ევროკავშირი ამცირებს, საქართველო კი ზრდის რუსეთთან ვაჭრობას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო ზრდის და აფართოებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, განსხვავებით ევროკავშირისგან, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთთან მკვერთრად შეამცირა ვაჭრობის მოცულობა როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით, თუმცა საქართველოს მთავრობა ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს ევროკავშირს საპირისპირო პოლიტიკა აქვს, მაგრამ იმავეს გამო საყვედურობდეს საქართველოს ხელისუფლებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: "ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, მე რომ მეუბნებით, შეწყვიტე რუსეთთან ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! ევროკავშირი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს ოთხ დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში“.

სინამდვილეში საუბარია ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც ევროპის ეკონომიკა მაქსიმალურად თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, საქართველოსი კი, პირიქით, სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთთან ვაჭრობაზე.

2023 წლის იანვარ-მარტში (სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები) საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (ექსპორტ-იმპორტმა) 4,8 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22,1%-ით მეტია:

  • ექსპორტი - 1 მლრდ 461,5 მლნ დოლარი (+24,7%)
  • იმპორტი - 3 მლრდ 322,2 მლნ აშშ დოლარი (+21%)

საქართველო და რუსეთი

2023 წელს რუსეთი შევიდა საქართველოს უმსხვილეს როგორც საექსპორტო, ასევე საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში:

ექსპორტი (საქონლის გატანა საზღვარგარეთ გასაყიდად)

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული (2023 წლის იანვარ-მარტი):

  • სომხეთი - 216,9 მლნ $
  • აზერბაიჯანი - 180, 7 მლნ $
  • რუსეთი - 176.9 მლნ $

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა:

  • 2022 წლის I კვარტალში - 109,9 მლნ $
  • 2023 წლის I კვარტალში - 176,9 მლნ $
  • სხვაობა - 61,1%-იანი ზრდა

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ფეროშენადნობები (2-ჯერ მეტი)
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები (1,5-ჯერ მეტი)
  • მსუბუქი ავტომობილები (10-ჯერ მეტი)
  • მინერალური და მტკნარი წყლები (1,2-ჯერ მეტი)
  • სპირტიანი სასმელები (2-ჯერ მეტი)

იმპორტი (საქონლის შემოტანა საზღვარგარეთიდან)

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სამეული:

  • თურქეთი - 568.7 მლნ $
  • რუსეთი - 490.0 მლნ $
  • აშშ - 261.8 მლნ $

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის მოცულობა:

  • 2022 წლის I კვარტალი (იანვარ-მარტი) - 273,4 მლნ $
  • 2023 წლის I კვარტალი - 489,9 მლნ $
  • სხვაობა - 78,8%-იანი ზრდა

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები (3-ჯერ მეტი)
  • ნავთობის აირები (2-ჯერ მეტი)
  • ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი (1,3-ჯერ მეტი)
  • ქვანახშირი და მისგან მიღებული მყარი საწვავი (20-ჯერ მეტი)

ევროკავშირი და რუსეთი

რუსეთსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის I კვარტალში (იანვარ-მარტი) 64,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 29,6 მილიარდი ევრო შეადგინა ( ევროსტატის - ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემები).

ევროსტატის მონაცემები (I კვარტალი):

  • ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტი - 11,5 მლრდ ევრო, დაიკლო 37,2%-ით
  • რუსეთიდან ექსპორტი ევროკავშირში - 18,1 მლრდ ევრო, დაიკლო 72,1%-ით
2023 წლის 3 თვის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის 10 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალში რუსეთი ბოლო, მე-10 ადგილზე ჩამოვიდა, ექსპორტიორთა რეიტინგში კი - მე-8 ადგილზე.

რუსეთიდან ევროკავშირში ექსპორტი:

  • მინერალური პროდუქტები, მათ შორის ნავთობი და გაზი - 74,3%-ით შემცირდა (ამ კატეგორიას ტრადიციულად დომინანტური პოზიცია ეკავა რუსეთიდან ევროკავშირში ექსპორტის სტრუქტურაში).
  • ლითონები და მათგან დამზადებული პროდუქტები - 66,7%-ით შემცირდა
  • ცხელი ნაგლინი ფოლადი - მთლიანად შეჩერდა
  • ალუმინი - 38,9%-ით შემცირდა
  • სასუქები - 66,7%-ით შემცირდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების 10 პაკეტი აამოქმედა, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა სავაჭრო ურთიერთობებზე.

2022 წლის თებერვალ-დეკემბერი:

  • ევროკავშირის იმპორტში რუსეთის წილი - შემცირდა 2,5-ჯერ (9,5%-დან 4,3%-მდე)
  • ევროკავშირის ექსპორტში რუსეთის წილი - შემცირდა 2-ჯერ (4%-დან 2%-მდე)

ევროკავშირისა და უკრაინის დროშები ევროპარლამენტის წინ სტრასბურგში, 2022 წ. 7 მარტი

ევროკავშირი ამჟამად განიხილავს სანქციების მე-11 პაკეტს, რომლის მისაღებად საჭიროა კავშირის წევრი 27 ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა. ამ 27 ქვეყანას შორის არიან რუსეთთან ურთიერთობის რადიკალური გაწყვეტის როგორც მომხრეები (პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები), ასევე მოწინააღმდეგეები ავსტრიისა და უნგრეთის სახით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ევროკავშირი იყო რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, სწორედ ევროკავშირის სავაჭრო სანქციები აყენებს უდიდეს ზიანს რუსეთის ეკონომიკას, თუმცა ზარალდება ევროკავშირის ეკონომიკაც.

„აუცილებელია არა მხოლოდ მოცულობის, არამედ შემოსავლების დათვლაც. 2023 წლის დასაწყისიდან ოთხი თვე გავიდა, რუსეთმა ნავთობისა და გაზის შემოსავლების 52% დაკარგა ანუ ომამდელ პერიოდთან შედარებით ზუსტად განახევრდა ამ სფეროდან მიღებული მისი შემოსავლები. მთლიანობაში, რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა დაკარგა 34%. ასეთია სანქციების ეფექტი“, - ამბობს მიხაილ კრუტიხინი - ნორვეგიაში მცხოვრები ეკონომიკის ანალიტიკოსი, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ექსპერტი.

მიხაილ კრუტიხინი

რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაღრმავების მომხრეა დიდი შვიდეულიც.

„მივიღებთ დამატებით ზომებს, რათა შევზღუდოთ რუსეთისთვის იმ ყველაფრის მიწოდება, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რუსული აგრესიის გაგრძელებისთვის, მათ შორის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების ჩათვლით, რომელთა საშუალებითაც რუსეთი აღადგენს თავისი სამხედრო მანქანის სიმძლავრეს“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში, რომელიც 2023 წლის 19 მაისს გამოქვეყნდა.