საფეხური უძრაობაში. საშა რეხვიაშვილის ხსოვნას

“საფეხური” (სსრკ, საქართველო. 1985, რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი)

მგონი, ჩვენი ბოლო შეხვედრა კამათით დასრულდა. თანაც ისე, რომ ვერაფერზე შევთანხმდით. მე ვუმტკიცებდი, რომ მის ფილმებში დრო არ არის. საშა მპასუხობდა, რომ არაფერი ძველდება კინოში ისე სწრაფად, როგორც დრო და კონკრეტული დროის აღმნიშვნელი დეტალები. ცხოვრებაში ძალიან თავშეკავებული კაცი იყო, თუმცა ვინც კარგად იცნობდა, ამბობდა, რომ გაბრაზებაც ახასიათებდა. მაგრამ არა, არ გაბრაზებულა. შეიძლება იმიტომაც, რომ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვყოფილვარ, მთლიანობაში, მისი სტილის თაყვანისმცემელი, “საფეხური” ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართული ფილმია - სხვათა შორის, გამორჩეული რეხვიაშვილის შემოქმედებაში; მისი პირველი ფერადი ფილმი, მისი ყველაზე უპრეტენზიო, ირონიით სავსე სურათი... უმწარესი ირონიით. და, რაც მთავარია, სურათი, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავს დროს, ე.წ. “ზასტოის” ეპოქას, როცა ყველაფერი გაჩერებულია და არც არავინ ელის უკვე ცვლილებებს.

“საფეხურში” ნამდვილად არის დრო, თუმცა ფილმის მოქმედება ვითარდება ერთგვარ ზღვარზე რეალურსა და პირობითს შორის. კარები და ფანჯარა ფილმის მთავარი სახეებია. მიუხედავად იმისა, რომ კამერა “საფეხურის” ფინალამდე ინტერიერებში რჩება, თითქოს ეშინია გარეთ გასვლის, ეს “გარე სამყარო”, ანუ რეალობა, მუდმივად გვახსენებს თავის თავს - დიალოგებში, მონოლოგებში, გასასვლელებში, შესასვლელებში... და, ერთი შეხედვით, დროის აღმნიშვნელ დეტალებში - დოკუმენტებში, რეზოლუციებში, ქვითრებში, მინდობილობის ქაღალდებში, ობლიგაციებში. ფილმის მთავარი გმირი, ალექსი, ახალგაზრდა კაცია, რომელიც, შეიძლება ითქვას, გამომწყვდეულია ამ სივრცეში. მაგრამ რეხვიაშვილს ნაკლებად აღელვებს ის, რომ ალექსი პატიმარია. “საფეხურის” მთავარი გზავნილი ავტორის შეშფოთებაა იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდა კაცს დასაწყისში არც აქვს ამ “დროით-სივრცითი ლაბირინთიდან” თავის დაღწევის სურვილი. ის იმყოფება უძრაობაში. იმყოფება სრულიად დაპატარავებულ გარემოში. პროტესტის თუ არა, გაქცევის სურვილი მხოლოდ მაშინ იბადება, როცა მონოტონურობა, განმეორება, ერთ წერტილში ტრიალი წამებაში გადაიზრდება; როცა სწორედ ის მოხდება, რასაც მერაბ მამარდაშვილი “ჯოჯოხეთს” უწოდებდა. შეიძლება ითქვას, რომ “საფეხური” გაყინული ჯოჯოხეთის შესანიშნავი სახეა. ამ მხრივ სურათი ცოტათი ჰგავს ალექსანდრე რეხვიაშვილის, როგორც რეჟისორის, დებიუტს მხატვრულ კინოში, მოკლემეტრაჟიან ფილმ “ნუცას” (სურათის პრემიერის შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ ქართულ კინოში “ბრესონი მოვიდა”, რომ “ნუცა”, არსებითად, ქართული “მუშეტაა”) და ალექსანდრე რეხვიაშვილის, როგორც ოპერატორის, ნამუშევარს - ელდარ შენგელაიას შესანიშნავ ფილმ “მიქელას”.

