საფაროვის მკვლელობის საქმე: მთავარი მოწმის მონათხრობი

14 მაისი, თბილისის საქალაქო სასამართლო. დარბაზი # 13

25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით წარდგა ნიკოლოზ შ. - ამ ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველი, რომელიც მკვლელობის ღამით, კონფლიქტის დაწყების პირველი წუთებიდან ბოლომდე ბრალდებულებთან - გიორგი სოხაძესთან (მეტსახელად „სლეიერა") და ავთანდილ კანდელაკიშვილთან ერთად იყო.

მან საკუთარი თვალით ნახა, როგორც მოკლეს ვიტალი. მაშინ ნიკოლოზ შ. არასრულწლოვანი იყო. 14 მაისის სხდომაზე ნიკოლოზ შ-მ დეტალურად მოჰყვა, რა მოხდა იმ ღამით, 2018 წლის 30 სექტემბერს დიუმას ქუჩაზე, კლუბ „ვარშავასთან“.

მოწმე ნიკოლოზ შ.-მ, რომელიც დღეს უკვე სრულწლოვანია და როგორც თავად ამბობს, ბლოკის ქარხანაში მუშაობს, რელიგიური ფიცის დადება არჩია და პროკურორის შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო. ის ბრალდებულების მეგობარია.

მკვლელობის ღამე - ნიკოლოზ შ-ს ვერსია

ნიკოლოზ შ. ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილთან ერთ სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდა, ვარკეთილის დასახლებაში. ერთხელ ავთომ მაისური გაიხადა და ნიკამ მის ტანზე ე.წ. "სვასტიკა" შენიშნა. ავთომ აუხსნა, რომ ეს "პატრიოტული ნიშანი იყო იდეით - „საქართველო ქართველებისთვის“.

იდეა მოეწონა და რაც დრო გადიოდა, ამ თემაზე სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ. მათი მეგობრობა სპორტულ დარბაზს გასცდა, ლუდსაც სვამდნენ ხოლმე ერთად, უფრო ხშირად ხვდებოდნენ და ამ თემის გარშემო ტრიალებდნენ.

  • ვლაპარაკობდით, რომ ქართველები ერთად უნდა ვყოფილიყავით და უცხოელებისთვის შეურაცხყოფა უნდა მიგვეყენებინა. ასეც ვაკეთებდით. ბარებში თუ ინდოელი, თურქი, ებრაელი ან სხვა ეროვნების ვინმე დაგვხვდებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდით. ცემის მცდელობებიც გვქონდა, მაგრამ ლესელიძეზე სულ პოლიცია მოძრაობდა და ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

Your browser doesn’t support HTML5

საფაროვის მკვლელობის საქმე

მაისის ბოლოს ავთანდილ კანდელაკიშვილმა ნიკოლოზ შ.-ს თავისი ძმაკაცი - გიორგი სოხაძე, იგივე „სლეიერა“ გააცნო. ისევ ბარში წავიდნენ, დალიეს. ქართველების განსაკუთრებულობასა და უცხოელების „ბინძურსისხლიანობაზე“ საუბარი, როგორც ნიკა ჰყვება, იქაც გაგრძელდა. ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, მათ თავს უნდა დავესხათო. უნდა ვეცადოთ, აქედან გავყაროთო.

  • სულ ვაშინებდით. ერთხელ ბარში შევედით და ხელით მივესალმეთ ვიღაცებს. „ზიგ ჰაილს“ ვიძახდით ხოლმე, რაც ვიცი, რომ ნიშნავს „დიდება გამარჯვებას“.

მეგობრები ერთმანეთს 29 სექტემბერსაც შეხვდნენ. ნიკამ მშობლებს უთხრა, რომ მეგობართან დარჩებოდა, ავთოს შეხვდა და დასალევად წავიდნენ, გიორგი სოხაძეც შეუერთდათ და ერთად დალიეს. ჯერ ერთ ბარში, მერე მეორეგან. უკვე გვიანი იყო, ბარები იკეტებოდა. პუშკინის სკვერიდან შენიშნეს, რომ ბარი „ვარშავა“ ღია იყო და იქ მივიდნენ. ბართან მათთვის უცნობი ქერა ბიჭი დაინახეს, ორ სლავური გარეგნობის გოგოსთან ერთად. ნიკოლოზ შ. ჰყვება, რომ უცნობმა „სლეიერას“ ჰკითხა, ხომ ქართველები ხართო. ხელი ჩამოართვეს. მსგავსი დიალოგი კიდევ ერთხელ გამეორდა.

  • მერე ვიღაც ბიჭი მოვიდა, რა ტვინი შეჭამეთ ამ საქართველოთიო. ავთომ თქვა, აქ კამერებია და სხვაგან გადავიდეთო. გადავედით. იქ იყო კიდევ ერთი ხუჭუჭა ბიჭი, როგორც მერე გავიგე, ვიტალი საფაროვი. რაღაც ეგეთი საუბარი მიდიოდა, საქართველოზე ცუდი რატომ თქვიო. საფაროვმა თქვა, მე ებრაელი ვარ, მაგრამ საქართველო მაინც მიყვარსო... მერე მე მკითხა, შენ ვინ ხარო, "შანო" ვარ-მეთქი და რაღაც დამცინასავით. მე მუშტი დავარტყი. მერე დავინახე, რომ ავთო მივიდა და შენი ებრაელი დედაო, შეაგინა. და დანის მუცელში რტყმა დაუწყო. „სლეიერა“ მივარდა, შებოჭა, არ აცადა გაქცევა. ხელზე კასტეტი ეკეთა და ხმამაღლა ყვიროდა, მოკლა, ამის ებრაელი დედაო.

