საქართველოში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაეწერა
საქართველოს 50 წლის მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა და COVID-19-ის სიმპტომები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღმოუჩინეს, ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, 54 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.
18 მარტიდან საქართველო თავის საზღვრებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორი კვირით დაკეტავს. გამონაკლისები შეეხებათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებს. გარდა ამისა, შერეულ ოჯახებს, როცა ცოლი ან ქმარი არის საქართველოს მოქალაქე, და ჰუმანიტარული მისიით ქვეყანაში შემომსვლელ პირებს. ქვეყანა შემოშვებაზე უარს არ ეტყვის ლტოლვილის ან ნეიტრალური სტატუსის მქონე პირებს.
კორონავირუსი: რისთვის და როგორ ვიყოთ მზად?
ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი სიცხე, მშრალი ხველა, ტკივილები სხეულში და სისუსტე, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. თუმცა ნუ დაუსვამთ საკუთარ თავს დიაგნოზს თვითნებურად. ამისთვის არსებობენ ექიმები. როდის უნდა მიმართოთ პროფესიონალს და ვის ეხება კარანტინი - ამ და სხვა კითხვებზე პასუხები წაიკითხე ჩვენ სტატიაში.
- რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს?
- მგონი სიმპტომები მაქვს. რა უნდა ვქნა?
- თვითიზოლაცია მჭირდება?
- თუ მარტო არ ვცხოვრობ?
- თუ სახლში შინაურ ცხოველი მყავს?
- რა შემთხვევაში გავდივარ გარეთ?
- თუ მაინც მიწევს გარეთ გასვლა?
- როგორ გავუმკლავდე სტრესს?
- ვინ არის COVID-19-ისგან სერიოზული ავადობის რისკ ჯგუფში?
- საერთაშორისო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. შემიძლია?
- ჩემი რეისი გაუქმდა. კომპენსაცია მეკუთვნის?
- საზღვარგარეთ ვარ. ჩემი ფრენა გაუქმდა. როგორ დავბრუნდე სამშობლოში?
ევროპის რეგიონის ქვეყნები WHO-ს ევროპის ოფისთან ონლაინშეხვედრას გამართავენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, დღეს WHO-ს ევროპის ოფისი რეგიონის 53 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
ღონისძიება ონლაინ წარიმართება, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე მედიის კითხვებსაც უპასუხებს. კითხვა-პასუხიც ონლაინ წარიმართება და ის თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული. ღონისძიებას შეგიძლია თვალი ფეისბუკით ადევნო.
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკამათო ცვლილებები
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ 16 წლით მისცემს ძალაუფლებაში დარჩენის საშუალებას მას შემდეგ, რაც 2024 წელს ამოიწურება მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა.
სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე, ამ საკამათო ცვლილებებს რუსეთის ყველა რეგიონის პარლამენტები მიემხრნენ.
ცვლილებები პუტინის წინა საპრეზიდენტო ვადას ანულებს, კონსტიტუციაში სხვა რადიკალური ცვლილებების გამო - რასაც რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
"გადავწყვიტეთ, ონლაინვახშმები მოვაწყოთ" - ქართველები ევროპიდან
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ევროპის ქვეყნები საგანგებო ზომებს მიმართავენ. მათ შორის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, ლატვიაში, უნგრეთსა და ესპანეთში.
ევროპის სხვა ქვეყნები კი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ დატოვონ სახლები, დამსაქმებლებს აძლევენ რეკომენდაციებს, რომ თანამშრომლები გადაიყვანონ დისტანციურ მუშაობაზე. დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის, სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები სპორტული დარბაზები, ტაძრებში შეჩერებულია წირვები, გადადებულია ათეულობით ღონისძიება. რას უყვებიან რადიო თავისუფებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, წაიკითხე აქ.
ვიღაცამ ღამურას სუპი ჭამა და ახლა შედეგს ყველა ვიმკით? ვირუსი ლაბორატორიიდან გაექცათ? არც ერთი და არც მეორე - აი, რა ვიცით დღეს წყეული კორონავირუსის წარმომავლობაზე.