"საფრთხის ქვეშაა მთელი შავი ზღვის აუზი". საით მოძრაობს რუსული ტანკერებიდან ზღვაში ჩაღვრილი მაზუთი?

რუსული ტანკერების მიერ ზღვაში ჩაღვრილი მაზუთით დასვრილი ფრინველი. 2025 წლის 3 იანვარი

2024 წლის 15 დეკემბერს ძლიერი შტორმის დროს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა ნავთობპროდუქტებით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა, რომლებსაც დაახლოებით 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ.

ქერჩის სრუტეში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთის ჩაღვრამ გამოიწვია მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის შედეგებს სამი კვირაა ებრძვიან ყირიმელი და ყუბანელი მოხალისეები. გარემოს დამცველების თქმით, მაზუთის დაღვრის შედეგად დაიღუპა ათობით დელფინი და ასობით ფრინველი; დასვრილი ფრინველების რაოდენობა, რომლებისთვისაც ნავთობით დაბინძურება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს, ათასებს აღემატება. დაბინძურების სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ტალღები, ქარი და ზღვის დინებები. წლის ამ დროს ხშირია ქარიშხლიანი ამინდებიც.

ქერჩის სრუტეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის შედეგი საკუთარი თვალით იხილეს ეპიცენტრიდან 820 კილომეტრში, ქობულეთის ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ურეკის სანაპიროდან მაზუთში ამოთხვრილი ფრინველი მიიყვანეს. კლინიკის ტელეგრამარხმა დაწერა:

საშიში შავი ზღვა: ეკოლოგიურმა კატასტროფამ, როგორც ყოველთვის, დააზარალა ყველაზე უსუსური არსებები. დღეს ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს შავყელა მურტალა - ელეგანტური გადამფრენი ფრინველი, რომელსაც იშვიათად თუ ნახავთ ახლოდან. მზრუნველმა ადამიანებმა ის ურეკის სანაპიროზე იპოვეს და ჩვენთან მოიყვანეს. მაზუთის სქელი ფენით დაფარული, ძლივს ფეთქავდა. ფრენა, რომელიც მისი ბუნებრივი გზის ნაწილი უნდა ყოფილიყო, გადარჩენისთვის ბრძოლაში გადაიზარდა.საბედნიეროდ, დაზიანებები არ აღმოაჩნდა. ჩამოვბანეთ მაზუთი და თბილ, უსაფრთხო ადგილზე მოვათავსეთ. ახლა ის ისვენებს და ძალას იკრებს. დავაკვირდებით მომდევნო სამი დღის განმავლობაში და შემდეგ გადავწყვეტთ, მზად არის თუ არა ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად“.

საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრისა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის თქმით, ქერჩში მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ შესაძლოა საქართველომდე, განსაკუთრებით კი - აფხაზეთის სანაპირო ზოლამდე მიაღწიოს.

„დიდი რისკის ქვეშაა აფხაზეთის სანაპირო. მაზუთით დაბინძურებული ფრინველი შეიძლება მოხვდეს მათ შორის ქობულეთშიც, მაგრამ ნომერ პირველი პრობლემა არის აფხაზეთის სანაპირო, რადგან ზამთრის პერიოდში ცირკულაცია ცოტა უცნაურია და შესაძლებელია აფხაზეთის სანაპირო მოექცეს დარტყმის ქვეშ. კრასნოდარამდე ჩამოსულია, თუმცა ჯერ სოჭამდე არ მიუღწევია. მაგრამ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ ვერ უმკლავდებიან მაზუთის ლაქებს ეკოლოგიური კატასტროფის ზონაში და როგორი სისწრაფით ფართოვდება დაბინძურების არეალი, ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ უნდა გვქონდეს. ვაპირებთ მეცნიერების ჩართულობით მოვამზადოთ გეგმა, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და როგორ მოვახდინოთ პრობლემის ლოკალიზება“, - უთხრა ნინო ჩხობაძემ რადიო თავისუფლებას.