ნიკოლოზ შ-ს შეეშინდა - სასამართლოზე მან თქვა, რომ ბიჭები ვეღარავინ გააშველა. შემთხვევის ადგილზე კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო. ვიტალი რომ დაეცა, ვიღაცამ იყვირა, გავიქცეთო და გაიქცნენ. იქვე ახლოს, რომელიღაც სადარბაზოში შევარდნენ. ნიკას მონათხრობის თანახმად, სოხაძეს და კანდელაკიშვილს ხელები სისხლიანი ჰქონდათ. წყლით ხელები დაიბანეს. დანა კი ერთ-ერთ მშენებლობაზე, საწვიმარ ღარში შემალეს და გზა გააგრძელეს.

დილის შვიდზე მეტრო "სადგურის მოედანთან" მივიდნენ. ნიკოლოზ შ. და კანდელაკიშვილი მეტროთი სახლებში წავიდნენ, სოხაძე შინ ტაქსით დაბრუნდა. მეორე დღეს ნიკოლოზ შ.-სთან სახლში პოლიცია მივიდა.

კითხვა-პასუხი

პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: რა სასმელი დალიეთ და რამდენი?

ნიკოლოზ შ.: სამი-ოთხი ჭიქა არაყი, სამი კათხა ლუდიც.

პროკურორი: იმ ღამით თქვენ რა გეცვათ?

ნიკოლოზ შ.: შავი, სამხედრო ბათინკები, სამხედრო შარვალი, შავი მაიკა და ლურჯი ჟაკეტი. "სლეიერას" ლურჯი კედები ეცვა, მუქი სპორტული შარვალი, შავი შარვალი და კედები, ავთოს წითელი მაიკა, შავი შარვალი და პირბადე ეკეთა.

პროკურორი: პირბადე რისთვის ეკეთა?

ნიკოლოზ შ.:​ დაგვქონდა ხოლმე იმ პერიოდში, თუ ცემა მოგვიწევდა ვინმესი, უცხოელის, რომ აგვეფარებინა და კამერებს არ დავენახეთ.

პროკურორი: მისალმებაზე რას ამბობდით? როგორი მისალმება იყო?

ნიკოლოზ შ.:​ სამჯერ ვწევდით ხოლმე ხელს... ერთხელ „სლეიერამ“ აიწია მაიკა და ტანზე „666“ ეხატა და ესო, ეშმაკის შტამპიაო.

პროკურორი: რატო დაარტყეს საფაროვს დანა?

ნიკოლოზ შ.:​ რომ გავიგეთ ებრაელი იყო, თან ჩემკენ გამოიწია და დამცინავად მელაპარაკებოდა, მაგიტომ.

პროკურორი: თქვენ თუ გაქვთ სვირინგი?

ნიკოლოზ შ.:​ არა, მაგრამ „სვასტიკა“ მინდოდა დამეხატა და მამაჩემის შემეშინდა. თან ბაბუაჩემი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ და... მაგაზე მამა ბევრი მელაპარაკა.

გიორგი სოხაძის ადვოკატი მალხაზ სალაყაია: მამის შიში გქონდა, მისი თანდასწრებით რომ აძლევდით ჩვენებას?

ნიკოლოზ შ.:​ დიახ, მეშინოდა. მაგრამ მერე ყველაფერი მოვუყევი მამაჩემს.

ადვოკატი: თქვენ დღეს სრულიად განსხვავებულ ჩვენებას იძლევით. გვითხარით, საფაროვთან კონფლიქტი ვინ დაიწყო.

ნიკოლოზ შ.:​ ჩემთან მოუვიდა კონფლიქტი.

ადვოკატი: პირველი ვინ დაარტყა?

ნიკოლოზ შ.: მე დავარტყი. გამომწვევად მესაუბრებოდა. ირონიული საუბრის მანერა ჰქონდა.

ადვოკატი: რა მიგაჩნიათ ირონიად?

ნიკოლოზ შ.:​ საფაროვმა მითხრა, შენო, "შანოს" ხო გეძახიანო. მე ვუთხარი, რატომ უნდა გაგეცნო-მეთქი, ის კიდევ ღიმილით მესაუბრებოდა. მაგრამ მე არ მომეჩვენა ეს კარგად, არ მომეწონა. ნასვამი ვიყავი.

ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატი ზურაბ ბეგიშვილი: ოდესმე ხო არ შევარდნილხართ სინაგოგაში?

ნიკოლოზ შ.:​ არა.

ადვოკატი: აბა, იმ საღამოს გაგინათდათ გონება?