დიახ, საშა რეხვიაშვილი კინოში მოვიდა, როგორც ოპერატორი, როგორც გიორგი შენგელაიას “ალავერდობის” ოპერატორი. პროფესია შეიცვალა, რეჟისორი გახდა, მაგრამ მისი დამოკიდებულება კინოკამერის მიმართ არ შეცვლილა. აი, შეხედეთ, რას აკეთებს კამერა “საფეხურში”, რეხვიაშვილის ამ, მართლაც, ძალიან ლამაზ ფილმში; სივრცე ვიწროა, კლაუსტროფობიური გარემოა და, შესაბამისად, არ რჩება ადგილი შორი ხედებისთვის. შესაბამისად, ახლო და საშუალო ხედები, ისევე როგორც მთელი ფილმის პლასტიკურ-რიტმული სამყარო, მაყურებლისა და ეკრანის ურთიერთშეჭრისთვისაა განკუთვნილი. ეკრანმა მაყურებელს ბიძგი უნდა მისცეს გაჰყვეს საკუთარ თავში გარკვევის ალექსისეულ გზას (მნიშვნელოვანია, რომ თავად მსახიობის, მერაბ ნინიძის, იერი აქ გრძნობათა მაქსიმალურ შეკავებას, ერთგვარად გამიზნულ ინდიფერენტულობასაც კი გამოხატავს). არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ამ პროცესს, განსაკუთრებით მონტაჟი უნდა გახდეს ფრთხილი, რათა მაყურებლის მზერის ეს მოძრაობა არ დაირღვეს. ამიტომაც უარყოფს რეჟისორი მკვეთრ მონტაჟურ სვლებს და კადრებს ძირითადად მოძრაობაზე ამონტაჟებს; ერთი ხედი მეორე ხედს ენაცვლება და კამერაც მსუბუქი მოძრაობით უერთდება გმირს, ქმნის რბილი, ფრთხილი შეხების განცდას - კამერა ეხება ადამიანის სახეს და ცდილობს მის შეგრძნებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, მაყურებელი ეხება მზერას! ეს შეხება მეტაფორულ მნიშვნელობას იძენს, მაგალითად, ალექსის მამისა და დედანაცვლის დიალოგის სცენაში, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს სხვადასხვა კადრიდან მიმართავს, როცა გათიშულობას, იზოლირებას, და, თანაც, სწორედ ამ “მონტაჟური შეხების” გამო, მათი ერთად არსებობის ლოგიკურობას გამოხატავს. აქ, მამისა და დედანაცვლის დიალოგით ვიგებთ, რომ ალექსიმ უარი თქვა მამის დახმარებაზე და დამოუკიდებლად გადაწყვიტა ცხოვრება. მეგობრები მას აფასებენ, როგორც “უცნაურს”, როგორც “შერეკილს”. უკვირთ, რომ ალექსი გაემიჯნა მამას, უკვირთ, რომ ალექსიმ მთაში გადასახლება გადაწყვიტა. ეს მეგობრები მუდმივად ტრიალებენ ალექსის გარშემო, ელოდებიან მას, კითხულობენ, სად წავიდა. “გოდოს მოლოდინში” არიან მართლა. მთელი სამყარო გოდოს მოლოდინშია რეხვიაშვილის “საფეხურში”. “უძრაობის ეპოქის” აბსურდი იმდენად გამძაფრებულია, რომ ხანდახან უკვე სასაცილო ხდება. რეხვიაშვილის კინოში იუმორი შემოდის, ასე ძალიან რომ აკლდათ მის პირველ ფილმებს.

“-რაღაც ხდება ჩემში და არ ვიცი, რა არის, - ეტყვის ალექსი თავის მასწავლებელს. - ისიც არ ვიცი, საით მივყავარ”.

“-ამას რა სჯობია მერე. ხომ ამბობენ, ვინც არ იცის, ის უფრო შორს წავაო”, - უპასუხებს მასწავლებელი.

ეს მთავარი დიალოგია ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმში. კი, ალექსი უმოძრაო, ბრძოლისთვის უვარგისი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ, თავისი მეგობრებისგან განსხვავებით, იმ ხალხისგან განსხვავებით, ვისაც ვიხილავთ რეხვიაშვილის ფილმში, ადამიანია, რომელიც გრძნობს, რომ “რაღაც ხდება” მასში. ყველაფერი სწორედ ასე იწყება: არ იცი, ამ გზას საით მიჰყავხარ, მაგრამ იცი, რომ რაღაც ხდება შენში. აქედან ერთი საფეხურის ასვლაა საჭირო შემეცნების გზაზე. და ალექსი გადადგამს ამ ნაბიჯს.

ასეთი პირდაპირი საშა რეხვიაშვილი არც ერთ სხვა ფილმში არ ყოფილა. პირდაპირ მოუწოდა თავის მაყურებელს გაჰყვეს მერაბ ნინიძის გმირს ზევით, მთაში.. გაჰყვეს ამაღლების გზაზე. ცხადია, ეს წინასწარმეტყველება იყო: “რაღაც ხდებოდა” ავტორში. “საფეხურის” პრემიერიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. მერე კი საბჭოთა კავშირი დაინგრა - ჩამოიშალა ციხე, რომელშიც ალექსის უხდებოდა ცხოვრება.

საშა კოვიდმა შეიწირა, ქართული კინოს კლასიკოსი ამ საზიზღარი წლის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა. სიცოცხლის ბოლოს დაგვემდურა, გაბრაზდა: ათასი გეგმა მაქვს, ფილმისთვის ფულს ვერ ვშოულობ და არც არავინ მეხმარებითო. არ არის გამორიცხული, სწორედ იმ გაქვავებული რეალობის გამოხატვა უნდოდა, რომელშიც დღეს გვიხდება ცხოვრება - ამ განმეორების, ერთ წერტილში ტრიალის.

თავშეკავებული და მშვიდი კაცი იყო საშა რეხვიაშვილი, თავისი ფილმებივით, მაგრამ გაბრაზებაც იცოდა. გული მეტკინება, თუ აღმოჩნდება, რომ ასე, გაბრაზებული, წავიდა ამ ქვეყნიდან.