილურობას. ოფიციალური თბილისი ვეღარ უგულებელყოფს რუსების ნაკადს. თბილისი სავარაუდოდ ითვალისწინებს როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურების შეშფოთებას, ასევე მეზობელი სახელმწიფოების უკმაყოფილებასაც, რადგან სწორედ მეზობელ ქვეყნებისკენ მიდის [რუსეთის მოქალაქეების] მიგრაციის გზა“, - მიაჩნია არტემ ოლეინიკს.