საქართველოს [მდგომარეობა] დასავლური უხერხემლობის შედეგია - ლიეტუვის სეიმის წევრი პავილიონისი

ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე: „პუტინიზმის დამარცხებისკენ“

ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ქვეყანაში შექმნილი ვითარება დასავლეთის მიერ „რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკისა და უხერხემლობის“ შედეგია. მან აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიმტკიცე რუსეთის წინააღმდეგ, თუ არადა, მასთან ომს მაინც მიიღებენ.

„წარმოიდგინეთ, როგორ იქნებოდა ნატოს მომავალი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ლიეტუველებისთვის და ამერიკელებისთვის რომ დაგეჯერებინათ. არანაირი ოკუპაცია არ იქნებოდა არც საქართველოში და არც უკრაინაში. და ამ საუბარსაც ავარიდებდით თავს“, - განაცხადა პავილიონისმა თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე 4 სექტემბერს.

მან „სირცხვილი“ უწოდა 2008 წლის ბუქარესტისა და 2023 წლის ვილნიუსის სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს: „ამ მომავალზე უარი ითქვა. ასე რომ უხეშად ვიტყვი: თუ ჩვენ კვლავ ეს „უსტრატეგიო სტრატეგია“ გვექნა, თუ რუსეთთან ამ დაშოშმინების პოლიტიკას გავაგრძელებთ, არაფერი გვექნება საზეიმო ნატოს მომავალ სამიტზე ვაშინგტონში. საზეიმო მხოლოდ წარსული იქნება. და წარსულშიც ვერ ვხედავ ბევრ ნათელ წერტილს, სიმართლე გითხრათ. რაც ბუქარესტიდან ვილნიუსამდე ვაკეთეთ, სირცხვილია. უბრალოდ, სირცხვილი“.

ნატოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ხორვატია და ალბანეთი მიიწვიეს ალიანსში გასაწევრიანებლად, უკრაინასა და საქართველოზე კი შეთანხმდნენ, რომ „გახდებიან ნატოს წევრები“, თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ მიანიჭეს, - მეტწილად, გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციების გამო. იმ ზაფხულში რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა. ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.

„ევროპის გამთლიანებისა და თავისუფლების გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულებებისთვის ბრძოლის ნაცვლად, უბრალოდ, დავაშოშმინეთ რუსეთი. და ვილნიუსში რაც მოხდა, ამის გამო ჯერაც შოკში ვართ“, - განაცხადა პავილიონისმა, რომელიც 2010-15 წლებში ლიეტუვის ელჩი იყო შეერთებულ შტატებში.

ვილნიუსის 2023 წლის სამიტზე ნატო უკრაინას დაჰპირდა, რომ მას გაწევრიანებას გაუმარტივებს, და უკრაინა „მიიღებს მოწვევას ნატოში მაშინ, როდესაც წევრები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს შეასრულებს“. პირობებიდან ერთ-ერთი კი ომის დასრულებაა.

„ვილნიუსის სამიტამდე ბევრი ვიმუშავეთ ევროპულ დედაქალაქებში, - და, ევროპელებმაც, ჩვენდა გასაკვირად, მიიღეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება. ეს ისტორიული ეპიზოდი იყო. წელს უკვე ვეცდებით, უკრაინელებსა და მოლდოველებთან გაწევრების მოლაპარაკებები დავიწყოთ. ჩვენს საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა.

ამის შემდეგ მან შეერთებული შტატებისა და ნატოს წარმომადგენლებს მიმართა და რუსეთის „დაშოშმინების პოლიტიკის გაგრძელებაში“ დაადანაშაულა:

