გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში საუკუნოვანი სკოლა ხელახლა გაიხსნა. სკოლის შენობა ჯერ 1989 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი რუსეთის ავიაციის მიერ თორტიზაც დაიბომბა და სკოლის დაზიანებული შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. თორტიზის ბავშვები წლების განმავლობაში მეზობელი სოფელ ხელთუბნის სკოლაში დადიოდნენ. ახალი სკოლის შენება გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. თორტიზის საჯარო სკოლაში წელს საუკუნოვან იუბილესაც აღნიშნავენ.
Your browser doesn’t support HTML5
სკოლის ორსართულიანი შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და 12 სასწავლო ოთახზეა დაპროექტებული. თითოეულ სართულზე 6 საკლასო ოთახია.
სკოლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრმა შალვა ქარუმიძემ დააარსა, რომელიც ამავე სოფელში დაიბადა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად შალვა ქარუმიძის სახელს უკავშირდება პირველ ქართველ მოხალისეთა შეიარაღებული დანაყოფის შექმნა. ქარუმიძე აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარებაში და საკუთარ სოფელში სკოლის გარდა საკრედიტო ბანკიც კი ჰქონდა დაარსებული. სკოლის ახალი შენობის გახსნას დღეს თორტიზაში განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო. მისი თქმით, ეს სოფელი დიდი ხანია ახალ სკოლის შენობას იმსახურებდა.
სკოლის დირექტორი მარეხ იოსებიძე ამბობს, რომ სკოლა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვისაც ადაპტირებულია და შენობა თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით არის აშენებული.
სკოლის ორსართულიანი შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და 12 სასწავლო ოთახზეა დაპროექტებული. თითოეულ სართულზე 6 საკლასო ოთახია.
სკოლაში იქნება ექიმის კაბინეტი, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. სკოლის ახალი შენობის მშენებლობა დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარი დაჯდა. დღეს საქართველოს მასშტაბით 11 ახალი სკოლა გაიხსნა, გორის მუნიციპალიტეტში კი 1 570 მოსწავლე პირველ კლასში წავიდა.