ნინო ჩხობაძე

მაზუთი - ნავთობისაგან ბენზინისა და ნავთის გამოხდის შედეგად მიღებული ნარჩენი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი

2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ქერჩის სრუტეში რუსული ტანკერების ჩაძირვის შედეგად წარმოქმნილმა ნავთობის ლაქებმა იანვრის დასაწყისში სევასტოპოლსა და ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მიაღწია. ზღვის ტალღებმა მაზუთი გამორიყეს საქართველოს მოსაზღვრე კრასნოდარის მხარეშიც. გარემოს დაბინძურების არეალი მაზუთის ლაქების სახით უკვე გავრცელდა რამდენიმე ასეულ კილომეტრზე და კვლავ განაგრძობს გაფართოებას. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ სევასტოპოლსა და ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოხალისეები და მაშველები ებრძვიან დაბინძურებას და ცდილობენ გადაარჩინონ ეკოლოგიური კატასტროფის ზონაში მოყოლილი ცხოველები, თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველები ამ ქმედებებს ქაოსურსა და არაეფექტიანს უწოდებენ. ეკოლოგების თქმით, მთავარი საფრთხე ჯერ კიდევ წინ არის, რადგან გაზაფხულის დადგომასთან ერთად მაზუთის ჩაძირული ნაწილი დაიწყებს ზღვის ზედაპირზე ამოსვლას.

სად და როგორ მოხვდა მაზუთი ზღვაში?

2024 წლის 15 დეკემბერს ძლიერი შტორმის დროს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა ნავთობპროდუქტებით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა - „ვოლგონეფტ-212“-მა და „ვოლგონეფტ-239“-მა, რომლებსაც ჯამში დაახლოებით 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ. რუსეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ღია ზღვაში აღმოჩნდა 2,4 ათასი ტონა მაზუთი, საწვავის დანარჩენი ნაწილი კი, ამავე უწყების მტკიცებით, საიმედოდ არის დალუქული ჩაძირული ტანკერების ავზებში და გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ქერჩის სრუტიდან ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ წვერამდე, სადაც ანექსირებული სევასტოპოლი მდებარეობს, 250 კილომეტრზე მეტია. ტანკერების კატასტროფის შემდეგ პირველ დღეებში ისე ჩანდა, თითქოს საწვავის დაღვრა ქალაქს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა: მანძილი ძალიან დიდი იყო და დაღვრილი ნავთობპროდუქტების უმეტესი ნაწილი ტალღებად ირეცხებოდა ყუბანის სანაპიროსკენ. თუმცა, ორიოდე კვირაში მაზუთმა სევასტოპოლის სანაპირომდეც მიაღწია.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა პროექტმა Krym.Realii-მ რუკაზე მონიშნა ის რეგიონები, სადაც გარემოს დაბინძურება დაფიქსირდა.

ზღვის ტალღებმა თავდაპირველად მაზუთის ფენები მართლაც გამორიყა კრასნოდარის ტერიტორიაზე: დაბინძურებული აღმოჩნდა ათობით კილომეტრი სანაპირო, რამდენიმე დღის შემდეგ კი მაზუთის ლაქებმა ოკუპირებულ ყირიმამდე მიაღწია. უფრო ზუსტად, დაბინძურებამ თავი იჩინა ყირიმის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე, ასევე სევასტოპოლში. მაზუთის ლაქები წამლავს ყირიმის პოპულარული კურორტების სანაპიროებს და ხოცავს ცხოველებს.

ექსპერტები დაბინძურების მორიგ ტალღას გაზაფხულზე ვარაუდობენ, როდესაც მაზუთი ტემპერატურის გავლენით ფორმას/სიმკვრივეს შეიცვლის და ზღვის ზედაპირზე ამოვა.

შავი სანაპიროები

ქერჩის სრუტეში რუსული ტანკერების ჩაძირვიდან პირველ ორ კვირაში, მასშტაბური დაბინძურება დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ანაპის სანაპიროზე.

რამდენიმე დღის შემდეგ დაბინძურების კერები გამოჩნდა ყირიმში - ქერჩსა და ლენინის რაიონში, სადაც მუნიციპალიტეტის დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პირველ დღეებშივე შეგროვდა 60 ტონაზე მეტი დაბინძურებული ქვიშა და ნიადაგი.

ლენინის რაიონში მაშველები ასუფთავებენ სანაპიროს მაზუთისგან, 2024 წლის 22 დეკემბერი.

მაზუთის ლაქა გავრცელდა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ტუზლის სანაპირო ზოლის გასწვრივაც. ტერიტორიის გასუფთავებაში მონაწილეობდნენ როგორც მოხალისეები, ასევე ყირიმის რკინიგზის ქერჩის კვანძის თანამშრომლები. „ოთხი დღე ვიმუშავეთ. დაბინძურებულ წყალმცენარეებსა და ნიადაგს ტომრებში მოვუყარეთ თავი. მთლიანობაში, მოვახერხეთ კუნძულის სანაპირო ზოლის 3240 მეტრის გაწმენდა“, - ნათქვამია რკინიგზელთა განცხადებაში.

როგორც გარემოს დამცველები შენიშნავენ, დაბინძურების მასშტაბი იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. მაზუთმა სწრაფად დაიწყო გავრცელება ყირიმის მთელ სანაპიროზე.

ყირიმის რკინიგზის თანამშრომლები და მოხალისეები მაზუთისგან ასუფთავებენ კუნძულ ტუზლის სანაპიროს. 2024 წლის 29 დეკემბერი

მაზუთიანი კურორტები

2025 წლის იანვრის პირველ დღეებში ზღვაში ჩაღვრილი რუსული მაზუთი, ქარისა და ზღვის დინების გავლენით, აღმოსავლეთ სანაპიროდან გადავიდა ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთით. მაზუთის ლაქები დააფიქსირეს ფეოდოსიისა და კოკტებლის სანაპიროზე, მოგვიანებით კი - ალუშტასა და სუდაკში.

მოხალისეები მაზუთისგან ასუფთავებენ პლაჟებს სუდაკში. 2025 წლის 7 იანვარი.

ეკოლოგ გიორგი კავანოსიანის მიერ გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს მაზუთის ლაქა ფეოდოსიის პორტის მახლობლად და ტაკილის კონცხთან (ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით). დაბინძურების არეალი ასევე მოიცავს ტერიტორიას დაბა პარტენიტიდან სუდაკამდე, ალუშტის ჩათვლით. ეკოლოგის თქმით, ფოტოებზე კარგად მოჩანს მხოლოდ ზედაპირული დაბინძურება. უცნობია, არის თუ არა მაზუთი სიღრმეში.

ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე დაბინძურების მასშტაბები გარეგნულად ჯერ ისევ უჩინარია, თუმცა იალტაში, მაზუთით ორასამდე ფრინველი დაბინძურდა. ამას ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკურორტო ქალაქის სანაპიროზე, სადაც ფრინველები ბინადრობდნენ, ასევე დაბინძურებულია ზღვის წყალი.

იანვრის დასაწყისში რუსულმა მაზუთმა მიაღწია სევასტოპოლამდე, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი ინტერნეტგამოცემების მიხედვით, მაზუთის ლაქებია აღმოჩენილი კაზაკთა ყურეში, კაჩში, ორლოვკაში, ბალაკლავაში, გამარჯვების პარკსა და ფიოლენტში.

ამ რეგიონის დაბინძურების მასშტაბზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 6 იანვარს სევასტოპოლიდან გაიტანეს მაზუთით დაბინძურებული 90 ტონაზე მეტი ნიადაგი. სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხეილ რაზვოჟაევის თქმით, რამდენიმე დღით ადრე ქალაქიდან გაიტანეს 100 ტონა მაზუთით დაბინძურებული ქვიშა.

მოხალისეები მაზუთისგან ასუფთავებენ სევასტოპოლის პლაჟებს, 2025 წლის 7 იანვარი

ყველაზე მეტად სევასტოპოლში დაბინძურდა ჩრდილოეთ მხარეს მდებარე პლაჟები: რადიოგორკიდან უჩკუევკამდე, ლიუბიმოვკამდე, ორლოვკამდე, ანდრეევკამდე და სხვა.

მაზუთში ამოგანგლული ფრინველები აღმოაჩინეს ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე ევპატორიის მახლობლადაც, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მაზუთმა ამ ნაპირებამდეც მიაღწია.

მაზუთიანი ფრინველების 90% იღუპება

ზღვაში ჩაღვრილი მაზუთი ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას: ფსკერზე დაშვებისას წამლავს თევზებს, დელფინებს, მოლუსკებსა და პლანქტონებს; ზედაპირზე კი საფრთხეს უქმნის ფრინველებს. კრასნოდარის მხარესა და ყირიმში მოხალისეებმა დაიწყეს არა მხოლოდ იმ ნავთობპროდუქტების შეგროვება, რომლებიც ნაპირზე ტალღებმა გამოიტანა, არამედ ფრინველების გარეცხვაც. გარემოს დამცველების ინფორმაციით, 6 იანვრისთვის ყუბანში მოხერხდა 5,8 ათასზე მეტი ფრინველის გადარჩენა, თუმცა სულ მცირე 1,6 ათასი მაინც დაიღუპა. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მაზუთისგან გასუფთავებული ფრინველები დროზე ადრე გაუშვეს ველურ ბუნებაში და ბევრი მათგანი ვეღარ გადარჩა.

გარემოს დამცველების აზრით, ბუმბულის დაბინძურება პრაქტიკულად ართმევს ფრინველებს ველურ ბუნებაში ცხოვრების შესაძლებლობას. მაზუთი არღვევს თერმორეგულაციას, რის გამოც ბევრი მათგანი იღუპება. ყირიმში გაიხსნა სპეციალური პუნქტები, სადაც მოხალისეები მაზუთისგან წმენდენ (რეცხავენ) ფრინველებს, რომლებსაც შემდეგ რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ზოოპარკებში აგზავნიან.

„საერთო ჯამში, უკვე 400-ზე მეტი ფრინველია დაბინავებული“, - განაცხადა ერთ-ერთი კერძო ზოოპარკის მფლობელმა, ოლეგ ზუბკოვმა.

ქერჩში გადაარჩინეს მაზუთში ამოგანგლული გედი, რომელიც წყლიდან ვერ ამოდიოდა, - იუწყება ტელეგრამის არხი "Mash on the Wave".

მაზუთის ასეთივე მსხვერპლს ნახულობენ ყირიმის მთელ სანაპიროზე - ქერჩიდან ევპატორიამდე.

მოხალისეებმა გადაარჩინეს მაზუთით დასვრილი ზღვის ფრინველი. კრასნოდარის ოლქი, 2024 წლის 18 დეკემბერი

ეკოლოგიური კატასტროფა საფრთხეს უქმნის ცხოველთა სხვა სახეობებსაც. ექსპერტებმა დააფიქსირეს მინიმუმ 32 ვეშაპისებრი, რომელთა დაღუპვა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქერჩის სრუტეში რუსული მაზუთის ჩაღვრასთან.

„დროის ამ პერიოდისთვის (გამორიყვების სეზონს მიღმა) დაღუპულთა ასეთი რაოდენობა ატიპურად მაღალი მაჩვენებელია. სხეულთა მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ამ ვეშაპისებრთა დიდი ნაწილი დაიღუპა კატასტროფიდან პირველ 10 დღეში, უბრალოდ ზღვას ახლა გამოაქვს ნაპირზე მათი სხეულები. დაშავდნენ ძირითადად ე.წ. აზოვკები (შავი ზღვის ღორი), რომლებიც ყველაზე დაუცველი ვეშაპისებრები არიან“, - განმარტავს სამეცნიერო-გარემოსდაცვითი ცენტრი „დელფა“.

უკრაინელი ბიოლოგის, ეროვნულ პარკ „ტუზლის ლიმანის“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელის, ივან რუსევის გამოთვლებით, შავი ზღვის მაზუთით დაბინძურების შემდეგ, სავარაუდოდ, უნდა დაღუპულიყო 15-20 ათასი ფრინველი.

„თეორიულად, გარეცხილ და ბუნებაში გაშვებულ ფრინველებს გადარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვთ. ჩემი შეფასებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებულ სხვადასხვა ინფორმაციას ეყრდნობა, მინიმუმ 90% იღუპება. იმ 10%-შიც, რომელიც თეორიულად შეიძლება გადარჩეს, მაღალია დაღუპვის ალბათობა, რადგან მათ მოშლილი აქვთ თერმორეგულაცია. ეს კატასტროფა გვიჩვენებს, რომ ჩვენ - კაცობრიობა - იმდენად მოუმზადებლები ვართ ასეთ ვითარებებში ბუნების დაცვისთვის, რომ შესაძლოა დავკარგოთ უნიკალური სახეობები, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი“, - უთხრა მეცნიერმა რადიო თავისუფლების პროექტ Krym.Realii-ს.

ივან რუსაევი

შენელებული მოქმედების ნაღმი

მკვლევრებმა, რომლებმაც შეისწავლეს უახლესი თანამგზავრული ფოტოები, ზღვაში აღმოაჩინეს ნავთობის რამდენიმე ლაქა სევასტოპოლის დასავლეთით, სიგრძით 3,5-დან 9,5 კილომეტრამდე და სიგანით დაახლოებით 1-1,5 კილომეტრი. ამავდროულად, უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლის სანაპიროზე ლაქები სიგრძეში 15 კილომეტრს აღწევს, ხოლო დაბინძურებული წყლის ფართობი 1000 კვ. კილომეტრს აღემატება. თუ ეს ყველაფერი ნაპირზე გამოირიყება, მოხალისეებსა და მაშველებს ძალიან გაუჭირდებათ დაბინძურების ასეთ მოცულობასთან გამკლავება.

თუმცა, როგორც გარემოს დამცველები ამბობენ, ჩაძირულ ტანკერებთან დაკავშირებით ყველაზე დრამატული ის არის, რომ მთავარი საფრთხე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ წინ არის და ეს საფრთხე არ უკავშირდება მაზუთის ხილულ ლაქებს.

შავ ზღვაში ჩაღვრილი მაზუთი კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შექმნის გაზაფხულის დადგომის შემდეგ, როცა წყლისა და ჰაერის ტემპერატურა გაიზრდება და მაზუთი ზედაპირზე დაიწყებს ამოსვლას.

„ქერჩის სრუტეში მომხდარი კატასტროფა პირველი უბედური შემთხვევაა, რომლის ფარგლებშიც ზღვაში ჩაიღვარა M100 კლასის „მძიმე“ საწვავი მაზუთი. ასეთი მაზუთი სქელდება +25℃-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მისი სიმკვრივე თითქმის წყლისას უტოლდება ან მეტი ხდება, რის გამოც, სხვა ნავთობპროდუქტებისგან განსხვავებით, ზედაპირზე არ ტივტივებს. ან ფსკერზე ილექება, ან დაცურავს წყლის სიღრმეში. მსოფლიოში არ არსებობს აპრობირებული ტექნოლოგიები, რომლებიც წარმატებით უზრუნველყოფდნენ მათ ამოღებას წყლის სიღრმიდან“, - ამბობს უკრაინელი ზოოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი პაველ გოლდინი, რომლის თქმით, მაზუთით დაბინძურების ნაწილობრივ დანახვა შესაძლებელია სატელიტურ სურათებზე რადიოაქტიურ დიაპაზონში.

პაველ გოლდინი

„შექმნილ მდგომარეობას აქვს დინამიკა, რომლის პროგნოზირება ძალიან რთულია. ამჟამად ნავთობის ლაქები გაშლილია ძალიან დიდ ფართობებზე. მაზუთმა უკვე მიაღწია ფეოდოსიას, იალტასა და კალამიტის ყურეს. დროთა განმავლობაში დაბინძურების არეალი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება. უნდა გვესმოდეს, რომ სატელიტური სურათებიც კი არ აჩვენებს დაბინძურების სრულ მასშტაბს, ხილულია მხოლოდ მთლიანი სურათის ცალკეული ფრაგმენტები, თუმცა რაც ჩანს, ისიც კი უკვე გლობალურ კატასტროფაზე მიანიშნებს. დაბინძურების არეალი განაგრძობს გაფართოებას. პოტენციურად საფრთხის ქვეშაა მთელი აზოვი-შავი ზღვის აუზი იმისდა მიხედვით, თუ როგორ და საით წაიღებს დინება ზღვაში მოხვედრილ მაზუთს. დაბინძურების გავრცელების ტერიტორიამ შეიძლება მოიცვას როგორც ოდესის სანაპირო, ასევე თურქეთისა“, - ამბობს პაველ გოლდინი, რომლის თქმითაც, შავი ზღვის მაზუთით დაბინძურების შედეგები თავს იჩენს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

„2002 წლის დასაწყისში რუსულმა ტანკერმა „პრესტიჟმა“, რომელსაც მაზუთი გადაჰქონდა, კატასტროფა განიცადა ესპანეთის სანაპიროებთან. ამ კატასტროფის შედეგები დღემდე იჩენს თავს, არადა, უკვე 20 წელზე მეტია გასული“, - ამბობს მეცნიერი.