მოსამართლე შორენა გუნცაძე: ეს არის მოწმეზე ზემოქმედება.

ადვოკატი: სხვა ერის შვილი გიცემიათ?

ნიკოლოზ შ.: ამის შესაძლებლობა არ გვქონია. სულ პოლიცია იყო ხოლმე იქ.

ადვოკატი: მამას შეეძლოთ ეცემეთ? რამ შეგაშინათ?

ნიკოლოზ შ.: მამაა და შემეშინდა.

ადვოკატი: მკვლელობამ თქვენი ცხოვრება შეცვალა ხომ? შეგეშინდათ ხომ ციხეში ჩაჯდომის? რას გააკეთებთ იმის სანაცვლოდ, რომ ციხეში არ აღმოჩნდეთ? თქვენ თავზე მხოლოდ საფაროვზე დარტყმა აიღეთ, ასეა ხომ?

მოსამართლე: ნუ აძლევთ ინტერპრეტაციას კითხვებში! შეფასებები შეგიძლიათ დაცვით სიტყვაში წარმოადგინოთ.

ადვოკატი: საფაროვს რომ დაარტყით, რა რეაქცია ჰქონდა?

ნიკოლოზ შ.:​ დედა შემაგინა.

ადვოკატი: თქვენს ფეხსაცმელზე სისხლი საიდან გაჩნდა, თუ საფაროვს არ შეხებიხართ?

ნიკოლოზ შ.: სადარბაზოში რომ შევვარდით, დანიდან წვეთავდა სისხლი.

ადვოკატი: და დანაზე სისხლის შესანახი კონტეინერი იყო დამაგრებული?

ნიკოლოზ შ.:​ არა.

ბრალდებულების კითხვები მთავარ მოწმეს

გიორგი სოხაძე ("სლეიერა"): ჩემი ფრაზა იყო თუ არა ის, რომ ნასვამები ვიყავით, ჩხუბი არ ღირდა და უნდა წავსულიყავით?

ნიკოლოზ შ.:​ ეგ თქვი, სანამ ქვემოთ ჩავიდოდით.

გიორგი სოხაძე: სახლში რო მიხვედი იცოდი, რომ ადამიანი მოკვდა?

ნიკოლოზ შ: ეჭვი მქონდა, რომ გარდაცვლილი იყო.

გიორგი სოხაძე: თუ ეს იცოდი, რატომ არ განაცხადე?

ნიკოლოზ შ.:​ შემეშინდა, რომ მეც დამიჭერდნენ.

გიორგი სოხაძე: გითხარი თუ არა, რომ, თუ პოლიცია მოვიდოდა, უნდა გვეთანამშრომლა? და, რომ მეც იმავეს ვიზამდი?

ნიკოლოზ შ.:​ არა.

ვიტალი საფაროვის მკვლელობას იმ ღამით შეესწრო ლევან ბითაროვიც. ის 14 მაისის პროცესის კიდევ ერთი მოწმე იყო. ბითაროვი ვიტალი საფაროვსაც და მის მკვლელობაში ბრალდებულებსაც მხოლოდ გარეგნულად იცნობდა.

იმ ღამით მანაც დაინახა, როგორ ესაუბრებოდა ვიღაც ქერა ბიჭი ბრალდებულებს. დაინახა, როგორ გადაინაცვლეს მათ ბარის მარჯვენა მხარეს და კაფე „საბვეის“ ჩასახვევთან ჩავიდნენ. ბითაროვი მეგობრებთან ერთად „საბვეიში“ შევიდა და სწორედ იქ გაიგო, ბიჭი დაჭრესო.

ადგილზე მისულმა ვიტალი დაინახა, რომელსაც თავზე ვიღაც ბიჭი ედგა და სახელს დასძახოდა. ტელეფონის ფანარი მიანათა. ვიტალი სულ სისხლში იყო და აღარ სუნთქავდა. მერე პოლიცია და სასწრაფოც მოვიდა.

...

14 მაისის პროცესის შემდეგ, ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა ნიკოლოზ შ.-ს პროკურატურის „ოქროს მოწმე“ უწოდა, რომელსაც „ფარავენ იმის გამო, რომ მან ტყუილად დაადოს ხელი თავის ყოფილ მეგობრებს. ის ცრუობს. ამ ტყუილს შეუძლებელია დაეყრდნოს სამართლიანი განაჩენი“, - უთხრა ზურაბ ბეგიაშვილმა ჟურნალისტებს.

Your browser doesn’t support HTML5

უნდა გვეშინოდეს თუ არა თანამედროვე ფაშიზმის

25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს გიორგი სოხაძეს (23 წლის) და ავთანდილ კანდელაკიშვილს (20 წლის), რომლებიც სავარაუდოდ ნეო-ნაცისტური ჯგუფის წევრები არიან, ბრალი ედებათ განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელი გარემოებებით - ჩადენილი ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო (სსსკ 109.2.დ.ე.). ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ აცხადებენ.

ვიტალი საფაროვის საქმე არის საქართველოში პირველი მკვლელობის საქმე, რომელიც ჩადენილია სიძულვილის მოტივით.