აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ტერორიზმის შესახებ, სადაც ამ მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაა აღწერილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ანგარიშში ტერორიზმის ზოგადი შეფასება ასეთია:
- ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შედეგად მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ტერორისტული თავდასხმების რიცხვი.
- ვარაუდობენ, რომ ტერორმა შესაძლოა ახალი ფორმა მიიღოს, რადგან ერაყიდან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა შესაძლოა მოაწყონ თავდასხმები „რბილ სამიზნეებზე“ - სასტუმროებზე, ბაზრებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.
- ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებად სახელდებიან ირანი, ჩრდილოეთი კორეა, სუდანი და სირია.
ზოგადი შეფასება ასეთია: ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შედეგად მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ტერორისტული თავდასხმების რიცხვი. ტერაქტები მოეწყო 100-მდე ქვეყანაში, მაგრამ ტერორისტული თავდასხმების ცენტრად მიჩნეულია ხუთი: ავღანეთი, ერაყი, ინდოეთი, პაკისტანი და ფილიპინები. ყველაზე მეტად დაზარალდა ავღანეთი, სადაც 4 672 ადამიანი დაიღუპა. ვარაუდობენ, რომ ტერორმა შესაძლოა ახალი ფორმა მიიღოს, რადგან ერაყიდან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა შესაძლოა მოაწყონ თავდასხმები „რბილ სამიზნეებზე“ - სასტუმროებზე, ბაზრებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებად სახელდებიან ირანი, ჩრდილოეთი კორეა, სუდანი და სირია.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრია და ის რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში. მოხსენებაში ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის მაისში დადებული შეთანხმება, რომელიც საიდუმლო ინფორმაციის დაცვას შეეხება და აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება ორი მხარის უშიშროების სამსახურებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ.
კანონმდებლობასა და საზღვრის უსაფრთხოებისათვის მიძღვნილ თავში ნათქვამია, რომ საქართველომ 2017 წელს გააუმჯობესა კანონმდებლობა, რომელიც კონტრტერორისტულ საქმიანობას შეეხება. ანგარიშში მოხსენიებულ 2017 წელს მიღებულ კანონებსა და შესწორებებს შორის ნახსენებია კანონი, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს თავშესაფართან დაკავშირებით უარი უთხრას იმ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან „ექსტრემისტულ“ დაჯგუფებებთან.
„ზოგადად, საქართველოს მთავრობას შეუძლია ტერორისტული ინციდენტების თავიდან არიდება და მათზე პასუხის გაცემა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე ნახეთ აჰმედ ჩატაევის სიკვდილი და უპასუხო შეკითხვებირაც შეეხება საზღვარზე არსებულ ვითარებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სახმელეთო საზღვრის 5 სექტორზე (ოთხი აზერბაიჯანის საზღვართან, ერთი კი - თურქეთთან) და დაამატა ოთხი სექტორი თურქეთის საზღვართან.
ანგარიშში ცალკეა აღწერილი 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაცია, რომლის შედეგადაც მოკლეს საერთშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი, და 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის დეკემბერში გამოძიება ამ ორ საქმესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაზე ლაპარაკისას ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობამ გააგრძელა ექსტრემიზმთან ბრძოლა მოწყვლადი მოსახლეობის დაცვის გზით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს „თანასწორობას, ინტეგრაციას, განათლებას, სამოქალაქო და პოლიტიკურ ჩართულობას, გენდერულ თანასწორობას და უმცირესობების კულტურისა და იდენტობი შენარჩუნებას“. საგანგებოდაა აღნიშნული მთავრობის მიერ წამოწყებული სამთვიანი საპილოტო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის, რომელშიც 65-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, და 2017 წელს დაწყებული „ევროპის ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა, რომლის მიზანიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ევროატლანტიკური ღირებულებების გაცნობაა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კონტრტერორიზმის საკითხთან დაკავშირებით საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო, რეგიონალურ და ორმხრივ დონეებზე. ხაზგასმულია საქართველოს ურთიერთობა ნატოსა და ევროპოლის შესაბამის სტრუქტურებთან.