„ამერიკელებო, თქვენ ყოველთვის დაგვცინით ხოლმე, რბილად თამაში გიყვართო. მაგრამ შეხედეთ საკუთარ თავს! რა გააკეთეთ ვილნიუსის სამიტზე? ისე იქცეოდით, როგორც გერმანელები და ფრანგები - ბუქარესტში. თქვენ დაბლოკეთ უკრაინელების მოწვევა და თუ ასე უნდა მოხდეს ვაშინგტონშიც, საერთოდ რატომ ჩამოვდივართ იქ? რაღაც თარიღის აღსანიშნავად? ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, და ეს პრეზიდენტიც რას გააკეთებს? კიდევ ერთხელ „დააშოშმინებს“ რუსეთს? მერე ვინ იქნება მსხვერპლი? ჩვენ! თუკი არ მოგვისმენთ, - როგორც, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ბოლო 15 წელია, აკეთებთ, - ჩვენ ყველას მოგვიწყობენ „პერლ-ჰარბორს“. ეს იქნება რუსეთის ომი ნატოსთან. და ჩვენ ასე გულხელდაკრეფილები არ ვიქნებით, მხოლოდ იმიტომ, რომ სარკოზიმ ან სხვებმა გადაწყვიტეს, რომ „ამ ქვეყნების გაწირვა შეიძლება“. აბა, მაშინ, მიეცით რუსებს კიდევ ერთი კალიფორნია, კიდევ ერთი სან-ფრანცისკო, და აღნიშნეთ მერე ნატოს იუბილე. ასე რომ, შეწყვიტეთ, გთხოვთ“…

პავილიონისმა ეს სიტყვები თბილისში, კვლევითი ცენტრი EPRC-ის, მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტების ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მე-7 წელია, ტარდება. სიტყვის ბოლოს მან თქვა, რომ „თბილისში მომდევნო კონფერენცია შესაძლოა გამარჯვების კონფერენცია იყოს“:

„ეს შესაძლებელია და საქმე თქვენს იარაღსა და ფულში არაა. საქმე თქვენს გონებაშია. თქვენ სტრატეგიაში. უდრეკობაში. სიმტკიცეში. ახლა რასაც აკეთებთ, მიგვიყვანს რუსეთის მიერ ბირთვული შანტაჟის ინსტიტუციონალიზებამდე. და რას წარმოადგენს დღეს რუსეთი? იტალიის ეკონომიკის ნახევარს, რომელსაც ძველი, საბჭოთა ბირთვული იარაღი აქვს და ამით გაშინებთ? საქმე შეკავებაშია. და თქვენი შეკავების პოლიტიკა სადღაა? სადაა თქვენი ძალა? რეიგანი? ბუში? ღირებულებები, რამაც ჩვენ გამოგვიყვანა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ? ჩვენ ეს 30 წლის წინ გავაკეთეთ. უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა ლიეტუვა დატოვა, რადგან ჩვენი ღირებულებებისა გვწამდა. და სად არის ახლა თქვენი ღირებულებები, ამერიკა? ვილნიუსში, ტალინში, კიევში, თბილისში - ჯერ კიდევ, - მაგრამ არა ვაშინგტონში“...

„პროვოკაციული განცხადება“ - ნატოს წარმომადგენლის პასუხი პავილიონისს

პავიოლიონისის გამოსვლას „პროვოკაციული“ უწოდა „ნატოს“ გენერალური მდივნის კაბინეტის პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულების ხელმძღვანელმა, ბენედეტა ბერტიმ. იგი პარლამენტარ პავილიონისთან ერთად მომხსენებელი იყო კონფერენციაზე.

„მსურს, ვუპასუხო ამ პროვოკაციულ განცხადებას, რომ თუკი არ ავჩქარდით, არაფერი გვექნება ვაშინგტონში საზეიმო ნატოს 75-ე წლის აღსანიშნავ იუბილეზე. მესმის, რატომ შეიძლება, რომ უკრაინის საკითხი ცენტრალური იყოს, მაგრამ ამის აღნიშვნისას ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ შეკავების შესახებ არასწორი სიგნალი არ გავაგზავნოთ. და არ ვთქვათ, რომ ნატო ამ ხნის განმავლობაში არაფერს აკეთებდა“, - განაცხადა ბერტიმ.

მისი თქმით, ამჟამად ნატო იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოლო 40 წლის განმავლობაში - და გაძლიერებას კვლავ აგრძელებს.