საქართველო: აქ არ არის ადგილი სიძულვილისთვის

„საქართველო: აქ არ არის ადგილი სიძულვილისთვის“ – 21 მარტიდან ამ გზავნილით იწყება კვირეული რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მოკლული ვიტალი საფაროვის სახელს მიეძღვნება.

„2018 წლის 30 სექტემბერს, ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ახალგაზრდა წევრებმა, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს ჩვენი კოლეგა და მეგობარი, უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი. ჩვენთვის ურთულესი აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ საუკუნეების მანძილზე ტოლერანტულობით გამორჩეული ქალაქის ცენტრში 25 წლის ბიჭს დანა განსხვავებულისადმი სიძულვილის მოტივით დაარტყეს. სამწუხაროდ, დღეს უჩვეულოდ გააქტიურდნენ ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფებები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ არ მივცეთ ფესვების ღრმად გადგმის საშუალება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, "ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარჯანიშვილი.

21 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, კვირეულის ორგანიზატორები ჩაატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში და ესაუბრებიან სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს იმის შესახებ, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის რასიზმი, ქსენოფობია.

4 აპრილს, კვირეულის ორგანიზატორები გეგმავენ მშვიდობიანი აქციის გამართვას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. სწორედ 4 აპრილს უნდა გაიმართოს სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა.

ასევე ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მწვავე აქცენტები საქართველოზე

25 წლის ვიტალი საფაროვის საქმე მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ: „ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. მოწმეების განცხადებით, შელაპარაკება დაიწყო იმის გამო, რომ აქტივისტი ქართულზე უკეთ რუსულად ლაპარაკობდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს მკვლელობის ბრალდებას ქსენოფობიური კონტექსტი დამატებოდა, რასაც მოჰყვებოდა უფრო მძიმე სასჯელი”. ანგარიშში ნათქვამია, რომ გენერალურმა პროკურატურამ მართლაც დაამატა ბრალდებას მუხლი, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას რასის, რელიგიის, ეროვნების ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მედიაში კიდევ გამოჩნდა რამდენიმე შემთხვევა, როცა უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს“.

2018 წელს, ვიტალი საფაროვის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა მას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს.

ასევე ნახეთ რატომ მოკლეს ვიტალი?

ვიტალი საფაროვი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.