საქართველო ევროპაზეა - გავალთ ჯგუფიდან?

მომენტი, როდესაც საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა.

ისტორია უკვე დაიწერა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპაზე ითამაშებს. თუმცა, სადამდე გადაიწერება ისტორია? და დაძლევს თუ არა საქართველო ჯგუფურ ეტაპს?

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია. 26 მარტის საღამო „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება.

ევროპის ჩემპიონატს გერმანია მესამედ უმასპინძლებს: 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნება. ფინალი კი ზუსტად ერთი თვის თავზე, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.

ბერლინის ოლიმპიური სტადიონი

საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს: დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 24 ნაკრები იღებს. სულ ექვსი ჯგუფია, თითოეულში ოთხი გუნდი. საუკეთესო პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გადიან პლეი-ოფში.

ჯგუფური ეტაპიდან შემდეგზე გასვლის შანსი მესამე ადგილზე მოხვედრის შემთხვევაშიც არის.

ექვსი სხვადასხვა ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი ასევე მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს. შესაბამისად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ჯგუფური ეტაპის დასაძლევად მხოლოდ ერთი გამარჯვებაც საკმარისი იყოს. ან, თამაშის მოგება საერთოდ არ გახდეს აუცილებელი და წარმატება სამმა ფრემ მოიტანოს.

ამის კარგი მაგალითი 2016 წელს მოხდა: პორტუგალიის ნაკრები პლეი-ოფში სწორედ მესამე ადგილით გავიდა ისე, რომ ჯგუფში არცერთი შეხვედრა არ მოუგია და სამივე მატჩი ფრედ დაასრულა. საბოლოოდ, პორტუგალიამ 2016 წელს ტურნირზე გამოსვლა ჩემპიონობით დაასრულა.

რა სიტუაციაა ჯგუფში?

საქართველომ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ ევრო 2024-ის F ჯგუფში არსებული ვაკანტური ადგილი შეავსო. ჯგუფში ასევე არიან თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია. საქართველო თავის სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე სწორედ მეზობელი თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ურთიერთშეხვედრებზე საუბარი ბევრს არაფერს მოგვცემს. პორტუგალიასთან და ჩეხეთთან საქართველოს ოფიციალური მატჩი არასდროს ჩაუტარებია, თურქეთთან კი ბოლო ოფიციალური დაპირისპირებიდან თითქმის 20 წელია გასული.

ვინ არიან საქართველოს მეტოქეები?

ჯგუფის აშკარა ფავორიტი პორტუგალიაა, რომლის შემადგენლობაც 2016 წლის ჩემპიონობის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერებულია და ევროპული კლუბების ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. ამას ემატება მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის, 39 წლის კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი, რომლისთვისაც ეს შესაძლოა ბოლო სანაკრებო ტურნირი აღმოჩნდეს, შესაბამისად მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არც თუ ისე დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა ჩეხეთმა. მართალია მეორე ადგილით გასვლა მაინც მოახერხეს, თუმცა სამი მატჩი ითამაშეს ფრედ, ერთში კი ალბანეთთან 0-3 განადგურდნენ.

ასევე ნახეთ ზღაპრის ბოლო და დედააზრი

1996 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჩეხეთი დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით გამოდის, ერთი საინტერესო ტენდენცია დასჩემდათ: ყოველ მომდევნო ტურნირზე ჯგუფიდან გადიან, ან ვერ გადიან. 1996 წელს გავიდნენ, 2000 წელს ვერ, 2004 წელს ისევ გავიდნენ, 2008 წელს ისევ ვერ... ამ პრინციპით 2024 წელს ჩეხებს ჯგუფში ჩარჩენა უწევთ.

რაც შეეხება თურქეთს, ის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდია. მართალია მათი ლიდერი „ინტერის“ ვარსკვლავი ჰაკან ჩალჰანოღლუ კლუბში ბრწყინვალე ფორმაშია, თუმცა ნაკრებში თამაშისას მას მუდმივად აკრიტიკებენ. გარდა ამისა, თურქებმა გასული ორი მატჩიდან ორივე წააგეს: ერთი უნგრეთთან 0-1, მეორეში კი ავსტრიასთან სულაც 1-6 განადგურდნენ.

თუ როგორ ფორმაში შეხვდებიან ზაფხულში ისინი ევროპის ჩემპიონატს, ამის პროგნოზირება ურთულესია. უნდა აღინიშნოს გერმანიაში მცხოვრები დიდი თურქული დიასპორა, რის ხარჯზეც თურქებს წლევანდელ ევროპაზე გულშემატკივრის უპირატესობას უწინასწარმეტყველებენ.

ქართველების განწყობა

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან საქართველოს პლეი-ოფში გასვლა სულაც არ არის სიურეალისტური სცენარი. როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თქვა, მისი გუნდი გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებს.

საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს, თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ასევე ნახეთ "მაისის ბოლოს, ყველანი გერმანიაში" - როგორ უნდა მოხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე