საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი პოსტს ტოვებს

საქართველოს ელჩი საფრანგეთში პოსტს ტოვებს.

საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით მიღებისა და დასავლეთთან ქვეყნის ხელისუფლების დაპირისპირების ფონზე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ პოსტს ტოვებს.

„ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, - წერს იგი ფეისბუკზე.

ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას“.

„შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება“, - აცხადებს გოჩა ჯავახიშვილი.

იგი 2022 წლიდან იყო საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.

„30 წელია ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, 10 წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში“, - წერს იგი.

„იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის“, - მიიჩნევს დიპლომატი.

„პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, - დაწერა ჯავახიშვილმა 9 მაისს.

მისი თქმით, პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. „არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ, ვეღარ ვერევი“, - წერს იგი.

„თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი. მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი“, - დაწერა მან.

ასევე ნახეთ ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე - საქართველოს ელჩი საფრანგეთში

გოჩა ჯავახიშვილმა 2023 წელსაც გააკეთა კრიტიკული კომენტარი, „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების დღეს.

მაშინ მან განაცხადა: „ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“.

2024 წლის პირველ მაისს პარლამენტმა, ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“